უკან დაბრუნება
განცხადებები
ქართული ქორეოგრაფიის გულნათელი მოღვაწე
28-11-2016, 21:27
ნანახია: 1633
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქართული  ქორეოგრაფიის  გულნათელი  მოღვაწეშავი ზღვისპირა ფოთის საცეკვაო ხელოვნებაზე პუბლიკაციები ადრეულ წლებშიც იწერებოდა. მკითხველი -საზოგადოება ინტერესით ეცნობოდა ამ უბერებელი ქალაქის ქორეოგრაფიულ შემოქმედებასა და ცალკეულ მოღვაწეთა დამსახურებას. ჩვენი წერილი არაა ბევრად განსხვავებული. ვწერ ნიჭმომადლებულ გიგლა თურქიაზე, რომლის შემოქმედებითი ბიოგრაფია საინტერესოა. მისი დინჯი, გულღია საუბრიდან ასეთი სიტყვები დავიმახსოვრე: ,,ქართული ცეკვა ჩემი ცხოვრების შეუქცევადი ნაწილია, ჩემი სულისკვეთების თანამოაზიარე, სიხარულისა და სიკეთის შთამაგონებელი. წლების გზა-სავალზე არაერთი მადლიანი ხელოვანი გავიცანი. მათში პატივს ვცემ სიწრფელეს . საქმისადმი ერთგულებას , შემოქმედებით ძალისხმევას... ასაკობრივი ზღვარიც არ მიქმნის დაბრკოლებას, მეგობრობა დიდთანაც შემიძლია და პატარასთანაც,,... მართლაც, უტყუარი ნააზრევია, ნათლად გვაგრძნობინებს, რომ სინდისიერ ქართულ ოჯახში აღიზარდა, მამა _ ოთარ თურქია სამეგრელოს კოლორიტულ მხარეში, სენაკის სოფელ გეჯეთში დაიბადა. მოწიფულობისას ფოთში გადავიდა სამუშაოდ. აქვე იპოვა ნამდვილი გულის ტოლი, თანამეცხედრე ნათელა მურღულია. სათნო, მეტად თბილი ბუნების დედა პატიოსან, წესრიგიან ცხოვრებას შთააგონებდა შვილებს.
მშობლებმა პატარა გიგლა ფოთის მეცხრე ქართულ სკოლაში მიაბარეს. სწორედ, აქედან ჩაისახა მისი პირველი საცეკვაო მისწრაფებანი. მოუწონეს გარეგნობა, ტან-სხეულის სიმარჯვე, ცეკვის რიტმის განსაკუთრებული მგრძნობელობა.
თურმე ცეკვის მასწავლებლად ჰყავდა ნიჭიერი , პასუხიმგებლური თვისების მქონე მალხაზ ღონღაძე,რომელიც ზერელობას ვერ ეგუებოდა, მონდომებით აუფლებდა მოზარდებს ქართული ცეკვის ტრადიციულ სახეობებს. საოლიმპიადო ცეკვებსაც დგამდა და სასურველ შედეგსაც აღწევდა.
ბატონი გიგლა იმასაც გვაცნობს, რომ მისი მოწაფეობისას, იგივე მეოცე საუკუნის სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში ფოთის საცეკვაო ხელოვნებაში უფრო მოწინავეობდა ,,ფერხული-ფარცა,, , ,,დავლურ-ქართული,, , ,,განდაგან,, , ,, მეგრული საფერხულო,, და როგორც წესი, სამთიულურო წყობის ქმნილებანი.ქართული  ქორეოგრაფიის  გულნათელი  მოღვაწე
იგი ამ ცეკვებს კარგად ითვისებდა ილიკო სუხიშვილის სახელობის ფოთის ქართული ცეკვების სტუდიაში, სადაც ნაყოფიერად იღვწოდა შოთა ჩახავა, ასევე გულმოდგინედ მუშაობდნენ ახმედ ამბალია, ანზორ კუტალეიშვილი, ლადო ლომინეიშვილი.
სტუდიაში შეძენილმა ცოდნამ მეტი სითამამე შემატა. თექვსმეტი წლისამ ფოთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,ფაზისში,, ისურვა ცეკვა.
გაუმართლა არჩევანმა. მალე აითვისა ,,ფაზისელების,, საკონცერტო პროგრამა. პირველი დღეებიდანვე იგრძნო, რომ რიგიანი წარმატებისათვის აუცილებელია მონდომება. ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობანი. საშემსრულებლო დისციპლინისა და შემოქმედებითი მოთხოვნების გათავისება.
გიგლა თურქიამ იცოდა, რომ დროს ვერავინ შეაჩერებს , მას საზრიანი გამოყენება უნდა. ამიტომაც მოიწადინა მეტი ცოდნა , განათლება, პრაქტიკული გამოცდილება ჰქონოდა. ესეც შესძლო, ბეჯითად სწავლობდა საქართველოს სახალხო ქორეოგრაფიულ უნივერსიტეტში. სამაგალითოდ დაამთავრა იგი, სხვათა შორის ბედმაც გაუღიმა, იმ ხანებში ლექცია-საუბრებს ატარებდა და პრაქტიკულ სიახლეებს აცნობდა მსმენელებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი.აქვე იღვწოდნენ კოწო მანჯგალაძე და ჯანო ჯანუაშვილი, სხვა კომპეტენტური პირებიც.
ერთი სიტყვით, საშუალება მიეცა თავისი ცინცხალი ნიჭიერება უკეთ გამოევლინა. ყოველივე ეს მკაფიოდ გამოიკვეთა ანსამბლ ,,ფაზისში,, მუშაობისას , სადაც კარგა ხანია ეწევა ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას. ,,ფაზისის,, სამხატვრო ხელმძღვანელი კი ავტორიტეტული ხელოვანი ახმედ ამბალია.
საცოდნელია, რომ გიგლა თურქიამ ფოთის კულტურის სახლში ჩამოაყალიბა. სიმღერისა და ცეკვის ახალი თვითმოქმედი კოლექტივი,რომელსაც უწოდა ძვირფასი სახელი ,,ფოთი,,. ეს იყო ერთგვარი საზღაური ისტორიული ქალაქისათვის, რომლის სიყვარული დაჰყვება ყველგან, სამშობლოსა და სამშობლოს მიღმაც...ცეკვის ანსამბლს ნიჭიერად აუბა მხარი სიმღერის გუნდმაც (ლოტბარი, იროდი ტიკარაძე). ასე და ამგვარად, მუდამ მზადაა, რაიმე სიკეთით გაახაროს თანაქალაქელები, ასეთად მიგვაჩნია ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სტუდია,მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში რომ შექმნა.
ქალაქის ყველა კუთხიდან, გარეუბნიდანაც გაერთიანდნენ ახალგაზრდები სტუდიაში, სადაც გულიანი სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობა წამოიწყო.
უნდა ითქვას, რომ ანსამბლი ,,ლაზიკა,, მისი პროფესიული მიღწევების მონაპოვარია. იგი, როგორც თვითონ ამბობს, ქალაქ ფოთის მეხუთე სკოლასთან თვრამეტი წელია არსებობს და ერთ-ერთ საუცხოო კოლექტივად არის მიჩნეული. საერთო წარმატებაში მისი უმცროსი კოლეგა-ქორეორაფების ლაშა ჩოფლიანის და მარინა ფხაკაძის წვლილიცაა.
,,ლაზიკა,, ხალხურობის ნიშან-თვისებებით გვამახსოვრებს თავს. მის საცეკვაო მონახაზებში ყველაფერი ქართულია. არცერთ კომპონენტში არ არის შეუსაბამო ჩანართები...მეტადრე მასობრივია და სისხლხორცეულად ხატოვანი გურული ,,ფერხული-ფარცა,, ,გოგო-ბიჭები წრიულ და მწკვივულ ნაწილებში სიკოხტავით ასურათებენ ტრადიციულ-,,საცეკვაოებს,,. ბუნებრივია,დანარჩენი ქართული ცეკვების გარეშე ვერ იქნებოდა ეს მამაპაპური ხელოვნების ანსამბლი, სასცენო ჩაცმულობითაც რომ გამოირჩევა. ასეთებია: აჭარული სატრფიალო ცეკვა ,,განდაგან,, ,აფხაზური ქალ-ვაჟთა ,,შარათინი,,. ოსური ,,სიმდი,, სვანური ვაჟთა ცეკვა ,,ცერული,, და კიდევ, თვალსახიერი ,,მეგრული სიუიტა, რომლის სცენური კომპოზიცია მრავალნიშნადია.,,
ქორეოგრაფმა ცეკვაში შეიტანა მეგრული საფერხულოების. ,,ჯანსულოსა,, და ,,ჰარირას,, მხატვრული ნაწილები, ორგანულად მოარგო ,,ხინთქირია,, და სხვა მოხაზულობის საცეკვაო ფრაგმენტები. გამოიყენა მისადაგი სასიმღერო მელოდიები, ნათელი გამომსახველობა, მიზიდველობა შესძინა ელვარე ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ გიგლა თურქიას სადადგმო ხელოვნება ემიჯნება ყოველგვარ ფორმალურ მიდგომებს,მუდამ იმის ცდაშია, რომ საკუთარი სცენური ხედვით ,ნააზრევით დაამახსოვროს თავი ხელოვნებისმოყვარულებს. სწორედ, ესაა ამ კეთილგონიერი ხელოვანის შემოქმედებითი კრედო. საამისოდ ნიადაგ ეცნობა ქართული ცეკვის ფოლკლორულ ქმნილებებს, იშველიებს ხალხში შემონახულ ეთნოგრაფიულ მასალებს .
შემთხვევითი არაა, რომ გიგლა თურქია ამ ახლო წლებში დაინიშნა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ...უნარიანად შეუდგა მინდობილი მოვალეობის შესრულებას . ამისთვის საქმის მცოდნე სპეციალისტები დაიახლოვა, მიზნად დაისახა საკონცერტო ღონისძიებების , სახალხო დათვალიერებებისა და საფესტივალო კონკურსების გამართვა.
ამგავრამ წამოწყებამ გზა გაუკაფა, სიახლეები აპოვნინა.
ექვსი წელია უწყვეტად მართავს კოლხურ-ლაზურ ცეკვების ფესტივალ-კონკურსებს. საკონკურსო ასპარეზობამ მიიზიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ქორეოგრაფიული და ვოკალურ-სასიმღერო ანსამბლები, რომელთაც ურიცხვი მაყურებელი, ჭეშმარიტი მომხრე და შემფასებელიც ჰყავს. მათი შეხედულებანი,სპეციალისტთა ანალიზი და მსჯელობანი, თვით კონკურსის შედეგები სრულფასოვნად გაშუქდა გაზეთში ,,საქართველოს ქორეგრაფია,,. ვრცელ წერილში განმარტებულია ამ ფასეული კონკურსის სოციალურ-კულტურული , მხატვრულ-შემოქმედებითი და სამომავლო მიმართულების ასპექტები.
ქართული  ქორეოგრაფიის  გულნათელი  მოღვაწე ყოველივე ეს საინტერესოდ აქვს გათავისებული ფოთის მერიის ხელმძღვანელობას, ქალაქის კულტურისა და განათლების წარმომადგენლებს, რომელთა მოწადინებით ქალაქის მერიის არც თუ იშვიათი სტუმრები ვართ. სტუმრები, იგივე ჟიურის წევრები არიან ეროვნული ქორეოგრაფიის აღიარებული მოღვაწენი: ფრიდონ სულაბერიძე(ჟიურის თავმჯდომარე), რეზო ჭანიშვილი,ომარ მხეიძე, თენგიზ უთმელიძე, ზაურ ლაზიშვილი, უჩა დვალიშვილი, თამაზ მოსია,რობერტ ქორჩილავა, ალეკო ქართველიშვილი, ტარიელ გოგობერიშვილი.
...ახალმა ცხოვრებამ ეროვნულობისათვის, საკუთრივ , ქართული ფოლკლორისათვის საკეთილდღეო ზრუნვისა და გარჯის მოტივები, მიზანდასახულობანი წამოსწია.საამისოდ გონივრულად შეფასდა გიგლა თურქიას მოქალაქეობრივი,პატრიოტული თვისებები და შესაძლებლობანი.იგი დაინიშნა თვითმართველი ქალაქი ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორად, რითაც კიდევ უფრო გამოიკვეთა მისი სადღეისო და სამერმისო მისწრაფებანი.
რა თქმა უნდა , ქორეოგრაფიულ შემოქმედებას ვერ შეელევა.ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ანსამბლ ,,ფაზისის,, მთავარი ქორეოგრაფიცაა. ანსამბლ ,,ლაზიკას,, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა , მართლაც ბევრს ავალებს. მით უფრო , რომ ეს მხატვრული კოლექტივი საქვეყნოდ აღიარებული ქორეოგრაფის, დიდი მამულიშვილის ჯანო ბაგრატიონის სახელს იმშვენებს, რომელიც მიანიჭა განათლების, ჯანდაცვვისა და სპორტის მოღვაწეთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ.
ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილის ჯანო ბაგრატიონის სახელობის ,,ლაზიკა,, , უდავოდ , მოწინავე კოლექტივია.ამას ასაბუთებენ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მიღმა მოპოვებული მნიშვნელოვნად მაღალი ჯილდოები, ლაურეატის წოდებანი და ოქროს მედლები.
შარშან ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის,, ორდენი გადასცეს, რაც მისი საერთო დაფასებისა და აღიარების გამოხატულებაა.
ბატონი გიგლა საგანგებოდ მაცნობს, რომ ანსამბლ ,,ლაზიკას,, წარმატებაში მისი უმცროსი კოლეგა-ქორეოგრაფების ლაშა ჩოფლიანისა დ მარინა ფხაკაძის წვლილიცაა.
...47 წლისაა ახლა ეროვნული ქორეოგრაფიის გულნათელი მოღვაწე. ისევაც მხნე და ოპტიმისტურია. კვლავაც მოწადინებულია უშრეტი ძალმოსილებით ემსახუროს ქართულ ცეკვას, ხალხსა და ქვეყანას.

ზაურ ლაზიშვილი

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი, ღირსების ორდენის კავალერი


წყარო: გაზეთი საქართველოს ქორეოგრაფია №5(51) ოქტომბერი 2014 წელიგვ.7
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი