უკან დაბრუნება
განცხადებები
პირველი ავტომანქანა საქართველოში
4-09-2018, 18:20
ნანახია: 1404
გაუზიარე სტატია მეგობარს


ავტორი: ნანა ხუბუტია


1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გოთუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით.

სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია გვიყვება, რომ ეს ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.

პირველი ავტომანქანა საქართველოში

„საათ-ნახევარი უნდებოდა გზის გავლას და ნახევარი საათი სადგურებში ჩერდებოდა, მაგრამ გვათუას მალე გამოუჩნდა კონკურენტები, მეფურგუნეებისა და მეეტლეების სახით, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობდნენ.
მათ უჩივლეს გვათუას მთავარმმართებლის წინაშე. ისინი წერდნენ, რომ მანქანა ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევდა, ამიტომ სიჩქარის შეზუდვა მოითხოვეს. საჩივრების შემდეგ გვათუა იძულებული გახდა, 12 კილომეტრის საათის სიჩქარით ემოძრავა“, - ამბობს ედიშერ ბაღათურია.

პირველი ავტომანქანა საქართველოში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივმა მოგვაწოდა 1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთის“ ფოტოსურათები, სადაც წერია, რომ მანქანას ორი ღორი და ერთი ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი კი არ ყოფილა.

„არავითარი უბედური შემთხვევა ადამიანის მხრივ არა ყოფილა, იმის გარდა, რომ ამ ორის კვირის წინად ავტომობილმა გასრისა ორი ღორი და ერთიც ძაღლი. მაგრამ ამის პასუხისმგებელიც, რასაკვირველია, ავტომობილის პატრონია. ამ შუა ოქტომბერში კი, როცა ავტომობილი ერთ სადგურზე იყო გაჩერებული, ვიღაც ბოროტ-გამზრახველმა შინა (ავტომობ. თვალის რეზინი) გასჭრა, რის გამოც ავტომობილის მიმოსვლა ათი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. თითო შინა კი 200 მანათზე მეტი ღირს და ვერც იშოვნი ახალ-სენაკში, ბევრიც რომ ეცადო. დროა შეიგნონ, რომ ავტომობილის მიმოსვლა და საზოგადოდ მიმოსვლის გაუმჯობესება მისაბაძია და ყველა უნდა ეცადოს, რომ ხელი შეუწყოს, დაიფაროს, და არა ქამანდებით ძირს დასცეს და გაანადგუროს“, - წერს გაზეთი.

რამდენი ხანი იმოძრავა მანქანამ, უცნობია. თუმცა როგორც ედიშერ ბაღათურია ამბობს, ის, რაც ავტომანქანის შესახებაა ცნობილია, უკვე საინტერესოა და უახლოეს პერიოდში პირველ ავტომანქანას ქალაქში ძეგლსაც დაუდგამენ:

„ჩვენ, სენაკელებმა შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პირველი ავტომანქანა სწორედ სენაკში იყო ჩამოყვანილი. მაკეტი ახლა ტექნიკურ სამუშაოებს გადის. მას ქალაქის ცენტრში დავდგამთ. ვფიქრობთ, ამით ჩვენი ქალაქის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს გავაცოცხლებთ“.

პირველი ავტომანქანა საქართველოში

მაკეტი ამჟამად სენაკის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოშია. უახლოეს მომავალში მას სავარაუდოდ რკინიგზის სადგურთან დაამონტაჟებენ. პირველი ავტომანქანის მაკეტი 26 მაისს ზუგდიდში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოფინეს.

წყარო: .livepress.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი