უკან დაბრუნება
განცხადებები
ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“
15-04-2020, 14:40
ნანახია: 1931
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქუჩა ტერიტორიაა დასახლებული პუნქტის ფარგლებში, რომელიც განთავსებულია ჩვეულებრივ განაშენიანების მწკრივებს შორის, განკუთვნილია უმთავრესად საქალაქო ტრანსპორტის სამოძრაოდ და ქვეითად მოსიარულეთათვის.
ქუჩა ცოცხალი ორგანიზმია, ცალკე ისტორიაა, ქალაქური ფენომენია, რომლის დასაბამი საუკუნეთა სიღრმეშია საძიებელი. პირველი ქუჩები უძველეს ქალაქებში წარმოიშვა, მათი სახელდების ტრადიცია კი მოგვიანებით გაჩნდა. ქუჩათა სახელწოდებებში არა მარტო კონკრეტული ქალაქის, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურის ისტორიის ამოკითხვაა შესაძლებელი.
ქალაქგეგმარება ქალაქისა თუ თემის სივრცითი მოწყობის გეგმარების დისციპლინაა, რომელიც ურბანული რეგიონების, მუნიციპალიტეტების და საქალაქო უბნების, ფიზიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს.
მოდერნიზმი ქალაქგეგმარებაში მხოლოდ 1920-იანი წლებიდან იჩენს თავს. გაჩნდა ქალაქების აღმშენებლობის მასშტაბური გეგმები, ქალაქების თავიდან დაგეგმვის შანსი იშვიათია, ქალაქგეგმარება მნიშვნელოვანია ქალაქების ზრდის მართვისათვის, ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ზონირება, მიწის გამოყენების მართვა.
ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“ისტორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე ლამაზად მიჩნეული ქალაქები ხანგრძლივი, ინტესიური აკრძალვების სისტემის შედეგია. ეს აკრძალვები საკმარის თავისუფლებას იძლეოდა, თუმცა აიძულებდა მშენებლებს გარკვეული სტილი, უსაფრთხოების ზომები და მასალა გამოეყენებინათ, ასევე მოითხოვდა უკვე მიღებული არქიტექტურული სტილის დაცვა.
მრავალი ისტორიული დაგეგმარების ტექნიკა ამჟამად ახლებურად იაზრება და თანამედროვე ფორმით გამოიყენება, მას „გააზრებულ ზრდას“ უწოდებდნენ. არსებობს ჩასახვიდან დადგენილი რამდენიმე ქალაქი, და თუმცა შედეგი ხშირად განსხვავდება წინასწარ დაგეგმილისაგან, თავდაპირველი გეგმა მაინც თვალსაჩინოდ რჩება.იცვლება დრო და იცვლება სახელწოდებები, გაქრა ბევრი გვარ-სახელი. დროთა ვითარებაში ზოგ ქუჩას დაუბრუნდა სახელწოდება, ზოგმა ახალი - დროის შესაბამისად მოვლენებისა თუ სხვა მიზეზთა აქტუალობით გამოწვეული სახელები შეიძინა.
ამ მხრივ უაღრესად საინტერესოა ქალაქი ფოთი და მისი გეგმარება, უფრო ზუსტად გეგმარების ის ნაწილი, რომელიც ქუჩების ერთობლიობას შეიცავს და წარმოდგენილია 1901 წელს შედგენილი „სანავსადგურო ქალაქ ფოთის გეგმით“ რომელსაც ამავე დროს, პირველ გენერალურ გეგმად მიიჩნევენ და სამართლიანად ნიკოლაძისეულს უწოდებენ.
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ და უნდა ითქვას, რომ მისი შედგენის პრინციპები, ქალაქის კონფიგურაცია შენარჩუნებულ იქნა. სხვა საქმეა დაშვებული, დასანანი გადახრები და გააზრებისათვის ინფორმაციის სიმწირე, რამაც განაპირობა მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მითების წარმოშობაც კი, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას (და არცთუ უსაფუძვლოს), რომ ქალაქი ზურგშექცევით დგას ზღვისკენ და თითქოს ეს თავიდანვე არასწორი დაგეგმვის ბრალია, სინამდვილეში ეს ასე არ არის ამას ადასტურებს 1901 წლის პირველი გეგმა.
ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“ აქ კუნძულის უბანში დატანებულია სევასტოპოლის ბულვარი, რომელიც განვითარებული არის ზღვის ნაპირის პარალერულად ისე როგორც მიღებულია ზღვისპირა ქალაქებში როგორიცაა ოდესა, სევასტოპოლი. ასე განვითარდა ბათუმი, სოხუმი და სხვა უამრავი ქალაქი რომელიც ზღვის პირასაა გაშენებული, როგორც წესი ზღვის ნაპირს პარალერულად მიყვება ბულვარი. იგივე იდეა დევს ფოთის განვითარების (1901 წლის გეგმაში, სადაც უშუალოდ ზღვის ნაპირამდე მდებარეობს ტერიტორია რომელიც დაახლოებით 300 ჰექტარს აღწევს და რომელიც სავსებით პერსპექტივაში ეს გათვალისწინებულიც იყო, რაზეც მეტყველებს ზღვის სანაპირო ზოლში წყვეტილი ხაზებით მონიშნული ტერიტორიაა დაახლოებით 80 ჰექტარის ოდენობით. მაგრამ ეს იდეა მომდევნო წლებში ვერ განხორციელდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მდინარე რიონს შეუცვალეს კალაპოტი და გადააგდეს ქალაქიდან ჩრდილოეთით, სადაც დღესაც შავზღვაში ჩაედინება, რაც გაკეთდა ქალაქის წყალდიდობებისაგან დაცვის მიზნით მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში. მართალია მას შემდეგ ქალაქი არ იტბორება რიონის წყლებით, მაგრამ დღეს უკვე ზღვისპირა 300 ჰექტარიდან თითქმის აღარაფერი დარჩა, ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ეფექტური ღონისძიება ზღვის შემოტევის შესაკავებლად და ბულვარისათვის გამოყოფილი ტერიტორია წარეცხილი აღმოჩნდა.
ასევე, ქალაქში გავრცელებული მითი, თითქოს ქუჩებს, რომელთაც ტაძრამდე მივყავართ 12 მოციქულის სახელი ერქვა. ეს აზრი საკმაოდ ბეჯითად მუსირებს საზოგადოების ნაწილში, ვერვინ გეტყვით საიდან წარმოიშვა იგი, ადრესანტად ნიკო ნიკოლაძეს, არგუმენტად კი ტაძრის არსებობას და ქალაქის დაგეგმარებას იშველიებენ. 1901 წლით დათარიღებული გეგმა კი უტყუარ პასუხს გვაძლევს ამ საკითხზე. მიხაილოვსკაიას, ამჟამინდელ რუსთაველის რკალს თერთმეტი ქუჩა უერთდებოდა და არა თორმეტი და არც ერთ მათგანს წმინდანის სახელი არ ერქვა, ტაძარი აშენებულიც არ იყო იმ დროს. მხოლოდ 1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ორ ქუჩას წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სახელები დაერქვა.
გთავაზობთ 1901 წლის რუკაზე რკალიდან გამომავალი ქუჩების ჩამონათვალს:
რუსთაველის რკალი -> მიხაილოვსკაია
მშვიდობის ქუჩა -> ლევაშოვსკაია ნაბერეჟნაია
ათონელის ქუჩა -> მარსკაია
ბარათაშვილის ქუჩა ->როზენსკაია
კ.გამსახურდიას ქუჩა ->პაცოვსკაია
აკაკის ქუჩა ->არმიანსკაია
წმინდა გიორგის ქუჩა ->გურიისკაია
26 მაისის ქუჩა -> ლიალინსკაია
იერუსალიმის ქუჩა -> ივანოვსკაია
კოსტავას ქუჩა -> გრეჩესკაია
ჭანტურიას ქუჩა -> ლევაშოვსკაია ქუჩა
დავით აღმაშენებლის გამზირი -> ხილკოვსკაია
დროში მოგზაურობისას შევხვდებით არაერთ ისტორიულ პირს, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით კვალი დატოვეს არამარტო ფოთის, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში, თავიანთი შუქ-ჩრდილებით შემორჩნენ ჩვენს მეხსიერებას, ქუჩები „გაიხსენებენ“ და შეულამაზებლად მოგვითხრობენ თავიანთ გენეზისს, რადგან მათ ბევრი რამ „იციან“ და კარგადაც „ახსოვთ“, საკმარისია, თვალი გადავავლოთ და ეპოქაც გაცოცხლდება.
რუსეთის იმპერია სამხედრო ძალას ეფუძნებოდა. მისი საზღვრების გაფართოებაში მთავარი როლი არმიას ეკისრებოდა. სამხედრო ძალა იყო ძირითადი საყრდენი დაპყრობილ ხალხებზე ბატონობის შესანარჩუნებლადაც. საქართველოს ანექსიის შემდეგ მხარის უმაღლესი ხელისუფალი რუსი მთავარმართებელი გახდა. ამ პოსტზე როგორც წესი, მაღალი რანგის სამხედროები - გენერალები ინიშნებოდნენ. სამხედრო პირს ებარა ადგილობრივი სამოქალაქო საქმეების გაძღოლა და ასეთივე მოხელენი იდგნენ მაზრების, ქალაქებისა თუ სასამართლო დაწესებულებათა სათავეშიც.
თავის დროზე მეფის რუსეთი ცდილობდა, დაპყრობილი ქართველი ხალხის მეხსიერებიდან წაეშალა სამშობლოსა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამომხატველი ცნება „საქართველო“, რაზეც მეტყველებს 1901 წლის რუკაზე დატანებული ქუჩების რუსულენოვანი დამწერლობით აღნიშნული რუსი ჩინოვნიკების გვარ-სახელები და არა მარტო ეს. ქუჩების სახელწოდებათა შერჩევაში არა მარტო სამხედრო - საოკუპაციო რეჟიმის ანარეკლი იკითხებოდა, არამედ მიზანმიმართული სისტემა, რომლის ამოცანა რუსული დერჟავული ფასეულობების დამკვიდრება იყო. სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ ფოთის ქუჩებს ოდესის, სევასტოპოლის, ქერჩის, ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“ფეოდოსიის, იალტის, ხერსონის, ბერდიანსკის, როსტოვის ტაგანროგის, სოხუმის, ნოვოროსიისკის, ნიკოლაევის სახელები უწოდეს. ამით ხაზი ესმებოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის იმპერიამ ძლევამოსილად შემოდგა ფეხი დონი, აზოვისა და შავიზღვისპირეთში ადმირალების სენიავინის, ნახიმოვის, ისტომინის, ლაზარევის, კორნილოვის, კაზარსკის წინამძღოლობით და გორჩაკოვის დიპლომატიური ძალისხმევით, რომელთა სახელები ასევე „უკდავყვეს“ ფოთის ქუჩების სახელდებით.
ფოთის ქუჩების სახელწოდებებში რუსეთის იმპერიის სამეფო ოჯახის წევრთა და დიდმოხელეთა შორის მოჭარბებული იყო იმ პირთა გვარ-სახელები რომლებიც ცნობილი იყვნენ კავკასიაში დამპყრობლურ ომებში, დამსჯელ ოპერაციებში მონაწილეობითა და საერთოდ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარებაში. ერმოლოვი, ციციანოვი, ბარიატინსკი, როზენი, ლეფორტი, კულებიაკინი, პოტიომკინი, პაცოვსკი, არგუტინსკი, ბებუთოვი, მილიუტინი, ლიალინი, გაგარინი, ლევაშოვი.
ამ პერიოდში ფოთის გეგმაზე, სადაც ექვსი მოედანი აღინიშნება ფაქტობრივად მხოლოდ ორი არსებობდა. რუსეთის იმპერიის სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური წარმატებების უკვდავსაყოფად სამ მოედანს განგუტსკაია, ჩესმენსკაია, პერეიასლავლსკაია, მენგრელსკაია სახელი ეწოდა. იგივე მოტივაცია ედო საფუძვლად ქუჩებისათის სამეგრელოს, რაჭის, სვანეთის, გურიის, სომხეთის, კავკასიის სახელების დარქმევას.
საქართველომ ეროვნულ-პოლიტიკური თავისუფლება აღიდგინა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სამი წელი იარსება. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღბეჭდილი ახალი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი უცხოეთის 20 - მდე ქვეყანამ ოფიციალურად ცნო და აღიარა. დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დამდგარი დამოუკიდებელი საქართველოს მესაჭეობა ხალხმა ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას - სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მის ლიდერებს დააკისრა. ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ მოკლე ხანში ძირფესვიანად შეცვალა დედაქალაქის ქუჩების, მოედნებისა თუ გამზირების სახელდება და წინა პლანზე ქართული სახელწოდებები წამოსწია. ეს ცვლილებები ფოთის ქუჩებზეც აისახა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ვახრამოვის, თავდგირიძის, აკაკი წერეთლის, ბარათაშვილის, ნიკოლაძის, ერთობის, რუსთაველის, 26 მაისის სახელწოდებების გაჩენა.
1921 წლის თებერვალ - მარტში საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელსაც მოსკოვზე დამოკიდებული ადგილობრივი მარიონეტული ხელმძღანელობა -რევკომი განაგებდა. მომდევნო წლის ბოლოდან ხელახლა დაპყრობილი საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთიც შედიოდნენ, სსრ კავშირად წოდებულ მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში გააერთიანეს. 1936 წელს ხსენებული ფედერაცია გაუქმდა. საქართველომ ე.წ. მოკავშირე რესუპლიკის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კვლავ საბჭოური იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და კომუნისტურ დიქტატს ემორჩილებოდა.
საბჭოთა ტოტალურმა რეჟიმმა ახალი რევოლუციური ტოპონიმიკა შემოიღო და უფროსი თაობის მკვიდრნი კიდევ ერთხელ აიძულა, თავიდან შეესწავლათ საკუთარი ქალაქი. ქუჩების სახელდების პრინციპები შენარჩუნდა საბჭოთა პერიოდშიც, მხოლოდ სახელდების მოტივაცია შეიცვალა.
რეჟიმმა ახალი, რევოლუციური ტოპონიმიკა შემოიღო. პროლეტარიატის ბელადების დარად, არ დარჩენილა არც ერთი თვალსაჩინო ბოლშევიკი ლიდერი, საკავშირო თუ საერთაშორისო რანგის კომუნისტური მოძრაობის აღიარებული მოღვაწე, რომელთა სახელი ქუჩებისა თუ მოედნებისათვის არ დერქმიათ. უფრო მეტიც, სავალდებულოდ გახდა ქუჩებისათვის მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლის მარქსისა და ენგელსის, ხელმძღვანელ ბოლშევიკ-რევოლუციონერთა ლენინის, სტალინის, ტროცკის, ზინოვიევის, ლუნჩარსკის, ორჯონიკიძის, კიროვის, კუიბიშევის, კოლონტაის, კალინინის, ჟდანოვის, კამოს, წულუკიძის, მახარაძის, ცხაკაიას, კეცხოველის სახელების მიკუთვნება. გარკვეული „ქვოტები“ ნაკლებ მნიშვნელოვან, მაგრამ „მასების წიაღიდან“ გამოსულ მოღვაწეებსაც ორახელაშვილს, ეიხეს, რუ ძუტაკს ან სულაც ადგილობრივ კომუნისტ ფუნქციონერებსაც მალანიას, მაკალათიას ერგოთ.
ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“ახალი ხელისუფლების ინტერნაციონალური პრინციპებისადმი ერთგულების ნიშნად ფოთისა (და არა მარტო ფოთის) ქუჩების ნაწილს უცხოელი მარქსისტებისა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლების ლუქსემბურგის, ტელმანის, კლარა-ცეტკინის, ბებელის, დიმიტროვის, სოციალისტური წყობილების მეხოტბის ანრი ბარბიუსის სახელი უწოდეს. რეჟიმმა ახალი სიმბოლოების, ცნებებისა და ღირებულებების დამკვიდრებას მიჰყო ხელი, უპირატესად საბჭოური და კომუნისტური იდეურ-პოლიტიკური გადასახედიდან.
ასე განჩდა ქუჩებზე სტახანოვის, შმაროვის, ჩელუსკინელების, საბჭოს, პიონერის, პროფინტერნის, პროლეტარის, ოქტომბრის, 25 თებერვლის, კოოპერაციის, რვა მარტის, ოქტომბრის რევოლუციის, 1 მაისის სახელები.
საბჭოური რეჟიმს, განსაკუთრებით - სტალინის პერიოდში, (1924 -1953 წწ ნაკლებად შემდეგაც) ათვალისწუნებული კომუნისტი ხელმძღანელობის შერისხვა და ისტორიიდან მათი სახელების გაქრობის მცდელობა ახასიათებდა. მანამდე განდიდებულიდა შემდგომ რეპრესირებული ტროცკის,მალენკოვის, ეიხეს, ორახელაშვილის, ბერიასა და სხვათა სახელებს ქუჩების აბრებზე ახლად აღზევებულ მათივე თანაპარტიელთა სახელები ენაცვლებოდა. ასე გრძელდებოდა საბჭოური რეჟიმის დასასრულამდე.
მაგ; კალინინის ქუჩა ->კუიბიშევის ქუჩა ->თავდგირძის ქუჩა
პრავდის ქუჩა -> მალენკოვის ქუჩა -> ბერიას ქუჩა -> პაცოვსკაია ქუჩა
ჟდანოვის ქუჩა ->პროლეტარის ქუჩა -> ნახიმოვის ქუჩა
საბჭოს ქუჩა -> ეიხეს ქუჩა ->ერმოლოვის ქუჩა
ფრუნზეს ქუჩა -> ტროცკის ქუჩა
თვალნათლივ ჩანს, რომ ქუჩების სახელდების სისტემა ბოლშევიკებმა სათავისოდ მოირგეს ზემოხსენებული მითის გათვალისწინებით და როდესაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ტაძრის შენობის ბედი წყდებოდა ახალი მითი შვეს, თითქოს ნიკოლაძემ ტაძარი იმიტომ ააშენა, რომ თანახმად ჩანაფიქრის შემდგომში იქ ქართულ თეატრს დაედო ბინა, რამეთუ თეატრის აშენების ნება მას თითქოს მეფის ხელისუფლებამ არ მისცა. მოგვიანებით ტაძრის მიმდებარე პარკის ნაწილი გაჩეხეს და იქ მოედანი მოაწყვეს, მოედნის და პარკის მიმდებარე რკალიდან გამომავალ ქუჩებს კი ბოლშევიკების სახელები „დაანათლეს“. ასე გაჩნდა წულუკიძის, ცხაკაიას, მახარაძის, კიროვის, ბერიას, ჯაფარიძის, ლენინის სახელები. ბერიას სახელოების მოედნის გარშემო, ბერიას სახელობის თეატრისკენ მიმავალ ქუჩებზე.
ნიკოლაძის სახელი უცხოდ იქნა მიჩნეული ამ კომუნისტურ ერთობაში, ამიტომ მისი სახელების ქუჩას სახელი შეუცვალეს და ჯუღაშვილის უწოდეს. ამგვარად ჩამოყალიბდა ქალაქის ცენტრში ბოლშევიკურ-კომუნისტური „მარაო“ რომელშიც დისონანსი აკაკის და ბარათაშვილის სახელებს შეჰქონდათ, მათი სახელების წინააღმდეგ კი ბოლშევიკებმა გალაშქრება ვერ გაბედეს, თუმცა ცენტრალური ქუჩების „გაწითლება“ ამით არ დამთავრებულა. ორმოციანი წლების ბოლოს სახელი შეუცვალეს სამეგრელოს ქუჩას (ამჟამინდელი ჭანტურიას ქუჩა) და კანდიდ ჩარკვიანის სახელი უწოდეს.
მას შემდეგ რაც ფოთის ქუჩების სახელდების პროცესი იღებს სათავეს (1901 -დან) ქალაქის მხოლოდ ოთხ ქუჩას შემორჩა პირვანდელი სახელი ესენია: ბერდიანსკი, იმერეთი, სვანეთი, სოხუმი, ნაწილობრივ გურიის ქუჩა. სხვა დანარჩენებს კი „ბედი ნაკლებად სწყალობდა“ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებს.. ოთხჯერ შეეცვალათ სახელი ამჯამად კონსტანტინე გამსახურდიას და სამეგრელოს ქუჩებს, სამჯერ პუშკინის, ამირან დანელიას, ილიას, გორგასალის, თამარ მეფის ქუჩებს და ა.შ.
უფრო მოგვიანებით, 60-იან წლებიდან აიკრძალა ქუჩებისა და მოედნებისათვის ცოცხალი ადამიანების სახელების დარქმევა და მაშინათვე გაქრა ვოროშილოვის, მიქოიანის, კაგანოვიჩის, მოლოტოვის, სტახანოვის, შმაროვის სახელები. საჭირო გახდა ახალი სახეების მოძიება და შერჩევა, რამეთუ ქუჩების სახელწოდებათა მეშვეობით მოსახლეობის „დაპროგრამება“ კვლავ რჩებოდა ხელისუფლების ინტერესების სფეროში. რუსული ენის გავლენის განმტკიცების მიზნით გადაწყდა რუსული მწერლობის წარმომადგენელთა სახელების დამკვიდრება. შეირჩა იმ რუსი მწერლების გვარ -სახელები, რომლებთანაც ხელისუფლებას რაიმე იდეურ-პოლიტიკური, თუ სხვა სახის პრეტენზიები არ ჰქონდა. იგივე კრიტერიუმები გავრცელდა ქართველ მწერლებსა და კულტურის მოღვაწეებზე.
ირმა კეკელიძე „ქალაქი ქუჩა ქალაქი“ ასე დაიმკვიდრეს ადგილი საყოველთაოდ და მათ შორის ფოთის ქუჩების დასახელებაში გორკიმ, ჩეხოვმა, ტოლსტოიმ, გოგოლმა, პუშკინმა, გრიბოედოვმა, ბელინსკიმ, ლერმონტოვმა და ასცდნენ პატივს დოსტოევსკი, კუპრინი, ბუნინი, პასტერნაკი, გრ.რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი და სხვები ვისთანაც საბჭოთა ხელისუფლებას იდეოლოგიური შეუთავსებლობის მოტივით სხვდასხვა პრეტენზიები გააჩნდა.
პოლიტიკური და პარტიული ნიშნით ქუჩების სახელდების ფაქტები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ძირითადად საბჭოთა წარსულთან ერთად ისტორიას ჩაბარდა მაგრამ შენარჩუნდა იდეოლოგიური შემადგენელი, რომელიც უმთავრესად ეროვნული ფასეულობების დამკვიდრებას გულისხმობს, როგორიცაა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ჭყონდიდელის, ერეკლე მეორის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა გვარ-სახელების წინ წამოწევა.
ზემოთ ზოგადი შტრიხებით გადმოცემულ სახელ-გვართა მონაცვლეობაშ დროის ნიშანი გარკვევით იკითხება ქუჩათა სახელწოდებებსა და მათ ცვლილებებში. როგორც დავინახეთ, ქუჩებისა და მოედნებისათვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული.იმედია, ეს მახინჯი მოვლენა საბოლოოდ აღმოიფხვრება და აღარ განმეორდება. დასახელებების შერჩევა მოხდება არა პოლიტიკური მოსაზრებით ან ემოციურ ფონზე, არამედ ისტორიული ობიექტრობის, კულტურული მემკვიდრეობის თუ სხვა აღიარებული ფასეულობების გათვალისწინებით რომლებზეც ნაკლებად იმოქმედებს ჟამთასვლა.

წყარო: წიგნი „მე ქალაქი“ ფოთი 2014 წელი გვ. 7-15
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი