უკან დაბრუნება
განცხადებები
უცნობი ნოტიო - ისტორია მიჩქმალული ღვაწლის შესახებ
4-09-2016, 11:33
ნანახია: 1891
გაუზიარე სტატია მეგობარს


უცნობი ნოტიო - ისტორია მიჩქმალული ღვაწლის შესახებ ფოთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მრავლად შეხვდებით ცნობილი ადამიანების სახელობის ქუჩებს, მათ შორის ქართველი ლოტბარის, ძუკუ ლოლუასი. 32 ნომერში მდებარე შენობის ფასადზე გამოკრულია აბრა, რომელზეც ვკითხულობთ, რომ აქ ცხოვრობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ლოტბარი ძუკუ ლოლუა. ფირნიშზე არაფერია ნათქვამი ლოტბარის დაზე, ნოტიო ლოლუაზე, რომელმაც სწორედ ამ სახლში დაარსა დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასაწავლებელი.
ყოფილი სასწავლებლის შენობაში ამჟამად, ძუკუ ლოლუას შვილიშვილი, ირაკლი ლოლუა ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
მან ვიდეოინტერვიუს ჩაწერაზე უარი გვითხრა და მხოლოდ ნივთები გვიჩვენა, რომელიც ნოტიომ მოსწავლეებთან ერთად დაამზადა.
„ქარგავდა, ქსოვდა და ამ ნივთების გაყიდვით არჩენდა სკოლასაც და ოჯახსაც. რომ არა ნოტიო, ძუკუ არაფერი არ იქნებოდა. ნოტიომ მთელი თავისი ცხოვრება ძმას შესწირა ფაქტობრივად“, - გვითხრა ირაკლი ლოლუამ.
ნოტიო ფოთში, ძმის გვერდით არის დაკრძალული. ფოთელმა ანა გვალიამ, რომელიც თავს ფემინისტად მიიჩნევს, ნოტიოს საფლავი გვიჩვენა. ანას სიტყვებით, უსამართლობაა, როცა საზოგადოებამ ძუკუ ლოლუას ღვაწლის შესახებ მეტი იცის, ხოლო ნოტიოზე თითქმის არაფერია ცნობილი.
„მე ვმუშაობდი სამაგისტრო ნაშრომზე, ქართული ფემინიზმის აქტივიზმის განვითარების შესახებ, მაგრამ ნოტიოზე ცნობები არსად შემხვედრია. ალბათ იმიტომ რომ ქალია და მისი ღვაწლი და სახელი მისი ძმის სახელმა დაჩრდილა“, - გვითხრა ანა გვალიამ.
ნოტიო ლოლუა დაიბადა 1875 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ქვალონში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ იგი ჯერ ფოთში, ხოლო შემდეგ ბათუმში, ერთ კერძო სასწავლებელში მიაბარა, რომელსაც სამკერვალო სახელოსნოც ჰქონდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ნოტიო ფოთში დაბრუნდა, კერძო სამკერვალო დააარსა ქალებისთვის. მოგვიანებით, სამკერვალო პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთდა. აქ ისწავლებოდა: ჭრა–კერვა, ხატვა–ხაზვა, ხალიჩების, წინდების, შალეულის ქსოვა, აგრეთვე გამოჩენილ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრების ოქრომკერდით ამოქარგვა. ხელსაქმესთან ერთად, სასწავლებელში ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, სამოქალაქო ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, გალობა და საღვთო ისტორია.
ნოტიო ლოლუა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების წევრიც იყო.
ანა გვალიას თქმით, დასანანია, რომ იმ შენობაზე, რომელსაც ერთ დროს „ნოტიოს სკოლას“ ეძახდნენ, აბრა არ არის გამოკრული და ძუკუ ლოლუას დის ღვაწლი მიჩქმალულია.
„სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ნოტიოს ღვაწლის შესახებ, ქალაქში უნდა არსებობდეს მისი სახელობის ქუჩა, და ზოგადად, ახალმა თაობამ უნდა იცოდეს იმ ადამიანთა შესახებ, ვინც საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს”, - გვითხრა ანა გვალიამ.


წყარო: livepress.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი