უკან დაბრუნება
განცხადებები
თუ ქართველი ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე!
22-07-2016, 21:24
ნანახია: 1446
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე დავიჩოქე კრწანისთან გუშინ,
განა საკმარი არის შექება?
იმ სამას გმირთა, სამასი, გულში
ბასრი მახვილი შემომეგება..
სამასჯერ მოვკვდი..მაგრამ მარაბდას
ცხრა ძმა მელოდა, თვალებცრემლიანს,
ცაზე ვარსკვლავი როცა განათდა
მივხვდი სიკვდილი ვერ მომერია..
არ დამთმო სულმა..განვშორდი ზეცას
მახლდა წვალება, ტკივილი, შიში..
ნაბოლარა დის მესმოდა კვნესა
და დედა იდგა სიკვდილის რიგში..
და დედამიწის თბილი მკერდიდან
დრო იშვა სისხლად..გახსნილ იარად,
მთელი სამყარო ცაზე ეკიდა...
თითქოს ბუჩქიან– ბალახიანად..
ცეცხლი კი არა– იდგა ხანძარი,
წარსულისა და აწმყოს ნაჯერად..
ვერ იქნა, ვაგლახ! ვერ მოვასწარი...
როცა დიდოსტატს სჭრიდნენ მარჯვენას..
ხორცი, ათასგზის გვემულ–ვნებული
თუ კვლავ იკლდევებს, თუ კვლავ ითირებს,
ერთაწმინდაში დაბრუნებული
პაატა რად ვერ გამოვიტირე..
დღემდე უძეგლოდ დარჩენილ გმირთა
წმინდა საფლავი გულში ვიპოვე,
იქნებ ცხოვრება იმისთვის ღირდა,
რომ მათი სუნთქვა ეგრძნოთ სტრიქონებს..
იჭვსა და მაცილს, დრო–ჟამით ნაფლავს,
ზოგჯერ სისუსტეც იქნებ ეწოდა,
ფეხი დავადგი დავითის საფლავს
და ვიგრძენ, ფეხქვეს მიწა მეწვოდა..
ძარღვებს მოაწყდა სისხლის ყივილი,
დუშმანს ამ სისხლის სწადდა დაშრობა,
ვით შერჩებოდა ბაგეს ღიმილი..
იმ ოსმალობა– ყიზილბაშობას.
ვხატე და ვწერე, ვწერე და ვხატე,
შუქ–ჩრდილი, მაინც ,,ჩემობა“ მძლევდა,
ჩვენს შორის ორპირს და მოღალატეს
ბატონიშვილებს რა გამოლევდა.
ბევრჯერ ვივნე და ბევრჯერ ვიგმინე,
სისხლ–ხორცით ძმათა, მკორტნიდა სევდა,
რაც ხემ სთქვა, ცულმაც ბრძანა იგივე,
მიწამ ვერცერთი ვერ გაიმეტა..
მიწამ ქართულმა, ღვთისმშობლის წილმა,
უდედა სხვათა უცნობ ყორღანებს,
მეც აქ ვარ.. მხოლოდ დარდისგან მცივა,
თიბათვის მთვარე ისე მოვღალე..
მინდა ვიყვირო! უფრო და უფრო,
ჩურჩულის დროა განა ყოველთვის?
ცეცხლთან შენობით თუ ვერ ვსაუბრობ,
მაშინ ქართველად რატომ მოვედი!
სხვისი ნიავი თუ ვინიავე,
სხვას შევატოვე ფუძე და ჭერი,
და საკუთარი თავის სიამეს,
თუ ვანაცვალე სამშობლო ჩემი!
მყავდა რუსთველი, მყავდა ილია,
აკაკიც, ვაჟაც, ტატოც, ნეტარი..
მაგრამ მე ვინ ვარ, რა გზით მივლია,
წყალს ვის წისქვილზე ვასხამ, ნეტავი?
და დავიჩოქე კრწანისთან გუშინ,
განა საკმარი არის შექება?
იმ სამას გმირთა სამასი, გულში
ბასრი მახვილი შემომეგება..
სამასჯერ მოვკვდი..ზარების რეკვას
მისდევდა უცხო მხარის მეეტლე,
არაგვზე ისე აყვავდა დეკა,
ღმერთო, ნუ მომკლავ, სამასმეერთედ! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი