უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭიდაობს ნესტორ ესებუა
17-04-2017, 21:35
ნანახია: 2350
გაუზიარე სტატია მეგობარს


თემო სახურია 
  XIX საუკუნის საუკეთესო მოჭიდავე ნესტორ ესებუა დაიბადა 1864 წელს, სოფელ სორტაში (სენეკის მუნიციპალიტეტი), 18 წლის ნესტორი როტშილდის ქარხანაში მუშაობდა ბათუმში.გაბრიელ ბარჯაძე თვის წიგნში “საქართველოს რომ ფალავნები ჰყოლია“ წერს: “მევალე მედუქნეს ნესტორისათვის უთქვამს: ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალსაც იმაში გაგიქვითავო. იმ დღეს ნესტორს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და ქარხნიდან მალულად გამოუტანია. მედუქნესთან მისულს მის ცხვირწინ დაუგდია კალის ყუთები. დიდხანს ეჯაჯგურა, თურმე, მედუქნე სათითაოდ იმ ყუთებს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. თვითონ ნესტორს დაუწყვია ისინი სასწორზე, 16 ფუთი და 2 გირვანქა გამოსულა... ვალიც გაუსტუმრებია და კიდევ დიდხანს უსაუზმია იმ დუქანში მუქთად... კალის ხარჯზე“ 1885 წელს ბათუმში ჩამოვიდა ცნობილი მოჭიდავე კულა გლდანელი რომელმაც ბათუმში იმ ხანად მოასპარეზე 12 მოჭიდავე ბეჭებზე დადო, სწორედ ამის მერე სთხოვეს ნესტორს გლდანელთან შეხვედრა, ნესტორი დათანხმდა და 1885 წლის 14 აპრილს ბათუმში ერთმანეთის წინაამღდეგ იჭიდავეს.იმ დროისთვის საუკეთესო მოჭიდავემ კულა გლდანელმა და ახალბედა მოჭიდავემ სორტელმა ნესტორ ესებუამ.გამარჯვება ახალბედა ნესტორ ესებუა დარჩა, მოგვიანებით მათი დაპირისპირება ტრადიციულ კლასიკადა გადაიქცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით ისინი რამოდენიმეჯერ (4 ჯერ) შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა ამ შეხვედრიდან გამარჯვება დარჩა ნესტორ ესებუას.მათი ყველაზე გახმაურებული ჭიდაობა შედგა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში, აკაკი წერეთელმა ლექსიც კი უძღვნა ამ შერკინებას(იხ.სტატიის ბოლოს)”იტალიელების ბაღში” გამართულ ორთაბრძოლაზე იმდროინთელი პრესის გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.გაზეთი ”დროება” კი წერდა: ”ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა. შეტაკებაში პირველმა გლდანელმა წააქცია ესებუა, მან ისე რიხიანად დაატრიალა ის, რომ ყველას ეგონა, მიწიდან მოწყვეტს და ჰაერში აისვრისო, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავე გამაგრდა და საპასუხოდ დასცა მოწინააღმდეგე პირქვე, მაგრამ კულა მალე წამოხტა ფეხზე, მივარდა ესებუას გამხეცებული და კისრულით დასცა მიწაზე, მხოლოდ ერთი მხარით. ესებუას დამარცხება ვერც ამჯერად შესძლო გლდანელმა, ისინი ორივენი წამოდგნენ ფეხზე და განაგრძეს ჭიდაობა. კულამ მეორედ გადმოიტანა კისრულზე ნესტორი უფრო უკეთესად, ვიდრე პირველად, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისი საბოლოოდ დამარცხება. ისინი ხელმეორედ წამოდგნენ ორივენი ფეხზე და მესამედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ახლა კი გაცეცხლებული მეგრელი ვეფხვივით მივარდა კულას და დასცა ბეჭებზე, რითაც მოიპოვა საბოლოო გამარჯვება”.ნესტორ ესებუა პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი.ფალავანი.როგორც საჭადრაკო წრეებში ამბობენ ნესტორი გამოირჩეოდა სისწრაფით, ღონით, მოქნილობით. იშვიათი ოსტატობით ასრულებდა კისრულს, ჩოქელას, შუა სარმას, გარეკაურს მისი საყვარელი ხერხი ჭიდაობის დროს იყო დაჩოქილი შუა სარმა, ე.წ. „ცაცია“, ანუ გარე ფეხი და კისრული. ნესტორს დამარცხებული ჰყავს იოსებ ცერაძე, გიორგი ლურიხი, კლიმენტი ბული, კაზბეგ გარა, სარი სულეიმანი, ჰაჯიბაზ გულიკოვი და სხვები. ესებუამ სოხუმში დაამარცხა გამოჩენილი ნორკინი, თბილისში მურომეცი, კონსტან-დემარე და სხვები. სტამბოლში ჩატარებულ შეჯიბრზე ტურნირის გამარჯვებული გახდა ნესტორ ესებუა, სტამბულში გამართულ შეჯიბრზე საინტერესო ცნობა აქვს მოყვანილი გაბრიელ ბაიჯაძეს: “ საჭიდაოდ გამოდიოდნენ პოლონელი პეტლიზინსკი, ბულგარელი ნიკოლა ჰეტრე, თურქი ჰაებაშთი, ქართველი ცერაძე, მაისურაძე, მიდელაური, ესებუა, აგრეთვე ემილ ფორი და სხვები. საჭიდაოდ უხმეს ბერძენ გოლიათს, ოცი ფუთის ამწევ, 132 კილოგრამიან პანიას კუტალიანის და ნესტორ ესებუას. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ერთთავად დამრგვალებული ბერძენის პირისპირ ხმელ-ხმელი, გრძელმკლავა ესებუა ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა. დაიწყო თუ არა ორთაბრძოლა, ნესტორი იერიშზე გადავიდა. ვეფხვივით უტევდა მეტოქეს და მალიმალ ჩოგბჯენში გადაჰყავდა ბერძენი გოლიათი. მეოცე წუთზე ესებუამ ბერძენის მარჯვენა მკლავი იგდო ხელთ, უცებ შემოტრიალდა, კისრულზე წამოიღო და ორივე ბეჭით გააკრა ხალიჩაზე. ტაშის გრიალმა შეაზანზარა დარბაზი. სულთანის ვაჟმა ნესტორს 50 ლირა აჩუქა. მსაჯებმა კი ძველი დროის წესის თანახმად, ქართველ ფალავანს მკერდზე საპატიო ლენტი გაუკეთეს“.1887 წელს კულა გლდანელი კვლავ იწვევს საჭიდაოდ ნესტორ ესებუას.1888 წლის „ივერიაში“ (№ 235) ნესტორი წერს: _ ოთხჯერ დავძლიე გლდანელი და მეხუთეთ ჭიდაობა საინტერესო არ იქნებაო.ხოლოგაზეთ ივერიის № 113-ში ნესტორი წერს: _ თბილისში მას ყველა მომხრე ჰყავს, ქუთაისში თუ უნდა, იქ მობრძანდეს, როცა უნდოდესო“ მიუხედავად გლდანელ _ ესებუას მეტოქეობისა, ისინი როგორც ამბობენ ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.მრავალი წარმატებული ჭიდაობის შემდეგ ნესტორ ესებუამ საჭიდაო არენაზე გასვლა შეწყვიტა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო.ის სხვადასხვა დროს ჭიდაობებს აწყობდა _ სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან.ნესტორ ესებუა გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.1931 წლის აგვისტოში მშობლიურ სოფელ სორატაში მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა რის შემდეგაც მიღებული დაზიანებებით 2 თვის შემდეგ გარდაიცვა.ის დასაფლავებულია მშობლიურ სოფელში.ლექსი რომელიც აკაკი წერეთელმა მიუძღვნა გლდანელის და ესებუას ჭიდაობას იტალიელების ბაღში, ეს ლექსი ლიტერატურულად აღმოაჩინა პაოლი იაშვილმა.

“ეს ქუთაისში შეიტყვეს
შუბლში იტკლიცეს ხელია,
ნუთუ ქართლსა და კახეთსა
ვაჟკაცი შემოელია,
აქ რაღაც ცბიერობა
აუთუოდ საეჭველია
უნდა უშველოთ როგორმე
თუ სადმე მისაშველია.
როგორ თუ მთელი ქვეყანა
მან ასე აიბუაო?
მოდი გავგზავნოთ აქედან
მეგრელი ესებუაო.
ისე დაბლაგვოს, იცოდეთ,
როგორც რომ დანის ყუაო.
მაშნ იტლინკოს გლდანელმა,
მერე ისწავლოს ჭკუაო”.
მიიხმეს ნესტორა. სთხოვეს.
“მაშინ წამოდგა ნესტორა
სიმდაბლით მოუბარია:
უფროსები ხართ და ჩემგან
არ გეკადრებათ ვარია.
თუ გავიმარჯვე აქავე
ჩამოვალ მომცინარია,
თუ ვერა კომბალს ავიღებ
და წავალ სადაც ცხვარია”.
“გლდანელის საპირდაპიროდ
აქ ვიღაც ჩამოსულაო,
მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს
ჩვენი ნაქები კულაო,
ამბობს, ამისი ტოლები
აქ ბევრი გალახულაო,
და ესეც ისე გავპენტო
როგორც რომ ბამბის ქულაო”.
გაიმართა ჭიდაობა.
“გამოდის კულა გლდანელი
მხარბეჭა და შიშველია,
ჯეირანივით ნავარდობს,
მაღლა ხტის როგორც შველია,
ტანზედაც ერბო წაუსვამს,
რომ ვერ მოავლონ ხელია,
გარს ახვევია ამქრები
სუყველა მისი მშველია.
მეორე მხრიდან მეგრელი
გამოძვრა როგორც ტურაო,
რომ დაინახა გლდანელი
ლომივით მიაშურაო.
მკლავებში ხელი მოავლო
და ერბომ აიცურაო.
კინაღამ უცბად გაფუჭდა
და ბედმა მოიმდურაო.
განზე გადუხტა მატყუარს,
სისწრაფით მოიშორაო.
ამბობს, ხელს ვეღარსად ვკიდებ,
რა ცუდათ მომაღორაო.
მივარდა, გულში ხელი ჰკრა,
ბურთივით გააგორაო.
ვეფხვივით ზურგზე დაახტა,
დათვივით მოიტორაო.
ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი,
ცდილობს ზე წამოდგომასა.
ზემოდან მტკვალავს ნესტორა,
თითქო იღებდეს ზომასა.
თან ეუბნება დაცინვით:
კულა ნუღარ სწევ შრომასა,
უფრთხილდი თან არ გადაყვე
შიშსა და გულისწყრომასა.
ფეხებში ხელი მოჰკიდა,
თავდაღმა დააყირაო,
საცეცხლურივით დაკმევა
ოთხკუთხივით დაუპირაო.
იმისი მაყურებელი
სუყველა გააკვირაო,
კულა გლდანელის მომხრენიც
უწყალოდ აატირაო”.
აკაკი წერეთელი 1886 წ.

გამოყენებული ლიტერატურა
1.გაბრიელ ბარჯაძე “საქართველოს რომ ფალავნები ჰყოლია“
2.გაზეთი დროება 1886.
3.გაზეთი ივერია 1988 წ (№ 235) (№ 113)


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი