უკან დაბრუნება
განცხადებები
ბრძოლა ფოთისათვის და მისი შეერთება საქართველოსთან
5-02-2017, 23:54
ნანახია: 2111
გაუზიარე სტატია მეგობარს



ბრძოლა  ფოთისათვის  და  მისი  შეერთება  საქართველოსთან

   1801 წელს აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთი) სამეფო გაუქმდა და იგი რუსეთს შეუერთდა. 1803 წლის დეკემბერში რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდა სამეგრელოს სამთავრო. ამ დროს უკვე მომწიფებული იყო იმერეთის სამეფოს, აფხაზეთის, გურიისა და სვანეთის სამთავროების შეერთების საკითხი რუსეთთან.    რუსეთთან საქართველოს შეერთებას ვერ ურიგდებოდა ირანის შაჰი და თურქეთის სულთანი. ინგლისისა და საფრანგეთის მმართველი წრეების წაქეზებით თურქეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ მტრულ აგიტაციას ეწეოდა ჩრდილო-კავკასიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. იგი ახალციხისა და ყარსის საფაშოების მხარდაჭერით აწყობდა ავაზაკურ თავდასხმებს საქართველოს-ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებზე. ამ დროს თურქეთის ხელში იყო დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთი ზოლი. მას შეიარაღებული გარნიზონი ჰყავდა ჩაყენებული ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში. თურქებმა ფოთი და მისი ნავსადგური გადააქციეს ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ პუნქტად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.    სამეგრელოს სამთავროს შეერთებამდე რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა თურქი დამპყრობლებისაგან გაეთავისუფლებინა ქალაქი ფოთი და მისი მიდამოები. მაგრამ საგარეო მდგომარეობის გამო ამ ოპერაციას განხორციელება არ შეიძლებოდა, სამაგიეროდ, ის მოხერხდა, რომ ფოთის ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის ნაპირებზე, მდინარე ხობის შესართავთან ყულევში რუსეთმა ააგო სიმაგრე, სადაც 1804 წელს გადმოსხმულ იქნა სამხედრო ნაწილი, ბელევის მუშკეტერთა პოლკი  გენერალ  რიკგოფის  მეთაურობით.   ინგლის - საფრანგეთის დახმარებით სულთანის თურქეთი გამალებულ შეიარაღებას აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო დაეკავებინა ეკონომიურად მდიდარი ყირიმის ნახევარკუნძული და მთელი დასავლეთი საქართველო. ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე, 1806 წლის აგვისტოს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა საფრანგეთის ელჩი სევასტინი. მან თურქეთის მთავრობის მმართველ წრეებს ოფიციალურად განუცხადა, რიომ თურქეთს სასწრაფოდ დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად თავისი მთავრობის დავალებით სევასტინმა აღუთქვა თურქეთის მმართველ წრეებს, რომ მას საფრანგეთი  ყოველგვარ დახმარებას გაუწევდა თურქეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა. ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე 1806 წლის 3 სექტემბერს იმპერატორი ალექსანდრე პირველი ატყობინებდა საქართველოს მთავარსარდალს გუდოვიჩს, რომ თურქეთი ყოველმხრივ მზად არის დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ იგი იძლეოდა წინადადებას სასწრაფოდ გაემაგრებინათ საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე. ამ დროს უკვე რუსეთის კოსტანტინოპოლელი ელჩი იტალინსკი კატეგორიულად მოითხოვდა თურქეთს ხელი აეღო რუსეთის კუთვნილ სამხედრო პუნქტზე, მაგრამ თურქეთმა უარყო რუსეთის მთავრობის ეს წინადადება. ამ მდგომარეობამ გაამწვავა ურთიერთობა ხსენებულ სახელმწიფოებს შორის და 1806 წლის 3 დეკემბერს თურქეთმა ომი დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ. დრო გამოშვებით ბრძოლები წარმოებდა ამიერკავკასიისა და ბალკანეთის ტერიტორიაზე. 1807 წლის  8 თებერვალს ღამით თურქეთის გარნიზონი თავს დაესხა ყულევში გამაგრებულ რუსეთის ბატალიონს. თურქეთის გარნიზონი რიცხობრივად სამ-ოთხჯერ აღემატებოდა რუსეთის ჯარის ნაწილებს. ღამის წყვდიადში ორივე მოწინააღმდეგე ძალთა შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელმაც ხუთ საათზე მეტ ხანს გასტანა. ბრძოლის ველზე რუსებმა გატეხეს თურქეთის ძლიერი წინააღმდეგობა და ისინი უკუქცეულ იქნენ. რუსეთის ბატალიონი გადავიდა კონტრშეტევაზე. თურქებმა უკან დაიხიეს რამდენიმე კილომეტრით. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რუსებმა შეინარჩუნეს ყულევი. 1807 წლის აპრილში რუსების ესკადრამ შავი ზღვის მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტი ანაპა აიღო. მაგრამ რუსეთისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოთის დაკავებას, რადგან რუსეთი გაბატონდებოდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. მაგრამ, როგორც ოფიციალური ცნობებიდან ჩანს, ფოთის და მისი ციხე-სიმაგრის დაკავებას სჭირდებოდა საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი მუშაობა. ეს მზადება ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ფაქტობრივად ფოთის გარემოცვა რუსეთის მიერ დაიწყო 1809 წლის 15 აგვისტოს. ამ ოპერაციის განსახორციელებლად რუსეთის ჯარს დიდი დახმარება აღმოუჩინეს გურია-სამეგრელოს შეიარაღებულმა რაზმებმა. შეტევა დაიწყო იმავე წლის ნოემბრის დამდეგს. „აქ ქართველთა და რუსთა ჯარებს გენერალი დ.ორბელიანი სარდლობდა. ციხეში გამაგრებული გარნიზონი (ლაპარაკია თურქეთის გარნიზონზე) ძლიერი აღმოჩნდა და ამიტომ ბრძოლა გაჭიანურდა. თურქებს დასახმარებლად სამხრეთის მიმართულებით მრავალრიცხოვანი რაზმებით შერიფ ფაშა მოეშველა. მაგრამ აღნიშნულ რაზმებს მოულოდნელად ზურგიდან თავს დაესხნენ გურული რაზმები. თავზარდაცემული თურქის ჯარების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ნაწილი კი გაიფანტა.
    1809 წლის 13-14 ნოემბერს რუს-საქართველოს ჯარებმა გენერალ დ.ორბელიანის სარდლობით მედგარი შეტევა განაახლეს ალყა შემორტყმულ ფოთის ციხე-სიმაგრეში მყოფი თურქების წინაარმდეგ 15 ნოემბერს ქართველებმა და რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი ფოთი და მისი ციხე-სიმაგრე. ფოთის გამოხსნისათვის ბრძოლაში გურულ რაზმებთან ერთად აქტიურად მოქმედებდნენ სამეგრელოს მთავარ ლევან მეხუთე დადიანის შეიარაღებული რაზმებიც.
   ფოთისა და მისი ციხე-სიმაგრის თურქებისაგან განთავისუფლების დროს სამეგრელოს შეიარაღებული რაზმის აქტიური მოქმედებისათვის რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა  ლევან მეხუთე დადიანი დააჯილდოვა ბრილიანტით შემკული ოქროს მედლით.
   1806 – 1812 წლების ომმა შეარყია თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება 1812 წლის 16 მაისს ორივე მეომარ სახელმწიფოს შორის ბუქარესტში დაიდო საზავო ხელშეკრულება. ამ ზავით რუსეთს გადაეცა ბესარაბია, ციხე-სიმაგრეები: იზმაილი, აკერმანი, ხოტინი, ბენდერი და სხვ. მაგრამ ინგლისისა და საფრანგეთის დახმარებით საზავო ხელშეკრულების  მეექვსე  მუხლის  საფუძველზე ფოთი თურქებმა შეინარჩუნეს.
   ამრიგად, ფოთი და მთელი შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი 1828 წლამდე თურქეთის ხელში იმყოფებოდა.

ალექსანდრე მიქავა „ფოთი“ თბ. 1963წ. გვ. 17-20

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი