უკან დაბრუნება
განცხადებები
პალიასტომის ტბა
15-11-2020, 16:47
ნანახია: 2213
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვ.გაგუა

პალიასტომის ტბა ჯერ კიდევ შორეული წარსულის გამოჩენილი მკვლევარებისა და, საერთოდ ხალხის ყურადღებას იპყრობდა იმ ლეგენდის გამო, რომლებიც ტბის გაჩენასთან არის დაკავშირებული.
ლეგენდის მიხედვით პალიასტომის ტბის ტერიტორია ერთ დროს ხმელეთს წარმოადგენდა და დასახლებული იყო პავლიას ტომით, მაგრამ გაბრაზებულმა ღმერთმა დასწყევლა ისინი და გამსკდარ მიწიდან ამოხეთქილმა შავმა წყალმა ყველანი დაახჩო. მეორე ვერსიით გადარჩა მხოლოდ ერთი მღვდელი, რომელსაც მოუსწრია ხატის გატაცება და გაქცევა.
დროთა მსვლელობაში ხდებოდა ლეგენდების შევსება. მაგალითად ფოთში დარწმუნებით ამბობდნენ, თითქოს დაწყნარებული ტბის სიღრმეში შეუნიშნავთ სალოცავი ტაძარი, მოქანავე აკვანი, მეტივეების საჭე რამდენჯერ მოსდებია ეკლესიის ჯვარს, რომ აბობოქრებულ ტბის ტალღებს ნაპირზე გამოურიყავს ტბის ფსკერიდან ამოცურებული საოჯახო ნივთები და სხვ.
ლეგენდის მიხედვით ხდება ისეთი ნაგებობების ან ნივთების დასახელებაც, რომლებიც სინამდვილეში არსებობს დასავლეთ საქართველოში. მათ შორის დასახელებულია ჯუმათის ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს ჯუმათის მთაზე. საინტერესოა აგრეთვე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული „პალიასტომის ხატი“ და სხვ.
პალიასტომის ტბის შესახებ ლეგენდები იმდენად ფეხმოდგმული იყო საქართველოში, რომ დიდი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი პალიასტომის ტბაში მოსახლეობის ჩაძირვას სინამდვილედ მიიჩნევ და წერს:
„ფოთის სამხრეთით, ზღვის კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა დიდი, ამ ტბიდან შედის ზღვას მდინარე ამისივე. აქედან შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსვენებისათვის. იპყრობის თევზნი და სხვა და სხვანი მას შინა ურიცხვნი, ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან“.
ლეგენდის აზრის სინამდვილეს არც ისტორიკოსი თედო ჟორდანია უარყოფს. ის ძველი ფოთის (ფაზისის) დაღუპვას ზღვის სტიქიას მიაწერს და ამის შესახებ წერს
„ძველი ფოთის ზღვისაგან დაღუპვის ამბავი მითოლოგია კი არ არის - ნამდვილი ფაქტია“.
ბელეტრისტი ე.ნონეშვილი პალიასტომს სამართლიანად მიიჩნევს მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტი წყლის დაბლობში შეგროვებულ ტბად. მაგრამ ამასთანავე დასაშვებად ცნობს ლეგენდის მიხედვით ქალაქის დაქცევის შემთხვევასაც და წერს:
„შეუძლებელი არც ამ უკანასკნელშია რამე“.
ფოთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია პალიასტომის ტბის და მისი აუზის წყლებში ნაპოვნი ექსპონატები. მაგალითად, ბრტყელი ოვალური ქვა, რომლზეც მშვენივრად არის დახატული სიირის მეფე ანტიოქე და გაკეთებული აქვს ლამაზი წარწერა. იქვე ნაპოვნია ბრინჯაოს საომარი კოლხური ცულები და სხვ. ხოლო 1951 წელს პალიასტომისა და ზღვის შემაერთებელ მალთაყვის წყლის ფსკერზე ფოთის მუზეუმის მიერ მოწყობილმა ექსპედიციამ მყვინთავების დახმარებით აღმოაჩინა ძვ.წ.ა.I ათასწლეულის დასაწყისის ადამიანების სადგომი, მათი საომარი და საოჯახო ნივთები და სხვა.
პალიასტომის ტბა გეოლოგიურ წარსულში შავი ზღვის ყურე იყო, მას ძველ შესართავსაც უწოდებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ფიჩორის კალაპოტით მდინარე რიონი ერთვოდა ზღვას. შემდეგ ყურე გამოეყო ზღვას და მიიღო ტბის სახე. ტბას პირველად თანამედროვე კოლხიდის დაბლობის ტერიტორია მთლიანად ჰქონდა დაკავებული, მაგრამ მდინარეებიდან ჩამოტანილი შლამისა და ტორფის ზრდის შედეგად ტბის არე თანდათან მცირდებოდა. მაგალითად, ფოთის ნავსადგურის პროექტის შედგენაზე მუშაობასთან დაკლავშირებით შაფრანოვი წერს“ „1860-იან წლებში ტბის არე ოცდაათამდე კვ.კილმეტრს შეადგენდა, ხოლო ბოლო ხანებში მისი არე ზუსტად 17კვ. კილომეტრია“.
მდიდარ მასალებზე დაყრდნობით კოლხიდის პრობლემებზე მომუშავე მეცნიერები, მართალია, სხვადასხვანაირად, მაგრამ ძირითად პრინციპებში მაინც გარკვეულად აღიარებდნენ კოლხიდის დაბლობთან ერთად პალიასტომის ტბის მიდამოების დაწევას და ამ ფართობის წყლითა და ჭაობებით დაფარვის ფაქტს. რასაც გეოლოგიური ან სტიქიური მოვლენებით ხსნიან, ამასთანავე კოლხიდის მდინარეების: რიონის, კაპარჭინის, მალთაყვისათვის დამახასიათებელია კალაპოტის შეცვლა. შესაძლებელია, ის ტერიტორია, რომელიც ერთ დროს ხალხით იყო დასახლებული, წყალმა დაფარა. ამის მიზეზია ის, რომ კოლხიდის მდინარეებისა და ტბის ფსკერზე ხშირად პოულობენ ადამიანის სადგომს, სამეურნეო, საკულტო და საოჯახო ნივთებს.
ამგვარად, ლეგენდების შექმნისათის ბუნებრივ მოვლენებს მართლაც ჰქონია ადგილი, რომელიც ხალხმა თავისებურად გადააკეთა, დაუკავშირა პალიასტომის ტბას და მისი გაჩენა ღმერთის გაბრაზებით გააზვიადა, რასაც „მეორედ მოსვლის“ მტკიცებასთან ერთად ხალხის შესაშინებლად მოხერხებულად იყენებდა სამღვდელოება. მეცნიერებამ დაასაბუთა „მეორედ მოსვლის“ სიყალბე, ხოლო პალიასტომის ტბა სოციალისტურმა სინამდვილემ ხალხის სამსახურში ჩააყენა. დღეს იგი ტურიზმისა და ექსკურსიის საინტერესო ბაზად არის ქცეული.


გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი