უკან დაბრუნება
განცხადებები
ალჟირის სათავეში – მეგრელი ალი ხოჯა
14-04-2017, 06:30
ნანახია: 2518
გაუზიარე სტატია მეგობარს


ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე
(შემოკლებით)
    ეგვიპტეში ქართველი მამლუქების არსებობის ამბავი საკმაოდ ცნობილია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ქართველების მოღვაწეობა ალჟირსა და ტუნისში. რომელსაც აქტიურად იკვლევს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ჩრდილო აფრიკის ამ მხარეს ისლამურ სამყაროში მაღრიბის სახელით იცნობდნენ და XVI საუკუნის დასაწყისიდან ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო სამასი წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეგები, რომელთაც შემდგომში „დეის“ წოდება მოიპოვეს.  
   ალჟირელ დეითა შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით დიდი როლი ითამაშეს ალჟირის აღზევება-აყვავებაში.  
   ალჟირში ქართველები, ბუნებრივია, ოსმალეთზე გავლით ხვდებოდნენ. საქართველოდან მოტაცებული თუ გაყიდული ქართველი ტყვეები სტამბოლისა და ოსმალეთის სხვა ძირითად მონათა ბაზრებზე იყიდებოდნენ. მართალია, ტყვეთა უმეტესი ნაწილი ეგვიპტე-ერაყში იყიდებოდა, მაგრამ სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა გამგებლები მათ ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. სწორედ ამ გზით მოხვდა ქართველთა უმეტესობა ალჟირში, ტუნისსა და ტრიპოლიში.   
   ალჟირის დეითა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალი ხოჯას, რომელიც წარმოშობით სამეგრელოდან იყო. ეტყობა, ბავშვობაში ის ტყვეობაში მოხვდა და საბოლოოდ, ალჟირში აღმოჩნდა. ალი ნიჭიერი პიროვნება იყო და შეძლო გზის გაკვლევა და აღზევება. 1817 წლის შემოდგომაზე ალჟირის დეის, მუჰამედ ბენ ალის უეცარი გარდაცვალების შემდეგ მან შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ევროპელი დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალი ხოჯას დიდი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა და მას, ეგვიპტესა და ერაყში მოღვაწე ქართველი მამლუქების მსგავსად, ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსებას სურდა. საამისოდ მან გამოიყენა უმკაცრესი მეთოდები, რათა მოწინააღმდეგეები, არსებული თუ პოტენციური, გაენდაგურებინა. ექვსი თვის განმავლობაში მან ათას ხუთასამდე ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რათა საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა. მაგრამ ალი ხოჯას ოცნებები ფუჭი გამოდგა. 1818 წლის დასაწყისში ალჟირში იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც დეიც შეიწირა იმავე წლის 28 თებერვალს. ალის მმართველობამ მხოლოდ ექვსი თვე გასტანა, მაგრამ მან ისე გაითქვა სახელი თავისი სისასტიკით, რომ „გიჟი ალის“ სახელი მოიპოვა. როდესაც 1846 წელს ფრანგმა მკვლევარმა, პიერ ქრისტიანმა გამოაქვეყნა თავისი მრავალტომიანი ნარკვევი ხმელთაშუა ზღვის კორსარებზე, სატიტულო გვერდზე მან სწორედ ალი ხოჯას პორტრეტი გამოიყენა, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დეი ადამიანთა მოკვეთილი თავებით გარშემორტყმული არის ასახული.

წყარო:bu.com.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი