უკან დაბრუნება
განცხადებები
ნოსირი
24-08-2016, 06:49
ნანახია: 1565
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

ნოსირი - 1864 წლის საარქივო დოკუმენტიდან (ფ. 489, აღწ. 6, საქმე №1721) ირკვევა, რომ ნოსირში ყოფილა სამი ეკლესია: 1. წმ. გიორგის ეკლესია, სადაც მღვდელთმსახურებას ეწეოდნენ გიორგი სისორდია და გიორგი დუდუჩავა. მედავითნე ყოფილა ბასა გეგენავა; 2. წმ. გიორგის ეკლესია, სადაც მღვდლად იყო გამწესებული ტიმოთე ოდიშარია, ხოლო მედავითნეებად - დიმიტრი ოდიშარია და ბასა გეგენავა და 3. წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. მისი მღვდელი იყო გიორგი სისორდია, მედავითნე კი - ზაქარია სისორდია (ჭითანავა, 2010:72).
1904 წლის აღწერის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ნოსირში უცხოვრიათ აზნაურ გამსახურდიებს, დგებუაძეებს, ორ კომლ ესაკიას, კიზირიებს, ჯაიანებს, ფაღავებსა და თავად ნორაკიძეებს.
საქართველოს სსრ პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის თანახმად, არსებობს ნოსირის სასოფლო საბჭო რვა სოფლით:
ნოსირი მეორე - 111 კომლი (512 სული; მათ შორის, 510 ქართველი, 1 რუსი, 1 პოლონელი);
ნოსირი მესამე - 93 კომლი (421 სული);
ნოსირი შუა - 83 კომლი (358 სული);
საბესელიო - 84 კომლი (391 სული);
საკილასონიო - 52 კომლი (265 სული);
საოდიშარიო - 121 კომლი (534 სული; მათ შორის, 531 ქართველი, 2 ბერძენი...);
სასიმონიო - 105 კომლი (450 სული);
სასირიო - 97 კომლი (466 სული).
1949 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებობს ნოსირის სასოფლო საბჭო ოთხი სოფლით: შუა ნოსირი (ცენტრი), საბესელიო, პირველი ნოსირი და საოდიშარიო. ამასთანავე შექმნილია ოქტომბრის სასოფლო საბჭო, რაც აერთიანებდა ორ სოფელს - ნოსირსა და საკილასონიოს (დაყოფა, 1949:104).
1961 წლის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის მიხედვით, ნოსირი კვლავ სასოფლო საბჭოა და მასში შედის შუა ნოსირი, საბესელიო, პირველი ნოსირი, საოდიშარიო, ნოსირი და საკილასონიო. როგორც ჩანს, ამ დროსთვის ტერიტორიულად ერთმანეთს შეერწყა ნოსირისა და ოქტომბრის სასოფლო საბჭოები. 1966 წლის მონაცემებით, პირველი ნოსირი ძველი სენაკის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაშია. 2002 წლის ეროვნული საყოველთაო აღწერის მასალებში აღნიშნულია, რომ ნოსირის თემის საკრებულოში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობაა 2805 სული, მათ შორის, შუა ნოსირში მოსახლეობს 521 სული (250 კაცი, 271 ქალი), ნოსირში - 737 სული (მათ შორის, 321 კაცი, 416 ქალი), ხოლო ძველი სენაკის თემის საკრებულოს სოფ. პირველ ნოსირში - 861 სული (მათ შორის, 386 კაცი, 475 ქალი).
მკვლევარ ზ. ჭუმბურიძის განმარტებით, „ნოსირი“ მიღებულია ნო-ისირი-დან და ნიშნავს „ნაისლევს“ (ჭუმბურიძე:191). ასეთივე განმარტება მოცემულია გ. ელიავას წიგნში: რიონი და ტეხური ადიდებისას გადასილავდა ამ ადგილს და ამიტომ ეძახიან ნოსირს „დასილულს“ (იხ. ელიავა, 1989:33). სხვა განმარტებით, მესამე ნოსირის ტერიტორია ჭაობიანი ყოფილა და შემდეგ დააშრეს. ნოსკირუ რე „დაშრობილია“ (იქვე:72).
მეგრულ ენაში წინავითარების სახელების მაწარმოებლად გვხვდება ნა- //ნო- პრეფიქსები. პ. ცხადაიას ვარაუდით, ნო- პრეფიქსი გამოიყოფა სამეგრელოს შემდეგ ტოპონიმებში: ნობართენი, ნობაღ?ლენი, ნოღარიბენი, ნორგატენი, ნოცუცუენი, ნოღარენი, ნოემენი, ნოუღალენი (იგივე ნაოღალევი), ნო?უჯინი//ნო?უჯინეი, ნოინჯერი, ნოხუერი, ნოხიონი და სხვ. (ცხადაია, 1985:57).
ოიკონიმი „ნოსირიც“ შესაძლებელია ნობართენის, ნობულისა და ნოღურწკუეს ტიპის ტოპონიმთა რიგში განვიხილოთ და გავიაზროთ როგორც „სირიას (ან სირიების) გვარის ნასახლარი“. ამდენად, მისაღებად გვეჩვენება მხარეთმცოდნე გ. ელიავას მიერ ჩაწერილი ერთ-ერთი გადმოცემა, რომლის მიხედვით, ნოსირის ტერიტორიაზე სირიების გვარს უცხოვრია. ამ გვარისკაცთა სხვაგან გადასახლების შემდეგ სოფლისთვის ნოსირი უწოდებიათ (ელიავა, 1989:330). სასირიო უბანია შუა ნოსირში, სადაც სირიას ხუთი კომლი მოსახლეობს (კეკელია, 2010:93).






скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი