უკან დაბრუნება
განცხადებები
ნ. ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი გაზეთ ,,ივერიის” ფურცლებზე
30-10-2016, 08:46
ნანახია: 1617
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნინო ოთხოზორია

ნიკო ნიკოლაძე 1894 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ფოთის “მოურავად” აირჩიეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა მთელი პროგრესული ქართველი ინტელიგენცია და პრესა. ნ. ნიკოლაძის მოღვაწეობას ყველაზე ინტესიურად ი.ჭავჭავაძის გაზეთი “ივერია” აშუქებდა. იგი გულისყურით ადევნებდა თვალს ფოთის მიმდინარე მოვლენებს.
გაზეთი “ივერია” გამოცემის დღიდან (1886 წელი) 1906 წლამდე აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის სამსახურში. ნავსადგურის საბოლოო მოწყობა ფოთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო; ეს კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული გაზეთ “ივერიის” რედაქციას. რუსული გაზეთებიდან: “ნოვოე ვრემია”, “გოლოსი”, “კავკაზი”-დან, მიღებულ ინფორმაციას გაზეთი “ივერია” აქვეყნებდა. ჩანს, რომ გაზეთს არცერთი მოვლენა არ რჩებოდა ყურადღების მიღმა. ფოთის პორტის უკეთ მოწყობის შედეგად საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ფოთი თავის სიტყვას იტყოდა.
გაზეთ “ივერიას” ქალაქ ფოთის მესაჭედ მხოლოდ და მხოლოდ ნიკო ნიკოლაძე მიაჩნდა და ეს მართებულიც იყო. ასე რომ, “ივერია” მისი ნიჭის, უნარის, შესაძლებლობების ერთგვარ შემფასებლადაც კი გვევლინება. ნიკო ნიკოლაძის ქალაქის თავად არჩევას გაზეთი “ივერია” გამოეხმაურა. კორესპოდენტი სვამს რიტორიკულ კითხვას: “რას მოელის ფოთი ნიკოლაძისგან?” შემდეგ კი დასმულ კითხვაზე თვითონვე სცემს პასუხს.. … მრავალგვარ სარბიელზე დიდად გამოცდილ-გამობრძმედილი მოღვაწე, რომლის ბრალადაც ფოთის სამოურავო სავარძელი ამჟამად ვერვის იშოვიდა. [1]გაზეთ “ივერია” მკითხველს აცნობებს ნიკო ნიკოლაძისა და კომისიის წევრების ჩამოსვლას ქ. ფოთში: “18 სექტემბერს ფოთში დეპეშა მოვიდა ნიკოლაძისაგან, რომ საგანგებო მატარებელით მოდის კომისია, რომელმაც უნდა დაათვალიეროს ფოთის ნავსადგურიო. სტუმართა შორის იყვნენ: სახელმწიფო საბჭოს წევრი ბ-ნი კაზი, რკინიგზის უფროსი ბ-ნი ფრიდე და ნიკოლაძე”. გაზეთ “ივერიის” წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ქალაქის “მოურავმა” სწორედ ნავსადგურის პრობლემების მოგვარებით დაიწყო მოვალეობის შესრულება, რომელიც ასე აწუხებდა და აშფოთებდა როგორც ფოთელებს, ისე მთელ საქართველოს. გაზეთის აზრით, ბ-ნ კაზის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, “რადგან იგი თავმჯდომარეობდა “რუსეთის ნავსადგომების კომისიას”.. გაზეთი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ნიკოლაძეს თავისი წამოწყებული საქმის დაგვირგვინების იმედი აქვს… “რადგანაც ისეთი კაცი, იმყოფებოდა ახლა ჩვენთან, რომელმაც უნდა განიხილოს ფოთის ნავსადგურის საქმეო”… [2]
გაზეთი აქვეყნებს კომისის გადაწყვეტილებას, რომ ქალაქის თავი ნავსადგურის ირგვლივ დაგროვილი საკითხების მოგვარებას შესდგომია და იმაზეც საუბრობს: “ჩამოსულმა “ნავსადგურების ექსპლატაციების კომისიის” თავჯდომარემ ბ-ნმა კაზიმ ძალიან მოიწონა სანავთსადგურე ალაგიო… კაზიმ ხმოსნებს აღუთქვა, რომ ფოთში ნავსადგურების აგება ისე სასარგებლოა, რომ ყოველთვის ამ საქმის შუამდგომელი ვიქნები მინისტრის წინაშეო.” [3]
ნავსადგურის სარგებლიანობა, როგორც სტატიებიდან ჩანს, ნიკო ნიკოლაძეს და რუსეთის წარმომადგენელ კაზისაც კარგად ესმოდათ, მაგრამ მთავარი ის იყო, როგორ მიაწოდებდნენ ინფორმაციას პეტერბურგის გზათა უწყების სამინისტროს. როგორც ავღნიშნეთ გაზეთი “ივერია” არაერთი რუსული გაზეთიდან იღებდა ინფორმაციას და ქართულად აწვდიდა მკითხველს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსულის არმცოდნე ქართველთათვის ინფორმაცია მისაწვდომი ყოფილიყო და არ გამორჩენოდა არც ერთი საკითხი, რაც ფოთს და მის “მოურავს” ეხებოდა. გაზეთ ივერიაში იბეჭდებოდა ინფორმაცია “ნოვოე ერემიიდან”: “მთავრობას ამ საქმისთვის გადადებული აქვს 4000000 მანეთ”-ო [4] ნავსადგურის საკითხს გაზეთი “ივერია” კვლავ უბრუნდება. ნიკო ნიკოლაძემ ფოთის ბოღაზის გაკეთება აუცილებელ და საჭიროდ მიიჩნია. დიდი ცდითა და მეცადინეობით ბოღაზის გაკეთების საქმე სანატრელად გააკეთაო”. კორესპოდენტი მის მიერ წამოწყებულ საქმეს სანატრელს უწოდებს და დასძენს: “ამ საქმეს გამკიცხველიცა და მომჩივანიც გამოუჩნდაო”. [5] “ივერიის” რედაქცია “მოურავის” გამკიცხავსაც უთმობს თავის გვერდებს: _ ბრალს დებს ნიკოლაძის ბოღაზის გადაკეთების ხარჯთაღრიცხვის უქონლობაში, რაც მომჩივანის აბსურდული ბრალდება იყო. როგორც ვხედავთ ნათლად ჩანს გაზეთის პოზიცია, მკითხველს დაანახოს ვინ ვინ არის და ფართო საზოგადოებას ამცნოს საქმისადმი ნიკოლაძის შეუპოვრობა.
1897 წ. ნოემბერში გაზეთ “ივერიის” ფურცლებზე დაიბეჭდა სტატიები, რომლებიც ქალქ ფოთის გამგეობაში საჯარო ვაჭრობის საკითხს იხილავდა – ნავსადრურის იჯარით გადაცემის შესახებ. ორივე სტატიაში. ერთმანეთის მიყოლებით, ერთი თვის განმავლობაში საუბარია იჯარით გადაცემის პირობებზე გაზეთი წერს: “ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს ბ-ნმა ბუნგემ, პალაშკოვისკიმ და ინჟინერმა ზიბერტმა, ლიბავის საკომერციო ნავსადგურის ამშენებელმა.” [6-7]
ამ სტატიიდან კარგად ჩანს, თუ როგორი ინტერესი გასჩენიათ საზღვარგარეთის საკომერციო ნავსადგურების მშენებელ კომპანიებს. ეს კი იმედის მომცემი უნდა ყოფილიყო, როგორც ფოთის მოსახლეობისათვის ასევე საქართველოსთვის. მით საფუძველი ეყრებოდა უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში და კერძოდ ფოთში.
ნ. ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი გაზეთ ,,ივერიის” ფურცლებზეთუ გადავხედავთ კოლხეთის აყვავების პერიოდს (VI III ს.ძვ.წ.აღრ) დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ საზღვარგარეთ გაჰქონდათ ხომალდების ასაშენებელი ხე-ტყის მასალა სელი და სელის ქსოვილები, ბზის ხეები და სხვა. XIX ს. II ნახევარში კი ნავსადგურის გაუმართობის გამო გემები თავს არიდებდნენ ფოთის პორტს. გაზეთი “ივერია” წერს: “განა შეიძლება ამას ნავსადგური უწოდოს კაცმა! უცხო გემის კაპიტნები “თაგვის მახეს” უწოდებდნენ: “თუ გემი ერთხელ შიგ გაჭირვებით შევიდა, იმისი გამოსვლა ღმერთზეა დამოკიდებულიო.” [8]
ათი წლის შემდეგ ქალაქ ფოთის ნავსადგური იგივე პრობლემების წინაშე დადგა. საკმარისია ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, რათა ნათლად წარმოვაჩინოთ ნავსადგურის გაუმართობა. აი, რას წერს გაზეთი “ივერია” 30 მარტს, საღამოს 5 საათზე, შემდეგი უბედურება დატრიალდა. რუსეთის სავაჭრო და სანავოსნო ამხანაგობის” გემი “ალექსი” ბარგითა და ხალხით დატვირთული ზღვის ღელვის გამო კაპიტანმა გემი შუა ზღვაში გააჩერა.. უამინდობის გამო 25 კაცი შთანთქა ზღვის ტალღებმა.” [9] ასეთი რამ ფოთში ხშირად ხდებოდა, რის გამოც უცხოური და რუსული გემები ქალაქ ფოთის ნავსადგურში შემოსვლას თავს არიდებდნენ. ამ სტატიის შინაარსიდან ჩანს, უბედურების შემთხვევაში, ქალაქის თავი იქ გაჩნდებოდა და გამომძიებელთან ერთად იკვლევდა ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს. ნიკო ნიკოლაძის დაუღალავი შრომა ფოთის აღმშენებლობისათვის და მისი ბოლომდე კეთილმოწყობის მიყვანის სურვილი სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რომ საბოლოოდ ნავსადგურისათვის აეცილებინა ის უბედურებები, რაც მის თვალწინ ხდებოდა.
უცხოური ინვესტიციების დაბანდებას შეეძლო გამოეყვანა ქალაქ ფოთის ნავსადგური იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც იგი იყო: ეს კარგად ესმოდა პროგრესული და ევროპული განათლების მქონე ქართველ ინტელიგენციას.
ქალაქის თავის დაუღალავი შრომა ნავსადგურის გადასარჩენად დაფასდა. აი, რას წერს გაზეთი ,,ივერია”: ,,დადგა ნანატრი წამი, რომელსაც ფოთელები დიდი ხანია მოელოდნენ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ნავთსადგური უკვე გადაეცა მოიჯარადეს” [10]გაზეთი ნიკო ნიკოლაძის ოთხი წლის მუშაობას დადებითად აფასებს. ერთ-ერთ სტატიაში იგი წერს: ,,ოთხი წლის დაუღალავი მუშაობის დაფასება ფოთელებმა მოურავის ხელმეორედ დანიშვნით გამოხატეს”. ნიკოლაძემ მადლობა გამოუცხადა საბჭოს მისი ერთხმად არჩევისათვის. იგი ამბობს: ,,მე ვეცდები საქმით დაგიმტკიცოთ ერთგულება” [11] საბჭოს ყოველი სხდომა, რაც კი ფოთში ჩატარებულა, გაზეთ ,,ივერიას” არასოდეს დარჩენილა ყურადღების მიღმა და იქ დასმულ საკითხებს გაზეთის კორესპოდენტი იანეთელი სისტემატურად აწოდებდა მკითხველს. საკითხებისადმი ინტერესი იმით იყო გამოწვეული, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი იყო ქალაქისათვის. ,,კრებამ განიხილა სანავთსადგურო კომისიის მიერ მოწონებული ოთხი ხარჯთაღრიცხვა, შედგენილი ინჟინერ სვეტორჟინსკისაგან ნავთსადგურში ელექტრონის შემოღების შესახებ”. [12]
ქალაქის ,,მოურავის” მრავალმხრივ განათლებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ქალაქ ფოთში ნავსადგურის რეკონსტრუქციის დროს გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება მინდეს ნიკოლაძეს. გაზეთმა ,,ივერიამ” რამდენიმე ნომერში ნიკოლაძის მოღვაწეობის დასახასიათებლად მოიშველია რუსული გაზეთი ,,კავკაზი”, სადაც წერია, რომ ,,კავკასიის უმაღლესის მთავრობის შუამდგომლობის გამო გარეშე საქმეთა სამინისტროს დაუვალებია საიმპერატორო ელჩთათვის ბერლინისა, პარიჟისა და ლონდონის მისიებისათვის ჰააგასა და ბრიუსელში… უნდა დაათვალიეროს და შეისწავლოს უცხოეთის ნავთსადგურები”. [13, 14]
სტატიების ავტორს კაგრად ესმოდა, რომ ეს მისია ნიკოლაძისათვის მეტად საპასუხისმგებლო იყო და მისგან დაუღალავ შრომას მოითხოვდა. ქალაქის ,,მოურავი” თავისმა საქმეებმა გამოაჩინა, როგორც მოსახლეობის წინაშე, ისე პრესის ფურცლებზე. მან ევროპის წამყვანი ქვეყნების პორტები შეისწავლა და მისაღები ცვლილებები ფოთის პორტში განახორციელა.
ნ. ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი გაზეთ ,,ივერიის” ფურცლებზექალაქ ფოთის თავდადებულ ,,მოურავს” ნავსადგურის რეკონსტრუქციის საქმეების მოგვარების შემდეგ ვაჭრობის საკითხის მოგვარება საჭირო და აუცილებელ საქმედ მიაჩნდა. გაზეთი ,,ივერია” წერს: ,,ქალაქის საქმის შესახებ ამ დღეებში დეპეშით დაიბარეს პეტერბურგში ქალაქის მოურავი… სავაჭრო და სამანუფაქტურო დეპარტამენტის დირექტორისაგან და 27 სექტემბერს პეტერბურგში წავიდა”. [15]
პრესის ფურცლებზე თუ გადავხედავთ ნიკოლაძის საქმიან მოგზაურობებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, კითხვა გაგვიჩნდება: დღეს, თანამედროვე ტრანსპორტის პირობებში შეიძლება კი ნიკოლაძე უფრო დიდ და საქვეყნო საქმეების ხორცშესხმას.
გაზეთი ,,ივერია”, რომელიც 1886-1906 წლამდე აქტიურად აშუქებდა ქალაქ ფოთის ცხოვრებას და ნიკოლაძის საქმიან მოღვაწეობას, 1904 წლის თავის სტატიაში ნიკოლაძის ათწლიანი მუშაობის სურათს გვიხატავს: ,,საოცარი ცვლილებაა! ფოთი ათი წლის წინათ და ფოთი ეხლა… საქონლით სავსე, პორტის მქონე, მრავალ გემთა საყუდელი…” [16] ასე იწყებს გაზეთი ,,ივერია” რუსულ გაზეთ ,,გოლოსიდან” მიღებულ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა გააკეტა ქალაქის ,,მოურავმა” 1894-1904 წლებში. ჩვენი აზრით, თუ არა ღვთის ნება, შეუძლებელიც იქნებოდა ერთი ადამიანისაგან ამდენი ძალისხმევა და დასახული მიზნის ასე სამაგალითოდ დაგვირგვინება.
ქალაქის ,,მოურავის” საქმეებს გაზეთი ,,ივერია” კვალდაკვალ მიჰყვებოდა და აშუქებდა, რათა არაფერი დარჩენოდა უთქმელი. იგი წერს: ,,დიდი ხანია შემჩნეული იყო, რომ ღამით ნავთსადგურში მუშაობა გემებს დიდს დროს აკარგვინებდა დაცლადატვირთვისათვის…” აქაც მან თავი არ შეირცხვინა და ,,ელექტრონის განათების ნებაც აიღო და ღამის მუშაობისაც”. [17] იანეთელი ერთერთ სტატიაში ნიკოლაძის სიტყვებს გადმოგვცემს: ,,ჩემი მოვალეობა ნავთსადგურის საქმეში შევასრულე… ნავთსადგურის სიკარგე, ეს გეგმის შემდგენლისა და თვით გამკეთებელ ინჟინრებისაგან არის დამოკიდებული”. [18]
გაზეთ ,,ივერიამ” ქართველ მკითხველს სასიხარულო ინფორმაცია ვერ მიაწოდა ნავსადგურის საბოლოოდ დასრულების შესახებ, რადგან არსებობა 1906 წელს შეწყვიტა, ნავსადგური კი 1907 წლის დამდეგს დასრულდა ვოზნესენსკის პროექტის მიხედვით. გაზეთი ,,ივერია” თითქმის ოცი წლის განმავლობაში აშუქებდა ქალაქ ფოთისა და მისი ,,მოურავის” ფასდაუდებელშრომას, ნიკოლაძისათვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა . ი. ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოსული გაზეთი ქებას დაუმსახურებლად არავის შეასხამდა _ დამსახურებულად კი ნოკოლაძემ შეძლო და დაუფასდა კიდეც.
ნიკო ნიკოლაძის ევროპულმა ხედვამ და გამოცდილებამ თავისი ნაყოფი გამოიღო ქალაქ ფოთის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების საქმეში. მან შეძლო მოსახლეობისაგან დაცლილ ქალაქში ვაჭრობის პირობების შექმნა და მოსახლეობის ფოთში კვლავ დაბრუნება.
”ივერიის” ინფორმაციების მიხედვით, ვის არ ნახავდით ქალაქში: ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ბერძენს და სხვა ქვეყნის ვაჭრებს. მათი ინტერესი საქართველოსადმი დღითი დღე იზრდებოდა, ამ ყველაფერს კარგად დავინახავთ, თუ გადავხედავთ ქალაქ ფოთის ტვირთბრუნვას. ,,ივერიის” ფუცლებზე იგი წერს: ,,სექტემბრის განმავლობაში ფოთის ნავთ-სადგურით გაუგზავნიათ ინგლისს _ 615300 ფუთი მარგანეცი ღირებული 184590 მანეთად, ჰოლანდიაში 539400 ფ., 161820 მანეთისა, აშშ _ 824600 ფ. 247380 მანეთისა…” [19] ხოლო 1901 წლის მონაცემებით ,,ბათუმსა და ფოთიდან 30222348 ფუთი შავი ქვა გაუტანიათ” [20] აქედან ჩანს, რომ საქართველოდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ მარგანეცი, სიმინდი, ხე-ტყის მასალა და სხვა. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებამ შავი ზღვით საქართველო და ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვა ერთმანეთს.
ნიკო ნიკოლაძის ეკონმიკური და პოლიტიკური შეხედულებები ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დღესაც მისაბაძი და აქტუალურია. მისი გამოცდილებებისადმი ინტერესი XXI საუკუნის დასაწყისში არ შენელებულა. ეს კი მისი პიროვნების, ღირსების, ქვეყნის სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. გაზ. ივერია #236, 1894 წ, 6.XI
2. გაზ. ივერია #202, 1994 წ. 23.IX
3. გაზ. ივერია #204, 1894 წ. 25.IX
4. გაზ. ივერია #44 1897 წ. 9.III
5. გაზ. ივერია #157 1897 წ. 3.VIII
6. გაზ. ივერია #235, 1897 წ. 12.XI
7. გაზ. ივერია #234, 1897 წ. 11.XI
8. გაზ. ივერია #270 1888 წ.
9. გაზ. ივერია #72, 1898 წ. 3.IV
10. გაზ. ივერია #102, 1898 წ.
11. გაზ. ივერია #239, 1898 წ. 7.XI
12. გაზ. ივერია #137, 1898 წ.
13. გაზ. ივერია #94, 1899 წ. 6.V
14. გაზ. ივერია #202, 1899 წ. 21.IX
15. გაზ. ივერია #209, 1899 წ. 29.IX
16. გაზ. ივერია #282, 1904 წ. 10.XII
17. გაზ. ივერია #202, 1899 წ. 21.IX
18. გაზ. ივერია #75, 1899 წ. 7.IV
19. გაზ. ივერია #213, 1895 წ. 5.X
20. გაზ. ივერია #71, 1901 წ. 29.III.
კავკასოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი