უკან დაბრუნება
განცხადებები
ისულა
24-08-2016, 06:33
ნანახია: 1267
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

ისულა - სოფელი ოდიშის დაბლობზე, ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზ. დ. 12 მ-ზე მდებარეობს და ახალსოფლის ტერიტორიულ ორგანოში შედის. სენაკს 4 კმ-ით არის დაშორებული.
კავკასიის მხარის 1886 წლის კომლობრივი აღწერის მონაცემებით, ისულა 32-კომლიანი სოფელია თეკლათის სოფლის საზოგადოებაში. მათ შორის, 74 კაცია, 63 - ქალი (სულ 137 სული). XXს. დამდეგს ისულაში მამულებს ფლობდნენ თავადი მხეიძეები და აზნაური სალაყაიები (ამ გვარის 7 კომლი გლეხი ყოფილა, 8 კომლი - აზნაური).
საქართველოს სსრ პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის მიხედვით, თეკლათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაშია 105 კომლით (457 სული). 1949 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებობს ახალსოფლის სასოფლო საბჭო, რაც აერთიანებს ორ სოფელს - ახალსოფელსა (ყოფილი ძონძირი) და ისულას. 2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის თანახმად, ისულაში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობაა 692 სული (339 კაცი, 353 ქალი). სოფელს ისულეთის ფორმით მოიხსენიებს XVIIIს. მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონი: ვაკეს „... მზღვრის... დასავლით ცხენისწყალი და ცხენისწყლიდამ წასული ხაზი ისულეთამდე და რიონამდე...“; „ხოლო საზღვარი ოდიშისა არს ცხენისწყალი და ხაზი ისულეთამდე...“; „ტეხური... გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოდამ რიონს“; „ხოლო ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქუეით, სადაცა ერთვის რიონი ზღუას, აქა არს ფოთი...“ („ქ. ცხ.“, IV, 1973:773, 776, 777). სოფელს ისმულეთის ფორმით ასახელებს იმავე საუკუნის გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი (1962:323). ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ დოკუმენტში გვხვდება ისულა ფორმა: „განვაახლეთ. დავთარი ესე. და შევსწირეთ შენს: სუჯუნის ეკლესიას წმინდის გიორგისას. და გიძღვენით შენ. დედაო მაცხოვრისაო: ცხენისწყლის რიონის შესაყარიდამ გაღმართში. კუკუთი. ცხეპიჯი. უჩა ღელიდგან. ფიჩორს აქეთი. ანჯელი და სამარღანაო სრულად: რიონს გამოღმა. სირიაჩქონის თავის პირდაპირ: დაბლა ისულას რიონს ღელე ჩაერთვის. ღალუჩა ქვიან. კთის (?) ტყეს შუაზედ გამოივლის. ონტყოროს ტბიდგან გავა. ტეხურამდის მოაწევს და იმას აქეთ. აწ ტეხურს გამოღმა...“
გამოთქმულია მოსაზრება, რომ VIს. ბიზანტიელი ისტორიკოსის, აგათია სქოლასტიკოსის მიერ აღწერილი ნესოსი სწორედ ისულაა. აგათიას თქმით, ნესოსი „საკმაოდ მაგარია და არც ადვილი მისადგომი, გარშემორტყმულია მდინარეთა მორევით. ფასისი და დოკონისი ცალ-ცალკე ჩამომდინარეობენ კავკასიის მთებიდან და თავში ძლიერ არიან ერთმანეთს დაშორებულნი; აქ კი, ადგილის მდებარეობით იძულებულნი, ცოტ-ცოტა უახლოვდებიან ერთმანეთს და უკვე აღარ მოედინებიან დაშორებით; რომაელებს ერთი თხრილი გაუკეთებიათ და ფაზისის ნაკადი დოკონისში გადაუშვიათ, ასე რომ, ეს ორივე მდინარე ერთდება ნესოსის იმ ნაწილში, რომელიც აღმოსავლეთისაკენ არის მიქცეული და ისინი გარს ერტყმიან ამ ადგილს. აქედან ისინი კვლავ უხვევენ და დაბლობის მცირეოდენ ნაწილს იმწყვდევენ შუაში. შემდეგ დასავლეთისაკენ რომ მიდიან წინ, თავისთავად ერთვიან და ბოლოს ერთმანეთს შეერთვიან ისე, რომ მათ შუა მართლაც კუნძული იქმნება“ (გეორგიკა, III, 1936:37-38).


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი