უკან დაბრუნება
განცხადებები
შენობების სივრცული კომპოზიცია
11-07-2015, 21:43
ნანახია: 1995
გაუზიარე სტატია მეგობარს


შენობების სივრცული კომპოზიცია

ირმა კეკელიძე

შენობების სივრცული კომპოზიციაქუჩის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია განაშენიანების მწკრივები, კვარტლების განშლები. ისევე როგორც ქუჩების სახელწოდებებში, აქაც იკითხება დროის ნიშანი, ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კულტურის კვალი.
1901 წელს ფოთში ორი (კუნძულისა და ცენტრის) უბანი არსებობდა მისი ტერიტორია 17 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა იგი 62 ქუჩას ითვლიდა, რომელთაგან უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაჭაოებული ადგილების სიმრავლე წინასწარი დაშრობითი, სამელიორაციო ღონისძიებების გარეშე გამორიცხავდა ან ზღუდავდა ქუჩების მოწყობისა და ინტენსიური განსახლებისათვის მიწების ათვისების შესაძლებლობას. ამიტომ ახალმოსახლენი უპირატესად შედარებით შემაღლებულ ადგილებს იკავებდნენ, რაც განაშენიანების სიმეჩხრეს განაპირობებდა. 1901-1917 წლებში კაპიტალური ნაგებობები მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე შენდებოდა. შენობების განლაგება, როგორც წესი, ქუჩების გადაკვეთაზე ხდებოდა. ყველა ეს შენობა დაპროექტებულია ორმხრივი ფასადით და განაშენიანების მწკრივების ფორმირებაში განმსაზღვრელი ორიენტირის როლი ეკისრებოდათ. ამის ერთ - ერთი მაგალითია ლოლუასა და ლესელიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სახლი.
აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები № 6,19,43,49, წმინდა გიორგის ქუჩაზე №11, 23, ძუკუ ლოლუას ქუჩაზე №51, 58. ნინო ჟვანიას ქუჩაზე №12, 26 მაისის ქუჩაზე №9, 35, რუსთაველის რკალზე №10, ვალერი გეგიძის ქუჩაზე №17, 19 გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე №1, 5.
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები: რუსთაველის რკალზე №1,2,16, აკაკის ქუჩაზე №28, №44, ნინო ჟვანიას ქუჩაზე №7, თამარ მეფის ქუჩაზე №17. ამავე პერიოდის მწკრივებში ხის სახლებიც არის წარმოდგენილი, სახლების მშენებლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ხე-ტყის მასალა, თხმელის ფიცრებით შეჭედილი საცხოვრებელი სახლები(ოდები) ფოთში საკმაოდ იყო გავრცელებული.
მარსელის კრამიტით დახურული ხის სახლი. ლოლუას ქუჩა №62
სახეშეცვლილად, მათ ახლაც ვხვდებით ქალაქში. მათ ადვილად გამოარჩევთ მარსელის კრამიტის სახურავით. მარსელის კრამიტი, რომელიც საფრანგეთიდან შემოჰქონდათ ფოთის ნავსადგურში 1922 წლამდე ფართოდ გამოიყენებოდა არა მარტო ფოთში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში, როგორც უაღრესად მტკიცე და საიმედო პროდუქცია.
მარსელის კრამიტით გადახურული აგურით ნაგები სახლი. ლოლუას ქუჩა №58
ამ პერიოდის შენობა- ნაგებობების, ფასადების კედლები, წითელ ხაზზე განითავსებოდა. ამავე დროს ქალაქის ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების მოუწესრიგებლობამ განაშენიანების სიმეჩხრემ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განაპირობა ფოთის ქუჩების და მთლიანად ქალაქის ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობა, რომელიც დღესაც არ არის დაძლეული.
განაშენიანების მწკრივებში ფოთში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად განვითარდა. ყველა მენაშენეზე ერთნაირი ე.წ. ტიპიური პროექტები გაიცემოდა, დაწესდა შეზღუდვები საცხოვრებელი ფართის, საკარმიდამო ნაკვეთების ნორმებში, ამან სამშენებლო მოედნის საკარმიდამო ეზოს სიღრმეში გადანაცვლება გამოიწვია, წითელი ხაზი კი ღობეებს დაეთმო. ფოთის ქუჩებმა ქალაქური იერ-სახე დაკარგა. ცხადია ყოველი სახლი ყოველი ქუჩა თავისი სახელწოდებით, ისტორიის ფურცელს წარმოადგენს იმ დღეების შემადგენელ ნაწილს, რომელიც უკვე იყო. ეს არის წარსული იმ ადამიანებისა რომლებიც ქმნიდნენ ქალაქს და აღარ არიან. აქ მოღვაწეობდნენ სამშენებლო საქმის თავისი დროის ცნობილი სპეციალისტები: ედმუნდ ფრიკი, რობერტ მარფელდი, რ. კონოვალოვი, ვასილევიჩი, ივანე ლაღიძე რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქალაქის განაშენიანებაში. მათი პროექტით აშენებული ობიექტები დღესაც ამშვენებენ ქალაქის ქუჩებს. ამჟამად ფოთს დაახლოებით 55 კვ. კილომეტრი უკავია, ფოთში ოთხი უბანია და 179 ქუჩა, რომელთა საერთო სიგრძე 136, 742 კილომეტრს შეადგენს. დღეს ფოთში ფაქტობრივად 4 მოედანი არსებობს, მათგან სახელი მხოლოს ერთს აქვს მიკუთვნებული.

 
ირმა კეკელიძე "მე ქალაქი" ფოთი 2014 წელი გვ. 46-47
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი