უკან დაბრუნება
განცხადებები
თეკლათი
24-08-2016, 06:30
ნანახია: 1576
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

თეკლათი - სოფელი და თემის ცენტრი ციის ნაპირზე, ზ. დ. 21 მ. სენაკს 3 კმ-ით არის დაშორებული. აერთიანებს ხუთ სოფელს - საკუთრივ თეკლათს, გოლასკურს, რეკას, საგვარამიოსა და ტყირს.
სოფელი „თეკათის“ (Tecati) ფორმით აღნიშნულია XVIIს. იტალიელი მისიონერის - არქანჯელო ლამბერტის რუკაზე, ხოლო „თეკლანის“ ფორმით - იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის ბრძანებით 1737 წელს შედგენილ რუკაზე (იხ. ბერაძე, 1967:47; მისივე, 3, 1971:151). თეკლათს არ ახსენებს ვახუშტი ბაგრატიონი, მაგრამ გვხვდება XVIIIს. გერმანელი მოგზაურის - იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ნაშრომში (გიულდენშტედტი, 1962:323).
ლევან II დადიანის მიერ 1628 წელს ბიჭვინთის ტაძრისადმი „შეწირულების სიგელში“ იხსენიება „ორი მოსახლე სალაყაია თეკლათს...“ 1696-1742 წლებს შორის პერიოდით თარიღდება „პირობის წიგნი“, საიდანაც ირკვევა, რომ გრიგოლ კათალიკოსს (ლორთქიფანიძეს) გიორგი ბერძენისთვის უბოძებია „თეკლათს მოსახლე კაცი ფუცხუტია...“ (კაკაბაძე, II, 1921:175). გრიგოლ კათალიკოსის გარიგების წოგნში, რაც 1712 წლით თარიღდება, გვხვდება „თეკლათს კანდელაკის შვილი სალაყაია კოჩაილეი“, ასევე ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძრისადმი შეწირული (იხ. კაკაბაძე, I, 1921:43, 106). 1696-1742 წლების ახლო ხანებში დაწერილ საბუთში აღნიშნულია, რომ გრიგოლ კათალიკოსს ბიჭვინთისთვის შეუწირავს „თეკლათს მოსახლე კაცი ღვაკალაი გრიგოლა“ (იქვე:156). გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლით დათარიღებული გუჯარის მიხედვით, „... თეკლათს ერთი მოსახლე გარუჩავა ერისთვის ქალმა დედოფალმა შესწირა მისის ყოვლისფერიანათ“ ბიჭვინთის ტაძარს (იქვე:143).
XIXს. 30-იანი წლების ოდიშ-ლეჩხუმის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ჩვენებით, თეკლათი სუჯუნის მაზრაში შემავალი სოფელია (მეუნარგია, 1939:113).
კავკასიის მხარის 1886 წლის კომლობრივი აღწერის მასალების თანახმად, სენაკის მაზრაში არსებობდა თეკლათის სასოფლო საზოგადოება, სადაც გაერთიანებული იყო ექვსი სოფელი:
ძონძირი - 23 კომლი (მათ შორის, 74 კაცი, 60 ქალი; სულ 134 სული);
ისულა - 32 კომლი (მათ შორის, 74 კაცი, 63 ქალი; სულ 137 სული);
რეკა - 53 კომლი (მათ შორის, 130 კაცი, 132 ქალი; სულ 262 სული);
სახარბედიო - 229 კომლი (მათ შორის, 328 კაცი, 298 ქალი; სულ 626 სული);
თეკლათი - 507 კომლი (მათ შორის,1288კაცი,1118ქალი;სულ2406 სული);
შხეთი - 229 კომლი (მათ შორის, 649 კაცი, 564 ქალი; სულ 1213 სული).
ექვსივე სოფელში კომლთა რაოდენობა იყო 972 (მათ შორის, 2543 კაცი, 2235 ქალი; სულ 4778 სული).
XIXს. 90-იანი წლების მონაცემებით, არსებობდა ზემო და ქვემო თეკლათი. გაზეთ „ცნობის ფურცელის“ მიხედვით, ზემო-თეკლათში ყოველწლიურად, აღდგომის მეოთხე დღეს იცოდნენ ჯარიანობა, ცხენების ჯირითი, ხატისთვის დანაპირები შესაწირავის გაღება და დროის ტარება (გაზ. „ცნობის ფურცელი“, №807, 1899).
XXს. დამდეგს (1904 წლის „აღწერის“ მონაცემებით) თეკლათში მამულებს ფლობდნენ და მოსახლეობდნენ ორი კომლი თევზაია აზნაურთა წოდებით, ქოჩაკიძეები, ჩხეტიები, ხოფერიები და ჯაიანები. აქვე მამულები ჰქონიათ თავად მხეიძეებს.
საქ. სსრ ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის (1930 წ.) მიხედვით, სენაკის რაიონის ქვედა თეკლათის სასოფლო საბჭოში ექვსი სოფელია:
გოლასქური - 123 კომლი (591 სული);
თეკლათი ქვედა - 157 კომლი (734 სული);
პერტული - 28 კომლი (96 სული);
რეკა - 73 კომლი (360 სული);
საგვარამიო - 72 კომლი (342 სული);
ტყირი - 130 კომლი (606 სული).
სულ ქვედა თეკლათის სასოფლო საბჭოში ცხოვრობდა 583 კომლი (2729 სული).
იმავე ცნობარის ჩვენებით, არსებობს თეკლათის სასოფლო საბჭოც, სადაც კომლთა რაოდენობაა 1474 (6890 სული; მათ შორის, 6871 ქართველი, 7 რუსი, 9 სომეხი, 3 დანარჩენი). თეკლათის სასოფლო საბჭოში 12 სოფელი ერთიანდებოდა:
ბათარია - 76კომლი (359);
თეკლათი ზედა - 70 კომლი (266 სული);
ისულა - 105 კომლი (457 სული);
ნატოჩაო - 100 კომლი (493 სული);
საგრიგოლიო - 128 კომლი (667სული);
სალომიო - 181 კომლი (847 სული);
საკალანდარიშვილო - 42 კომლი (224 სული);
საქაჩიბაო - 28 კომლი (124 სული);
საწულეისკირიო - 58 კომლი (248 სული; მათ შორის, 1 რუსი, 7 სომეხი);
სახარბედიო - 153 კომლი (682 სული);
შხეფი - 296 კომლი (1432 სული; მათ შორის, 6 რუსი, 2 სომეხი, 1 დანარჩენი);
ძონძირი - 273 კომლი (1091 სული).
1949 წლის 1 სექტემბრის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის მიხედვით, არსებობს თეკლათის სასოფლო საბჭო ხუთი სოფლით: თეკლათი, საგვარამიო, ტყირი, რეკა და გოლასკური (დაყოფა, 1949:104).
სამეგრელოს ეპარქიის 1838 წლის აღწერის მასალებში დასახელებულია თეკლათის მთავარანგელოზის ეკლესია. 1846 წლის საარქივო დოკუმენტის თანახმად, ამ ეკლესიაში მღვდლად გამწესებული ყოფილა მიქელ სალაყაია, დიაკვნად - მაქსიმე გრიგოლია (ჭითანავა, 2010:60, 63). სამეგრელოს ეპარქიის 1855 წლის აღწე რის მიხედვით, სუჯუნის მაზრაში მითითებულია ზედა თეკლათი და ქვედა თეკლათი, ორივე სოფელში მთავარანგელოზის ეკლესიებით (იქვე:64).
1873 წლის სტატისტიკური აღწერილობის მასალებში დასახელებულია სოფელი თეკლათი, ოთხი ეკლესიითა და სკოლით (იქვე:75).
კ. ბოროზდინის დახასიათებით, ზუგდიდის გზის მახლობლად მდებარე სოფელ თეკლათს გარშემო უტეხი, გაუვალი, ნარ-ეკლით გაბანდული ტყე აკრავდა, რაც საუკეთესო სანადირო ადგილს წარმოადგენდა. აქ ცხოვრობდა თავადი ივანე (კინტირია) მხეიძე, რომელსაც ხის სახლი ედგა. ამ სახლში დროებით, საოლქო სამმართველოსათვის ახალი შენობის აგებამდე ცხოვრობდა სენაკის ოლქის მმართველი კ. ბოროზდინი. თეკლათშივე ცხოვრობდა შეძლებული თავადი გრიგოლ მხეიძე. ამ გვარისკაცნი ხე-ტყის წარმოებას მისდევდნენ, მდ. ხობისწყლისა და რიონის საშუალებით ხეები და ფიცრები გასაყიდად გაჰქონდათ ზღვისპირეთში (ბოროზდინი, 1934:232-233).
გ.კალანდარიშვილის მსჯელობით, თეკლათი მეგრული სიტყვაა და სიტყვასიტყვით „ამ ასაქცევს“ ნიშნავს (?). ავტორი ფიქრობს, რომ ვინაიდან თეკლათი სოფელ ეკისკენ მიმავალი გზის ასაქცევზეა, ამ ტერიტორიას თითქოს, ამის გამო ეწოდა თეკლათი „ეს ასაქცევი“ (კალანდარიშვილი, „კოლხეთი“, №2, 1974:3). გ. ელიავას წიგნში - „სენაკის რაიონის ტოპონიმია“, მოცემულია თეკლათის პარალელური ფორმა თეკათი, შემდეგი განმარტებით: „ეს კალთა“ (?). ოიკონიმს ახლავს ხალხური ეტიმოლოგიებიც: 1. შორეული კუთხიდან ჩამოსულ კაცს ერთი შვილი აქ დაუსახლებია და უთქვამს: თე კართე ქედეკინია „ეს კალთა დაიკავეო“; მეორისთვის ეკის მთის მხარე მიუჩენია სამოსახლოდ - შენ გქონდეს ეკალიო „მაღალი, ზემო მხარეო“. აქედან მოდის სახელწოდება თეკლათი-->თეკართი-->თეკართე; 2. თეკართი, თექ ქაიკართე „ამის შემდეგ ჭაობი იწყება და ჩოხის კალთა აიწიეო (ელიავა, 1989:26). იმავე წიგნის 30-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ თეკლათის სასოფლო საბჭოს ცენტრის სახელწოდებაა თეკმართუ. ტოპონიმს ახლავს „განმარტება“: „აქ გასაყოფი“ და ინფორმანტ თამაზ კანკიასგან ჩაწერილი ხალხური ეტიმოლოგია: ეს ადგილი გზაგასაყარს წარმოადგენდა: ერთი გზა აფხაზეთისკენ, მეორე - ზემო სამეგრელოსკენ მიემართებოდა და ამიტომ შეარქვეს თეკმართუო (იქვე:30). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გულუბრყვილო „მსჯელობითაც“ გაუგებარია, რატომ თარგმნა მკვლევარმა ტოპონიმი „თეკმართუ“ როგორც „აქ გასაყოფი“!
ერთ ხალხურ ლექსში გვხვდება ოიკონიმი „თეკართის“ ფორმით: „თუდოლეშე შორც იძირე - ურთა, თეკართი დო ეკი, ჟიმოლეშე, გვალას გვალა მუნორცხიილ ეკი-ეკი“ (ქვემო მხრიდან შორით მოჩანს - ურთა, თეკლათი და ეკი, ზემო მხრიდან, მთაზე მთაა აღმა-აღმა მისახსრული...).
თეკლათი ჯგუფურ ანთროპონიმად უნდა მივიჩნიოთ და იგივეა, რაც „თეკლას ოჯახი, შთამომავლობა“. ტრანსონიმიზაციის გზით ჯგუფური ანთროპონიმი გადაიქცა ადგილის სახელად და მივიღეთ ოიკონიმი „თეკლათი“.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი