უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთი ქართულ მწერლობაში
14-04-2020, 07:37
ნანახია: 2803
გაუზიარე სტატია მეგობარს


აკაკი თოფურია

უთუოდ ფოთისადმი სიყრმის დროიდან გამოყოლილი დიდი ნოსტალგია უნდა მომძალებოდა,როცა უცებად დავეთანხმე ''ფაზისის'' განახლებული აკადემიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას და ვიცე-პრეზიდენტს, ე.მ. დოქტორს ნუგზარ ნადარაიას. დღევანდელ პირველსავე სესიაზე წამეკითხა მოხსენება თემაზე: ფოთი ქართულ მწერლობაში. აკი სამეცნიერო თუ სალიტერატურო მიმოქცევაში ასეთი სახელწოდების თემა დღემდე არ არსებობდა! ვერ გავითვალისწინე, ძალაუნებურად, ღრმა მოხუცებულობის ასაკშიც, როგორც ახალგაზრდობის დროიდან სულ მუდამ, რაღაც გაუკეთებელს უნდა შევჭიდებოდი, ახალი საკვლევი ყამირის გატეხა მომიხდებოდა. ამიტომ ბოდიშის მოხდით წინასწარ უნდა განვაცხადო:
ჩემს მოხსენებას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ამომწურავობის პრეტენზია. საუბრიდან გამომდინარე, იგი მოიცავს მხოლოდ ქართული მწერლობის ფარგლებში მასთან დაკავშირებული უამრავი მასალის ძიების ერთგვარ ზოგად მიმოხილვას და, ცხადია, მთლიანად გამორიცხავს ანტიკურ თუ უცხოენოვან ლიტერატურაში მასთან დაკავშირებული უამრავი მასალის ანალიზს. ფოთის ეტიმოლოგიურ წარსულზე მიმობნეული ცნობების შეკრებისა და მოწოდების რაიმე ცდასაც კი, თუნდაც ფოთის მახლობლად მე-4 საუკუნეში რიტორიკული სკოლის არსებობაზე, რომლის შესახებ მსჯელობა მეოთხედი საუკუნის წინათ მქონდა სადოქტორო დისერტაციის სტამბურად დაბეჭდილ წიგნში ( ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია, გ.ნ. ჯიბლაძის წინასიტყვაობით, თსუ-ს გამომცებლობა, 1969, გვ.7).
ქართულ მწერლობაში ფოთი, როგორც გეოგრაფიული მცნება-ერთეული, პირველად იხსენიება მე-11 საუკუნიდან და ამის ავტორიტეტული წყაროა კორნელი კეკელიძის ძველი ქართული მწერლობის ისტორიის პირველი ტომი. ამ სქელტანიანი წიგნის 1951 წლის გამოცემის 193-ე გვერდზე აღწერილია ბაგრატ მეფის მიწვევით ათონიდან საქართველოში გიორგი მთაწმინდელის, იგივე ათონელის, მოგზაურობის ძირითადი მარშუტები. მასში ვკითხულობთ:'' როდესაც ბაგრატ მეფემ გაიგო, რომ ''სრულ იქმნა თარგმანებაი წინგთა საღმროითა გიორგის მიერ, ის მან მიიპატიჟა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. გიორგი წამოვიდა და როდესაც მოადგა მდინარე ევფრატს, გაიგო, რომ თურქებს დაეპყროთ ყოველი შუამდინარე, ასურეთი და საბერძნეთი. ამიტომ მან შეუხვია სევასტიაში, მაგრამ, ვინაიდან აქაც თურქები „მისრულიყვნენ“, გადავიდა კესარიაში და აქედან ზღვით - ევხაიტს, სამსონს დ ფოთს, ფოთიდან მოვიდა ქუთაისს და ქუთაისიდან გადავიდა ქართლს ბაგრატ მეფესთან. საქართველოში გიორგი მთაწმინდელი დარჩენილა ხუთი წელიწადი, მოუგვარებია მეფის მიერ დავალებული საქმე და მერე, მეფის ნებართვით, უკანვე ათონში დაბრუნებულა’’.
ასეთია ამ ძუნწი ცნობის შინაარსი, მისი დიდი მნიშვნელობა ფოთის ისტორიის მეცნიერული შესწავლისთვის.
პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწე ცნობილმა ქართველოლოგმა, პროფესორმა დავით ჩუბინაშვილმა პირველად შეადგინა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით პეტერბურგშივე 1846 წელს გამოსცა პირველი ქართული ლიტერატურული ქრესტომათია, რომელსაც საქართველოში იყენებდნენ როგორც სკოლებში შესასწავლ წიგნს. მისი ერთ-ერთი მთავარი განყოფილება განკუთვნილი ჰქონდა პოეზიას. ამ განყოფილებებში მოთავსებული იყო შოთა რუსთაველის, ჩახრხაძის, ბესიკის შემოქმედებიდან შერჩეული საუკეთესო პოეტური ნიმუშები. და, აი, სიურპრიზი.
მათ გვერდით იქვე გვხვდება საკმაოდ მოზრდილი ლექსი ასეთი სათაურით „სტიხნი აღებასა ფოთისასა, თქმულნი ბეგლარ ორბელიანის მიერ 1810 წელსა“ - ლექსი წარმოადგენს ცნობას რუსი მხედრობისადმი, რომელმაც მოულოდნელი იერიშით აიძულა თურქთა ძალის ნაწილი უკან დაეხია ჩოლოქის მიმართულებით.
ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ორი რამ: პირველი ის, რომ თურქ დამპყრობელთაგან ფოთის განთავისუფლების პირველ ეტაპზე ( სრული განთავისუფლება მოხდა არა 1810, არამედ 1828 წელს) საბრძოლო ოპერაციაში რუსებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქართველი მეომარი და რომ ეს ქართველი ბეგლარ იოსელიანი უნდა იყოს არა საქართველოს მაშინდელი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი, არამედ ვახტანგ მეექვსესთან ერთად მოსკოვში გახიზნული ქართველობის ერთ-ერთი შთამომავალი, რუსეთის ჯარში აღზრდილი და გაწვრთნილი ერთ-ერთი მეთაურთაგანი, რომელსაც როგორც თვით ტექსტის სათაურიდანაც ჩანს, სამწუხაროდ, ჭარბად შემორჩენოდა რუსიციზმის ელემენტები.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ კავკასიაში რუსული მართვა-გამგეობის სისტემა აგებული იყო სამაზრო და საგუბერნიო სტრუქტურების პრინციპზე. ქუთაისის საგუბერნიო მმართველობის დამკვიდრების რამდენიმე ხნის შემდეგ, სახელდობრ, 1858 წლიდან ფოთი ქალაქად იქნა გამოცხადებული. ამ დროიდან იგი ქალაქად მოიხსენიებოდა როგორც ოფიციალურ, ისე სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში. მოხდა ისე, რომ 1858-1861 წლებში კავკასიის მეფისნაცვლის ბარიატინსკის მძიმე ავადმყოფობის გამო მისი მოვალეობის აღსრულება ბედად დაკისრებული ჰქონდა შამილთან ბრძოლებში სახელმოხვეჭილ გენერალს, მე-19 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს გრიგოლ ორბელიანს.
სწორედ გრიგოლ ორბელიანის დროებითი მთავარგამგებლობის დროს დაიწყო რკინიგზის გაყვანა თბილისიდან ფოთამდე, რაც დასრულდა 1871 წელს, ამ იდეას ხორცი შეესხა მას შემდეგ, რაც იმპერატორი ალექსანდრე პირველად ეწვია ქუთაისს. ეს მოხდა 1861 წელს. ნოვოროსიისკის სადგურში მას დახვდა გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც თავის დღიურებში შემოგვინახა მეფესთან ერთად მგზავრობის ჩვენს თემასთან დაკავშირებული საინტერესო ცნობები. მოვიტანთ აქ ერთ ეპიზოდს:
„შავი ზღვა. შეუპოვარი, ცათამდის ზვირთების მსროლელი დამშვიდდა, დაწყნარდა თავმოდრეკით, სახე გაკრიალებით, შედგა რა მის ქედზედ, და ასე ქევ-ქევიოთ მოვლეთ სოხუმი და მოვედით ქალაქ ფოთსა. აქ დაგხვდნენ დიდის მშვენიერებით სამეგრელოსა და გურიის, იმერეთის თავადაზნაურობა და ხალხი. აქვე წარსდგა ხელმწიფესთან დესპინა (ქაიხოსრო გურიელის ქალი) თავადაზნაურის ქალებითა, რომელთა შორის იყვნენ რამდენიმე მართლად მშვენიერნი. აქედან პარადოხით ხელმწიფე მობრძანდა ჭალადიდამდის, სადაც ჭილაევისაგან იყო მომზადებული ნადირობა... საღამოზე, ბინდისას, მეფე მობრძანდა ქუთაისს“.
საკითხავია, გურიის თავადაზნაურობის დახვედრა ფოთში და ნაკლებად სამეგრელოსი? ამის ერთადერთი ახსნა უნდა ვეძიოთ იმაში, რომ სამეგრელოს სამთავრო ამ დროისათვის უკვე გაუქმებული იყო და თვით დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე 1860 წელს მთელი თავისი ამალით პეტერბურგში ცხოვრობდა. კუთხის მართვა-გამგეობა ზუგდიდის სამაზრო ადმინისტრაციას ჰქონდა დაკისრებული, რომელსაც სათავეში რუსი მოხელე ედგა. გრიგოლ ორბელიანი საგანგებოდ არ გამოყოფს მათ მონაწილეობას მეფესთან შეხვედრის ცერემონიალში, ხოლო გურიის არისტოკრატიიდან ქალთა პერსონის წინ წამოწევას გარკვეული დიპლომატური ფუნქცია უნდა ჰქონოდა მინიჭებული.
ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ ფოთში მცხოვრებთა უმრავლესობას, მაშინ შეადგენდა ვაჭართა, მეზღვაურთა, სამღვდელოთა და გლეხთა ფენა და იშვიათად თუ გამოჩნდებოდა თურქთა მფლობელობის სავალალო შედეგის გამოხატულება.
ამაზე გაკვრით მიგვანიშნებს ნიკო ნიკოლაძე თავის მოგონებებში „წარსულიდან“, რომლის მთლიანი ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1984 წელს ნიკო ნიკოლაძის დაბადების 140 წლისათვის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ნიკოს მამა ვაჭრობის და საიჯარადო მშენებლობის საქმეებში განთქმული მდიდარი კაცი იყო და დიდი ნაცნობობა ჰყავდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ფოთსა და ყულევის მიდამოებში.
როდესაც მეხუთე კლასში გადამიყვანეს - იგონებს ნიკო ნიკოლაძე თავის ბავშვობის პერიოდს,- მამაჩემმა საზაფხულოდ ფოთს წამიყვანა თავისი იქაური საქმეების და მამულების გასაცნობად, ფოთი მაშინ მთლად ტყესა და ჭაობში იყო დამალული. ფოთმა შემძღვნა მალარია, რომელმაც წელზე მეტი ლოგინად ჩამაგდო“... შემდეგ იგი იხსენებს ქუთაისის გიმნაზიის დამთავრებისთანავე, 18 წლის ასაკში, პეტერბურგში სასწავლებლად წასვლის ამბავს 1861 წლის გაზაფხულზე.
„ მივემგზავრებოდით სამი სწავლადამთავრებული დ.დ. ადბუშელი, გ.ს. მესხი და მე. ჩვენმა მამებმა ფოთამდე გაგვაცილეს, საიდანაც გზას ზღვით უნდა გავდგომოდით ქერჩამდე. ქუთაისიდან ორპირამდე ვიმგზავრე ეტლით, მშვენიერ გზატკეცილზე, რომელიც ის იყო გაიყვანეს რიონის ნაოსნობასთან“ კავშირის დასაჭერად.
მაგრამ ორპირიდან ფოთამდე ვიმგზავრეთ არა გემით, არამედ ნავით- ეკონომიისათვის. ჯერ არ გათენებულიყო, როცა გზას დავადექით. ხშირი ნისლი იდგა, და მხოლოდ გვიან საღამოთი, როცა დაბნელდა, მივედით ფოთში... გემის მოლოდინში მთელი შემდეგი დღე ფოთის ციხე-კოშკში გავატარეთ. ეს ციხე მაშინ წარმოადგენდა ლიმონების და ფორთოხლების სურნელოვან წალკოტს თურქობის ბატონობის დროს, ადგილობრივი ფაშების მიერ, მე-16 საუკუნის ციხის მაღალი კედლების ძირში. კედლები იცავდნენ ძვირფას მცენარეებს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს კედლები დაანგრიეს და მისი ქვა ნავსადგურის აგებას მოახმარეს, წალკოტი გახმა ადგილობრივი ქარებისაგან“...
„ერთი დღის შემდეგ, - განაგრძობს თხრობას ნიკო ნიკოლაძე, - ოსმალეთის ბათუმიდან მოვიდა გემი „დიდი მთავარი კონსტანტინე“ და გაჩერდა რეიდზე, ნაპირიდან ოთხი ვერსის მანძილზე. მდინარის პაწია გემმა „აკკერმანმა“ ფოთიდან წაგვასხა რიონზე. ეს აკკერმანი გოლიათს ჰგავდა, მაგრამ როდესაც იგი ზღვის გემთან გაჩერდა, ტიკინას დაემსგავსა“.
აი, მე-19 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების კოლორიტული, მკრთალი, მაგრამ შთამბეჭდავი სურათი, ოსმალეთის სამსაუკუნოვანი ბატონობის ციტადელთან ჭაბუკი ნიკო ნიკოლაძის ერთი დღეღამის შთაბეჭდილებათა მცირე ფრაგმენტები. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ დაბალ დონეზე იდგა თურმე საზღვაო ნაოსნობა იმდროისათვის, რაოდენ ჭირდა კავშირურთიერთობა ოსმალეთის ბათუმსა და რუსეთის მმართველობაში მოქცეულ ფოთს შორის, როგორ იყო ჩაფლული ჭაობებსა და ტყეთა კორომებში თვით ფოთი.
გიორგი წერეთელთან მხატვრული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში „პირველი ნაბიჯი“. შეიძლება ითქვას, მართლაცდა, პირველი ნაწარმოებია მე-19 საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ლიტერატურის მონაკვეთიდან, რომელშიაც ყველაზე რელიეფურად, ხატოვნად და ფართოდაა გამოსახული ფოთისკენ ფულის საშოვნელად მასობრივი ლტოლვის ადრე დაწყებული პროცესი, რაც მჭიდროდ უკავშირდებოდა რკინიგზისა და ნავსადგურების მშენებლობის მიმდინარეობით ხალხში აღძრულ თავრუდამხვევ ეიფორიას. მწერლის მიერ თხების მწყემსი თეკლათელი ბიჭუნას, ნაწარმოების მთავარი გმირის, ბახვა ფულავას სიტყვებით გადმოსროლილი მოკრძალებული ფრაზა-ფუთიშა მეურქი, პატონი-შემდგომში მალე ფოთის განდიდების, გაიდეალების, კაპიტალიზაციის გზისა და მიმართულების ერთგვარ განმაზოგადებელ, ბიძგის მიმცემ, მოგუგუნე ზარის ხმად იქცა.
„ფოთის ნავსადგურში პირველად იწივლა ცეცხლის გემმა, - გვეუბნება მწერალი, - მისმა წივილმა პირველად განუფრთხო ძილი მტრისაგან მოუძლურებულ, საქართველოს ერს. ფოთი აღინიშნა შავი ზღვის კიდეზე კავკასიის ბოღაზედ... საქართველოსაც განუახლა ძველთაგანვე დაკარგული სასოება, რომ ხელმეორედ გამხდარიყო კაცობრიობის განათლების გზად და ხიდად. იმ დროს თქვენ აქ, მდინარე რიონის შესართავთან, ბერძენსაც შეხვდებოდით, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ამერიკელს, ოსმალელს და სლოვენის ტომის სხვადასხვა გვარობას. ამით გაჰქონდათ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, აგრეთვე სპარსეთთან ინდოეთამდის კუნძები, ბზა, ურთხელი, ყოველნაირი ხე-ტყე, მატყლი, აბრეშუმი, სიმინდი, პური, ღვინო, ბეწვეულობა, საქონლის ტყავები, თივთიკი, ლეკის შალები, ნაბდები, ნუხური ხალები და სხვა.“ (გ.წერეტელი.რჩეულინაწერები. ტ.I, 1947, გვერდი 205-206).
ნაწარმოების ტექსტიდან საგანგებოდ შერჩეულ ამ ამონაწერს, ვფიქრობ, საგანგებო კომენტარი არ სჭირდება მხოლოდ ერთი გაგებით: სამოცდაათწლიანი წითელი ეპოქის დანგრევის შემდეგ ახალ წესსა და ნიადაგზე აღმოცენებულ ფოთის მერიას და საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე მესვერუებს ასი წლის წინანდელი ეს ფაქტობრივი მონაცემები იქნებ გამოადგეთ თვითკრიტიკული, ე.წ. თვითანალიზის გზით შინაგანი რესურსების უფრო გაბედულად გამოვლენისა და გამოყენება-სარგებლობისთვის.
ეგნატე ნინოშვილი „პალიასტმის ტბაში“ ფოთისკენ გურული გლეხკაცის სწრაფვა ტრაგიზმით მთავრდება, სამაგიეროდ, მისი „ჯანყი გურიაში“ სამეგრელოსა და გურიის სამთავროების ისტორიული ქიშპობა მათ საზღვარზე ფოთის სამხრეთით კომიკური პასაჟებითაა შეფერადებული. ამ თვალსაზრისით, ეს ნაწარმოები ამჟამად აქტუალობის ფუნქციას იძენს და თქვენს ყურადღებას მისკენ იმიტომ მივაპყრობ, რომ ეგნატე ნინოშვილის ავტორიტეტი გამოყენებული იქნეს მიზნობრივად, შეუვალ საარგუმენტაციო მასალად და უტყუარ წყაროდ, რათა გაუგებრობის ნიადაგზე ზოგჯერ წარმოშობილი კუთხურობის შხამ-გესლი მწვავე კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადაიზარდოს. ამის სიმპტომები კი, სამწუხაროდ, აქა-იქ უკვე იგრძნობა და ბოგინობს.
„სახალხო გაზეთში“ რამდენიმე ხნის წინათ დაიბეჭდა ვრცელი მასალა გურიის სამხარეო მმართველობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე, რომელსაც თან ჰქონდა დართული მხარის ტერიტორიული სივრცის გამომსახველი რუქა. ამ რუქით ფოთი გურიის ქალაქად ცხადდებოდა და თან ვახუშტი ბატონიშვილის დამოწმებით, ხშირად იხსენებენ აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის (დაიბადა 1840წ. გარდაიცვალა 1912 წ.) „ბუნების კარსაც“, რომლის 1912 წლის ავტორისეული უკანასკნელი გადმოცემის 496-ე გვერდზე ფოთი, ოზურგეთის მსგავსად, გურიის ქალაქად არის მინიშნებული. მაშინ როდესაც, თვით იაკობ გოგებაშვილის ავტორისეულ „დედა-ენის“ პირველ გამოცემაში თბ. 1876 წ.). რომელიც ბიბლიოგრაფული იშვიათობაა და მხოლოდ ჩვენ, სპეციალისტებს შემოგვრჩა, 147-ე გვერდზე აღნიშნულია „სამეგრელოში არის ორი ქალაქი ზუგდიდი და ყულევი (ფოთის ჩრდილოეთით ნაბადის მასივის მიმდებარე ტერიტორია). იგი ზედ შავი ზღვის ნაპირზეა აშენებული. გურიაში არის ოზურგეთი“ აქ არ არის მითითებული ფოთი გურიის შემადგენლობაში. იგივე „დედა-ენაც“ 1912 წლის 27-ე გამოცემაში შეცვლილია და 230-ე გვერდზე ჩაწერილია: „გურიაში ორი ქალაქია - ოზურგეთი და ფოთი. ოზურგეთი სძევს სამხრეთ გურიაში, მდინარე სუფსის სამხრეთით, ფოთი სძევს ჩრდილო გურიაში, შავი ზღვის პირად, რიონის შესართვათან“. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულმნათი იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგაა გადმოცემული ზემოთ დასახელებული „დედა-ენაც“ და „ბუნების კარიც“ ასეთი ვარიანტით, მავანთა მიერ ჩასწორებული სუბიექტური, უსაფუძვლო მტკიცებით. შესაძლოა ამ ავანტურაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ხელმძღვანელთა „მზრუნველი“ ხელიც ერიოს. მაშინ, როდესაც არქანჯელო ლამბერტის ისტორიული შეხედულებიდან მოყოლებული დიდი ივანე ჯავახიშვილი აზიარებს ვახუშტი ბატონიშვილის ნააზრევს სამეგრელოსა და გურიის სამთავროების საზღვრის მდ.რიონზე მდებარეობის შესახებ, რაშიც ეჭვის შეტანა პარტიულ-პოლიტიკური თუ ბიზნესის კონიუქტურით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოვლად უსაფუძვლო პოზიციაა და უზნეოდ უნდა ჩაითვალოს. ამაზე ნათლად მეტყველებს ფოთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული საპორტო ქალაქის 1901 წლის განაშენიანების გეგმა, რომელშიდაც 7 მოედანია მითითებული: 1. განგუდის, 2. ჩესმენსკის, 3. მიხაილოვსკის, 4.პერეისლავსკის, 5. კათოლიკური, 6. სამეგრელოს (სადაც ცოტნე დადიანის ძეგლია დღეს აღმართული) და 7. „ლესნაია“. ამასთან, ქართულ-ხალხურ სიმღერებში „სამეგრელო“, რომელიც სათავეს ათასწლეულებიდან იღებს ხშირად არის ნახსენები ფოთის (ისტორიული ფაზისის) ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ტერიტორიები: ნაბადის, ჭურიის, ყულევის, ჭალადიდის ჭაობიანი მასევები, რასაც იმავე ქართულ-ხალხურ პოლიფონიურ სიმღერებში გურიას, ვერსად ვხვდებით. ასეთი მცირე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მივუბრუნდეთ ისევ ე. ნინოშვილის ნაწარმოების ზემოთნახსენებ კომიკურ პასაჟს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ე. ნინოშვილის ისტორიულ რომანში აღწერილია გურიის გლეხკაცობის აჯანყების ეპიზოდები 1842 წელს რუსეთის ჯარისა და თვით ადგილობრივი მებატონეების - გურიელების წინააღმდეგ. სამეგრელოს მთავარი გიორგი დადიანი გამოექომაგა გურიის თავადაზნაურობას და თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით (12.000 მეომარი ცხენოსნებითურთ) მიადგა გურიის საზღვარს. აქ მეგრელები სასტიკად დაამარცხა გურულების მცირე რაზმმა და ბოლოს ალაიაშიც გაატარეს (ალაია - თოფების ქვეშ მუხლმოდრეკით გაძვრენა). ჩვენთვის ამ შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანია ე. ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით სამეგრელოსა და გურიას შორის სწორედ მაშინ არსებული საზღვრის ზუსტი ადგილის რესტავრირება, მისი გახსენება, როგორც აღვნიშნე, მიზანდასახულად გამოყენება, მომაქვს ციტატი რომანიდან:
„გურიის დასავლეთს, სადაც მდინარე სუფსა ერთვის შავ ზღვას, ძევს ერთი მოზრდილი ვაკე ადგილი, რომელსაც ეწოდება გრიგოლეთი. დღეს იგი ძლიერ ნაყოფიერი სახნავ - სათესი მიწებიდან შედგება და კარგი სიმინდის მოსავალი იცის. ტყეები ამ ადგილზე ცოტაოდენი აქა-იქ დარჩენილა.. წინათ კი გრიგოლეთი ისეთი ტევრით-გაუვალი, ბნელი ტყით იყო დაბურვილი, რომ გზის გადაღმა-გადმოღმა, გარდა ქებული მონადირისა, ცხვრის შეყოფასაც ვერავინ გაბედავდა... ნადირით სავსე ამ ტყეში უხსოვარი დროიდან არსებობდა გზა, რომლის ერთი თავი მოდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და განუწყვეტლად ბოლოდან თავამდე გაივლიდა, როგორც დღესაც, გურიის მაზრას, მეორე თავი კი გაივლიდა ქ. ფოთს და უერთდებოდა სამეგრელოს გზებს სუფსის მარჯვენა ნაპირზე შავი ზღვის სიახლოვეს. ამ გზას გადასჭრიდა ერთი პატარა მდინარე, რომელსაც გურულები უწოდებენ „შავ წყალს“.(ეგნატე ნინოშვილი, თხზულებათა სრული კრებული გერონტი ქიქოძის რედაქციით, 1954).
როგორც სულმთანი ეგნატე ნინოშვილი გაგვიმარტავს, სწორედ აქ, პატარა მდინარე შავწყალთან, მოხდა მეგრელებისა და გურულების ზემოთაღნიშნული კონფლიქტი თავადაზნაურობის მიერ მოწყობილი აჯანყებულ გურულ გლეხთა დასაშოშმინებლად, სწორედ ეს პატარა მდინარე ჰყოფდა გურიას სამეგრელოსგან და, როგორც რომანშია აღწერილი, გურიის მთავრებს აქ საბაჟო ჯიხური ჰქონდათ გაშენებული და მგზავრებს ფულს ახდევინებდნენ. ბუნებრივია, დამეთანხმებით, ყველგან და ყოველთვის საბაჟო-საკონტროლო სასაზღვრო პუნქტი ჯიხური იდგმება სახელმწიფო წარმონაქმნის საზღვარზე. მგზავრთა გადაყვან-გადმოყვანა თურმე ნავებით ხდებოდა, შემდეგ კი ხიდ-ბოგირით. ასეთ ნახევრად ჩამტვრეული ხიდ-ბოგირი არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდეგაც. იგი მოიშალა და, რომ იტყვიან, აღიგავა ქვეყნისაგან ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე ასფალტირებული საგზაო ტრასა გრიგოლეთიდან ნატანების პირდაპირი გადაკვეთით გაიყვანეს ბათუმისკენ. მდინარე შავწყალას ადრე უერთდებოდა კაპარჭინა, რომელიც სათავეს პალიასტომის ტბის ჩრდილო მხრიდან იღებდა და კვებავდა მას მდორე დინებით. ამჟამად კოლხეთმშენის მიერ 30-იან წლებში გაჭრილი დიდი არხით იგი შავ ზღვას მალთაყვის ხიდთან უერთდება, რამაც განაპირობა კიდეც შავწყალას ამოშრობაც და გაქრობაც, რაც პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს. რადგან იქვე „სუფსის მარჯვენა ნაპირზე შავი ზღვის სიახლოვეს ერთი პატარა მდინარეა, რომელსაც გურულები უწოდებენ შავწყალს, ამ მდინარის მარცხენა ნაპირზე გზისპირას ოდითგან ამ უკანასკნელ დრომდე კიდევ იდგა ერთი ოთხკუთხედი შენობა, რომელსაც გურიის ხალხი ჯიხურს ეძახდა. ხსენებული ჯიხური დააარსა გურიის მთავარმა გურიელმა, იმ მიზნით, რომ აქ დაეყენებინათ დარაჯები (თანამედროვე ტერმინოლოგიით მესაზღვრე-მებაჟეები), რომელთაც უნდა ეღოთ ბაჟი ჭანების (ლაზების) და სხვა გარეშე პირებისაგან, რომლებიც შემოდიოდნენ გურიაში სავაჭროდ. ჯიხურს თავისი უკანასკნელი არსებობის ჟამსაც ასევე დანიშნულება ჰქონდა, ე.ი. ჯიხურში მუდამ იდგნენ ცხრა თუ ათ კაცამდე ბატონიშვილების შინა ყმები-მეჯიხურეები, რომლებსაც გაყავდათ ნავით შავ წყალზე მგზავრები და ახდევინებდნენ ბაჟს. მეჯიხურენი აგრეთვე ახდევინებდნენ ბაჟს სიმინდზე, ხის მასალაზე და სხვებზე, რომლებიც იმ დროს გაჰქონდათ გურიიდან მდინარე სუფსით“.
ასეა გამქრალი, წაშლილი და აღგვილი დედამიწის ზურგიდან საუკუნეების მანძილზე თვით ბუნებაში ბუნებისავე სტიქიური ძალებით თუ ტექნიკური რევოლუციის კანონზომიერებით არათუ შავწყალას მსგავსი პატარ-პატარა ღელეები, მდინარეები და ტბები, არამედ უამრავი გზები და საზღვრები, დაბები და ქალაქები. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, როგორც ცნობილია, შექმნილია ემიგრაციაში 1742-1745 წლებში ვახტანგ VI სასახლიდან წაღებული, „ვახტანგის დავალებით სწავლულ კაცთა მიერ შედგენილი“ წყაროების მიხედვით და როგორც თვით ნაშრომების ახლებურად წარმოადგინა ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობა ისტორიული ფაქტების დასადგენად“. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: ფოთის ადგილმდებარეობის დაკავშირება ფაზის-რიონთან და არა - სუფსასთან ემყარება ანტიკური დროის ურღვევ მონაცემებს.


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი