უკან დაბრუნება
განცხადებები
რეკა
24-08-2016, 06:53
ნანახია: 1239
გაუზიარე სტატია მეგობარს


რეკა - სოფელი ოდიშის დაბლობზე, თეკლათის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ჩხოუშიის ნაპირას, ზ. დ. 30 მ. სენაკს 6 კმ-ით არის დაშორებული, თემის ცენტრს, თეკლათს - 1,5 კმ-ით. კავკასიის მხარის სენაკის მაზრის თეკლათის სასოფლო საზოგადოებაში დასახელებულია სოფელი რეკა 53 კომლით (130 კაცი, 132 ქალი; სულ 262 სული). სოფელი იხსენიება 1873 წლის სტატისტიკური აღწერილობის მასალებში (ჭითანავა, 2010:75).
XXს. დამდეგს რეკაში მამულებს ფლობდნენ აზნაურები - სალაყაიები, ერთი კომლი ჯოჯუა და თავადი მხეიძეები.
საქართველოს სსრ პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარში (ტფ., 1930) დასახელებულია ქვედა თეკლათის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი რეკა 73 კომლით (360 სული). 1949 წლის 1 სექტემბერის მდგომარეობით, თეკლათისა და ქვედა თეკლათის სასოფლო საბჭოების გაერთიანებით წარმოიქმნა თეკლათის სასოფლო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სოფელი რეკა (დაყოფა, 1949:104). 2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის ჩვენებით რეკაში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობაა 181 სული, მათ შორის, 87 კაცი, 94 ქალი (საყოველთაო აღწერა, 2003:170).
რეკა ლანდშაფტური ტოპონიმია და ნიშნავს „რიყეს“, „ქვა-კენჭიან ადგილს, ქვავნარს“. გ. ელიავა აღნიშნავს, რომ რეკა მაღალი ბორცვის სახელწოდებაა თეკლათის თემში, სადაც დასახლებულან ოჩამჩირის რაიონის სოფ. რეკიდან ჩამოსული გოგოლი და ფაჩულია. ახალი საცხოვრისთვის რეკა დაურქმევიათ (ელიავა, 1989:28). სხვა გადმოცემით, ფაჩულიების წინაპრები აფხაზების შიშით აყრილან სამურზაყანოში და სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ რეკის ტერიტორიაზე დამკვიდრებულან (ცხადაია, ჯოჯუა, 2003:281). ტოპონიმი „რეკა“ სამეგრელოში ბევრგან ფიქსირდება (ელიავა, 1977:17, 173; ცხადაია, 2005: 65; მისივე, 2004:52-53; 2008:326; საქ. ტოპ.; II, 1999:238).


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი