უკან დაბრუნება
განცხადებები
სამეგრელო კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხის სამოგზაურო ჩანაწერებში
14-08-2016, 20:02
ნანახია: 1931
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია


XIX ს. I ნახევრის სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და სხვა სახის ვრცელი აღწერილობა მოცემულია ცნობილი გერმანელი ბოტანიკოს დენდროლოგისა და მეცნიერის, იენის უნივერსიტეტის პროფესორის _ კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხის (1809-1879 წწ.) სამოგზაურო ჩანაწერებში. კოხი 1847 წლიდან ბერლინშია.
ერთ დროს, ბერლინის ბოტანიკური ბაღის დირექტორადაც მუშაობდა. მას ეკუთვნის საინტერესო შრომები მცენარეულ სამყაროზე. 1869-1872 წლებში სამ ტომად გამოვიდა ,,დენდროლოგია~ და ა.შ. ჩვენი კვლევისთვის საინტერესო კოხის ნაშრომი დაიბეჭდა ქ. ლაიფციგში, 1855 წელს, მის მიერვე შედგენილ კრებულში _ ,,კავკასიის ქვეყნები და სომხეთი~. კრებულში გაერთიანებული ხუთი ავტორის თხზულებიდან ერთი _ ,,მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გასწვრივ~, ეკუთვნის ედმუნდ სპენსერს. II და IV თავების ავტორი კი, კრებულის შემდგენელი კ. კოხი გახლავთ (,,მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზონამდე (კოლხეთი და ლაზების ქვეყანა~) და ,,ბრძოლის ველზე გასვლა~. საგულისხმოა ჩანაწერებში მოცემული ცნობები ეთნოლოგიური, ყოფის შესწავლის, გეოგრაფიული გარემოს აღწერისა და ფლორის თვალსაზრისით. ეს არის უაღრესად საინტერესო ისტორიული მასალა, რამდენადაც სპენსერი და კოხი ერთდროულად, 1836 წელს, მოგზაურობდნენ კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში. ,,ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, როგორ გამოიყურება ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის თვალით ერთდროულად დანახული კავკასია და საქართველო და აგრეთვე ისიც, თუ როგორ გამოიყურება საქართველო და აგრეთვე ისიც, თუ როგორ გადატყდა სხვადასხვა ინტერესების მქონე და განსხვავებულ პოზიციებზე მდგომ მოგზაურთა ცნობიერებაში აქ შექმნილი პოლიტიკური ვითარება [3,12-13].
წინამდებარე ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ საკითხზე, თუ როგორ აისახა სამეგრელოს ისტორიული წარსული გერმანელი მეცნიერის და მოგზაურის _ კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხის სამოგზაურო ჩანაწერებში. ლ. მამაცაშვილის თქმით, კოხის სამეგრელოში მოგზაურობა დაემთხვა ,,იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს, ფაქტიურად, დაკარგული ჰქონდა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მეფის რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის მარწუხებში იყო მომწყვდეული~ [3,13]. ეს ვითარება, დასძენს მთარგმნელი, კარგად არის შესწავლილი ჩვენს ისტორიოგრაფიაში; მაინც, ამ პერიოდის ამსახველი ყოველი ახალი წყარო დიდ ინტერესს აღძრავს და გარკვეული მნიშვნელობის მქონეა ქვეყნის ისტორიის შესწავლის დროს [3,13-14]. კოხი აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე გამოვლილი განსაცდელის შემდეგ, პირველი დასახლებული პუნქტი, რაც მან სამეგრელოში იხილა, იყო რედუტ-კალე, ,,უფერული ქალაქი, რომელსაც აღარაფერი შერჩენოდა თავისი ძველი ბრწყინვალებიდან~. რედუტ-კალეს შესახებ, კოხი ვრცელ ცნობებს გვაწვდის.
მისი აზრით, XIX ს-ის I მეათედში აზიის შიგნით, უმთავრესად, სპარსეთში, განსაკუთრებით თავრიზში, რედუტ-კალედან იგზავნებოდა ევროპული საქონელი. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსებმა აზიისკენ ადგილობრივი ნაწარმის გაგზავნის მიზნით, ყველა უცხო გემისთვის ნავსადგურები გადაკეტეს, ამიერკავკასიის მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ხელიდან გამოეცალა. ამის შემდეგ, ევროპული საქონლის უსაფრთხოდ გატარების მიზნით, ახალი სავაჭრო-საქარავნო გზა გაიხსნა ტრაპიზონიდან ერზერუმისკენ. თუმცა, ეს გზა ადგილმდებარეობის გამო, გაუთავებელ სიძნელეებს ქმნის.
კოხი რედუტში ასახელებს სხვადასხვა ეროვნების ხალხს. ყოველწლიურად გამართულ ბაზრობაზე, მოგზაურის თქმით, იყიდებოდა ჩამოქნილი სანთლები, ხორცი, საპონი, ჩინური ჩაი, შაქარი, ზეთი, არაყი და სხვა. აღმოსავლური რესტორნები, დასავლურისგან განსხვავებით, შენობის შიგნით კი არა, გარეთ, ქუჩაში იყო მოთავსებული. ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში გამუდმებით იხარშება ხორცი, მეტწილად ცხვრისა. ხახვით, ნივრით, ესპანური წიწაკით და სხვა მისთანანით მომზადებული დიდი რაოდენობის ადგილობრივი საკმაზი ხორცს საკმაოდ ცხარე გემოს აძლევს. ევროპელებისთვის ასეთი საჭმელი მეტისმეტად ცხარეა. ცხვარი სამეგრელოში ალპურ საძოვრებზე, განსაკუთრებით, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაიარება და იკვებება მაღალი მთების ნოყიერი ალპური ბალახეულით. აქ, მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის ხორცის შეძენა უფრო ძვირი უჯდებათ, მას მაინც ყიდულობენ, რადგან ძალიან უყვართ ცხვრის მწვადები. რედუტ-კალეს მაღაზიებში რუსები იძენენ შამპანურებს და საოჯახო დღესასწაულების დროს, ერთ ბოთლ შამპანურში ხალისით იხდიან ვერცხლის ოთხ ან ხუთმანეთიანს, რაც ხშირად მათი ერთი კვირის ხელფასს შეადგენს. რუსი ოფიცრები უფრო ხელგაშლილები არიან მაგარი სასმელების შეძენისას. ისინიმხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ, მაშინ, როდესაც მათ თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საშინელი მომავალი _ შავი ზღვის ციებ-ცხელება და მტერი მთაში [3,166-167]. კოხის ამ ცნობებს ლ. მამაცაშვილი შემდეგ კომენტარს უკეთებს: ,,ყველაფერი ეს ევროპელი მოგზაურისათვის უცხო და საინტერესო იყო, მაგრამ ცოტა გაუგებარიც. ყველგან და ყველაფერში კ. კოხი ანალოგიას ატარებს საკუთარ სამშობლოსთან და საზოგადოდ, ევროპულ ყოფასთან. რედუტ-კალეს (და სხვა ნებისმიერი სავაჭრო ცენტრის) დუქნები, კ. კოხის აზრით, ვერავითარ მეტოქეობას ვერ უწევს ბავარიის ყველაზე ჭუჭყიანი სოფლების დუქნებსაც კი. დანანებით აღნიშნავს იგი, რომ ევროპული საქონელი უკვე აღარ შემოდის რედუტ-კალეში და თუ იშვიათად მაინც გამოჩნდა, _ ძალიან ძვირად ფასობს~ [3,72-73]. გეოგრაფიული სახელწოდების _ რედუტ-კალეს საისტორიო ლიტერატურაში დამკვიდრება უკავშირდება XIX ს-ის დასაწყისიდან ხობისწყლის შესართავთან არსებულ ნავსადგურში რუსეთის ჯარის ნაწილების ჩაყენებას. ეს ნავსადგური მანამდე ყულევის სახელით იყო ცნობილი და მისი ისტორია 1804 წლიდან, ანუ იმ დროიდან, რაც ყულევი და მისი მიდამოები რუსეთის ქვეითმა პოლკმა დაიკავა, სულ სხვა გზით წარიმართა [4,3]. ყულევი სოფელი და თემის ცენტრია ხობის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე, ხობისწყლის შესართავთან; ქალაქ ხობს 18 კმ-ით არის დაშორებული. პ. ცხადაიას დაკვირვებით, ,,სოფლის მთელი მოსახლეობა განთავსებულია ერთ ქუჩაზე, რომელიც მდ. ხობისწყლის მარჯვენა ნაპირს გასდევს სოფ. ყორათიდან ისტორიული ციხესიმაგრის ნანგრევებამდე“ [8,220]. სახელწოდების იშვიათი ვარიანტია კულე. ნ. ასათიანის ვარაუდით, სოფლის სახელწოდება თურქული ყულიდან (,,მონა“) უნდა წარმოდგებოდეს. არგუმენტი: ,,ხობის შესართავიდან ხომ ოსმალებს ქართველი ტყვე-მონები გაყავდათ“. კერძო საუბარში გამოთქმულ ამ აზრს იზიარებს მ. პაჭკორია და დასძენს: ,,ასეთ მოსაზრებას იქნებ ეხმაურება ,,ყულისკარი“, რომელიც ზუგდიდის რაიონში ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება იყო“ [4,8; სქოლიო]. მონის აღმნიშვნელი სიტყვა ,,ყული“ არც თურქული წარმოშობის სიტყვა არის და მას არც ,,ყულევთან“ აქვს რაიმე საერთო. ყულევის ფუძე არაბული ,,კულეს“ სახენაცვალი ფორმაა (ყულე), ხოლო -ევ გეოგრაფიულ სახელთა სუფიქსია. ოსმალობის ჟამს, იქ ,,კულედ“ იწოდებოდა თავად ჯაიანის კოშკი. ამ კოშკს, XIX ს-ის დამდეგს, რუსული სიმაგრეც (რედუტ-კალე) მიემატა. ამ სოფლის ერთ-ერთი გვიანდელი სახელი იყო რედუტ-კალე: ,,რედუტი“ ფრანგული სიტყვაა და ,,მცირე ციხეს“ ნიშნავს, ხოლო ,,კალე“ _ არაბულად ,,ციხეა“. რედუტად იწოდა რუსთა მიერ 1804 წელს აგებული ციხე (Землянной редут) [10,25; 4,6-7; 5,34; 7,379-392]. კ. სპასკი-ავტონომოვი სახელწოდება ,,რედუტ-კალეს“ ხობის შესართავთან კაზაკების დამკვიდრებას (1804 წ.) უკავშირებს და წერს, რომ ხობისწყლის ზღვასთან შესართავთან, მდინარის მარცხენა ნაპირზე მათ ააგეს რედუტი, ხოლო იქ, სადაც ხობი და ცივი უერთდება ერთმანეთს, შეიმჩნევა გარედან აგურით მოპირკეთებული ქვის ორი კედელი. ამ ძველი კედლების ნანგრევებზე ნათლად შეიმჩნევა ნაყარი მიწით შემაღლებული ადგილი, რაზეც თავადმა ჯაიანმა ხის კოშკი ყულევი ააშენა. იქ მდგარი დაცვა მეთვალყურეობას უწევდა შავი ზღვის სანაპიროს. ტყით დაფარული კოშკი ზღვიდან შეუმჩნეველი იყო. სპასკი დასძენს, რომ სწორედ კაზაკების მიერ აგებულმა რედუტმა და ჯაიანის ძველმა კოშკმა კულემ, ანუ კალემ მისცა სახელი დღევანდელ რედუტ-კალეს [4,7]. რედუტ-კალეს ისტორიის მკვლევარი, მამანტი პაჭკორია იმოწმებს ფოთის ნავსადგურის პროექტების შედგენასა და მშენებლობაზე მომუშავე ინჟინერ შავროვის ცნობას, რომლის თანახმად, ხობის სანაპიროზე დაბინავებულმა ბელევის სამხედრო ნაწილებმა მალე იქ გააშენეს ,,Земляной ре- дут. Редуту этому прибавили слово Кале, что значит ,,крепость~ [4,31]. რედუტ-კალეს ციხის მშენებლობა რამდენიმე წელიწადს მიმდინარეობდა, რასაც მოწმობს 1808 წლის 24 იანვრის ცნობა, კერძოდ, მთავარმართებლის მიერ სამხედრო მინისტრ პროზოროვსკისადმი გაგზავნილი მოხსენება, რაშიც აღნიშნულია: ,,რედუტ-კალეში მე ისეთი სამხედრო სიმაგრის აგება ვუბრძანე, რომ ჯარის მცირე რიცხვითაც შეიძლებოდეს მტრის ყველა შემოტევის მოგერიება. ციხე-სიმაგრის მშენებლობა მალე დამთავრდება“-ო. მდინარის მარცხენა მხარეს შემორჩენილ აღნიშნულ ნაციხარს ადგილობრივი მოსახლეობა ჯიხას ,,ციხის“ სახელითმოიხსენიებს. რედუტ-კალე დასავლური გაგებით არასდროს ყოფილა ქალაქი. ვაჭრობისათვის მანამდე თითქმის უცნობი სანაპირო პუნქტის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პუნქტად (ემპორიუმად) გადაქცევას ვაგნერი სამეგრელოში რუსული მმართველობის დაწყების პერიოდს უკავშირებს. მისი მნიშვნელობა დიდი იყო 1831 წლამდე. რედუტ-კალეს დაწინაურებას ხელი შეუწყო ტრანსკავკასიის პროვინციებისათვის 1821 წლის 8 ოქტომბრის კანონის საფუძველზე 10 წლით ვაჭრობის სრული თავისუფლების მიღებამ. შეღავათების დაწესებამ მოიტანა ის, რომ თორმეტიოდე ღარიბი ხის ქოხით ცნობილ რედუტ-კალეში დასახლება დაიწყეს მშენებლებმა, ვაჭრებმა, მიკიტნებმა და სპეკულანტებმა. ჭაობიან მიწაზე სოკოებივით მომრავლდა მაღაზია-საწყობები. ემპორიუმისკენ მცირე აზიის ნავსადგურებიდან გამოემართნენ თურქი და ბერძენი მენავეები. ოდესელ ექსპედიტორებს დაქირავებული პატარა ნავებით შემოჰქონდათ სავაჭრო საქონელი. შემოტანილი საქონლის ღირებულებამ ათწლიანი ვაჭრობის პირობებში 2 მილიონი ვერცხლის მანეთი შეადგინა. კოლხური პროვინციები პროგრესულ ვაჭრობაში ჩაებნენ. სამეგრელოდან ოდესისკენ გაჰქონდათ ადგილობრივი ნაწარმი: სიმინდი, ფეტვი, გამხმარი ხილი, თამბაქო, ტყავეული, ცვილი, ღვინო, ყველაზე მეტად კი _ საუცხოო მეგრული საშენი ხე-ტყე, რაც ამოუწურავ სიმდიდრეს წარმოადგენდა რედუტ-კალესთვის. ამ შემოსავლიანი სატრანზიტო ვაჭრობიდან მიღებულ მოგებას, ოდესასა და რედუტ-კალესთან ერთად, ინაწილებდა ტფილისი და ერევანი, აგრეთვე ტრანსკავკასიის ყველა, ზღვას მოწყვეტილი შიდა ნაწილი [4,136-137]. შეღავათიანი ტრანზიტისა და ვაჭრობის პერიოდის (1821-1831 წწ.) ყულევის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ისტორიკოსი მ. პაჭკორია. 1821 წლის 8 ოქტომბრის კანონის საფუძველზე, დაწესებული შეღავათიანი სატრანზიტო დათმობებით, რუსეთი ამიერკავკასიაში გარკვეულ მიზნებს ისახავდა. საიმპერიო ტარიფით განსაზღვრული ბაჟი (25-50%), ამ კანონის საფუძველზე, ითვალისწინებდა 5%-იანი ბაჟის გადახდას, როგორც შემოტანილ, ისე გატანილ და ტრანზიტულ საქონელზე. ასეთი შეღავათის დაწესებით, რუსეთის იმპერია ცდილობდა, ევროპული საქონლისთვის გზა გაეხსნა ამიერკავკასიის, შუა აზიისა და ირანისაკენ. შეღავათების დაწესება ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ტრაპეზუნდარზრუმის გზის გადმონაცვლებასაც [4,17-18; 5,36-37]. შეღავათიანი ვაჭრობის გაუქმების შემდგომდროინდელი ყულევის სოციალურ-ეკონომიკური სახე კარგად არის ასახული ნოვოროსიისკის მხარის გენერალ-გუბერნატორის (მოგვიანებით მეფისნაცვლის) მ. ს. ვორონცოვის წერილში იმპერატორ ნიკოლოზ I-ისადმი. ვორონცოვი 1836 წელს სწვევია ყულევს. იგი წერდა: ,,ეს საზღვაო პუნქტი ამიერკავკასიაში თავისუფალი ვაჭრობის არსებობის პერიოდში დიდ როლს ასრულებდა კომერციული სამყაროსათვის. აქაური ვაჭრობის საერთო წესისადმი დაქვემდებარებამ, ტრანზიტის შეწყვეტამ და ნავსადგურისა და ციხესიმაგრის ფოთში გადატანამ, თითქმის მოსპო წინანდელი სარეწები და აყვავებული სახე ბაზრისა, თუმცა რედუტკალეში ჩვენ კიდევ ვიპოვეთ რამდენიმე ქართული დუქანი“ [4,22].
1840 წელს რედუტ-კალეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ღია ზღვაზე, ბუნებრივად მოუფარებელ და ჭაობებით დაფარულ ადგილას მდებარე ყულევი წარმოადგენდა შავ ზღვაზე ამიერკავკასიის მთავარ ნავსადგურს და საქართველო-ამიერკავკასიაში ვაჭრობისა და საქონელწარმოების განვითარების შედეგად წარმოქმნილ ქალაქს, საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ [1,376]. რედუტ-კალეს დასახლების სტრუქტურის შესწავლის თვალსაზრისით, საყურადღებო ცნობებია დაცული ი. დუკრუასის წერილში. 1849 წელს აქ მნახველს შეეძლო ენახა ხის შენობებისაგან შემდგარი დიდი ბაზარი, ხოლო ბაზრის ბოლოს, ხობისწყლის შესართავთან, კარანტინი და საბაჟო. სავაჭრო ნაგებობანი და საცხოვრებელი სახლები, უმთავრესად, მდინარის მარცხენა მხარეს იყო განლაგებული [9,54-57; 4,25]. ხობისწყლის შესართავთან, გაუქმებული რედუტის ადგილას აგებული საკარანტინო შენობა ოთხი განყოფილებისგან შედგებოდა. პირველში მოთავსებული ყოფილა კანცელარია. აქვე იყვნენ დაბინავებულნი მოსამსახურეები; მეორე განყოფილებაში ათავსებდნენ იმ საქონელს, რასაც საკარანტინო წმენდა უნდა გაევლო, მესამე მგზავრთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო მეოთხე შავი ჭირის დაწესებულებას წარმოადგენდა. ზღვისპირას მოწყობილი ყოფილა სანაპირო გზის მაკონტროლებელი საგუშაგო. ქალაქს მატროსთა სახლიც ჰქონია [4,33-34].
ყირიმის ომის მიწურულს (1855 წლის დამდეგიდან) ყულევი ომერ-ფაშას მთავარ ბანაკად იქცა. ასე გაგრძელდა 1856 წლის გაზაფხულამდე, როცა ოსმალები გაიქცნენ ყულევიდან. გაქცევის წინ მტერმა გადაწვა ქალაქი. ამით დასრულდა კიდეც მისი ქალაქობის 16-წლიანი ისტორია. ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. მალე ფოთში ნავსადგური გაიხსნა და ყულევის ქალაქობის საჭიროებაც წარიხოცა [6,87].
რედუტიდან 5 საათის სავალზე კოხი ასახელებს ფოთს ანუ ფაშ-კალეს. მოგზაურის ინტერესი გამოუწვევია ქვიშიან ნაპირზე მდებარე, შინდისა და კუნელის ბუჩქების ტყეს. რედუტ-კალესთან შედარებით ფოთი უფრო სევდისმომგვრელია და გაცილებით მავნე ჯანმრთელობისთვისაც. სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას ხელსაყრელი მდებარეობა და მომგებიანი პირობები აქვს, მაგრამ რუსები მას მხოლოდ სამხედრო ბანაკად იყენებენ. ფოთის გარშემო არსებული ჭაობი ყველაზე საშიში მტერია ადამიანისთვის. ამიტომ აქ არავინაა ხალისიანი და ჯანსაღი შესახედაობისა. ციებ-ცხელებას ზღვიდან მონაბერი ქარიც ამძაფრებს, რომელსაც მავნე ანაორთქლით გაჟღენთილი ნოტიო ჰაერი გამოაქვს. რიონი, რაც აქ ზღვას უერთდება, ძალზე მოსახერხებელია კონტრაბანდისთვის. მას შლამიანი შესართავი აქვს და ამის გამო, დიდი ზომის გემებისათვის არასანაოსნოა. უცხო საქონლის ზღვიდან გადმოზიდვა სამაგიეროდ ბრტყელი ნავებითა და კაპარჭებითაა შესაძლებელი. რიონი ამ ადგილზე იმდენად განიერია, რომ მის გადალასალახავად 15 წუთზე მეტი დროა საჭირო. მის მარჯვენა, უფრო მაღალ ნაპირზე აუგიათ ციხე-სიმაგრე რიონსკის სახელწოდებით. ციხე ევროპული ყაიდის ომისთვის გამოუსადეგარია, რადგან დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. საკუთრივ ფოთი, ანუ ფაშ-კალე მდინარის მარცხენა ნაპირზე, აშმორებულ დაბლობზეა [3,168-169]. ჩანაწერები მის ავტორს დაკვირვებულ მოგზაურად და სოლიდური ცოდნით შეიარაღებულ მკვლევრად წარმოაჩენს, რომელიც კარგად იცნობს წინამორბედი ცნობილი ევროპელი მოგზაურების _ ჟან შარდენის, იაკობ რაინეგსის, დიუბუა დე მონპერესა და სხვათა თხზულებებს. მის მიერ მოპოვებულ მასალებთან და დაკვირვებებთან ერთად, უხვად წარმოგვიდგენს და ხშირად სარგებლობს მათი ცნობებით [3,17]. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს არგონავტების აიაში (კოლხეთში) მოგზაურობაზე საუბრისას. ხიფათის მაძიებელი ძველი ბერძნები, ანუ არგონავტები მითიური მეფე აიეტის მეფობის დროს მოვიდნენ აიაში (კოლხეთი) და მოიტაცეს აიას ტაძარში დაკიდებული ოქროს საწმისი. იაზონმა უკან მოითხოვა მისი ბიძაშვილის _ სამშობლოდან გაძევებული და კოლხეთს თავშეფარებული ფრიქსოსის მიერ, საბერძნეთიდან ჩამოტანილი განძეულობა და აიეტის ქალიშვილის _ მედეას დახმარებით შეძლო კიდევაც ჩანაფიქრის განხორციელება. მედეა, ღალატი რომ დაეფარა, იაზონთან ერთად გაიქცა აიადან, ხოლო შემდეგ თვითონ გახდა ღალატის მსხვერპლი. არგონავტებს შორის კოხი ასახელებს ჰერაკლესა და თეზევსს. ამრიგად, _ დაასკვნის კოხი, _ ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ კოლხეთი კულტურული ქვეყანა იყო. უეჭველია, აქ ინდოეთიდან, ან როგორც ჰეროდოტეს მიაჩნდა, ეგვიპტიდან იქნა შემოტანილი ვაჭრობა და მიწათმოქმედება~ [3,170]. ფრიქსე, ბერძნულ მითოლოგიის მიხედვით, ათამანტესა და ღრუბლების ქალღმერთის _ ნეფელეს ვაჟია და ჰელეს ძმაა. როცა დედინაცვალმა ინომ და-ძმის დაღუპვა გადაწყვიტა, ნეფელემ ოქროსსაწმისიანი ვერძი გამოგზავნა და და-ძმა ჰაერში აიყვანა. ფრიქსემ კოლხეთს მიაღწია და აიეტთან მიიღო თავშესაფარი, ვერძი მსხვერპლად შესწირა და საწმისი ჭალაში ჩამოკიდა, რასაც დრაკონი მეთვალყურეობდა [2,850].
უკანასკნელ ხანს, სამეგრელოს შესახებ მრავალი მონოგრაფია და სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ ასეთი მზარდი ინტერესის მიუხედავად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას შემდეგი: რა კუთხითაც არ უნდა განვიხილოთ სამეგრელოს წარსული, დღემდე გამოცემული და ჩვენს ხელთ არსებული რამდენიმე ათეული მონოგრაფიისა და ცალკეული გამოკვლევის არსებობის შემთხვევაშიც კი, საბოლოოდ მაინც იმ შეხედულების აღიარება მოგვიწევს, რომ ბევრი რამ ამ რეგიონის ისტორიიდან გამოსამზეურებელია, მთელი რიგი საკითხებისა კვლავაც საგანგებო კვლევასა და ახლებურად გააზრებას საჭიროებს.Eეს კი შეუძლებელია, უპირველეს ყოვლისა, ევროპელ ავტორთა ცნობების გაანალიზების გარეშე.
წინამდებარე გამოკვლევაში ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა ცნობილი გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის _ ედუარდ აიხვალდის სამოგზაურო ჩანაწერების მნიშვნელობა, რომელიც ახალი შტრიხებითა და ნიუანსებით ავსებს ჩვენს ცოდნას XIX საუკუნის პირველი მესამედის სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხებზე.

წყაროები და ლიტერატურა:
1. მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში (რუსეთთან შეერთება და სოციალურ ეკონომიური
განვითარება), თბ., 1957.
2. სოლომონ (ბიჭი) თეზელაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბ., 2007.
3. კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი
და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა. თბ., 1981.
4. მ. პაჭკორია, რედუტ-კალე-ყულევი, თბ., 1968.
5. მ. პაჭკორია, ყულევის წარსულიდან წიგნი: `ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან~, თბ., 1974.
6. ი. სიხარულიძე, ი. კეკელია, ყულევი (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა), თბ., 2014.
7. ზ. ქირია, სოფელ ყულევის ისტორიიდან, კრებული: `ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი~, VI, თბ., 2004.
8. პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, III, ხობის რაიონი, ქ. ფოთი, თბ., 2007.
9. Кавказский календарь, Тф., 1849.
10. К. Спасский-Автономов, Редут-Кале, “Отечественные записки”, т. 55, 1847.


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი