უკან დაბრუნება
განცხადებები
გვარებისა და გვარსახელების ეთნოისტორიული შესწავლისათვის
24-08-2016, 08:21
ნანახია: 2654
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, აბდულ სურმავა

(სამეგრელოს ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

გვარი (გვარსახელი) განსაკუთრებული ფუნქციით აღჭურვილი სოციალურ-სამართლებრივი კატეგორიაა, რომელიც პიროვნულ სახელს თან ახლავს, მისი განუყრელი ნაწილია. გვარსახელების ისტორია საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს და ქართულ საისტორიო წყაროებში VII საუკუნიდან გვხვდება, თუმცა იგი უფრო ადრე უნდა წარმოქმნილიყო. როლანდ თოფჩიშვილის თქმით, ,,ქართულ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩვენში მოხდა გვაროვნული გვარის ჯერ გვიანდელ გვარში და შემდეგ გვარსახელში გადასვლა. ასე რომ, მემკვიდრეობითი სახელის გარეშე ენობრივ-ეთნიკური სამყარო არასოდეს ყოფილა” (რ. თოფჩიშვილი, 2006, გვ. 98-99).
გარდა ამისა, გვხვდება ეპონიმის სახელისა ან მეტსახელისგან მომდინარე გვარის განაყოფის (განშტოების) ზედწოდება, მეორე მემკვიდრეობითი სახელი, რომლის აღსანიშნავად ქართველი მეცნიერები ,,შტოგვარს” (ს. ჯანაშია), ,,ქვეგვარსა” (ალ. ოჩიაური, ვ. ბარდაველიძე) და ,,მეტგვარს” (ს. მელიქიძე) იყენებენ (ნასესხები ტერმინით - ,,პატრონიმია”: pater-მამა, onymo-სახელი).
,,ძველ საქართველოში, - წერდა აკად. ივანე ჯავახიშვილი, - წესად ჰქონდათ, რომ საგვარეულო სახელებს გარდა, გვარის სხვადასხვა შტოების გასარჩევად კიდევ დამატებითს სახელწოდებასაც ურთავენ ხოლმე. ჩვეულებრივ ასეთი განსხვავებული სახელწოდება ან პაპის მამის, ან პაპის სახელისაგან იყო ხოლმე ნაწარმოები. ძველი ქართველი ხალხის დავთრების აღწერიდგან ჩანს, რომ არა ერთს შემთხვევაში ასე განსხვავებული სახელწოდება შემდეგში გვარის სახელადაც კი ქცეულა” (ივ. ჯავახიშვილი, 1963 გვ. 47).
მემკვიდრეობითი სახელის აღსანიშნავად სამეგრელოში გამოიყენება ,,თური”, ,,გიმნარყი”, ,,გმნაჭყანი”, ,,ნარყი”, ,,ნოყო”, ,,დინო”, ,,სამიჯალო”, ,,საჯიმაკოჩო”, ,,საბიძისქუალო”.
გვარსახელი და შტოგვარი შეიძლება იყოს ეპონიმური (მამის, ან მამის ხაზით წინაპრის, გვარის საფუძვლის ჩამყრელის, სახელისგან ან მეტსახელისგან მომდინარე), ეთნონიმური, გეოგრაფიული (სოფლის სახელწოდებიდან მომდინარე) და პროფესიული (გარეგნული ან შინაგანი ნიშნის მიხედვით შერჩეული სახელი-დახასიათება, ხელობა-მოსაქმეობის ამსახველი, სოციალური სტატუსის გამომხატველი და ა.შ).
ჩვენი წარსულის შესწავლის თვალსაზრისით გვარებისა და შტოგვარების კვლევა ფრიად საყურადღებოა. ამჯერად ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამეგრელოში გავრცელებული ზოგიერთი გვარისა და შტოგვარების ეთნოისტორიული შესწავლა.
ბართაია - გვარის ძირითადი სამკვიდროა მარტვილის რაიონის სოფ. ლეხაინდრაო (41 კომლი). ბართაიები ცხოვრობენ აგრეთვე ბანძაში (5კ.), გეჯეთში (3კ.), აბედათსა (3კ.) და გურძემში (3კ.). მისი ვარიანტია ,,ბართია” (35 კომლი გაჭედილში მოსახლეობს).
ებართაიე ბართაიების გვარით დასახლებული უბანია (მეგრ. ,,მუხური”, ,,კურთხუ”) ლეხაინდრაოში. პაატა ცხადაიას გვარსახელ ,,ბართაიას” ამოსავალ ფუძედ პირსახელი ბართა ან ბარათა მიაჩნია, და იქვე მიუთითებს ,,ბართავას” (გვარი დაფიქსირებულია ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში). პირსახელი ბართა მკვლევარს ბართიმეს, ბართლომეს შემოკლებულ ფორმად მიაჩნია (ბართლომე - ბართიმე - ბართა). არც ისაა გამორიცხული, რომ ბართა ბარათას რედუცირებულ ვარიანტს წარმოადგენდესო (პ. ცხადაია, 2000. გვ. 56).
ლეხაინდრაოში ბართაიების რამდემინე ,,დინო” (შტოგვარი) მიგვითითეს: ,,კოკისქუაეფი”/,,კოკიბართაიეფი”, ,,ჟვაბუბართაიეფი”, ,,ძიგირეფი”, ,,ყორიბართაიეფი” ...
,,კოკისქუა” კოკის შთამომავალს ეწოდება. ესაა მამის (ან მამის ხაზით - წინაპრის) სახელისგან მომდინარე ბართაიას ერთ-ერთი შტოს მეტსახელი. ,,კოკისქუა ბართაიშ გმნარყიე, დინო რე” (,,კოკისქუა” ბართაიას ნაყარია, შთამომავალია) - გვიამბო 36 წლის გია ბართაიამ (ს.დ. №1, 2007).
,,ჟვაბუბართაია” გარეგნული ნიშნის მიხედვით შერჩეული სახელია (ე.წ. სახელი-დახასიათება) და ეპონიმს უნდა შერქმეოდა უშნო, ულაზათო შესახედაობის გამო. ჟვაბუ - ბაყაყი, გომბეშო; ჟვაბუჯგუა - ბაყაყის მსგავსი (მსუქანი, გაბერილი, თვალებგადმოცვენილი). ,,ჟვაბურას” უსუფთაო, უშნო კაცზე იტყვიან (იხ. ო. ქაჯაია, II, 2002, გვ. 497).
ჩვენ მიერ საველე-ეთნოგრაფიული მუშაობისას ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით ,,ბართაიას გვარის ერთ-ერთი წინაპარი, ამ შტოგვარის საფუძვლის ჩამყრელი, ხარბი, გაუმაძღარი კაცი იყო და მის მოდგმას ამიტომ დარქმევია ჟვაბუბართაიები” (ს.დ. №1, 2007).
,,ჟვაბუა”, ,,ჯვაბუა” მეგრულში ხარბად და მადიანად ჭამას, შესანსვლას ნიშნავს. ,,ჟვაბუა” (ჟვაბუას) სახელი ჟვაბუნს ზმნისა - ხარბად ჭამა. ქიმკოდოხოდუ ტაბაკის დო ოჭკომალი დოჟვაბუ - მიუჯდა ტაბლას და საჭმელი შეჭამა (ხარბად). შდრ. ჯვაბუა” (ო. ქაჯაია, II, 2002, გვ 497).
,,ძიგირი”/,,ძიგირეფი”, ენამწარე, გესლიანი კაცის მეტსახელია (ძიგირი - მეგრ. ეკალი).
დანელია - საკმაოდ მრავალრიცხოვანი გვარია. სულთა რაოდენობით მარტვილის რაიონში პირველი ადგილი უჭირავს (1955 სული), სამეგრელოში - მე-16 (3084 სული), ხოლო საქართველოში - მე-60 ადგილი (სულ 5666 სული). დანელიები ცხოვრობენ მარტვილში, ბანძაში, ვედიდკარში, ზანათში, გურიფულში, ანაკლიაში, ქვემო ჭალადიდში, ახალსოფელში, ახალკახათსა და სხვაგან (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ.79). გვარის ძირითადი სამკვიდრო, თავდაპირველი საცხოვრისი მარტვილის რაიონის ორი მომიჯნავე სოფელი - ლეხაინდრაო და ნაჯახაოა.
დანელია (ადგილობრივთა მეტყველებით - დანეია) ერთი გვარია (,,თური”). გვარის საფუძვლის ჩამყრელი, ეპონიმი - დანე ყოფილა. დანე კოლხეთში გავრცელებული პირსახელია (დანიელი - დანელა - დანელ - დანე). აქედან მოდის გვარები - დანელაშვილი და დანიელაშვილი (პ. ცხადაია, 2000, გვ. 79).
,,დანეიეფიში ოხორი დანეთიე” (დანელიების საცხოვრისი ,,დანეთია”) - გვიამბეს მთხრობელებმა (დანე - პატერი, ეპონიმი; თი-დიდი ოჯახი, ,,მახორობა”).
დანელიას გვარს 30-მდე შტოგვარი ჰქონია. ესენია: ბაბანეფი, ბაკარასქუაეფი, ბაკოსქუაეფი, ბეკინასქუაეფი, ბუკეფი, ბურდეფი, ბუღეფი, გოძღოსქუაეფი, გურმუირეფი, კაკუცასქუაეფი /ქაქუცასქუაეფი, კიჭუეფი /კიჭუასქუაეფი /კიჭურიეფი, კოჩობასქუაეფი, მარტიშიეფი, მაშურიეფი, რცამეფი /ცამეფი, ტრეეფი, ფაცურეფი, ფუცურეფი /ფუცურიეფი, ქუცეფი, ჯღიტურიეფი /ჟღიტურიეფი /ღიტურიეფი, შაქასქუაეფი, ჩიტიესქუაეფი, ჩხვირკეფი, ცხოკეფი /ძღოკეფი, ძაბუნესქუაეფი, ძიგეფი /ძიგვეფი, წაკოსქუაეფი, ჯორიესქუაეფი, ჯოღორიეფი, ჯღიმეფი.
როგორც აღვნიშნეთ, გვარის განაყოფი, განშტოება წინაპრის სახელს ატარებდა მამაკაცის ხაზით. ბაბა/ბაბანე, ბაკარა, ბაკო, ბეკინა, ბურდა, ბუღა, გოძღო, კაკუცა /ქაქუცა, კიჭუ /კიჭურია, კოჩობა, მარტიშია, მაშურია, ჯღიტურია /ჟღიტურია, ტრეი, შაქა, ჩიტიე, ძაბუნე, წაკო, ჯორიე და ჯოღორია დანიელების ამა თუ იმ შტოს წინაპრები ყოფილან. ისინი ტერიტორიულ-ნათესაურ ერთიანობას ქმნიდნენ - დანეთურები (მოგვარეები, სისხლით ნათესავნი, ტომის, მოდგმის წარმომადგენლები) იყვნენ.
,,გურმუირი“ მეგრულში ,,გულმოსულს“, გაგულისებულს, გაბრაზებულს (ბრაზიანს) ნიშნავს. სათანადო მოტივაციის არსებობის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ,,გურმური“ გვარის განაყოფის (განშტოების) ზეწოდებად ქცეულიყო. ,,მარტიშია“ საზოგადო სახელისგანაა წარმოებული და ,,მარტში დაბადებულს“ უნდა ნიშნავდეს. შდრ. მაისი (თვის სახელია) - მაისა (მაისში დაბადებული) კაცის თუ საქონლის სახელია; აქიდან მოდის გვარი მაისაია, მაისაშვილი, მაისაძე და მაისურაძე. დაბადების თვისა და დღის მიხედვით ადამიანისა და შინაური ცხოველისთვის სახელის შერქმევა იშვიათი როდია (თუთაშხია, ობიშხია...). ,,რცამი“ თევზის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ აქვს თუ არა გვარის განაყოფის ზედწოდებას რაიმე კავშირი თევზთან, გაურკვეველია. ,,ფაცურა“, ,,ფაცურეფი“ - მუფუსფუსე, მოფაცურე, მოფუცფუცე კაცზე იტყვიან, ვინც საქმეს ფაცა-ფუცით, საჩქაროდ აკეთებს. მივმართოთ ლექსიკონს: ,,ფაცურ“-ი (ფაცურს) აჩქარებული მოძრაობა რამე საქმიანობისას - ფაცაფუცი (იხ. ო.ქაჯაია, III, 2002წ. გვ.92). ,,ფაცური“, ,,ფაცურია“, ,,ფაცურა“ - ესაა საქმის ფაცურით კეთება, საქმიანობა აჩქარებული მოძრაობით (იქვე). ეს სიტყვა შეიძლებოდა შტოგვარის სახლწოდებად ქცეულიყო. სხვათაშორის, ,,ფაცურეები“ გელხვაიძეთა გვარის დანაყოფია ბაღდათის რაიონში (,,ფაცურა“ - ჩქარი, მოძრავი, ცქვიტი). ,,ფუცური“/,,ფუცურია“, ,,ფუცურა“ ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით შექმნილი ზეწოდებაა და მთხრობელთა განმარტებით ,,ტანპატარას, ჩიას“ ნიშნავს - ,,ფუცურა დანელიები დაბალი ტანისანი, ტანმოკლეები არიანო“ (მთხრობელი ოთარ დანელია, ს.დ.№1, გვ.6).
,,ქუცეფი“/,,ქუცურეფი“ (,,ფუცურეფის“ მსგავსად) პიროვნების გარეგნული მახასიათებლის აღსანიშნავი ზედწოდებაა და ნიშნავს ,,პატარა ტანის, გაქუცულ-გასაცოდავებულ კაცს, ტანმორჩილს“. ქვეცე, ქვეცელე, ქვეცერე, ქუცურუა სწორედ ტანმორჩილი, ჩია კაცის ეპითეტია. უცურუა და ქუცურავა გვარია (ეს უკანასკნელი მოხსენიებულია 1616-1621 წწ. ერთ საბუთში (იხ. ქსძ, III, გვ.480). ,,ჩხვირკეფი“ - ჩვენ მიერ მოძიებული საველე-ეთნოგრაფიული მასალებით ,,ჩხვირკი“ გამხდარი კაცის სინონიმია. ,,მეგრულ-ქართულ ლექსიკონში'' ჩხვირკალი განმარტებულია როგორც ,,დაჩხიკინებული; თამამი და ამბიციური“ (ო.ქაჯაია, III, 2002, გვ.331), ხოლო ჩხირკა - ძალიან გამხდარი (ძვლებადქცეული) (იქვე,გვ.333). შესაძლოა შტოგვარს ფუძედ ჩხირკვი (ჩხიკვი) დასდებოდა (შდრ. გვარები - ჩხვირკია და ჩხირკაია). ,,ჩხვირკები და მაშურიები ერთი საბიძაშვილოა - ჩხირკების წინაპარი გამოყოფილია თავდაპირველ საცხოვრისს და სამოსახლო ნოღელისა და ცხენისწყლისპირებში გაუჩენია. მაშინ ეს ადგილი გაუალი ტყით ყოფილა დაბურული. ,,ოჩხვირკეს ქიმთიხორუ“ (საჩხიკვეში, ჩხიკვთა საბუდარში შესახლდაო) - ამბობენ. ყოველ აღდგომა დღეს მაშურიები და ჩხვირკები ერთად ვლოცულობთ ქვევრთან, კაჭუა დანელიას სახლში. ცხარს დავკლავთ და დავილოცებით - მახას და მათეს განაყარს, ღმერთო, სიკეთეს და გამრავლებას ნუ მოაკლებო,“ - გვიამბო ვაჟა სერიოჟას ძე დანელიამ (ს.დ. №1, გვ.12).
,,ცხოკის“ ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით შერჩეული ზედწოდება უნდა იყოს და ნიშნავს ,,მჭლეს“. ,,ძიგა“/,,ძიგვა“ ისეთი კაცის მეტსახელია, რომელიც უშნოდ იყურება, უშნო გამოხედვა აქვს, უაზროდ უყურყუტებს. ,,იძიგინენს“ (იძიგინუუ უშნოდ იყურა, უძიგინუუ უშნოდ უყურებია, ნოძიგინუე(ნ) უაზროდ იყურებოდა თურმე)... უშნოდ (უაზროდ) იყურება; ყუნტავს, ყურყუტებს (ო.ქაჯაია, III, 2002, გვ.386).
ედანეიე დანელიების უბანია სოფ. ბანძაში, რომელსაც დასავლეთით მდ.აბაშა ესაზღვრება. აქაური დანელიები ნაჯახაოდან გადმოსახლებულან.
ლეხაინდრაოს ტოპონიმიაში დაფიქსირებულია ადგილის ნომინაციის ისეთი პრინციპი, სადაც უბნის სახელწოდება გვარის განაყოფთა ოჯახების სახელწოდებითაა ნაწარმოები. ასე, მაგალითად, ,,ჯორიესქუაეფიში მუხურის“ (ჯორიეშვილების უბანი, კუთხე, ყურე) სახელწოდებითაა ცნობილი; ,,გოძღოსქუაეფიში მუხური“ ის უბანია, სადაც გოძღოს შთამომავლები ცხოვრობენ და ა.შ. (მსგავსი გეოგრაფიული სახელწოდებების შესახებ იხ. პ.ცხადაია, 1985, გვ.86-92).
სურმავა სამეგრელოში ფართოდ გავრცელებული გვარია. მარტვილის რაიონში სულთა რაოდენობით მეათე ადგილი უჭირავს, ხოლო საქართველოში - 416-ე ადგილი (სულ 2039 სული). გვარის ძირითად სამკვიდროში - მარტვილის რაიონის სოფ.ნაგვაზაოში, სურმავების 152 ოჯახია აღრიცხული. (62) წლის დათარიღებულ ნაგვაზაოს საეკლესიო გლეხთა სიაში მოხსენიებულია ყმა-გლეხი, გვარად სურმა (იხ. ქსძ, III, გვ.412). სურმავებით დასახლებული უბანი ნაგვაზაოში ესურმედ არის სახელდებული (იხ. ი. კეკელია, 2005, გვ.16).
პ.ცხადაიას მიაჩნია, რომ გვარის ფუძეს სურმა - პირსახელი წარმოადგენს. ,,სურმავას“ წარმოქმნის ფონეტიკური პროცესი, სავარაუდოდ, ასე უნდა წარმართულიყო: სულეიმან - სულმან - სურმან - სურმა (იხ. პ.ცხადაია, 2000,გვ.129).
ჩვენ მიერ მოძიებული ეთნოგრაფიული მასალებით, სამი ძმა გვარად სურმანიძე ჩამოსახლებულა აჭარიდან, ხულოს რაიონიდან, XVI საუკუნის მიწურულს. ერთი ძმა გორდაში დასახლებულა, მეორე ნაგვაზაოში, მესამე - სერგიეთში. სურმავები იმ სამი ძმის შთამომავლები არიან (მთხრ. ანზორ სურმავა, ს.დ. №3,2006,27 ოქტომბერი).
ნაგვაზაოელი სურმავების შტოგვარებია: კიკინოზეფი, გვაბალეფი, შამუტიეფი, კვაირამეფი, ბუძგუეფი/ბუძუეფი/ბუძოიეფი, გაჯღაჯღეფი/დაჯღაჯღიეფი, ზღვაურეფი, ცქუტურიეფი, ჩხვერხორხეფი/ჩხვერხოფიეფი.
კიკინოზა, გვაბა, შამუტია, კვაირამა და ბუძგუ პირთა საკუთარი სახელებია, რომლებიც გვარად სურმავები იყვნენ. ,,თენეფი სურმაშ გამნარყიე, გამნაჭყანიე“ (ესენია სურმას განაყოფია, განშტოებაა) - განგვიმარტეს მთხრობელებმა (კაჭუა, შიო, ზაზა და ანზორ სურმავებმა).
ზოგიერთი ზედწოდების შინაარსი გაბუნდოვანებულია. მაგალითად, ეთნოგრაფიული მასალებით ,,კიკინოზებს“ ამაყად თავდაჭერილ სურმავებს ეძახიან (,,დუდი მეუკიკანა“ - თავი ამაყად უჭირავთ, მედიდურობენ, მეტიჩრობენ). ,,ბუძგუეფი“/,,ბუძოიეფი“ მოუსვენართა ზედწოდებაა (,,ირო იბუძოლუნა“ - სულ ირევიან, ფუსფუსებენ, ფაციფუცობენ, საქმიანობენ...). ,,ზღვაური“ ზღვის მხრიდან მონაბერ ძლიერ ქარს ეწოდება (იგივე ,,წანი“, ,,ბორია“). ხალხური მოტივაციით, ,,ზღვაური'' ამბიციური, ემოციური კაცის ზედწოდებაა, რომელსაც სულ პატარა წყენაც კი აღაშფოთებს, რომელსაც ყველაფერზე გული მოსდის (ს.დ. №3, გვ.14). შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ,,ზღვაური“ მომდინარეობდეს ,,ზღვარზღვინი“ - დან, რაც ბევრის ერთად რევას, ფუთფუთს ნიშნავს. ,,ცქუტურია“ ტანპატარა, ცქვიტი კაცის ეპითეტია სამეგრელოში. ,,ჩხვერხორხიეფი“ - ,,სამი ძმა ყოფილა ჩხვერხორხია, იმდენად ძუნწი და ხელმომჭირნენი, რომ ოჯახის გაყოფისას ქონებას მთელი სიზუსტით ინაწილებდნენ“. ,,ჩხვერკი ხოლო გოხორხესია“ (ხის ხმელი ტოტიც (წნელი, ფიჩხი) გახერხესო” (მთხრ. აპოლონ ელიზბარის ძე კვანტალიანი, დ. 1930, ს. დ. №2, 2006წ, გვ.7). ,,ჩხვერხორხია“ ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით წარმოქმნილი ზედწოდება უნდა იყოს და ,,ვიწროყელიანს“ ან ,,გრძელკისერას“ ნიშნავს (ხორხი, ხურხი, ყორყელი, ყორყინტე, ხირხიტა, ხორხოტა იგივეა რაც ყანყრატო, ყელი (ო. ქაჯაია, III, გვ. 214). ,,კომპული“ - ამ ზედწოდებას შინაარსობრივად მსხლის ერთგვარ ჯიშს (კომპუი, კომპუე) უკავშირებენ. ო. ქაჯაიას ,,მეგრულ-ქართული ლექსიკონის” მიხედვით ,,კომპული“, ,,კოპული“ უნაგირის ტახტია, კეხის წინ და უკან ამოშვერილი ნაწილების სახელწოდება (ო. ქაჯაია, 2002, III გვ. 156, 157). იქვე მოტანილია მაგალითი მაკარ ხუბუას ,,მეგრული ტექსტებიდან“ (ტფ; 1937): ,,ქუგნუოთი კსერსია დო ონანგერიშ კოპულიშა ქაგნიდვია: მ. ხუბუას; გვ. 125 - გადაუგდე კისერზეო და უნაგირის ტახტზე გადაიდევიო“ (იქვე, გვ. 157). გარდა ამისა, კოპული ,,თავსაც“ ნიშნავს და ,,ისარსაც“. კოპული-კომბლის თავი, შქვინდი დო კოპული - მშვილდ-ისარი.
სერგიეთის სურმავები (32 კომლი) სამ შტოდ იყოფა. აქიდან ორი შტოგვარის ზედწოდება გავარკვიეთ - ,,კოტარიეფი“ და ,,კუითურეფი“. ,,კოტა“ და ,,კუი“ წინაპრის სახელებია, რომლებმაც სურმავას ორ შტოს ჩაუყარეს საფუძველი. მთხრობელთა გადმოცემით, სერგიეთელი სურმავები წარმოშობით გურიიდან არიან, გვარად სტურუები. ,,ძიტია სურმავა ჩამოსახლებულა XVII საუკუნეში და გვარი შეუცვლია. ორი შვილი ჰყოლია - ახაია და მაგოია. დღეს სერგიეთიში ძიტიას მე-7-8 თაობა ცხოვრობს“ (მთხრ. სოლომონ (სოსო) სურმავა, ს. დ. №2, გვ.11).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური გვარსახელის შიგნით ადგილობრივი (არაოფიციალური) ვარიანტის შექმნას გვარსახელის მრავალრიცხოვნებით გამოწვეული გარჩევის აუცილებლობა, სოციალური, ყოფითი ცხოვრება, პროფესიული საქმიანობა, გარეგნული და შინაგანი მახასიათებლები განაპირობებდა. ამასთანავე, ამა თუ იმ პირის მოდგმა-შთამომავლობა ქმნიდა ერთობლიობას მონოგენური დასახლების სახით. დროთა განმავლობაში ამ ადგილზე მოსახლე ოჯახების გვაროვნულ-გენეტიკური ერთიანობა მოიშალა, მაგრამ სხვადასხვა მემკვიდრეობითი სახელის მატარებელთა შორის ნათესაური ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი