უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის ისტორია
9-02-2017, 22:27
ნანახია: 6513
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქალაქი ფოთი საქართველოს უძველესი სანავსადგურო ქალაქი  და ისტორიული კარიბჭეა.  ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსსა  და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).          

 დღევანდელ ფოთთან და მის შემოგარენში ლოკალიზდება მითებსა და ანტიკურ წერილობით წყაროებში არაერთგზის  მოხსენიებული ქალაქი ფასისი-ფაზისი, რომელიც  მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ.წ.აღ. II ათასწლეულში დაარსდა. „ ფას“ მთიდან მომდინარე, მისივე სახელწოდების მდინარისნაპირზე გაშენებულ ქალაქს კი “ფასისი” ეწოდა.

ქ.ფასისი ევროპა-აზიის საზღვაო-სახმელეთო მაგისტრალის ერთ-ერთი პუნქტი იყო. ქალაქ  ფასისიდან უცხოეთში გაჰქონდათ ოქრო, რკინა, სამშენებლო ხე, სელის ზეთი, თაფლი, ღვინო, მოგვიანებით ნავთიც. ქ.ფოთში, პალიასტომზე „ნატეხების“ ნამოსახლარზე  შავიზღვისპირეთის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილიქნა ამფორათა ფრაგმენტები, ფსკერზე დადასტურდა ნალექი მასა, რომელიც შეიცავს ნავთობ პროდუქტების ნახევრად მყარ ასფალტ-ფისოვან ნარჩენებს. ფეოდალურ ხანაში ქალაქი ფოთი (ფასისი) კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას, რასაც ადასტურებს ბიზანტიური წყაროები და არქეოლოგიური მონაპოვრები. ამავე ხანაში იგი ასევე იყო მთელ ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი დიდი კულტურული ცენტრი.

 ქალაქი ფასისი  ფოთად ოფიციალურ   ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებულია VIII საუკუნეში.

თურქებმა ფოთი 1578 წელს დაიპყრეს და აქ ციხე ააშენეს. აქედან მოყოლებული, მცირე ინტერვალებით, თურქები თითქმის ორნახევარ საუკუნის განმავლობაში ბატონობდნენ ფოთში. საქართველოს მაშინდელი მესვეურნი არაერთხელ ეცადნენ თურქი დამპრობლებისაგან ქალაქის განთავისუფლებას, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცება ხელს უშლიდა მიზნის განხორციელებას.       

 ფოთის ციხის გათავისუფლება ვერ შეძლეს ვერც გენერალმა ტოტლებენმა (1770წ.), ვერც სუხოტინმა (1771წ.).  მარცხიანი ლაშქრობის მიუხედავად, ფოთის განთავისუფლების მცდელობა შემდეგშიც არ შეწყვეტილა. 1809 წელს  ფოთისათვის განახლებულ ბრძოლაში რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა რომელსაც გენერალი დ. ორბელიანი სარდლობდა, 2 ნოემბერს ფოთის მახლობლად, მდ. მალთაყვასთან, სოფელ გრიგოლეთშიგამართულ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს თურქებზე. 15 ნოემბერს კი განთავისუფლებულ იქნა ქ. ფოთი. ეს ერთობლივი ბრძოლით მოპოვებული დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ წარმატება დროებითი აღმოჩნდა. გართულებული საერთაშირისო მდგომარეობის გამო, რუსეთმა 1812 წელს ბუქარესტში დადებული ზავის თანახმად თურქებს კვლავ დაუთმო ფოთი ახალქალაქთან ერთად. ფოთში  თურქებმა კვლავ შემოიყვანეს ძლიერი გარნიზონი და გააჩაღეს ტყვეებით ვაჭრობა.

 ფოთი თურქებისაგან გათავისუფლდა 1828 წელს, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად იქნა დადასტურებული.

ფოთის გათავისუფლების შემდეგ მეფის მთავრობის ინტერესები ამ მხარისადმი ერთიორად გაიზარდა. 1828 წელს, ნიკოლოზ პირველის დავალებით, გზათა მინისტრმა ფოთში ნავსადგურის მოსაწყობად გამოგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი, ხოლო 1831 წელს გენერალ-მაიორი პოტიე, რომელმაც ჩადაევთან ერთად ჩატარებული კვლევა-ძიების საფუძველზე შეადგინა ფოთში ნავსადგურის აგების პროექტი. 1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან (ყულევი) ფოთში გადმოიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები. აქ გადმოსახლდნენ რედუტ-კალეს მკვიდრნი და ნავსადგურის მოსაწყობად დაიწყო წინასწარი მოსამზადებელი მუშაობა.          

   ამავე პერიოდში, 1836 წელს, სამეგრელოს მმართველმა, გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ლევან დადიანმა სახელმწიფო ხაზინას უსასყიდლოდ დაუთმო ფოთის ირგვლივ მდებარე მიწის მნიშვნელოვანი  მასივი  აქ ქალაქისა და ნავსადგურის მშენებლობისათვის. 1837 წელს, ცუდი კლიმატური პირობების მომიზეზებისა და სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა შეწყდა. ფოთი ისევ დაცარიელდა. მოსახლეობამ რედუტ-კალეს მიაშურა, რომლის მშენებლობას იმ პერიოდში მეტი ყურადღება მიექცა. 1853-1856 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რედუტ-კალეს ოკუპაციამ და მისმა გადაწვამ დააჩქარა ნავსადგურის რედუტ-კალედან ფოთში გადმოტანა. 1855 წელს ნავსადგური სამხედრო გარნიზონითა და მოსამსახურე პერსონალით ფოთს დაუბრუნდა. მეფის ნაცვალმა კავკასიაში თავადმა ბარიატინსკიმ ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებისათვის საჭიროდ ცნო მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნა და ფოთის ქალაქად გამოცხადება. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 1857 წელს შეიქმნა განსაკუთრებული კომისია პოლკოვნიკ ივანოვის თავმჯდომარეობით. 1858 წლის 18 ნოემბერს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახელებისა და მმართველობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1859 წლის 1 იანვრიდან. ამ დებულებით განისაზღვრა ქალაქის სახელების წესი და მმართველობის სისტემა. ქალაქის დასახელებისას უპირატესობა ენიჭებოდა სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლებს, ხოლო მის ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ თავისუფალი წოდების წარმომადგენლები.  ვაჭრები, რომლებიც ფოთში გადმოსახლდებოდნენ რუსეთის შიგა გუბერნიებიდან, ინარჩუნებდნენ პირად წოდებას მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი სამი წლის განმავლობაში შეიძენდნენ ან ააგებდნენ საკუთარი სახსრებით უძრავ ქონებას-სახლს, მაღაზიას, ფარდულს, აგრეთვე, საზღვაო და სამდინარო მცურავ საშუალებებს, რომელთა ღირებულება უნდა ყოფილიყო: მესამე გილდიის ვაჭრისათვის არაუმცირეს 2000 მანეთისა, მეორე გილდიის ვაჭრისათვის-არაუმცირეს 7500 მანეთისა და პირველი გილდიის ვაჭრისათვის, არაუმცირეს 15000 მანეთისა ვერცხლით. ქალაქის შემოსავლების წყაროდ მიჩნეულ იქნა ნავსადგურში შემოსული და ნავსადგურიდან გასული გემებისათვის დაწესებული გადასახადი, ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებული აქციზების 20 პროცენტი და იმპორტით შემოზიდულ საქონელზე საბაჟო 5-პროცენტიანი გადასახადით შემოსული თანხები. ამ გზით შემოსული თანხების ძირითადი ნაწილი გამოიყენებოდა ადგილობრივი მმართველობის დაფინანსებისათვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი თანხები ხმარდებოდა საქალაქო მეურნეობის მოწესრიგებას და ქალაქისათვის აუცილებებლი ახალი დაწესებულებების გახსნასა და შენახვას.  საქალაქო დებულებით ქალაქის მმართველობა ეკისრებოდა სამხედრო პირს, შტაბისოფიცერს, რომელიც ემორჩილებოდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს და იწოდებოდა „ქ. ფოთის უფროსად“. ქალაქის უფროსთან ერთად მმართველობაში გათვალისწინებული იყო ერთი პოლიციის კომისარი, ორი მწერალი, ერთი თარჯიმანი და ორი თავისუფალდაქირავებული დაბალი სამხედრო მოხელე. სულ 7 საშტატო ერთეული.იმავე საქალაქო მმართველობის დებულებით დაფუძნებულ იქნა „საქალაქო რატუშა“. მისი შემადგენლობა განისაზღვრებოდა ბურგომისტრით (უხელფასო), ორი სასამართლო მოხელით, ერთი მდივნით, მისი მოადგილით და ორი მწერლით. სასამართლო მოხელეებს, რატუშის მდივანსა და მის მოადგილეს ნიშნავდა საქალაქო გუბერნატორი, მწერლებს კი ქალაქის უფროსი. რატუშის უფლებებში შედიოდა ყველა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის მოწესრიგება. კონტრაქტების წარმოება, მინდობილობების, ვექსილების და ყველა სახის დოკუმენტების დამოწმება და საქალაქო მეურნეობის ხელმძღვანელობა. რატუშის სხდომებს საზოგადოებრივი და საქალაქო მეურნეობის საკითხების განხილვისას ხელმძღვანელობდა ქალაქის უფროსი.   სანავსადგურო ქ. ფოთის დასახელებისა და მმართველობის გათვალისწინებული შტატებიდან საწყის ეტაპზე შემოღებულ იქნა ქალაქის უფროსის, რატუშის მდივნის, პოლიციის კომისრის, ორი მწერლისა და ორი დაბალი სასამართლო მოხელის თანამდებობები. თანაც, პოლიციის კომისრის მოვალეობის შესრულება ეკისრებოდა ქალაქის რატუშის მდივანს.                                                  1859 წლის მარტიდან ფოთის უფროსად დაინიშნა, რედუტ-კალეს სამხედრო შტაბისოფიცერი, პირველი რანგის კაპიტანი კიტაევი. მასვე დაეკისრა, 1859 წლის 3 ივნისიდან, კავკასიის არმიის მთავარი შტაბის მომართვის საფუძველზე, ფოთის კაპიტნის მოვალეობის შესრულება.                                     

  ფოთის ქალაქად დაფუძნების პირველი დღეებიდანვე დაიწყო მომავალი ქალაქისათვის გათვალისწინებული ტერიტორიის ტყისაგან გაწმენდა და ციხის გარშემო არსებული ჭაობების დაშრობა არხების გაჭრითა და ხელოვნური მოზვინვით. ამის პარალელურად მიმდინარეობდა პოლიციისა და სამხედრო უწყებებისათვის შენობების მშენებლობა, საკარანტინე-საბაჟოსათვის საგუშაგოების მოწყობა, შუქურას, ხის ეკლესიის მშენებლობა და სხვა. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის მშენებლობის დაწყებამ კიდევ უფრო დააჩქარა ნავსადგურისა და ქალაქის მშენებლობა, რადგან ფოთი იყო ამიერკავკასიის მაგისტრალური გზის დაბოლოება, საიდანაც შეიძლებოდა ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სამრეწველო ნაწარმის გატანა უმოკლესი გზით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ფოთი უფრო ახლოს იყო ამიერკავკასიის შიგა რაიონებთან და თავის უახლოეს კონკურენტთან ბათუმთან შედარებით 35-40 ვერსით ამოკლებდა გზას ზღვამდე. ამის გარდა, ფოთისაკენ მარაოს მსგავსად მოედინებოდა სანაოსნოდ გამოსაყენებელი მდინარეები-რიონი, ხობი, სუფსა, ფოჩორა. ამ მდინარეებით ფოთში შემოდიოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხე-ტყე, ქვა, კირი, აგური და სხვა სახის სამეურნეო ტვირთი. 1882 წლის 8 დეკემბრიდან ფოთში საქალაქო თვითმმართველობა იქნა შემოღებული.  ფოთი  არის საქართველოში რიგით  [თბილისისა და ბათუმის შემდეგ] მე-3 ქალაქი, სადაც  განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა. საქალაქო თვითმმართველობის  სათავეებთან იყვნენ ქალაქის პოლიცმეისტერი ლაზარევიჩი, ქალაქის თავი ვახრამოვი, ქალაქის თავი თავდგირიძე. 1894 წელს კი ქალაქის თავად არჩეულ იქნა ნიკო ნიკოლაძე. ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და  ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება  სწორედ მის სახელს. მან ქალაქის თავად 1912 წლამდე დაჰყო.

 დღეს ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები.

 ფოთის ნავსადგურის ტერიტორია 29,7 ჰა-ს მოიცავს. მას აქვს 15 ნავმისადგომი, რომელთაგან 10 აღჭურვილია ამწეებით. ნავსადგურის შესასვლელი არხის სიგრძეა 10,5 მეტრი, ხოლო ნავმისადგომებთან უმცირესი სიღრმე 8,5 მეტრს შეადგენს. სწორედ ფოთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ევროკავშირმა წამოიწყო დიდმასშტაბიანი ღონისძიება TRACECA"-ს პროგრამა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ სავაჭრო კავშირების განვითარება აზიიდან ევროპისაკენ, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით.

 საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია. 

ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოთის კოლხეთის კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მრავალი სხვა დაწესებულება.
ქალაქში მოქმედებს ფოთისა და ხობის ეპარქია.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ფოთი

ტერიტორია - 65.8 კმ3
მანძილი ფოთიდან - თბილისამდე - 330 კმ.
მანძილი ფოთიდან - ზუგდიდამდე - 60 კმ
უახლოესი პორტი - ქალაქ ფოთის პორტი
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქ ფოთის რკინიგზის სადგური
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარის აეროპორტი - 75 კმ. 

 

ქალაქის მოსახლეობა 41,465 
მათ შორის:
ქალი - 21, 916
კაცი - 19, 549 

 

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1) ქართველი - 94 %
2) აფხაზი - 0,05 %
3) ოსი - 0.13 %
4) სომეხი - 0.41 %
5) რუსი - 4.0 %
6) აზერბაიჯანელი - 0.09 %
7) ბერძენი - 0.11%
8) უკრაინელი - 0.56 %
9) იეზიდი - 0.004 %
10) სხვა - 0.44 %
 

მუზეუმი:
კოლხური კულტურის მუზეუმი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
1. ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
2. ნიკო ნიკოლაძის კოშკი
3. წმ.ნიკოლოზის სახ.ტაძარი(ნახუტურის ეკლესია)
4. ფოთის შუქურა
5. №2 საბავშვო ბიბლიოთეკა
6. №1 საჯარო სკოლა (ყოფილი ქალთა გიმნაზია)

წყარო:poticity.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი