უკან დაბრუნება
განცხადებები
ოდიშის სამთავროს სადავო ტერიტორიები
14-08-2016, 19:37
ნანახია: 1662
გაუზიარე სტატია მეგობარს


ოდიშის სამთავროს სადავო ტერიტორიები მეზობელ სამეფო-სამთავროებთან და რუსეთის მიერ მისი დაპყრობის წინაპირობების შესახებ

ლია გულორდავა

XIX საუკუნის I ნახევარში ოდიშის (სამეგრელოს) სამთავრო დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მას ეკავა შავიზღვისპირა ზოლი რიონსა და ენგურს შორის. ოდიშის საზღვარი ჩრდილოეთით, ეგრისის ქედს მიუყვებოდა, სამხრეთი საზღვარი, ძირითადად, მდ. რიონის კალაპოტს გასდევდა, აღმოსავლეთისა _ ცხენისწყალს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი, ძირითადად, ენგურის სანაპირო ზოლით შემოისაზღვრებოდა. ამ უკანასკნელით, ოდიში აფხაზეთისაგან იმიჯნებოდა.
ოდიშსა და იმერეთის სამეფოს შორის მუდმივი დავის საგანი ლეჩხუმი იყო, ოდიშსა და მის სამხრეთით მდებარე გურიის სამთავროს შორის პალიასტომის ტბა და მდინარეებს - ფიჩორსა და რიონს შორის არსებული ტერიტორია, ხოლო აფხაზეთის სამთავროსთან, სამურზაყანოს მომიჯნავე - ენგურისა და ღალიძგას სივრცეში მოქცეული ტერიტორია წარმოადგენდა. რუსეთი გულდასმით აკვირდებოდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების მუდმივ ქიშპობას ერთმანეთთან და ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, რათა დასავლეთ საქართველოს ექსპანსია დაეწყო იმ ეპიცენტრიდან, საიდანაც დაპირისპირების ცხელი ორთქლი უფრო ჭარბად გამოდიოდა. ამ პერიოდში, ოდიშის სამთავროს მუდმივმა ქიშპობამ მეზობლებთან რუსეთს ხელსაყრელი პირობები შეუქმნა იმისთვის, რომ სწორედ ოდიშის ცხელი წერტილიდან დაეწყო დასავლეთ საქართველოს სასურველი ექსპანსია. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის, ლეჩხუმი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, როგორც მეფის სახასო მამული, მაგრამ მასზე პრეტენზიას აცხადებდა დადიანიც და ამდენად, სწორედ ლეჩხუმი გახდა ბრძოლის არენა ამ ორ ადინისტრაციულ ერთეულს შორის.
ამ ვითარებით ოსტატურად სარგებლობდა რუსეთი და მოხერხებული, შენიღბული მიდგომით კიდევ უფრო ამწვავებდა ურთიერთობას ერთმანეთზე შურისმაძიებელ სამეფოსამთავროებს შორის: „ერთმანეთის მტერნი და ქიშპნი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერც არას ურუმელი, ვერც არას სხვა მტერნი აწყენდათ რასმე, ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეებს არც მოიშლიან და არც მოუშლიათ...“ [8,107]. ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი პატარა კუთხეა, იგი მოიცავს ცაგერისა და ორბელის ქვაბულებს. ლეჩხუმს დასავლეთიდან ასხის მთები სამეგრელოსგან მიჯნავდა, ხოლო იმერეთისგან _ მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირზე მდებარე სერი და ხვამლის მასივი. „XV საუკუნეში თაკვერი (ლეჩხუმი და რაჭა) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, როგორც სამეფოს დომენი“ [7,41]. საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცების შემდეგ, XVII-XVIII სს. ლეჩხუმში დაწინაურდა შემდეგი გვარები: ახვლედიანი, გელოვანი, ჩიქოვანი, ლაშხიშვილი, ყიფიანი და სხვა. ამ გვარებიდან, XVII ს. II ნახევარში, „განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ჩიქოვანებმა... რომლებმაც არა მარტო ლეჩხუმის მებატონეობა, არამედ იმერეთის სამეფოს კარზე და ოდიშის სამთავროში უდიდესი გავლენა მოიპოვეს“ [4,99]. XVII ს. 50-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდე III-მ ლეჩხუმში დაწინაურებულ ერთ-ერთ გავლენიან მებატონეს, გაბრიელ ჩიქოვანს ცაგერელობა უბოძა, რომელმაც სულ მალე ჭყონდიდელობა, და ბოლოს, ბედიელობაც მიიღო. სწორედ ამ ადამიანის სახელს უკავშირდება თავისი ძმის _ კაცია ჩიქოვანის, იმერეთის მეფესთან და ლევან დადიანთანაც დაახლოება. ლევანმა კაცია მეორე მრჩევლად და მეურვედ დაისვა. ლევან დადიანი ჩიქოვანების ძლიერი გვარის დაახლოებით, ცდილობდა თავისი მთავარი მიზნის განხორციელებას, კერძოდ, ლეჩხუმში გაბატონებას. დადიანის მეურვე და სალიპარტიანოს მფლობელი (ამიტომ იგი ლიპარტიანად იწოდებოდა) კაცია, დადიანის მითითებით, ჟლეტდა დადიანის მოწინააღმდეგე წარჩინებულებს... კაცია ჩიქოვანი ოდიშის თავი და ფაქტობრივი გამგებლიც გახდა მას შემდეგ, რაც გიორგი გურიელმა მასთან მძევლად მყოფი დადიანის ძველი დინასტიის უკანასკნელი კანონიერი მემკვიდრე მანუჩარ დადიანი მოკლა. მკვლელობის ამ
პრეცედენტმა კაცია და მისი ძმა, გაბრიელი კიდევ უფრო წაახალისა მოწინააღმდეგე მეგრელების გასანადგურებლად
და ამ გზით მან გაიხადა ოდიში „ვიდრე პყრობამდე თვისად“ [1,845]. კაციას მემკვიდრე გიორგი კაციას ძე მთელი სისასტიკით იკაფავდა გზას დადიანობისკენ. იგი არ ერიდებოდა ლევან IV დადიანის „ნებითა მისთავე... სვრა და კვლას წარჩინებულთა ოდიშისათა“ [1,849]. მომქმედი ყოველი ბოროტებისა იყო გიორგი ლიპარტიანი. თუმცა, იგი ვერ ბედავდა ვერც დადიანად (ოდიშის მთავრად) კურთხევას და ვერც ლეჩხუმის ერთპიროვნულად დამკვიდრებას.
თუმცა ირკვევა, რომ „XVII საუკუნის მიწურულს, გიორგი ლიპარტიანი ეპიზოდურად მაინც ეუფლებოდა ლეჩხუმს“ [4,103] და ამას ხელს უწყობდა თვით იმერეთში გამეფებული, როგორც ვახუშტი ბატონიშვილის მიერაა აღნიშნული, გარყვნილება, ფიცის მტეხელობა, ტყვეთა სყიდვა და სხვა ნაირფეროვანი უკეთურობანი... იმერეთსაც ჰყავდა ამ პერიოდში დროის შესაფერისი მედროვე გიორგი აბაშიძე, რომელმაც გიორგი ლიპარტიანთან ერთად, იმერეთის მეფის მომხრე ლეჩხუმის მებატონეები ააოხრა [1,860-861] და შემდეგ ურთიერთს დაემზახლნენ [1,104]. გიორგი ლიპარტიანმა თავისი უფროსი შვილი კაცია 1704 წელს დადიანად, ანუ ოდიშის მთავრად დასვა, ხოლო მომდევნო შვილს _ გაბრიელს ჭყონდიდელობა უბოძა. თავისი ძმა, იესეც არ დაინდო, გააძევა ლეჩხუმიდან და ლეჩხუმის უფროსობა თავის შვილს _ ბეჟანს მისცა. „XVIII საუკუნის 10-იან წლებში ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ-ერთ ნაწილად იქცა“ [7,41]. მალე გარდაიცვალა კაცია დადიანი და ოდიშს მამამისი, გიორგი ლიპარტიანი ჩაუდგა სათავეში... სწორედ გიორგი ლიპარტიანმა, რაჭის ერისთავმა და ბეჟან ლეჩხუმის ბატონმა იმერეთის მეფე გიორგი დაამარცხეს. ამ უკანასკნელმა ქართლს შეაფარა თავი. ბრძოლა მიმდინარეობდა არა მარტო დიდ დაჯგუფებებს შორის, არამედ თვით
დაჯგუფებებს შიგნითაც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გადადიანებული ჩიქოვანების გარდა, ლეჩხუმსა და შალიპარტიანოს სოფლებში მცხოვრები ჩიქოვანები ფეოდალურ შინაომში მთავარ როლს თამაშობდნენ. ბეჟანის (ლეჩხუმის ბატონის) გადადიანების შემდეგ, ეს კუთხე ოდიშს უერთდება და დადიან-ჩიქოვანთა გამგებლობაში გადადის. აქედან მოყოლებული, იმერეთის მეფეები გამონაკლისის სახით თუ ახერხებდნენ ლეჩხუმის დაპატრონებას. XVIII ს. 70-იან წლებში იმერეთის მეფე სოლომონი ლეჩხუმს თავის სამფლობელოდ მიიჩნევდა, მაგრამ გადადიანებული ჩიქოვანები მას არ თმობდნენ. მალე, ლეჩხუმის მოსაზღვრე ქვემო სვანეთის ნაწილი _ ლენტეხის თემიც (XVIII ს. შუა ხანებში) დაიმორჩილეს და მთელი ქვემო სვანეთის დამორჩილებაზეც დაიწყეს ფიქრი. XVIII საუკუნის 80-იან წლებში ლეჩხუმში რეალური ხელისუფლება ეკუთვნის დადიანებს, მაგრამ კაცია დადიანის გარდაცვალებისთანავე, იმერეთის მეფე დავით გიორგის ძემ ოდიშს შეუტია. მცირეწლოვანი გრიგოლ დადიანი მურის ციხეში გამაგრდა, დავით არჩილის ძეს (სოლომონ მეფეს) დაუკავშირდა და ორივემ ერთად, დავით გიორგის ძე იმერეთიდან გააქციეს. ლეჩხუმში საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით, დადიანმა დიდი უფლებებით აღჭურვა ქაიხოსრო გელოვანი და მოურავი გახადა...
„ყმა დადიანისა გელოვანი ქაიხოსრო, რომელ მოურაობდა ლეჩხუმს და მძლავრობდა ოდიშსაცა“, _ წერს ნიკო დადიანი [5,183]. მალე, სოლომონ II-მ გადაუმტერა გრიგოლ დადიანს საკუთარი ძმა, მანუჩარი და აღზევებული გელოვანი. გრიგოლის ხელში რჩებოდა ჭაქვინჯისა და მურის ციხეები, რომლის მცველები იყვნენ პეტრე მხეიძე და ხოსია გასვიანი [5,188]. მეფისა და მანუჩარის მხრიდან შევიწროებული გრიგოლი ლეჩხუმში გადავიდა და მისი მეშვეობით დაიბრუნა ოდიში, შეურიგდა ძმას და მისცა მას ლიპარტიანობა, იმერეთის მეფესთან კი გააბა საიდუმლო კავშირი და (ორივენი განაწყენებული იყვნენ გელოვანისგან ორპირობის გამო) გორდში დატყვევებული გელოვანი თავის მომხრეებიანად თავიდან მოიშორა...
სოლომონისა და გრიგოლის ხანმოკლე ალიანსის პერიოდშიც, სოლომონი მაინც დადიანის განადგურებასა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდებაზე მუშაობდა. მან ისევ გააბა კავშირი გრიგოლის ძმასთან, მანუჩართან და გამოაცხადა დადიანად. ლეკთა დაქირავებული რაზმითაც შეუტია ოდიშს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბოლოს, სოლომონმა ბააკა ჩიქოვანი გადმოიბირა, 1802 წელს ლეჩხუმში გაილაშქრა და ჭყვიშის ციხე ალყაში მოაქცია. გრიგოლი იძულებული გახდა, რომ მურის ციხეში გამაგრებულიყო. შინამტრებით გარშემორტყმული გრიგოლი ისევ საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს იმერეთის მეფესთან, რის შედეგადაც, მანუჩარის მიერ ჭყვიშის ციხის სოლომონისადმი დათმობის სანაცვლოდ, სოლომონმა ზურგი შეაქცია მანუჩარს და გრიგოლის წინააღმდეგ ომი შეწყვიტა. მანუჩარი დეხვირიდან ორბელში გაიქცა ბააკა ჩიქოვანთან, რომლებმაც ცოდვის პატიება ითხოვეს გრიგოლისგან, მიიღეს რა თანხმობა მისგან და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, გრიგოლმა უპრობლემოდ შეძლო ლეჩხუმის დაუფლება.
მალე იმერეთის მეფეს ჭყვიშის ციხის სამხედრო ძალით ხელში ჩაგდება მოუხდა, რადგან გამარჯვებულმა დადიანმა იმერეთის მეფისადმი მიცემული პირობის შესრულება, მანუჩარის გაწირვის სანაცვლოდ გამარჯვების შემდეგ არ ისურვა. სოლომონ მეფის საბრძოლო ბატალიები გაიშალა მთელი ლეჩხუმის ხელში ჩასაგდებად. მან ისევ დაიქირავა ლეკთა რაზმები და იმერეთის რაზმთან ერთად დაიკავა ლაილაში და დეხვირი. დადიანმა მურისკენ დაიხია და ბოლოს სამეგრელოში გაიქცა. სოლომონი ლეჩხუმს დაეპატრონა. დადიანი მაინც არ ისვენებდა. მან ქელეშ-აჰმედ ბეგთანაც გააბა საიდუმლო კავშირი იმერეთის მეფის წინააღმდეგ. 1802 წლის 15 ნოემბერს დადიანმა, მოიპოვა რა აფხაზეთის მთავრის დახმარება, შეუტია იმერეთის მეფეს და ქუთაისამდეც კი მიაღწია. ბრძოლაში მეფეს დაუხოცეს ბევრი თანამებრძოლი, მათ შორის, სარდალი აგიაშვილიც [1,704]. თუმცა, დადიანს ქმედითი ნაბიჯის გადასადგმელად სათანადო ძალები არ გააჩნდა. იმერეთის მეფემ აფხაზეთის, გურიისა და სვანეთის მთავრების დახმარებით, აგრეთვე ლეკების მოშველიებით შეძლო დადიანის განდევნა [6,144]. აღსანიშნავია, ,,აქტებში“ მოძიებული სიმონოვიჩის წერილი ლაზარევისადმი 1802 წლის 18 დეკემბერს, სადაც იგრძნობა რუსი მოხელის შეშფოთება იმის შესახებ, რომ იმერეთის მეფეს, თავის მოკავშირეებთან ერთად, განუზრახავს ახალციხიდან გაძევებული შერიფ ფაშის დაბრუნება და ამასთანავე „შეუდგენიათ ქართლ-კახეთიდან რუსთა ჯარების განდევნის გეგმა“ [1,508; 9,340]. აფხაზეთის მთავარი ქელეშ ბეგი ღალატობს გრიგოლ დადიანს, მოჩვენებით გადმოდის მის მხარეზე. რაც შეეხება სოლომონ მეფეს, „იგი იკავებს ლეჩხუმს“ [9,340]. ოდიშის სამთავროს შენარჩუნებისათვის ერთადერთ საშუალებას დადიანი საგარეო ძალაში ხედავდა [6,144]. რა თქმა უნდა, დადიანს მიაჩნდა, რომ კრიტიკულ ვითარებაში მისთვის სასარგებლო ნაბიჯი იქნებოდა რუსეთისთვის დახმარების თხოვნა და ამ გზით, საკუთარი ხელისუფლების გადარჩენა.
მან დაიწყო მუდარით აღსავსე წერილების გაგზავნა ცარიზმისადმი იმერეთის მეფის მძლავრობისგან დაცვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დასავლეთ საქართველო, ქართლ-კახეთის მსგავად, მოიაზრებოდა ახლოაღმოსავლური პოლიტიკის აქტიურ ჭრილში. მითუმეტეს, ამ ეტაპზე, როცა 1802 წლის სექტემბერში ბაგრატიონთა გვირგვინის დაბრუნებისათვის მებრძოლი ძალები ერთიანდებოდნენ და გლეხობაშიც საკმაოდ შერყეული იყო რუსეთისადმი ლოიალური განწყობა... ცარიზმი შეშფოთებული აანონსებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
მას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა, ქვეყანაში მდგომარეობა დაელაგებინა რაიმე რადიკალური რეფორმების გატარებით, მაგალითად, ქართული თვითმმართველობის შემოღებით: „იგი ოსტატური მანევრით შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, ისე, რომ პოლიტიკის ძირითადი კურსი უცვლელი ყოფილიყო“ [6,146]. ახლად შექმნილმა ვითარებამ აიძულა ცარიზმი, გადაეყენებინა გენერალი კნორინგი და დაენიშნა ამაყი, ჯიუტი და ფიცხი პავლე ციციანოვი (ციციშვილი), რომელიც დაშინებაძალადობის მეთოდებთან ერთად, „მახვილი დიპლომატიური მანევრებითაც აღწევდა მიზანს“ [6,147]. რუსეთის იმპერატორმა იგი აღჭურვა სრული უფლებებით. მას შეეძლო იმპერატორთან შეთანხმების გარეშე გადაეწყვიტა საკითხები, რაც სასწრაფოდ გადაჭრას ითხოვდა... ასეთ ვითარებაში, გრიგოლ დადიანის მახვეწარი წერილები ცარიზმის წისქვილზე ასხამდა წყალს და პირდაპირ მათი პოლიტიკური ვითარების გამყარება-გადარჩენის ტოლფასი იყო. რუსეთი დასავლეთ საქართველოში ასეთ რთულ საშინაო ვითარების პირობებს გულდასმით აკვირდებოდა და ელოდა ხელსაყრელ მომენტს, როცა დასუსტებული მხარე თავად სთხოვდა დახმარებას მოწინააღმდეგე მხარის საბოლოოდ განადგურებისთვის აქტიური მოქმედების დასაწყებად.
რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უმჯობესი იყო დასავლეთ საქართველოს ერთდროული და მთლიანი შემოერთება, მაგრამ ვითარება ცარიზმს კარნახობდა უფრო საუკეთესო ვარიანტს, რათა შედარებით იოლად გადაეჭრა პრობლემა. იგი ამ ჯერზე მფარველობას გაუწევდა უფრო უპრეტენზიო ოდიშის მთავარს, რომელიც დაპირისპირებული იყო დიდი პრეტენზიების მქონე იმერეთის მეფესთან... თან, ნაკლები პრეტენზიების მქონე დადიანი ემლიქვნელება ცარიზმს, მეორე კი, ამგვარი ქმედებისგან შორს დგას, უფრო მეტიც, მას სამკვდრო სასიცოცხლო ომი ჰქონდა გამოცხადებული რუსეთთან... და, მაშასადამე, უმჯობესია, რუსეთმა უფრო სუსტის პოზიციები განამტკიცოს, რათა იგი მომავალში გამოიყენოს მასზე ძლიერის (იგულისხმება იმერეთი) დასასუსტებლად. მით უმეტეს, ამ სუსტს და ამბიციურს დიდი რუსეთი შეჰყავს სანუკვარ სივრცეში: შავი ზღვის სანაპირო ზოლზე _ ფორპოსტზე გაბატონება ხომ თეთრი ზღვის ანაბარად დარჩენილი დიდი რუსეთის მრავალსაუკუნოვნი ოცნების ახდენილი რეალობა იქნებოდა. ცარიზმი ჩასაფრებული ელოდა მიმძლავრებული დადიანისგან შემოთავაზებას და მიაჩნდა, რომ მისადმი ვერაგული „დახმარების“ სანაცვლოდ, შეაგროვებდა პოლიტიკურ დივიდენდებს დაჩაგრული დადიანის თვალში. დადიანის მხრიდან რუსეთისადმი ნდობის გამოცხადებას, დასავლეთ საქართვლოს დაპყრობა-დამორჩილებისათვის უსწრაფესად დასაწყებ ბრძოლის გზაზე ცარიზმის მხრიდან უპირობოდ სერიოზული ნაბიჯი უნდა მოჰყოლოდა.
ასე მომწიფდა რუსეთისათვის ხელსაყრელი პირობები დასავლეთ საქართველოს საშინაო ვითარებაში არსებული ქაოსის საფუძველზე და იგი _ დიდმპყრობელი, ჩვეული, წინასწარ გათვლილი სიმშვიდით, რა თქმა უნდა, წუთიწუთზე ელოდებოდა რომელიმე, ან თუნდაც ორივე მხრიდანაც, შემოთავაზებას, რათა თავისი „კეთილისმყოფელი“ მისია აემოქმედებინა დაჩაგრული მხარის „დასაცავად. დადიანი დახმარებისათვის ენერგიულად მიმართავდა რუსეთის მთავრობას. ეს კი, რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს და უპირობოდ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს მხოლოდ ცარიზმისათვის. ამიტომ, ბუნებრივია, იგი ხელიდან არ გაუშვებდა, გაეძლიერებინა იმერეთის წინააღმდეგ მებრძოლი დადიანი. მით უმეტეს, მას ამ ნაბიჯით ძალიან უადვილდებოდა სანუკვარი მიზნის მიღწევა. იგი ხომ შეხვეწებული სამეგრელოს მთავრისადმი მხარდაჭერით, სამ პრობლემას ერთდროულად აგვარებდა: 1. ასუსტებდა დასავლეთ საქართველოში მის მთავარ პოლიტიკური ოპონენტს _ იმერეთის სამეფოს; 2. აძლიერებდა სამეგრელოს სამთავროს და, ამდენად, ერთგული მთავრის მეშვეობით იჩენდა დასაყრდენს დასავლეთ საქართველოს შემდგომი სრული დაპყრობა-განადგურების გზაზე; 3. „კეთილი მეფე მამის“ კეთილგანწყობით აღჭურვილი ქვეშევრდომი ამდაგვარი „გაძლიერებით“ უზრუნველყოფდა გზის გაკაფვას შავი ზღვის სანაპიროსაკენ... ნეტარებით ხვდებოდა რუსეთი დადიანის წერილებს.
მაგალითად, ასეთი იყო 1802 წლის 20 დეკემბერს დადიანის მიერ გაგზავნილი წერილი სოკოლოვისადმი, სადაც იგი ემუდარებოდა მას, რომ მიეღოთ მისი სამთავრო მფარველობაში, რათა ეხსნათ „ძლიერი სოლომონ მეფისგან“ [9,453]. ასეთივე შინაარსის ბარათი გაუგზავნა მან უფრო მოგვიანებით ციციანოვს [9,899]. ორივე ბარათში დადიანი ცდილობს, დააშინოს რუსეთი და პირდაპირ მიანიშნებს, თუ ქმედითი დახმარება არ იქნება რუსეთისგან, იგი გადადგამს ნაბიჯს და სცნობს ოსმალეთს და მიიღებს მისგან მფარველობას. რა თქმა უნდა, ასეთ წერილებს ცარიზმი ხელიდან როგორ გაუშვებდა და შედეგმაც არ დააყოვნა. ცარიზმის სპეციალური რწმუნებული პოლკოვნიკი მაინოვი და გრ. დადიანი ჭალადიდში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე დადიანმა ხელი მოაწერა „სათხოვარ პუნქტებს“. ამასთანავე, იმპერატორმა დადიანს გამოუგზავნა გენერალმაიორის წოდების სტატუსი და ჯილდო _ ალექსანდრე ნეველის ორდენი [9,464,465.] მაგრამ კნორინგს ასევე მიუთითეს, რომ დროებით არ გადაეცა ეს ორდენი დადიანისათვის, რადგან ჯერ უნდა გაერკვიათ, თუ რამდენად სამართლიანი იყო იმერეთის მეფის ბრძოლა დადიანის დასამორჩილებლად... რუსეთს თავი ქუდში ჰქონდა. მას დადიანის მხრიდან არც აღელვებდა, არც აფრთხობდა ოსმალეთის სახელის მოშველიებით, მისგან წამოსული დაშინება, რადგან იმ პერიოდში ოსმალეთი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ იგი რუსეთისგან დახმარების მიღების იმედითაც ცდილობდა თავის დაცვას ნაპოლეონოს შემოტევისგან. უფრო მეტიც, რუსეთი სასარგებლოდ თვლიდა სუსტი ოსმალეთის მეზობლობას. უბრალოდ, რუსეთი მოხერხებულად, დროის გაყვანით ცდილობდა, რომ უფრო მეტი „მტკიცებულებები“ შეეგროვებინა იმერეთის სამეფოს უკანონობის დასამტკიცებლად, რათა „სამართლიანი“ რუსეთის სახელმწიფოს იმიჯი ოდნავადაც არ შელახულიყო...
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის წარმატებულ პოლიტიკას ხელს უწყობდა ირანის სისუსტეც და „ევროპის სახელმწიფოების _ ინგლისისა და საფრანგეთის შინაგანი წინააღმდეგობაც“ [6,150]. იმპერატორის მიერ ციციანოვის უმაღლესი ნდობით აღჭურვა სამეგრელოში, მისადმი სრული თავისუფლების მინიჭების თვალსაზრისით, სწორედ ასეთი საგარეო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა.
ალექსანდრე I დარწმუნებული იყო, რომ დასუსტებული ოსმალეთი ვერ შეძლებდა სამეგრელოს დაცვას. ამას კი, შავი ზღვის აღმოსავლეთი საზღვრიდან მისი უსიტყვო წასვლა უნდა მოჰყოლოდა... [9,462]. გარკვეულია, რომ ოსმალეთი თანახმაა რუსეთის მფარველობაში სამეგრელოს მისაღებად (იტალინსკის წერილი ვორონცოვს 1803 წ. სექტემბერი). უმწეო ოსმალეთის ასეთი თავჩაღუნული თანხმობა განაპირობებდა რუსეთის წარმატებულ პოლიტიკას, არა მარტო მთელ დასავლეთ საქართვლოში, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართაც, რადგან ამ მომენტში უკმაყოფილო ქართლ-კახეთის ძალებისთვის დასავლეთ საქართველოდან დახმარების მიღების შესაძლო გზებიც იხურებოდა... როგორც ცნობილია, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით შეშფოთებული სოლომონ II დაჟინებით ცდილობდა ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას და არა ერთხელ სთხოვდა რუსეთის იმპერატორს იულონ ერეკლეს ძის ქართლ-კახეთის მეფედ დამტკიცებას. „სოლომონ II-ს კარგად ესმოდა, რომ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობასაც უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა“ [3,279-283]. სოლომონ მეფემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მთავრობა იმერეთის სრულ დამორჩილებას აპირებდა. ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა არჩია და რუსთა ხელმწიფეს დახმარებასთან ერთად და დაცვის პასუხიმგებლობის აღებასაც სთხოვდა. თან ელჩებს სტამბოლშიც აგზავნიდა, რათა სულთანი რუსეთ-იმერეთის ურთიერთობაში ჩარეულიყო. ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებით, იმერეთის სამეფოსათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ცდილობდა. პარალელურად, გრიგოლ დადიანთანაც ურთიერთობის დარეგულირებაზე ფიქრობდა და ურჩევდა, უარი ეთქვა რუსეთის მფარველობაში დამოუკიდებლად შესვლაზე.
აღსანიშნავია, რომ სოლომონ II რუსეთთან ურთიერთობაში მთელი დასავლეთ საქართველოს სახელით გამოდიოდა. დაუძლურებული თურქეთი მოერიდა რუსეთთან საქმის გართულებას, „დასავლეთ საქართველოს გამოსარჩლების სურვილი არ გამოიჩინა და სოლომონ II-ის მოციქული უარით გამოისტუმრა“ [2,44]. რუსეთის ელჩმა სტამბოლში დაასმინა სოლომონ II, რუსეთის იმპერატორთან „ღალატის მსგავსი საქციელის“ გამო [2,44]. ეს ფაქტი იყო სხვა დანარჩენ მტკიცებულებების ნუსხათა შორის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რამაც რუსეთი „დასაბუთებულად“ აამოძრავა, რათა აქტიურად ჩარეულიყო დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში, იმ მოტივით, რომ დადიანის დაჩაგვრის ნება არ მიეცა იმერეთის მეფისათვის. სწორედ იმერეთის მეფის „უკანონო“ საქციელის ღია აფიშირებას ელოდებოდა რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი და დადიანისადმი გადასაცემი ალ. ნეველის ორდენი. თუ ღალატში გამოიჭერდნენ იმერეთის მეფეს, შემდეგ მასზე იერიშის მიტანა დაჩაგრული სამეგრელოს დაცვის მოტივით, არ გაუჭირდებოდათ. უფრო მეტიც, ამგვარი ქმედება კეთილშობილურადაც გამოიყურებოდა და ამართლებდა რუსეთის ნაბიჯებს დასავლეთ საქართველოს შემდგომი დაპყრობისთვის ბრძოლის გზაზე. იმერეთის თავდაუზოგავმა მეფემ, ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მარცხი იწვნია. მას უბრალოდ ურჩიეს, რუსეთის შემადგენლობაში შესულიყო სამეგრელოსთან ერთად, ხოლო ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის დავას თვით იმპერატორი გაარჩევდა „მიუკერძოებლად“. იმერეთის მეფის ჩანაფიქრი დასავლეთ საქართველოს გაერთიანების თაობაზე, კრახით დასრულდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, წარმატებული აღმოჩნდა. Kონსტანტინოპოლელი ელჩი იტალინსკი რუსეთის იმპერატორს ატყობინებდა, რომ ოსმალეთი თანახმაა რუსეთის მფარველობაში სამეგრელოს მიღებაზე. უკვე არაფერი ეღობებოდა წინ რუსეთის განზრახვას მთელი დასავლეთ საქართველოს კოლონიად ქცევის გზაზე. რუსეთისათვის „ეს იყო უსისხლოდ მოპოვებული დიდი წარმატება“ [6,151]. დაიწყო დადიანსა და ციციანოვს შორის მოლაპარაკება, რასაც ყოველნაირად ხელს უშლიდა სოლომონ მეფე. არღვევდა მათ შორის კავშირებს შუამავლების დაჭერით. რუსი მოხელე იძულებული ხდებოდა, რომ თავისი წარმომადგენლები დადიანთან ახალციხის გავლით გაეგზავნა. მაგალითად, როგორც ნ. დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ გვაუწყებს, დადიანის კარის მღვდელი ასათიანი და გუგუშვილი სვანეთის გზით ლენტეხის, ჩოლურის, კავკასიის უღელტეხილის, ოსეთის, მოზდოკის გავლით ახერხებენ თბილისში ჩასვლას და ციციანოვთან შეხვედრას. დადიანს იმერეთის მეფე მიწებსაც ჰპირდებოდა. ამ მიზნით, მან სამეგრელოს მთავარს თავისი მეუღლე მარიამი (გრიგოლ დადიანის და) და თავადი სეხნია წულუკიძეც მიუგზავანა, მაგრამ ვერც დაყვავებით და ვერც იარაღითაც ვერაფერი გააწყო. მისი ყველა ცდა დასაღუპავად გაიწირა. 1803 წლის ივლისში დადიანმა რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა, ხოლო 1803 წლის 2 დეკემბერს ხელი მოაწერა მფარველობის ხელშეკრულებას. ამ ცერემონიალში ზოგიერთმა თავად-აზნაურმა მონაწილეობა არ მიიღო [9,465].
საქართველოში რუსეთის წარმატებული პოლიტიკის ბრწყინვალე დაგვირგვინება გახლდათ, ვითომ სამეგრელოს მთავრის შედგენილი „სათხოვარი პუნქტები“, რომლის შემუშავებაც დაუძლურებულმა დადიანმა მთლიანად მიანდო მთავარსარდალ ციციანოვს _ „უკეთუ არა წრფელად იყო აღწერილი ტრახტატნი... ვითარ შეგავდეს... ეგრეთ ამტკიცესო“ [9,461].

წყაროები და ლიტერატურა:
1. ბატონიშვილი ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973.
2. ა. ბენდიანიშვილი, ეროვნული საკითხი საქართველოში, 1801-1921. თბ., 1980.
3. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. V, თბ., 1971.
4. გ. გასვიანი, დასავლეთ საქართველოს სოციალურპოლიტიკური ვითარება და რუსეთთან შეერთება XVIXIX სს. თბ., 1988.
5. ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962.
6. მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957.
7. გ. ვაჭრიძე, დასავლეთ საქართველოში რუსეთის ეკონომიკური და სოცილური პოლიტიკის ისტორიიდან, ქუთ., 2006.
8. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. III, თბ., 1967.


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი