უკან დაბრუნება
განცხადებები
თამარ პაპავა - სამეგრელოს დედოფალი ნინო
30-12-2016, 01:21
ნანახია: 1906
გაუზიარე სტატია მეგობარს


თამარ პაპავა

ამ ჟამად საკითხი ფოთის ციხეს შეეხებოდა, ის იყო მთავარი ბაზა ოსმალეთის გავლენისა შავი ზღვის ამ ნაპირებზე (სამეგრელოს - აფხაზეთი), ხოლო მეორე მხრით - კავშირი იმერეთთან; სოლომონ მეფე თავგამოდებულ ბრძოლებით ამ ძველ სამეფოს ჯერ კიდევ ამაგრებდა და რუსულ ტალღას აქეთ არ უშვებდა...
ვიდრე ფოთის ციხე თურქთა ხელში იყო, არც სამეგრელო შეიძლებოდა მოსვენებით ყოფილიყო, რუსეთმაც ამ მდგომარეობას სწორედ აუღო ალღო, რაკი დარწმუნდა, რომ სოლომონ მეფესთან ბრძოლას, მანამ არ შეეძლო სასურველი შედეგის მოტანა, ვიდრე იმერეთს შუქრი-ფაშასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა და ახალციხის საფაშო ფოთის გარნიზონთან ასე გადაბმული იყო.
მთავარმართებლის ტორმასოვის მიერ დედოფალ ნინოს დასახმარებლად მივლინებულ რუსულ რაზმების მეთაური ღენ-მაიორი ორბელიანი ასე ახასიათებდა ფოთის სტრატეგიულ ძალას: „ფოთის ციხე ყველაზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის1), როგორც სურსათის გადმოსატვირთვად და რიონით იმერეთისაკენ უხიფათოდ მის გადასაზიდად, აგრეთვე თურქების ვერაგულ კავშირის ასალაგმად იმერეთთან და სამეგრელოსათან“...2).
მართლაც ოსმალეთის ამ საფრთხის შესახებ ერთის თვის შემდეგ დედოფლისაგან ღენ.ორბელიანს დიდათ დამაფიქრებელი ცნობები მოუვიდა. ამ ჟამად მდგომარეობას ის ართულებდა, რომ დედოფლის ცდამ სოხუმის ციხის ასაღებად უნაყოფოდ ჩაიარა... რუსეთმა, როგორც ვიცით, მას არც ერთი ჯარისკაცი არ მიახმარა, სამაგიეროდ მოწყალებით „ნება მისცა“ თვით წარსდგომოდა პირისპირ არსლან-ბეგს, რომლის უკან ძლიერ პორტა იდგა... ამგვარ ავანტურას, რომელსაც შეიძლებოდა ოსმალთა ჯარის სამეგრელოში შემოჭრა მოჰყოლოდა, დედოფალი მოერიდა და ოდიშ-ლეჩხუმის ჯარები უკან წამოიყვანა. ნინოს ასეთმა სიფრთხილემ მოწინააღმდეგე უფრო გაათამამა და ეხლა არსლან-ბეგისა და ქუჩუკ-ბეგის*3) შუა მჭიდრო კავშირი გაიბა; მით უმეტეს, რომ ოსმალეთის ეს ორი ვასალი, სოხუმის და ფოთის ციხე ხელთ რომ ეპყრათ, შარვაშიძეები იყვნენ და ნათესაურის ერთგულებითაც დაკავშირებულნი.
დედოფალი ორბელიანს ატყობინებდა, რომ კონსტანტინეპოლიდან საგანგებო გემი იქმნა გამოგზავნილი სოხუმს არსლან-ბეგის დასახმარებლად, საჩუქრებით და რუსთა საწინააღმდეგოდ დაპირება- იმედებით დატვირთულიო. ორბელიანმაც შეიტყო, რომ ფოთის ციხის უფროსი დამხმარე ჯარებს აგროვებდა ციხე რედუთზე და თვით სამეგრელოზე დასაცემად. ამავე დროს, ოსმალეთი ანაკლიის ციხის აღებით მთელ აფხაზეთზე გავლენას მოიპოვებდა, გადიბირებდა წებელთასაც და თურქ-აფხაზეთის გაერთიანებულ ძალებით სამეგრელოში შევიდოდა.
ღენ.ორბელიანი დედოფლის თხოვნის ასასრულებლად დახმარების შესახებ - იმერეთიდან ჯარების ნაწილის გადმოყვანას და სამეგრელოს გამაგრებას უცილოდ სცნობდა; „თუ ასე არ მოვიქეცით, ან თუ ქართლიდან ჯარი არ მოვიშველიეთ სამეგრელოს და აფხაზეთის კარები ღია დარჩებიან მტერთა შემოჭრისათვის“...*4 ). სამეგრელოს მდგომარეობას კიდევ ის ართულებს, რომ შიგ, სამთავროში დედოფლის ძალა-უფლების გავლენა საგრძნობლად იკლებს; მისი ორი მაზლი; მანუჩარი და ტარიელი დადიანები) ახალციხის საფაშოსთან და იმერეთის სამეფოსთან არიან აშკარა კავშირში; გრიგოლ დადიანის ამ ზვიადი ძმების ინტრიგები დედოფლის გეზს ეღობებიან და მის რუსულ-მეგრულ ორიენტაციას იმერ-თურქულ პოლიტიკას უპირდაპირებენ...
ამიტომ ცდილობს დედოფალი ამოეფაროს რუსული ჯარის ავტორიტეტს და გავლენას ამ ურჩ ფეოდალების ასალაგმავად და სამეგრელოს ცენტრალურ ხელისუფლების განსამტკიცებლად. ეს იგივე პოლიტიკაა, რომელსაც ის ქართლ-კახეთის არსებობის უკანასკნელ წლებში გაეცნო, როცა მისი მამა - გიორგი მეფე - ასე მტკიცედ ატარებდა ამ ხაზს აჯანყებულ ძმათა: იულონის, ალექსანდრეს და ვახტანგის წინააღმდეგ.
დედოფალმა დიდის სიხარულით მიიღო ღენ. ორბელიანი; რუსის ჯარების ეს ახალი სარდალი, თავის გავლენის განსამტკიცებლად, ნინომ მართლაც კარგად გამოიყენა. ღენ.ორბელიანმა ურჩი თავადები დაიბარა და შესაფერ პუნქტებზე, რომლითაც დედოფლის ძალა და ავტორიტეტი მთელ სამეგრელოზე უდაოდ იყო გამოცხადებული, უპირობოდ მოაწერინა ხელი.
შემდეგ დედოფლის თხოვნითვე ორბელიანმა ეს პირობები მთავარმართებელ ტორმასოვსაც დაამტკიცებინა და მთელ სამეგრელოს ხალხს ამცნო ვით სახელმძღვანელო წესები*5).
მალე ორბელიანმა ფოთის ციხეს ალყა შემოარტყა; ბრძოლა, მიუხედავად დედოფლის ჯართა დახმარებისა, ხანგრძლივი და მძიმე გამოდგა. ტორმასოვი მოთმინებას კარგავდა, ღენერალ ორბელიანს საქმის გაჭიანურებას უსაყვედურებდა, მაგრამ ახალ საკმაო ჯარებს მაინც ვერ აწვდიდა. საქმე ბოლოს მაინც მამია გურიელის განდგომამ გადასწყვიტა, რომელიც სამეგრელოს ჯარს მოემხრო და შუქრი-ფაშას დაპირებულ მიშველების ნაცვლად, ზურგიდან მახვილი ჩასცა. ამრიფგად ფოთი ახალციხის ჯარებისაგან მიტოვებული, ბოლოს ორბელიანის დანებდა...
ჩვენთვის საყურადღებოა ის თავდადება და სიმამაცე, რომელიც დედოფალმა მთელ ამ ოპერაციის დროს გამოიჩინა.
უნდა ვიფიქროთ, რომ დედ-მა ნინომ ამგვარი ურყევი მოქმედებით გურიის მთავრის მამიას პოზიციის შეცვლაზე შესაფერი გავლენა იქონია; თუმცა ისტ-სი პოტტო (ტ.2, გვ31) და დუბროვინი (ტ.5, გვ.262) გურიის მთავრის ასეთ მოქმედებას, მარტო ჯუმათის მიტროპოლიტ იოსების გავლენას მიაწერენ.
მაგრამ თუ ჩვენ ამ საგანს უფრო დაკვირვებით მივუდეგბით, უნდა ვიფიქროთ, რომ დედოფალი ნინო ცდას არ დააკლებდა, რათა გურიის მთავარი თავის მოკავშირედ გაეხადა. ის ყოველგვარ საშუალებას იღონებდა დაერწმუნებინა გურიელი, რომ ოსმალეთის ორიენტაცია სამთავროებს გაამაჰმადიანებდა და საქართველოს დანარჩენ ნაწილებს საბოოლოდ მოსწყვეტდა; რომ მთავრისათვის უფრო ხელსაყრელი იყო იმავ პირობებზე შესთანხმებოდა ძლიერ რუსეთს, როგორც 1803 წ. გრ.დადიანმა ციციანოვის მეშვეობით ხელმწიფესთან დასდო; რომ ამ სახით გურია გარეშე საფრთხეს აიცდენდა - მშვიდობიან ცხოვრებას და წარმატენბას მიეცემოდა და შინაურ საქმეში თვის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.
მამიამ მართლაც მალე დასდო ამგვარი ხელშეკრულება რუსეთთან და იმპერიის მფარველობა აღიარა. მისმა მეუღლემ სოფიომ ეს ხაზი მამიას სიკვდილის შემდეგ, როგორც ვიცით. დასტოვა და ბოლომდე რუსეთის შეურიგებელი დარჩა...)
გურიის მთავრის მოქმედებამ ფოთის აღების საკითხი გადასწყვიტა. ყველა ამის შემდეგ გურია სოლომონ მეფესთან და სამეგრელოში იმის მოკავშირე ფეოდალებთან (ტარიელ და მანუჩარ დადიანებთან) კავშირს წყვეტს და ერთბაშად დედოფალ ნინოს მხარეზე სდგება...
ამის შემდეგ იმერეთის ყველა ბრძოლაში (1810-1811 წ.) გურიისა და სამეგრელოს რაზმებს ჩვენ ორბელიან - ტორმასოვ- სიმონოვიჩთან და რუსულ ჯართან ვხედავთ. ეხლა ესენი სოლომონ მეფეს მედგრად ერთად უტევენ და ამ სახელოვან და თავდადებულ მეფეს ორჯერ აიძულებენ იმერეთიდან გაქცევას...
მაგრამ დავუბრუნდეთ დედოფლის ამბებს. ეს ქალი ორბელიანის რაზმს არა მარტო დიპლომატიით (გურიის გადმობირებით) დახმარებია, არამედ ნინო ოდიშის ჯარით და მემკვიდრე ლევანითურთ განუწყვეტლივ ბრძოლის ხაზზე ტრიალებდა და თვით ორბელიანს ამხნევებდა... მან კარგად იცოდა, რომ ოსმალეთთან ყველა ანგარიში უკვე გათავებული იყო და რაიმე სახის შეთანხმების ხიდეებიც აფეთქბული. იცოდა, რომ იქიდან სამეგრელოში შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ოსმალეთის ძალა იჭრებოდა და ამიტომ თურქთა ბუდე, ფოთი და სოხუმი უნდა დანგრეულიყო და რუსეთის მფარფელობის ქვეშ სამეგრელოს შემოერთებოდა. ასეთი იყო დედოფლის ანგარიშები. მაგრამ ამ ანგარიშმა ის, როგორც დავინახეთ. მწარედ მოატყულა. ფოთიდან თურქები განდევნეს. მაგრამ რუსებმა ფოთი დედოფალს არ მისცეს, არამედ სოლომონის წინააღმდეგ ბაზად გამოიყენეს, ხოლო დედოფალს კი მისის დამსახურებისათვის, წილად „რაინდი ქალის“ ატესტაცია ხვდა. ამაზე ტორმასოვი ხელმწიფეს სწერდა: „განსაკუთრებულად სამართლიან პატივისცემას იმსახურებს, ღვაწლი სამეგრელოს დედოფლისა. იმიტომ რომ... მის ცდას უნდა მივაწეროთ; გადმობირება საფარ-ალი-ბეგისა (გ.შარვაშიძისა). რათა მთელი აფხაზეთის სამთავროით ის რუსეთის საუკუნო მფარველობა-ქვეშევრდომობაში შემოსულიყო; დედოფლის დამსახურებაა ისიც, რომ აფხაზეთი არავითარ დახმარებას არ უწევდა ალყა შემორტყმულ ფოთს; ამის გარდა, ფოთის ალყის დროს, დედოფალმა ორბელიანის რაზმს თავისი ჯარები შეუერთა შერიფ-ფაშის დასამარცხებლად... იგი ჩვენს რაზმებს რამდენჯერ საკვებს და მუშა ხელს აწვდიდა უფასოდ, რამდენიც კი საჭირო ხდებოდა და ბოლოს, რათა სიმხნისა და ერთგულების მაგალითი დაენახვენბინა თვისი ჯარებისა და ვაჟისათვის (მემკვიდრე ლევანისათვის), ხშირად თვის სიცოცხლეს დიდ ხიფათში აგდებდა და მოდიოდა ჯარში, ბრძოლის წინა ხაზზე და - ხშირად იმ ადგილსაც იმყოფებოდა, საცა საარტილერიო ბატარეის დადგმანი ხდებოდა*6). ამისათანა სიმხნე-სიმტკიცის და ერთგულება -თავდადების მაგალითი ჯერ აქ არავის უნახავს*7).

*1 - ე.ი. რუსეთისათვისო; ციციანოვის დაფნის გვირგვინი ხომ ღენორბელიანსაცარ აძლევდა მოსვენებას!
*2 - იხ.ორბელიანის პატაკი ღენ.ტორმასოვისადმი, 30/V, 1809, „Акты“, ტ.IV, №515.
*3- ფოთის ციხის სარდალი,ოსმალეთის გარნიზონის უფროსი.
*4- „აქტი“, ტ.4; პატაკი ორბელიანისა ტორმასოვს, №519.
*5 - იხ.“პირობა“ მიწერილი დედოფლისა და სამეგრელოს წარჩინებულტა მიერ, 10/V, 1809წ. შემდგარი 15 მუხლისაგან. („Акты“, ტ.IV, №513).
*6 -დედოფლის პირად სიმხნე-სიმამაცეზე და საერთოდ ოდიშის ჯარის დიდ მნიშვნელობაზე,თურქთა დამარცხების საქმეში. იხ. აგრეთვე მარი ბროსე, ტ.II, ნაწ11, გვ291.
*7- იხ.ტორმასოვის მოხსენება მინისტრ რუმიანცევისადმი, 1810 წ. „Акты“, ტ.IV, №524.

წყარო; წიგნი ”დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში”, (ნარკვევი მეხუთე - სამეგრელოს დედოფალი ნინო)
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი