უკან დაბრუნება
განცხადებები
არ დავიწყების შარავანდედით გაბრწყინებული პიმენ მიქაია
3-09-2016, 08:19
ნანახია: 1552
გაუზიარე სტატია მეგობარს


მიმოზა მიქაია


ტრიალებს ჩარხი, ბრუნავს ქვეყანა, დრო კი მიჰქრის შეუჩერებლად. ფოთლებივით იცვლებიან სახეები, მიწა და ადამიანები. ვნებები კი ნაკლებად ემორჩილებიან დროის ცვალებადობას.
დრომ წაიღო ყველაფერი და მოგონებად აქცია, დრო_ დაუნდობელი, ულმობელი და მარადიული! დიახ! მარადიული მათთვის, ვისთვისაც ეს წუთისოფელი მარტო სიკვდილ-სიცოცხლით კი არა, სახელ-სიკეთითაც იზომება. ``ყოველი ადამიანი თავის საქმიანობით, ადამიანებთან ურთიერთობით ხატავს თავის პორტრეტს, რომელსაც საზოგადოება მკაცრ მსაჯულად ევლინება...
პიმენ მიქაია სწორედ ის კაცი გახლავთ, მისხალ-მისხალ რომ ქმნიდა თავის ლამაზ ბიოგრაფიას.
სიყვარულით მოსილი ეს გვარ-სახელი ყველასთვის მტკივნეულ მოგონებად დარჩა-ერუდირებული და კვალიფიცირებული ექიმი არა მარტო ჯანმრთელობის დარგის მუშაკებს შორის, არამედ რაიონის მთელ აქტივში მონაწილეობდა და პატივისცემით იყო მოსილი``...
წიგნიდან ``არ დავიწყება`` _ პეტრე კირთაძე, დემურ კილასონია``.
პიმენი - ერასტი მიქაიასა და ნატალია ფოჩხუას კეთილშობილ ოჯახში გაიზარდა. სითბოსა და სიყვარულს მიჩვეულ ბავშვს უცბად ცხოვრების ნირი შეეცვალა, გარდაიცვალა ოჯახის დედა ქალბატონი ნატალია. ერასტი ფრიად დამწუხრებული იყო. უსაზღვროდ უყვარდა თავის მეუღლე, ამიტომ მისი ადგილი ვერავისთვის გაიმეტა, იმასაც ფიქრობდა, შვილები დამეჩაგრებიანო, ამიტომ ოჯახის მთლიანი ტვირთი თავის თავზე აიღო და ქალ-ვაჟს პატიოსნად ზრდიდა.
ერასტის კეთილ გულსა და ზნე კეთილობას მისი საქველმოქმედო ფაქტიც ადასტურებს. მან ილია ჭავჭავაძესთან და სერგი დანელიასთან ერთად საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მან საფრანგეთში ლევილის მიწების შესასყიდად ვერცხლის ფულით სავსე ქოთანი გაიღო.
ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე პიმენ მიქაია დაიბადა 1907 წლის 28აგვისტოს, მარიამობას, როგორც თავად უყვარდა თქმა ``მარაშონა``-ს მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. აქვე დაამთავრა დაწყებითი სკოლა, შემდეგ კი მარტვილის ცხრაწლედი სასწავლებელი. დედა რვა წლის ასაკში გარდაეცვალა. 1929 წელს პიმენმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (შემდგომში იგი სამედიცინო ინსტიტუტად გამოეყო უნივერსიტეტს). უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დაინიშნა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს საუბნო საავადმყოფოს გამგედ, მოგვიანებით, იგი დააწინაურეს მარტვილის რაიონის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ბოლოს კი მშობლიური სოფლის საექიმო უბნის უფროსად გადმოიყვანეს, რათა მარტოხელა მოხუცი მამა მოუვლელად არ დარჩენილიყო.
1937 წელს დაოჯახდა _ ლოლა სიგუაზე დაქორწინდა. 6 შვილი აღუზარდეს სამშობლოს, მაგრამ მანამდე იყო დიდი სამამულო ომი...
1943 წელს მოხალისედ ჩაეწერა და ფრონტს მიაშურა. ჯერ მოსკოვში გაგზავნეს. საიდანაც უკრაინის მე¬სამე ფრონტის 46-ე არმიის ჰოსპიტალის მთავარ ექიმად დაინიშნა. ერთხელ, როცა დაჭრილების დასახმარებლად მიიჩქაროდა, სამ სანიტართან ერთად დაბომბვაში მოჰყვა, ნახევრადდანგრეული წისქვილკომბინატის შენობას შეაფარეს თავი, მაგრამ მაინც დაიჭრა, არმიის მედნაწილში მხოლოდ მეორე დღეს მიიყვანეს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ქართველი ექიმები ირაკლი ძაგნიძე, ილია ბერაძე, ზინაიდა მგელაძე, გრიშა ბარამია, გიორგი მოსეშვილი მკურნალობდნენ...
მალე ფეხზე წამოაყენეს მრავალთა მსგავსად, ხიფათს არ ერიდებოდა, კიდევ დაიჭრა, მაგრამ მაინც მწყობრში დარჩა, რაც კიდეც საბჭოთა სარდლობამ სათანადო ჯილდოებით აღნიშნა.
1944 წელს, უკრაინის განთავისუფლების შემდეგ ბესარაბიაში, გადაისროლეს, შემდეგ რუმინეთსა და ბულგარეთში.
1945 წელს მუხურჩელმა ახალგაზრდა ექიმმა ბუკლგარეთში ქ. სოფიაში არმიის სამხედრო ჰოსპიტალში აიმაღლა კვალიფიკაცია და მიენიჭა სამედიცინო სამსახურის კაპიტნის წოდება. საინტერესო ისაა, რომ ერთხელ გერმანელების წინააღმდეგ ხელჩართულ ბრძოლაშიც კი მოუწია მონაწილეობა. მრავალ ბრძოლებში გამოწრთობილი საბჭოთა მებრძოლები გაოცებულები უცქერდნენ თითქოს მოწოდებით ``არამებრძოლ`` კაცს, რომელიც მტრის ჯარისკაცებს შორის ლომივით ტრიალებდა.
სამამულო ომის დამთავრების შემდეგ კვლავ მშობლიურ სოფელ მუხურჩას მიაშურა და საექიმო ამბულატორია გახსნა, სადაც მალე 25-საწოლიანი ლამაზი საავადმყოფო ააშენა. ეს მისი დიდი ხნის ოცნება და მიზანი გახლდათ.
მიუხედავად უკანასკნელ ჟამს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ყოფაში მომხდარი კატაკლიზმების და ტექნიკური ძვრებისა, ეს საავადმყოფო დღესაც პიმენ მიქაიას სახელს ატარებს.
დიდი სამამულო ომის დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე, უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული: ორდენი და მედალი საბრძოლო დამსახურებებისათვის, ფრიადოსანი სანიტარის მედალი, კვალიფიციური ექიმის უმაღლესი ხარისხის მედალი, გერმანიაზე გამარჯვების (1941-1945) მედალი, ომის დამთავრებიდან 20 და 30 წლის თარიღების აღმნიშვნელი მედლები, 50-ე საიუბილეო წლის მედლები და ორდენები, საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობისაგან 8-ჯერ ჰქონდა მიღებული მადლობა, დაჯილდოვდა ათეულობით დიპლომითა და სიგელით. სამოქალაქო სამსახურის პერიოდში მთავრობისაგან მიღებული აქვს წითელი ჯვრის მე-100 წლისთავთან დაკავშირებული მედალი და დიპლომი, ათი სამკერდე ნიშანი სოციალისტურ შეჯიბრებებში გამარჯვებისათვის და ა.შ. ყველა ეს ჯილდო იმის მიმანიშნებელია, თუ როგორი ეფექტიანობით და თავდადებით ემსახურებოდა სამშობლოს ექიმი პიმენ მიქაია.
მართლაც უნკალური პიროვნება 1986 წლის 1 დეკემბერს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების საწყაო მეტ-ნაკლებად აღვსებულია, პიმენ მიქაიამ თავის კაცობით, ზნეობით, პროფესიონალიზმით, კეთილ¬შობილებით, თავის პირო¬ვნებას სიცოცხლეშივე ძეგლი აუგო. მის ხსოვნას და ნათელ დიდებას სათუთად ინახავს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი: _``მიქაია პიმენი_სამამულო ომის ვეტერანი, დამსახურებული ექიმი, საოცრად გულთბილი ექიმი და ადამიანი, დაკრძალულია ვედიდკარში`` _ ეს ის ოქროს ასოებით ამოტვიფრული ფრაზებია, რომელსაც მშობლიური კუთხე მარტვილი დიდი სიყვარულითა და რუდუნებით ინახავს. პიმენ მიქაიას თავდადებაზე საუბრობს წიგნი ``ექიმები ჯარისკაცის ფარაჯაში`` და ასევე წიგნი ღირსეულ ადამიანზე ``პიმენ ექიმი``, რომელიც გამოსცა ბატონმა ნარო კოლხელმა (ნარიმან იაშაღაშვილმა). მწერალმა ზურაბ ქობალიამ მადლობა გადაუხადა ნარო კოლხელს რომ უკვდავყო ამ მართლაც დიდებული ექიმისა და პიროვნების სახელი.
ბატონი პიმენის ღვაწლზე საუბრობს მწერალი ილია რურუა: ``შორეული ბავშვობიდან აქამდე მომყვება არაერთხელ ნანახი სურათი_სოფლის გზებსა და შუკებში ზამთარ-ზაფხულ დარსა თუ ავდარში ცხენზე ამხედრებული, უფრო ხშირად კი ფეხით მიმავალი ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც ყველა მოწიწებით ესალმებოდა. თავიდანვე კარგი სახელი ჰქონდა, თავზე შუაღამითაც რომ დადგომოდნენ, გაჭირვებულ პატრონს ავადმყოფთან გაყოლას არ დაზარდებოდა, უბრალოდ, არც კი წაიბუზღუნებდა. დღე და ღამე თითქმის გასწორებული ჰქონდა, მაგრამ ბედს არ ემდუროდა. ახარებდა იმის შეგნება, რომ სოფელსა და ადამიანებს ასე სჭირდებოდათ, რომ სულ უფრო იმდიდრებდა პრაქტიკულ ცოდნას და პროფესიულ გამოცდილებას. ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით წამლის შოვნა მაშინდელ სასოფლო აფთიაქებში საერთოდ სჭირდა, მაგრამ თუ მაინც მოახერხებდნენ, სჯეროდათ: პიმენ ექიმის წამალი უტყუვრად გაჭრიდა, ავადმყოფს შვებასა და ხსნას მისცემდა``.

ოჯახი

ღირსეულ მამას და საყვარელ ადამიანს ეფერება მთელი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, სიძეები, უფროსი ქალიშვილი იზოლდა ღრმად განათლებული ქალბატონი გახლავთ. ვიოლეტა ცნობილი ენტომოლოგი იყო, გარდაიცვალა 2014 წლის 19 იანვარს. ქალბატონი პილოსი ექიმი-ვეტერინარი იყო. როგორც თავად ხსნიან მესამე შვილის, პილოსის სახელი მშობლების (პიმენი და ლოლა) აბრევიატურაა. პილოსი 2009 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. ქალბატონი მიმოზა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ექიმი-ბაქტერიოლოგი და მეცნიერ-თანამშორომელია. უმცროსი ქალიშვილი რუსუდანი საქონელმცდონეა.
ასეთი დიდი სახელოვანი ოჯახის მოუშუშებელი იარა ერთადერთი ძის, პიმენისა და ლოლას ვაჟის, 49 წლის ექიმი, ვეტერინარის ერასტი მიქაიას გარდაცვალებაა.
მის ნათელ ხსოვნას დღემდე ეფერებიან მეუღლე ნანი ლაბარტყავა და შვილები: ლოლა და ნატო.
დიდი ოჯახი დღემდე ყველასთვის თითით საჩვენებელია. მიქაიების გენური კოდი პიმენის შთამომავალში უფრო და უფრო ღვივდება. ნაპერწკალი ჯერ კიდევ უტა მიქაიამ აანთო, რომელიც შემდგომში ერასტიმ გააღვივა და პიმენმა კი გაჩახჩახებულ კოცონად აქცია. სულ ახლახანს ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა, გვჯერა, რომ დიდი წინაპრების ნაკვალევზე გაბრიელ ჭანკვეტაძე გამართულად ივლის და თაობებს მისი ოჯახის სახელს არასდროს დაავიწყებს.

ღვთიური სიყვარული

პატარა გოგონა, არ იქნებოდა 15 წლის, სიყვა¬რულმა მოაჯადოვა. გოგონას ლოლა ერქვა. მამამისი ნიკოლოზ სიგუა და დედა ფოტი გაგუა-სიგუა რაიონში ცნობილი ადამიანები გახლდათ. გოგონა სოხუმში სწავ¬ლობდა. მავანი იფიქრებდა, ანგელოზი გოგო სოფელში არ გათხოვდებოდა, მაგრამ ლოლა ისეთი კარგი ბუნების ადამიანი აღმოჩნდა, რომ საყვარელ მეუღლეს ყველანაირად გვერდით დაუდგა. ექვსი შვილი, აქედან ხუთი ქალი და ერთი ვაჟი გაუზარდა.
თავდაპირველად, როგორც კეკლუც გოგონებს სჩვევიათ, ლოლამ, ცოტა არ იყოს, გააწვალა მომავალი მეუღლე. პიმენი ვრცელ წერილებს წერდა სატრფოს, ღვთიურ სიყვარულს ეფიცებოდა, ეკლესიაში ჯვარი დავიწეროთო. გადაჭრით სთხოვა, ან ხო ეთქვა და ან არა! ისიც არც ხოს ეუბნებოდა და არც არას, ეს კი პიმენს მოთმინებას უკარგავდა და აღიზიანებდა... ლექსებს უწერდა, სიმღერებსაც... ბოლოს, როგორც იტყვიან, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ძველი წესით, მშობლების გადაწყვეტილებით, ლამაზი ოჯახი შეიქმნა.

ჩემი პაპაშა
პაპაშა _ ასე ვეძახდით და დღესაც ასე ვლოცულობთ მასზე, მამა ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავდა. მის მიერ განვლილი ნათელი გზა დღესაც ჩვენი გზამკვლევია.
დიდია მამის ღვაწლი და დამსახურება ჩვენი კუთხის ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ჯარისკაცის ფარჯა მოსილი პიმენი ექიმი არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს და თავის გამბედაობით უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
მამამ უდიდესი საქმე გაუკეთა სოფელს, მისი უშუალო ხელმძღვნელობით 1946 წელს ვედიდკარში საექიმო ამბოლატურია გახსნა, რომლის გამგედაც თვითონ დაინიშნა. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობისათვის მკურნალობა ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მამა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებდა. 1951 წელს ვედიდკარის ამბულატორია თავის საშტატო ერთეულთან ერთად მუხურჩაში გადავიდა, თუმცა მიწის ნაკვეთის მოძიება გაჭირდა, რომ ამბულატორია აშენებულიყო, ამიტომ 2 წელი კერძო ოჯახში მუშაობდნენ. მამას უშუალო ხელმძღვანელობით და სოფლის თანადგომით მალე აშენდა ორსართულიანი კაპიტალური შენობა. ამრიგად, 1955 წელს გახსნა მუხურჩის საუბნო საავადმყოფო, ამ ფაქტით სოფელი აღფრთოვანებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ მამამ ზემდგომ ორგანოებში, გაფართობის საკითხი დააყენა. შედეგმაც არ დააყოვნა და 1959 წელს 25 საწოლიან საავადმყოფოდ გადაკეთდა. რომლის მთავარი ექიმი იყო სიცოცხლის ბოლომდე. ამავდროულად მამამ ცალკე ერთსართულიანი პოლიკლინიკის მშენებლობა დაიწყო.
1971 წელს აღნიშნული საავადმყოფო გააუქმეს და საექიმო ამბულატორიად გადააკეთეს, რაც მამამ ძალიან განიცადა, ამას დაემატა ისიც, რომ მამას აშენებული პოლიკლინიკა-ლაბორატორიის შენობაში იმ ჟამად მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექცია განათავსეს...
ამით მამას ფარ-ხმალი არ დაუყრია და ახლა ბაგა-ბაღის გახსნაზე დაიწყო ფიქრი... და გახსნა კიდეც.
ვინ მოთვლის რამდენი კეთილი საქმე აქვს ნაკეთები ჩვენს პაპაშას, მამიკოს, რომელსაც დედა ყოველთვის მხარში ედგა და შინ დაბრუნებულ, დაღლილ მეუღლეს თავისი მზრუნველობით ყოფას უმსუბუქებდა.
მამას სახლში მოსვლა ჩვენთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო, მთელი საღამო ჩვენ გვეფერებოდა, ღამით კი კითხულობდა, წერდა, სამეცნიერო ნაშრომებს ამზადებდა და აქვეყნებდა.
მამა დედასთან ერთად ხშირად დადიოდა ვედიდკარის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე და გულმხურვალედ ლოცულობდა. ყოველთვის სწამდა, რომ ეს ეკლესია ოდესღაც აუცილებლად აღდგებოდა. მართლაც დღეს ეკლესია მოქმედია და იქ მამა იოანე მსახურობს. სწორედ აქ განისვენებენ ჩემი ბებიები, ბაბუები, მშობლები და და-ძმა.
2013 წლის 8 იანვარს კათოლიკოს პატრიარქმა ჩვენი გვარი დალოცა. სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი სწორედ ჩვენს მიერ ვედიდკარში წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული.
აი, ასეთი იყო ერთ-ერთი ეპიზოდი მამას ცხოვრებიდან. მამას სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას, მას ეზრდება შთამომავალი, რომელმაც კარგად იცის პიმენ მიქაიას ღვაწლი და დამსახურება. ჩვენს, ანუ შვილების შემდეგ, შვილიშვილები: ნანა, კახა, ალექსანდრე, თეა, ლოლა, ნატო, ნინო და შვილთაშვილები: ვიქტორი, სანდრო, ნანა, ლუკა, ირაკლი, ნიკოლოზი და გაბრიელი დაწერენ ჩვენი ოჯახის ისტორიას.
ღრმად მწამს, რომ მამას კვალი არასდროს წაიშლება.


წყარო: ჟურნალი "სამეგრელო" №4 2016 წ. გვ.4 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი