უკან დაბრუნება
განცხადებები
ნოქალაქევი
24-08-2016, 06:45
ნანახია: 1336
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

ნაქალაქევი - ზედა ნაქალაქევი ლეძაძამის თემში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ზ.დ. 140 მ-ზე მდებარეობს და სენაკს 18 კმ-ით არის დაშორებული, ბეთლემს - 2 კმ-ით. ამასთანავე, ნოქალაქევი ეწოდება თემს (ცენტრი - ჯიხა) და ისტორიულ ციხე-ქალაქს, რაც მარტვილი-სენაკის საავტომობილო გზაზე, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირსა და მთისკალთაზეა განლაგებული.
ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებათა გვიანდელ, XVIIIს-ში გადაწერილი ხელნაწერების აშიაზე გადამწერს მიუწერია: „ოდიშს
ნაქალაქევი“ და „ციხე-გოჯი ნაქალაქევია“.
XVIIს. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის რუკაზე აღნიშნულია პუნქტი Nachalachens-ის ფორმით, რაც ახლანდელი ნაქალაქევია (ბერაძე, 1967:74). იმავე საუკუნის მემატიანის - ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაშიც მოცემულია ნაქალაქევი ფორმა: „...აწ სენაკს ზეით, უნაგირას ძირში არს ნაქალაქევი, ციხეგოჯად წოდებული. ეს აღაშენა პირველი მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე...“ („ქ.ცხ.“, IV, 1973:777).
პ. ზაქარაიასა და ნ. ლომოურის მსჯელობით, „ნოქალაქევის“ ხმარება გამართლებულია ამ პუნქტის სხვა, ამავე სახელწოდების მატარებელი პუნქტებისაგან გამოსარჩევად. ავტორები აღნიშნავენ, რომ ივ. ჯავახიშვილმა და გ. ჩუბინაშვილმა გერმანულ ენაზე დაწერილ მოხსენებით ბარათში თავი მოუყარეს ყველა ცნობას არქეოპოლისის შესახებ და უპირატესობა მიანიჭეს ზეპირ, ადგილობრივი მეტყველებიდან მომდინარე ფორმას - „ნოქალაქევი“ (ზაქარაია, ლომოური, 1988).
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასა და რუკებზე აღნიშნული და გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდებად დამკვიდრებული „ნოქალაქევი“ ფორმა არასწორია. უნდა ვწეროთ და ვთქვათ ისტორიულად და მორფოლოგიურად ერთადერთი სწორი ფორმა „ნაქალაქევი“, სადაც ნა- -ევ წინავითარების სახელთა მაწარმოებელი აფიქსებია (შალამბერიძე, №3, 1979; მისივე, 1980:29-30; მისივე, №4, 1982:90-92).
სოფლის სახელწოდების ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტებია ნოქალაქი, ნოქა? აქი და ნოქალაქენი.
XIXს. 30-იანი წლების ადმ.-ტერიტ. დაყოფის მიხედვით, ნაქალაქევი სუჯუნის მაზრაში შედიოდა. სამეგრელოს ეპარქიის 1838 წლის აღწერის მასალებში დასახელებულია სოფელი ნაქალაქევის ფორმით, სადაც დგას ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია, ხოლო 1873 წლის სტატისტიკური აღწერის მასალებში - სოფ. ნოქალაქევი, არქეოპოლისის სიმაგრის ნანგრევებითა და ორი ეკლესიით. 1864 წლის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ნოქალაქევის ორმოცი მოწამის სახელობის ეკ ლესიის მღვდლები ყოფილან სპირიდონ და ლაზარე შალამბერიძეები, ხოლო მედავითნე - მარკოზ შალამბერიძე (ჭითანავა, 2010:66).
კავკასიის მხარის 1886 წლის კომლობრივი აღწერის ცნობარში აღნიშნულია, რომ სენაკის მაზრაში შედის ნაქალაქევის უბანი და ნაქალაქევის სოფლის საზოგადოება, რაც აერთიანებს ამავე სახელწოდების ერთ სოფელს 371 კომლით, მათ შორის, 1070 კაცია, 932 - ქალი; სულ 2002 სული.
1904 წლის აღწერის თანახმად, ნაქალაქევში უცხოვრიათ აზნაურებს - გაგუებს, კარტოზიებს, ორ კომლ შალამბერიძეს და თავად ჩიქოვანებს.
საქართველოს სსრ 1930 წლის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის თანახმად, სენაკის რაიონის ნოქალაქევის სასოფლო საბჭოში შედის სამი სოფელი: ბეთლემი, ლებაღათურე და ნოქალაქევი. მათ შორის, ნოქალაქევში 441 კომლი სახლობს. 1812 სული ქართველია, 1 - რუსი, 2 - სომეხი, 2 - დანარჩენი (სულ 1817 სული).
1949 წლის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარში ასევე დასახელებულია ნაქალაქევის სასოფლო საბჭო ოთხი სოფლით: ჯიხა, გახომელა, ძიგიდერი, ლებაღათურე. ამასთანავე, უკვე არსებობს ბეთლემის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი ზედა ნაქალაქევი, რაც 1930 წლის ცნობარში არ ჩანს (დაყოფა, 1949:104, 105).


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი