უკან დაბრუნება
განცხადებები
მორიც ვარგნერი - "ფოთის წარსული სამოგზაურო ჩანაწერების მიხედვით"
18-12-2016, 12:15
ნანახია: 1847
გაუზიარე სტატია მეგობარს



უცხოელ მკვლევარ-მოგზაურთა და დამკვირვებელთა შორის, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი და კავკასიელი ხალხის მრავალმხრივი შესწავლისადმი, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ცნობილ გერმანელ მოგზაურს, გეოგრაფსა და ბუნებისმეტყველს, მიუნხენის აკადემიის წევრს - მორიც ვაგნერს (1813 -1887წწ.). მისი თხზულება XIX საუკუნის 40-იანი წლების საქართველოს ისტორიის შესაწავლად საინტერესო წყაროს წარმოადგენს. ნაშრომი 1850 წელს გამოქვეყნდა ლაიფციგში, ხოლო გერმანელ ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა 2002 წელს განახორციელა გია გელაშვილმა. ნაშრომის სახელწოდებაა „მოგზაურობა კოლხეთსა და კავკასიის იქითა მხარეს მდებარე გერმანულ კოლონიებში.“ წიგნის VIII-IX-X თავებში ვაგნერი აღწერს იმერეთისა და სამეგრელოს, ამ მხარეთა სამეურნეო და სულიერ ცხოვრების, ეკონომიკურ მდგომარეობას, საცხოვრებლებს, ახასიათებს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას, რუსულ საბაჟო კანონებს, რედუტ-კალეს, ფოთის ციხეს, ზუგდიდს და დადიანთა რეზიდენციას, ხობისა და მარტვილის მონასტრებს (ვაგნერი, 2002).
ავტორი მისი თხზულების მიზანს შემდეგი სახით გადმოგვცემს: „ჩემი მიზანია გარკვეული წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ცოდნაში, ვიწრო ჩარჩოებში დავხატო კოლხეთის თანამედრევეობა, ბუნება და ხალხი და არა ისტორიული სურათი წარმოვადგინო, რომელიც არსებული მდიდარი მასალებით ძალზე ადვილად შეიძლება გადაღებულ იქნას...“ (იქვე: 153).
ვაგნერმა 1843-46წლებში იმოგზაურა შავიზღვისპირა ქვეყნებში, კავკასიაში, სომხეთში, ქურთისტანსა და სპარსეთში (გელაშვილი, შესავალი წიგნისა: ვაგნერი, 2002: 5).
ჩანაწერებში, როგორც აღვნიშნეთ, ფოთისა და მისი შემოგარენის აღწერასაც ვხვდებით, მეცნიერ-მოგზაური შენიშნავს, რომ თურქების მიერ აგებული ფოთის ციხე ფაზისის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ხოლო მისგან მცირე მოშორებით შემორჩენილია რომაული სასახლის ნანგრევები. განთქმული ემპორიუმი ფაზისი მდებარეობს რიონის, პალიასტომის ტბისა და ტბიდან მდინარის კალაპოტისაკენ გაყვანილი ვიწრო არხის მიერ შექმნილ დელტაში... ძველი კართაგენის მსგავსად, სანაპიროს მდებარეობა ფოთშიც შეიცვალა - ყავისფერი რიონის მიერ მოტანილი ნარიყი მიწითა და შლამით ზღვის უკუგდების შედეგად გაიზარდა ნაპირი. კოლხური ემპორიუმისაგან არავითარი ნანგრევი არ შემორჩენილა. რომაული ტაძრის პირდაპირ, გრძელ კუნძულზე, მოგზაურ შარდენს ციბელას ტაძრის ნანგრევები უნახავს... ორნახევარი საუკუნეა, რაც ზედ ზღვის ნაპირზე დგას ფოთის ციხე, უკანდახევის შემდეგ ციხის გალავანს ზღვა აღარ ასველებს. ამიტომ იძულებული გახდნენ, პატარა სიმაგრე (ორტ) აეგოთ ფაზისის შესართავთან. ვაგნერი იმოწმებს დიბუას გამოკვლევას ფოთის შესახებ და დასძენს, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ფოთის თურქული ციხეც, რომაულის მსგავსად, დაიმარხება შლამსა და ჭაობში და ბევრი მცდარად ჩათვლის, რომ ციხე ჩაიძირა ძველი ემპორიუმის მსგავსად. ამ უკანასკნელის ნანგრევებში ზოგიერთ მკლევარს პალიასტომის ტბის მლაშე ფსკერზე ეგულებოდა (ვაგნერი, 2002: 149).
ვეგნერი ყურადღებას ამახვილებს ფოთის არაჯანსაღ ჰაერზე, აქ რუსების მუდმივი გარნიზონისა და პატარა სამხედრო კოლონიის არსებობაზე. რუსული მთავრობის სურვილი იყო აქ მნიშვნელოვანი სიმაგრისა და დიდი სამხედრო სავაჭრო ნავსადგურის დაარსება, მაგრამ აქაური ნიადაგის ანაქროლი, მომაკვდინებელი ჰავა წინ ეღობება გეგმების განხორციელებას ფოთში, როგორც ციების ბუდეში. ამასთანავე, ფაზისის ემპორიუმის ხელახალი აღდგენა და ფაზისის კალაპოტში ხომალდებისათვის მოხერხებული და სრულყოფილად დაცული სადგომის მოწყობა უზარმაზარ სამუშაოებს და აურაცხელ ხარჯს მოითხოვდა და, ბუნებრივია, რუსული მთავრობის პროექტები განუხორციელებელი დარჩა (იქვე:149-150).

წყარო: „ ფოთის წარსული გერმანელ ავტორთა სამოგზაურო ჩანაწერების მიხედვით და თანამედროვე ისტორიოგრაფია“ ჟურნალი „ცოტნეიდელი“ ტომი X (ნაწილი III) 2016 – 2017 წ.წ. გვ253-254 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი