უკან დაბრუნება
განცხადებები
აია, კოლხეთი, ლაზიკა - ეგრისი, სამეგრელო
9-05-2017, 07:35
ნანახია: 2723
გაუზიარე სტატია მეგობარს


გურამ კვარაცხელია
   საქართველო, ასე ეწოდება დღეს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ  დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკა არა მარტო საქართველოა, არამედ კოლხთა (ეგრისელთა) ქვეყანაცაა, რადგანაც ის დღეს არსებობს, როგორც ორი ძველი ქვეყნის, ორი კულტურის, ორი ერის, ქართლის (ქართის) დღევანდელი აღმოსავლეთი საქართველოს და კოლხეთის, ეგრისის, დღევანდელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.   ამ ორი წარსულში ურთიერთ-დამოუკიდებელი ქვეყნის ეთნოგენეზის შესახებ, როგორც ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ავტორები მრავალ ცნობას გვაწვდიან, რომელთა შორის , ზოგს სწორად მიიჩნევენ, ზოგსაც არა, ნაწილს სუბიექტური, ნაწილი კი ობიექტური  მოსაზრებებით,  შეგახსენებთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს.   ციცერონის მიერ ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (მე-5ს.ძვ.წ.) წერს -კოლხები თმა ხუჭუჭა და შავები არიან, ენაც და ჩვევაც მათ ეგვიპტური აქვთ“. მისი აზრით ძვ.წ.მე-13 საუკუნეში სესორტის ლაშქრობის დროს ეგვიპტის ჯარის ნაწილი დარჩა კოლხეთში და ამით დასაბამი მისცა კოლხების ქვეყანას.  მეგასთენი (მე-3 ზვ.წ.) და 1 საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავუსი აღნიშნავენ რომ კავკასიელი იბერების სამშობლო ესპანეთიაო.  ძველი ქართველი ქრონიკის („მოქცევაი ქართლისაი“) მიხედვით ალექსანდრე მაკედონელმა მოიყვანა ქართლის მეფის შვილი აზო და დასვა მცხეთის მეფედ, ხოლო აზომ თავისი ხალხი მოიყვანა მცხეთაში  და ასე შეიქმნა ქართლის სამეფო. ამავე აზრს იზიარებს მე-5 ს. სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი, თუ რა ქვეყანაა, არაინ ქართლი, ცნობილი არ არის.    ივ.შოპენის მიხედვით მესხები, რომლებიც ცხოვრობდნენ მტკვრის და ჭოროხის ზემო წელში, იგივე იბერებია, ე.ი. კოლხები. ისინი გადასახლდნენ აღმოსავლეთით და დაარსეს მცხეთა. სიტყვა მცხეთას ძირი შოპენის მიხედვით შეიძლება იყოს მოსხები ან ხეთა. იბერია მხოლოდ ამის შემდეგ შეერქვა აღმოსავლეთ საქართველოს.
   ყველაზე პოპულარული და მიღებულია სიმონ ჯანაშიას თეორია: ქართველური ტომები წინა აზიის მკვიდრნი არიან. ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის  დასაწყისში არსებული ხალხების, ხეთების და სუბერების შორეული შთამომავლებია კოლხები იბერები და მესხები.
  ქართული ენა შედის იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახში და გადმონაშთია ხეთურ -იბერიულ ენათა ოჯახის.
 იბერიული, ანუ ქართველური ჯგუფის ენები შესდგება სამი შტოსაგან:
   1.თვით ქართული ამჟამად გაბატონებულია სალიტერატურო ენაა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ძველი ქართლის ენა.
   2.მეგრულ-ჭანური (ლაზური) ენა სახელმწიფო ენა იყო ძველ კოლხეთში, ეგრისში, ე.ი. დღევანდელი დასავლეთ საქართველოს  ტერიტორიაზე შორაპიდან მოყოლებული (შორაპანი - შარაბონი?) მრავალი საუკუნეების განმავლობაში. ამჟამად ამ ენაზე ჯერ კიდევ მეტყველებს მილიონამდე მეგრელი, მაგრამ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის ენა, დამწერლობის გარეშე და დამცირების გამოც, ალბათ მალე შეუერთდება მკვდარ ენათა ოჯახს (მეგრულ ენაზე ხშირად წერენ, როგორც ქართულის კილოკავზე, მაშინ, როდესაც თვით მეგრულს აქვს, ორი, ზუგდიდი -სამურზაყანოს და სენაკის კილოკავი);
  3.სვანურ ენაზე ამჟამად  მეტყველებს რამოდენიმე ათეული ათასი სვანი. ეს ენაც გადასენების გზაზეა დამწერლობის გარეშე. ჩვენს წელთააღრიცხვამდე კი, ალბათ, ამ ენაზე მეტყველებდა ასეული ათასობით ჰენიოხი, დღევანდელი სვანების წინაპრები.
   კავკასიურ ენათა ოჯახში არის ენები, რომელზედაც ჩრდილოეთ  კავკასიაში მეტყველებს არაუმეტეს 50 ათასი მცხოვრებისა, მიუხედავად ამისა, ამ მცირერიცხოვანმა ერებმა საბჭოთა ხელისუფლების დროს თავიანთი დამწერლობა შექმნეს და ავტონომიაც მიიღეს. ამრიგად ისტორიისათვის ჯერჯერობით შეინარჩუნეს ენაც და ერის სახელიც.
   ჩვენთან გაბატონებულია მოსაზრება, რომ სამივე ქართული ჯგუფის ენას ჰქონდა ერთი ფუძე - ენა, შეიძლება ეს ასეც იყოს, ასეთივე პრეენა ჰქონდათ მრავალ სხვა ენასაც. მაგალითად ფრანგულის, ესპანურის, რუმინულის, იტალიურის ფუძე ენა სახალხო ლათინურია. თ.გამყრელიძის მიხედვით ერთი ფუძე ენა ჰქონდათ ინდოევროპულს, სემიტურს და იბერიულს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს ერები ისტორიულ წარსულში აუცილებლად ერთ ერს  წარმოადგენდნენ... არ. ჩიქობავა წერს; „როცა ენებში მსგავს მოვლენებს ვხვდებით, ძნელი გადასაწყვეტია საერთო  მემკვიდრეობის დიფერენციციად. უნდა მივიჩნიოდ იგი, თუ  სხვადასხვა ენების დაახლოების შერევის შედეგად. „ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვეხმაროს ისტორია და არქეოლოგია.
   ანტიკური სამყარო დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე ორ ქვეყანას იცნობდა. პრეანტიკურ ეპოქაში იყო თუ არა ეს ორი ერი გაერთიანებული, თუ დამოუკიდებელი,- მეტყველებდა ერთ, ქართულ-ლაზურ პრეენაზე თუ ორ, დამოუკიდებელ ენაზე და საერთოდ არსებობდა თუ არა იმ პერიოდში დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი გაერთიანება, ამაზე ისტორიული და არქეოლოგიური სარწმუნო წყაროები ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომაც გ.მელიქიშვილის და საერთოდ ჩვენში მიღებული მოსაზრება, რომ პრეეელინურ ეპოქაში დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ქართულ-ზანური გაერთიანება, ასევე ერთიანი ქართულ-ლაზური პრეენით დაუსაბუთებელია და ჰიპოთეტურია და არც შეიძლება ერთიანი ყოფილიყო თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მათ შორის ხომ საკმაოდ რთული მთიანი სისტემა არსებობდა. ასეთმა მთიანმა სისტემებმა ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი დამოუკიდებელი ერის და ენის ჩამოყალიბება განაპირობა და თუ მიუხედავად ყველაფრისა, მართლა არსებობდა ასეთი გაერთიანება, მასში აუცილებლად დომინირებული იქნებოდა კოლხური კულტურა, ენა და ხელისუფლებაც, როგორც სახელმწიფოებრივად ადრე ჩამოყალიბებულისა და კულტურულად უფრო მაღლა მდგომისა... ალბათ ამის დამადასტურებლად გამოდგება აღმოსავლეთ საქართველოში გეოგრაფიული სახელების მეგრული დაბოლოება,- კახეთი, ხევსურეთი, ჩუღურეთი და მრავალი სხვა.
   როგორც ისტორიულ ლიტერატურაში, ისე პუბლიცისტურ წერილებში, ხშირად წერენ, რომ კოლხურ, ლაზურ და მეგრულ ენას დამწერლობა არ ჰქონდა.
   აპოლონ როდოსელის (მე-4 ს.ძვ.წ.) ცნობით, კოლხებს გააჩნდათ კვირბები, თავიანთი მამათაგან  ნაწერნი, სადაც აღნიშნულია მოგზაურთათვის ზღვა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი. ეს არის პირველი სარწმუნო ცნობა იმის შესახებ, რომ დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტომებს დამწერლობა გააჩნდათ.
   ამასვე ადასტურებს გეოგრაფი რიტერი-„კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონება სრულლებით არ ეკუთვნის ბერძნებს, მას ბევრად უფრო ადრე ხმარობდნენ კოლხეთის ვაჭრები.
   ამრიგად, კოლხეთში დამწერლობა  ისტორიული წყაროების მიხედვით 800 წლით უფრო ადრე იყო, ვიდრე ფარნავაზმა შექმნა ანბანი.
   ძველბერძნული წყაროების მიხედვით კოლხეთში  ამ პერიოდში ისეთი მაღალი ცივილიზაცია იყო, რომ ფაზისზე (რიონზე) 120 ხიდი იყო გადებული.
   ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში კოლხეთს გააჩნდა საკუთარი ფულის ერთეული, კოლხური თეთრა, მორჩეელი-მოთეთრო მეგრულად, რომელზედაც ხალხური თეატრონის  „მალანურობის“  სურათებიც  არის აღბეჭდილი. წარმოუდგენელია, რომ ასეთ ცივილიზებულ ერს დამწერლობა არ ჰქონოდა. ასეც რომ იყოს , ეს განა დაბალ ცივილიზაციაზე მიუთითებს?
   სამეგრელოს წინაპარი ქვეყნის კოლხეთის ისტორია უნდა იწყებოდეს არა მე-6 საუკუნის ძვ.წ. როგორც ეს ამჟამად არის მიღებული, არამედ მე-13 საუკუნიდან ძვ.წ. ეს არის ტროას ომის ეპოქა, რომელიც უკვე ისტორიულ ფაქტად ითვლება და არა ლეგენდად; ეს არის კოლხეთის მეფე აიეტის ეპოქა; ეს ის პერიოდია, როდესაც ძველ ბერძნულ  და ასურულ წყაროებში კოლხეთი მოიხსენიება, როგორც აია. ჯერ კდიევ ჰომეროსი (მე-9 ს.ძვ.წ. „ოდისეაში“ იხსენიებს აიეტს აიას ქვეყანას, იაზონსდა სხვას, როგორ შეეძლო მას სცოდნოდა ქვეყანა მე-9 საუკუნეში, თუ ის ამ დროს არ არსებობდა  და ისტორიაში ცნობილი გახდებოდა მხოლოდ სამი საუკუნის შემდეგ,  ე,ი. მე-6 საუკუნეში?
   ამრიგად, უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა ქართულ ისტორიოგრაფიაში: მე-6 საუკუნეზე უფრო ადრინდელი კოლხეთის ქვეყანა, მიუხედავად მისი უკვე ისტორიულად  დადასტურებისა, ითვლება ლეგენდად, „ლეგენდარული კოლხეთი“, ხოლო უფრო შორეული, პრეელინულ ეპოქაში ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე კოლხურ-იბერული, ერთიანი ენის მქონე, გაერთიანებული სამეფოს არსებობას ისე, რომ ამაზე არავითარი ისტორიული და სარწმუნო არქეოლოგიური მასალები არ არსებობს.
   ყველა ერი ცდილობს, პირველ რიგში, კი ჩვენი მეზობელი სომხები, რათა თავიანთი ისტორია უფრო ძველად და ცივილიზებულად გამოაჩინონ, ჩვენ კი პირიქით, ვაკნინებთ კოლხეთის ისტორიას; ოფიციალურად არ ვაღიარებთ ამ ძველი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი ქვეყნის მემკვიდრედ ჩვენ თავს; ამავე დროს უკმაყოფილებას გამოვთქვამთ, რომ მსოფლიოში არ გვიცნობენ, არ იციან ჩვენი წარსული.
   პირველი ლეგენდარული თუ უკვე ისტორიული პიროვნება, რომელიც დღევანდელი საქართველოს წინაპარი ტომებიდან ისტორიაშია ცნობილი, ეს არის კოლხეთის მეფე აიეტი და მისი ქალიშვილი მედეა, რომელიც  ისე განსწავლული იყო მკურნალობის საქმეში რომ გაკვირვებულმა ელინელებმა ჯადოქრად ჩათვალეს, ხოლო მკურნალებს ამის შემდეგ მედიკოსებს, ე.ი. მედიკოს მიმდევარს უწოდებენ.
    ძვ.წ.მე-V –II სს. კოლხეთზე ისტორიული წყაროები უფრო ფართოდ მოიპოვება. ამ პერიოდისათვის ის მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს, აჭარისა და აფხაზეთის ჩათვლით. შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში მის ფარგლებში შედიოდა დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაც, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში იმ დროისათვის არც ერთი ერი იყო ჩამოყალიბებული და არც სახელმწიფოებრივი გაერთიანება არსებობდა. კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო კუტაი (ქუთაისი, არქეპილისი, ვანი???)
 ძველ ბერძნულ წყაროებში კოლხეთზე და კოლხებზე მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია მოცემული. ზოგი ერის სიძლიერის და მაღალი კულტურის მაჩვენებელი, ზოგიც კი კოლხეთის გაერთიანებაში შემავალი ტომების ბარბაროსობაზე მიუთითებს.
  ჰეროდოტე თავის ისტორიაში მრავალჯერ ახსენებს კოლხეთს, მაშინ, როდესაც არაფერს წერს ქართზე, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
 ძვ.წ. მე-Ш საუკუნეში, ე.ი. კოლხეთის სამეფოს ისტორიის დაწყებიდან ათასი წლის შემდეგ, იწყება ქართის (ქართა მეგრულად ნიშნავს რგოლს,  შემოკავებულ ადგილს) ისტორია. პირველი ეჭვმიუტანელი ცნობა ამის შესახებ ბერძნულ ლიტერატურაში ეკუთვნის აპოლოდორს (II-ს ძვ.წ.) მე-10 საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მცხეთის მამასახლისის შვილმა, დედით სპარსელმა ფარნავაზმა, პატარ-პატარა საგვარეულო ხევების შეერთებით, შექმნა ჯერ ქართის სამეფო, ხოლო შემდეგ დაიპყრო კოლხეთის ტერიტორიაც; გააერთიანა ერთ სამეფოდ, რომელიც დაყო სამთავროებად; შექმნა ქართული ანბანი და თავის სამეფოში, ე.ი. დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე  აკრძალა, გარდა ქართულისა, სხვა ენაზე, ე.ი. კოლხურზედაც, ლაპარაკი. იმეფა 65 წელი და გარდაიცვალა 92 წლის. ჩვენი შეხედულებით ეს ცნობები ლეონტი მროველისა ფარნავაზზე, ისე, როგორც მრავალი სხვა მისი ცნობები, ლეგენდის შთაბეჭდილებას უფრო სტოვებს, ვიდრე ისტორიული ფაქტის. მე-5 საუკუნის, ე.ი. ლეონტი მროველზე ექვსი საუკუნით უფრო ადრინდელი ისტორიკოსი კორიუნი წერს, რომ სომხური, ქართული და ალბანური დამწერლობა შექმნა ასევე მე-5 საუკუნის სომეხმა მეშროპ მაშტოცმა, პირველი ქართული წარწერებიც ხომ არ სცილდება მე-4 საუკუნეს.
   ჩვ.წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო საბოლოოდ დაიშალა პატრა-პატარა ოლქებად- სკეპტუსიებად, რომელიც ემორჩილებოდა რომს. კოლხეთის დაცემას ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტმა: 65 წელს ძვ.წ. პომპესმა ჯერ დალაშქრა, შემდეგ კი კავშირი შეკრა  იბერიასთან და გამოილაშქრა მათთან ერთად, ლიხიდან კოლხეთზე მითრიდატეს დასაჭერად, რომელიც კოლხეთში ემალებოდა რომაელებს. მითრიდატე პომპეუსს ყირიმში გაექცა, მაგრამ კოლხეთი კი დაპყრობილი დარჩათ რომაელებსა და ქართველებს, რითაც უკანასკნელი წერტილი დაესვა 1000 წლის ისტორიის მქონე კოლხეთის, ამ დროისათვის ისედაც დასუსტებული სამეფოს არსებობას.
  ახ.წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში კოლხეთის ტერიტორიაზე ბიზანტიელებისათვის ლაზიკა, ქართველებისათვის ეგრისი. ამ პერიოდისათვის ეგრისის ტერიტორიაზე ბიზანტიელი ისტორიკოსის ფლაუს არიანეს მონაცემებით ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები: ტრაპეზუნდიდან მოყოლებული- კოლხები (უკვე ტომის სახელია და არა ქვეყნის), სანები ანუ ჭანები, მთიელებია და მებრძოლი ტომის სახელითაა ცნობილი, ლაზები (ცხოვრობდნენ რიონის ორივე ნაპირზე), აბშილები ცხოვრობდნენ კოდორსა და ანაკოფიას შორის, ხოლო  ანაკოფიას და ბზიფს შორის აბასკები და სანიგები, პტოლომაიოსი კი ამავე მეორე საუკუნეში აღნიშნავს, რომ ლაზიკაში ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ ლაზები, ხოლო ქვეყნის სიღრმეში მარგალები (მეგრელები), ლაზეთის ეს სახელმწიფო, უმეტესობა ბიზანტიელი ავტორის მონაცემებით შეიქმნა მეგრელების და არა ლაზთა თაოსნობით, თუმცა, ეს ორი ტომი ეთნიკურად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
  ამავე ეპოქის სხვა ავტორების მონაცემებით, კოდორამდე ცხოვრობდნენ მეგრელები, კოდორიდან ანაკოფიამდე აბშილები. აბშილეთი შემდეგ დაიშალა, დაიყო მეგრელებსა და აფხაზეთს შორის. სხვა, უფრო გვიანდელი მონაცემებით, მეგრელ-აფხაზების საზღვარი იყო ღალიძგა.
  არ არსებობს არცერთი ბერძენი, რომაელი, თურქი ავტორი, ვინც ერკვეოდა აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ისტორიაში, რომელიც დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე დროის რომელიმე მონაკვეთში მხოლოდ აფხაზების არსებობას აღნიშნავდეს. იქ ყოველთვის ცხოვრობდნენ კოლხური მოდგმის ტომები, მაგრამ არა აღმოსავლეთ ქართული წარმოშობის. ეს საკითხი დღესაც ბევრ გაუგებრობას იწვევს.
 მე-4 მე-5 საუკუნე ეგრისის აყვავების ხანაა, ის მოიცავს მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. მისი აღმოსავლეთ საზღვარი შორაპანია. თვითონ ბიზანტიის ვასალია, ხოლო მისი ვასალებია აფხაზეთი და სვანეთი. ამ პერიოდში ეგრისის დედაქალაქია არქეოპოლისი. არქეოპოლისის გამაგრება ჯერ კიდევ მე-3 ს.ძვ.წ. დაიწყო კოლხეთის მმართველმა ქუჯიმ, როგორც კი ფარნავაზმა კოლხეთის საზღვარზე, შოროპანში და არგვეთში ციხეების აგება დაიწყო. ამის და მრავალი სხვა ფაქტების საფუძველზე ისტორიკოსი მუსხელიშვილი წერს: „იბერიას ყოველთვის ჰქონდა აგრესიული ზრახვები კოლხეთის  მიმართ“, ამიტომ კოლხებმა დედაქალაქი ქუთაისიდან გადაიტანეს ციხე გოჯში არქეოპოლისში, ე.ი. მოაშორეს ქართის საზღვარს.
   აგათია სქოლასტიკოსი (ბიზანტიელი ისტორიკოსი, მე-6 ს.) ახასიათებს ეგრისელებს- ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ბრძანებლობდნენ; ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია, არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება ესეოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, მიწა-წყლის სიჭარბით და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზით და სიცქვიტით. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან და არც ბარბაროსულ ჩვევებს ეწევიან.
  მე-5 საუკუნეში ძლიერდება ქართი. ვახტანგ გორგასალს დედაქალაქი მცხეთიდან  გამოაქვს  თბილისში და იპყრობს ეგრისს, ხოლო აფხაზეთს-არა. (თუ ვერა), ალბათ იმიტომ, რომ ისევ ბიზანტიის ვასალია და იქ ზღვისპირა ქალაქებში ბიზანტიის ჯარები დგანან. ეგრისი კი ამ პერიოდისათვის მხოლოდ ფორმალურად იყო ბიზანტიის ვასალი. ვახტანგის მეფობის დროს ქართული ეკლესია ღებულობს ავტოკეფალიას (დამოუკიდებლობას) და შედეგად, სადაც ქრისტიანობა ქართლის ინიციატივით ვრცელდება, საეკლესიო ლიტერატურული ენა, ე.ი. გაბატონებული ენა ხდება ქართული. ამას კი მოყვა ქართული კულტურის გავრცელება. სხვა ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფების ასიმილაცია. კულტურის  და ენის გაქართულება, საქართველოს კულტურული ექსპანსია შეეხო, პირველ რიგში, ეგრისის აღმოსავლეთ რაიონებს. დღევანდელ იმერეთს, სადაც ხდება აგრეთვე აღმოსავლეთიდან ქართული ტომების ინფილტრაცია, ეგრისის დასავლეთ, შავი ზღვისპირა რაიონებში, სადაც მძლავრდება ელინური კულტურის ზეგავლენა და ბიზანტიური იყო ღვთისმომსახურეობა,- შენარჩუნებულ იქნა მეგრული ენა. აღსანიშნავია, რომ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ნიკეაში  325 წელს ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, მაშინ, როდესაც ქართში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 335  წელს( სომხეთში 301 წელს).
  ჩვენი შეხედულებით, კოლხეთის დაბლობში მეგრული ენის შენარჩუნებას ხელი შეუწყო აქ ენდემურად  გავრცელებულმა მალარიამაც. ადგილობრივი მკვიდრნი მას შედარებით ადვილად იტანდნენ.  ხოლო ჩამოსულები რამდენიმე ან ზოგჯერ პირველი შეტევის შედეგადაც კი იღუპებოდნენ.
  570 წელს, მაჰმადის დისწულის, მირკანის შემოსევით დაიწყო არაბების ეპოქა საქართველოში, რომლებიც უფრო ხშირად ბატონობდნენ და აჩანაგებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს. ამან კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია არაბებისაგან ლტოლვილი ქართველების მიგრაციისა ეგრისის ტერიტორიაზე, რასაც, ბუნებრივია,  მოყვა ქართული ენის და კულტურის პოზიციების შემდგომი გაძლიერება ეგრისის აღმოსავლეთ პროვინციებში. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეებიც და ხალხიც გაჭირვების დროს, ფარნავაზიდან მოყოლებული, ხშირად გარბოდნენ დასავლეთ საქართველოში თავშესაფრის და დახმარების საძებნელად, მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოს მეფეები და ხალხიც იშვიათად მიმართავდნენ აღმოსავლეთ საქართველოს დახმარების ან თავშესაფრის სათხოვნელად.
   მე-8 საუკუნიდან იხმარება გამოთქმა სამეგრელო ეგრისის პარალელურად. მისი საზღვარი აფხაზეთთან, რომელიც ისევ ბიზანტიის ერთგული ვასალია, გადის კილასურზე (კილა-მეგრულად გასაღებია), აღმოსავლეთი საზღვარი გადის უკვე არა შორაპანზე, არამედ ცხენისწყალზე. ძველი კოლხეთ-ეგრისის დანარჩენი ტერიტორია უკვე ქართულად მოლაპარაკე ხალხითაა დასახლებული და შედის ქართლის შემადგენლობაში ცალკე საერისთავოს სახით, ან შეიძლება ეგრისის შემადგენლობაში შედის, ალბათ ნომინალურად.
   მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის მთავარმა ლეონ II-მ დაიპყრო ეგრისი. შემდეგ კი მთელი დღევანდელი დასავლეთ საქართველო და გაერთიანდა აფხაზთა სამეფოს სახელწოდებით. დედაქალაქი გადაიტანა ქუთაისში, რომელიც უკვე ქართული კულტურის მატარებელი იყო, რის შემდეგ  აფხაზეთის სამეფოში დამწერლობა, სახელმწიფო და საეკლესიო ენა გახდა ქართული. ხდება ქუთაისის მეორედ აღორძინება. ლეონ II-მ თავისი სამეფო დაყო  8 საერისთავოდ, საიდანაც მე-15 საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელი სამთავროები. აფხაზეთის სამთავროში მთავრად დასვა შირვანშახების მემკვიდრე, საიდანაც მიეცა დასაბამი  თავად  შარვანიძეების გვარს დასავლეთ საქართველოს სამეფოში. უკვე აფხაზთა სამეფოდ წოდებულს, აფხაზთა მეფეების შთამომავლები მეფობდნენ 965 წლამდე, რის შემდეგ ტახტზე ადიან ბაგრატიონები ტაო-კლარჯეთიდან და თანდათანობით იპყრობენ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიებსაც. აფხაზთა მეფეების მიერ დაწყებული საქართველოს გაერთიანება დამთავრდა მე-10 საუკუნეში უკვე ბაგრატიონების მიერ და ასე გაერთიანებული დარჩა აღმოსავლეთი და დასავლეთ საქართველო ერთიან სამეფოში  მე-5 საუკუნის განმავლობაში. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა დედაქალაქი  ქუთაისიდან  გადააქვს  თბილისში, რომელიც ხდება საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. მთელ საქართველოში უკვე გამოკვეთილად დომინირებს ქართული ენა და კულტურა.
  მე-15 საუკუნეში მეფე ალექსანდრე პირველის მეფობის დროს გაერთიანებული საქართველო ისევ იშლება ცალ-ცალკე სამთავროებად, უფრო სწორად, სამეფოებად, მათ შორის სამეგრელოც 1440 წელს ხდება დამოუკიდებელი სამეფო. იქ ისევ მძლავრდება მეგრული ენა და ძველი ეგრისული ტრადიციები.
  ეს სამთავროები ასე დარჩნენ დამოუკიდებელნი ერთმანეთისაგან საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, მანამდე კი, სტალინის სიტყვებით- „ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე მეტყველებდნენ, მაგრამ ერთ ერს არ წარმოადგენდნენ.“.
 ბიზანტიის დაცემის შემდეგ (1453 წელს) იმძლავრეს ოსმალებმა, რომლის მოხარკეები გახდნენ დასავლეთ საქართველოს ყველა სამთავროები, რომლებსაც დაუსრულებლად ომი და დავა ჰქონდათ ერთმანეთთან.
  არქანჯელო ლამბერტის მონაცემებით, მე-17 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს სამთავროებს (ფაქტიურად სამეფოებს) შორის ყველაზე ძლიერი იყო სამეგრელო. მისი საზღვარი იმერეთთან გადიოდა ცხენის წყალზე, გურიასთან რიონზე, ხოლო აფხაზთან - კოდორზე (კიდა-კიხალა). უფრო მოგვიანებით, აფხაზთა და სამეგრელოს სამთავროების ერთ-ერთი ომის დროს, სძლია აფხაზთა მთავარმა სამეგრელოს მთავარს და საზღვარი კოდორიდან ენგურამდე  გადმოსწია. ამრიგად, დადიანების ძირძველი ეკლესია „ჯინჯი ხატი“ ილორი აღმოჩნდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზთა მთავარმა, სამთავრო დაუყო თავის სამ ვაჟს, სამეგრელოდან დაპყრობილი ტერიტორია ენგურსა და ოქუმს შორის უანდერძა ყვაპუს (ჩიყვიანი იყო, ამიტომაც ეძახდნენ ყვაპუს), მან კი თავის მემკვიდრეს მურზაყანს დაუტოვა ეს ტერიტორია, რის შემდეგაც დღევანდელ გალის რაიონს ხალხი ეძახის სამურზაყანოს. ამრიგად, მეგრელებს, რომლებიც შთამომავალნი არიან თითქმის 3 ათასი წლის განმავლობაში არსებული ძლიერი, საკუთარი კულტურისა და ენის მქონე, ძველ მსოფლიოში ცნობილი ქვეყნის, კოლხეთის, შემდგომ ლაზიკის, ბოლო საუკუნეების განმავლობაში საცხოვრებლად შემორჩათ შავი ზღვის სანაპიროზე მცირე ტერიტორია, უმეტესად დაჭაობებული, სადაც გავრცელებული იყო მალარია, რომელმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხელი შეუწყო ამ ტერიტორიაზე მეგრული ენის შენარჩუნებას. ძველი კოლხეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დღეისათვის მცხოვრები ხალხის ეთნოგენეზი სხვადასხვაა. იმერეთის აღმოსავლეთ რაიონებში ცხოვრობენ ქართიდან სხვადასხვა საუკუნეებში სხვადასხვა მიზეზით გადმოსული ხალხი ასიმილირებული ძველ კოლხებთან ქართული თვითშეგნებით და ტრადიციებით. იმერეთის დანარჩენ ტერიტორიაზე და გურიაში ცხოვრობენ ძველი კოლხების და ეგრისელების შთამომავლები კოლხური, დასავლეთური ხასიათით, მაგრამ ქართული დედაენითა და ქართული თვითშეგნებით. თავიანთი ენა და ნაციონალური თვითშეგნება, კოლხეთის შთამომავალი ტომებიდან მეგრელების გარდა, შემორჩათ ლაზებს (უმეტესად თურქეთის ტერიტორიაზე) და სვანებს. რაც შეეხება აფხაზებს, ისინი ასიმილირებულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულ აბსუებთან. დღევანდელი აფხაზური ენა შედის აფხაზურ-ადიღეურ ენათა ჯგუფში, რომელიც უფრო გავრცელებულია ჩრდილოთ კავკასიაში. დღევანდელი აფხაზური ტრადიციებიც და კულტურაც უფრო მთის ერისაა, ვიდრე ზღვისპირეთის, რაც ადასტურებს მათ მიგრაციას ჩრდილო კავკასიის ფერდობიდან ზღვისპირეთისაკენ.
  მე-15 საუკუნეში ცალკე სამთავრობოდ გამოყოფის შემდეგ მეგრელები მოკვეთილნი აღმოჩნდნენ გარე სამყაროს დასავლეთით ზღვა ჭაობიანი სანაპიროთი, ხოლო დანარჩენი სამი მხრით მტრული სამეფოებით და მთაგორიანი ადგილებით. ამან უარყოფითი გავლენა იქონია სამეგრელოზე, მეგრელების განვითარებასა და კულტურის დონეზე.
  ჯერ კიდევ ციცერონი წერდა: „ხალხთა და ერთა ბუნება  წარმოსდგება იმ ადგილის ბუნებისაგან, სადაც ისინი ცხოვრობენ“ და მოჰყავს ასეთი მაგალითი: კართაგენელები ცბიერნი და მატყუარანი იყვნენ არა შთამომავლობით, არამედ იმის გამო, რომ ცხოვრობენ ზღვისპირა ქალაქებში და  ვაჭრობის გამო შეეჩვივნენ მატყუარობას. ალბათ ამას გულისხმობდა იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი (მე-17 ს.), რომელიც სამეგრელოში ხანგრძლივი, ყოფნის შემდეგ ახასიათებდა მეგრელებს - „მეგრელებმა შეითვისეს ბერძნებისაგან -ვერაგობა, სომხებისაგან - სიცრუე, რუსებისაგან - თავდაუჭერლობა და ლოთობა, აფხაზებისაგან - სისასტიკე და ქურდობა და თვით თურქებისაგან- ღალატი.  ამ სხვადასხვა  ბიწიერებამ სულ გააქრო მეგრელების ძველი სათნოება“, მეგრელების მიერ შენარჩუნებულმა ძველმა კოლხურმა ენამ, მაშინ, როდესაც მთელს დანარჩენ საქართველოში უკვე დედაენა ქართულია, წარმოიშვა ენობრივი და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული გაუგებრობის ელემენტები; უმცირესობის და დაჩაგრულების პოზიციებზე მოაქცია მეგრელები. ამის გამოძახილი იყო, როცა კოვალსკი ჩვენი საუკუნის დასაწყისში, 27 წლის განმავლობაში კავკასიაში ცხოვრების შემდეგ წერდა მეგრელებზე - „ისინი ძლიერ ნიჭიერები, შემთვისებლები, ჯიუტები და შურისმაძიებლები არიან“.
  ისტორია სავსეა პარადოქსებით. ძლიერი ქვეყნები და ერები - ეგვიპტელები, რომაელები, შუმერები, ხეთები აღიგავნენ დედამიწიდან. არავინ ლაპარაკობს დღეს  მათ ენაზე. ათასწლეულებს გადაურჩნენ  ბერძნები, ებრაელები, ჩინელები, ინდოელები;  შეინარჩუნეს თავიანთი  ენა და ქვეყანა. დარჩება თუ არა ძველი კოლხური ენა და მათი მემკვიდრეები მეგრელების სახით, თუ სამუდამოდ  მოისპობა? ეს ალბათ, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული; პირველ  რიგში კი - თვითონ მეგრელებზე.
გაზეთი „ფარტაზის ამბიონი“ №2  ივლისი 2003 წელი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი