უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთი და პალიასტომი
4-05-2016, 07:01
ნანახია: 2034
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფოთი და პალიასტომი


სამეგრელოსა (ოდიშის) და აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფია ვახუშტი ბაგრატიონის ნააზრევში და თანამედროვე ისტორიოგრაფია


ფოთი და პალიასტომიფოთი შავ ზღვასთან რიონის შესართავთან, ზ. დ. 1-3 მ-ზე მდებარეობს და თბილისს 312 კმ-ით არის დაშორებული. ქალაქს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით _ პალიასტომის ტბა და მდ. კაპარჭინა. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ბერძნულ წყაროებში ფასიდად//ფაზისად//ფასისად წოდებული ერთ-ერთი დაწინაურებულიm ზღვისპირა პუნქტი, თავისი მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით უძველესი დროიდან მნიშვნელოვან ქალაქს და ნავსადგურს წარმოადგენდა. ძვ. წ. IV ს-ის ბერძენი ავტორის, ფსევდო-სკილაქს კარიანდელის ცნობით, მილეტელების მიერ დაარსებული ქალაქი ფასისი მდებარეობს ფაზისის მარცხენა მხარეს. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი ფაზისის მდებარეობას ასე გადმოსცემს: ,,ფაზისის პირას მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხური ემპირიონი , რომელსაც წინ უძღვის მდინარე , ტბა და ზღვა“. სხვაგან აღნიშნავს: ,,ფასისი ერთვის პონტოს. აქვს იმავე სახელის ქალაქი და შორიახლო ტბა“ (ბერძნიშვილი 1969: 135). მისივე ცნობით, კოლხების ამ სავაჭრო ქალაქში თავს იყრიდა 70 სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი (იქვე). ფაზისის, როგორც დაწინაურებული ქალაქის შესახებ, ცნობები დაცულია ჰესიოდეს, ეპიმენიდეს, პინდარეს, ჰეკატე მილეტელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, არისტოფანეს, ჰიპოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, ჰერაკლიდე პონტოელის,აპოლონ როდოსელის, თეოკრიტეს, დიოდორ სიცილიელისა და სხვათა თხზულებებში (ბერძნიშვილი XXIII, 1942: 20; მიქავა 1963: 4-6; პაჭკორია 1967: 10). სახელწოდებას ,,ფოთის“ ფორმით პირველად VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის _ ლევონდის თხზულებაში ვხვდებით. ლევონდი ვრცლად აღწერს ამ ქალაქის მდებარეობას და სამხედრო სტრატეგიულ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. პირველი ქართული წერილობითი წყარო, სადაც ფოთი მოიხსენიება, თარიღდება 1074 წლით. ესაა ხელნაწერი, საიდანაც ირკვევა,რომ საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებულ გიორგი ათონელს (მთაწმინდელს) ფოთამდე ნავით უმგზავრია, აქედან კი სახედრით გაუწევია ქუთაისისკენ. ,,კეთილითა და ჰამოთა ნავითა მოვიწიენით ფოთს“ _ აღნიშნავს გიორგი მთაწმინდელი. აკად. ს. ჯანაშია იმოწმებს უცნობი ქართველი სქოლიასტის ცნობას,რომ ,,ფასოი“ წარმოადგენს ,,სოფელსა შინა მეგრელთასა“,და იქვე განმარტავს: ,,ფოთსა იტყვს“-ო (ჯანაშია იქვე: 272). ფაზისი-ფოთის ძველი ისტორიის პრობლემებს არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. ამიტომ აქ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ფოთი XV საუკუნისათვის ფოთი კვლავ ინარჩუნებდა ქალაქისა და მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის სახელს. ფოთისა და დასავლეთ საქართველოს სხვა ზღვისპირა ქალაქების მკვეთრი დაკნინება განპირობებული იყო იმ დროისთვის შექმნილი პოლიტიკური ვითარებით, კერძოდ, ოსმალთა ბატონობის დამღუპველი შედეგებით. ამასთან დაკავშირებით არქანჯელო ლამბერტი შენიშნავდა: ,,კოლხიდა ,რამდენადაც წინათ იყო ცნობილი ძველთაგან ,რომელთაც ხშირი მსვლელობა ჰქონდათ ამ ქვეყანაში ,იმდენად ჩვენს დროში უცნობია იტალიისათვის, რადგან ყოველივე მიმოსვლა და ვაჭრობა ამ ქვეყანასთან მოისპო. ამის მიზეზი ის არის , რომ ჩვენსა და კოლხიდას შორის შუა ჩადგა თურქეთი , რომელმაც თავისი ბარბაროსობით და მტარვალობით ვაჭრებსა და ცნობისმოყვარეებს გზა შეუკრა ამ ქვეყნისაკენ...“ (ლამბერტი 2011: ??). ფოთის ქალაქობაზე არაფერს ამბობს ვახუშტი ბატონიშვილიც. ერთგან აღნიშნავს მხოლოდ: ,,რიონის თუალზედ სამჰრეთის კიდესა ზედა , არს ფოთის ციხე, რომელი აღაშენეს ოსმალთა... ნავსადგურობისათუის“ (იქვე: 789). მაშასადამე,ვახუშტის დროისთვის ფოთს უკვე დაკარგული ჰქონდა ქალაქის სახე და მხოლოდ ოსმალთა ციხე-სიმაგრესა და ნავსადგურს წარმოადგენდა, რაც მათ ტყვეთა სყიდვა-გაყიდვის ცენტრად უქცევიათ (პაჭკორია 1967: 44). ვახუშტი ბატონიშვილი ფოთის მდებარეობას ასე გადმოგვცემს: ,,ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქუეით , სადაცა ერთვის რიონი ზღუას , აქა არს ფოთი“ (ვახუშტი IV, 1973: 777). ვახუშტის მიერ შედგენილ რუკაზე დაბის პირობითი ნიშნით ფოთი აღნიშნულია რიონ-ტეხურის შესართავის დასავლეთით, ოდიშ-გურიის საზღვარზე, რიონის ნაპირას. ამიტომ ვახუშტი სწორია, როცა წერს: ფოთი მდებარეობს სწორედ იქ, ,,სადაც ერთვის რიონი ზღვას“. ოსმალთა მიერ ფოთში ციხის აშენების თარიღად მეცნიერი 1725 წელს მიუთითებს და წერს: ,,აღაშენეს ოსმალთა წელსა ჩღკე (ე. ი. 1725 წელს _ ი. კ.), ქართულსა უიგ, ნავსადგურობისათვს და დგანან მუნ მჯდომარის ფაშით“ (ვახუშტი IV 1973: 789-790). ვახუშტის ეს ცნობა არასწორია, ვინაიდან აქ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეს თურქთა მიერ ფოთში ციხის პირველი აშენების დრო იყოს. სინამდვილეში ფოთში ციხე თავდაპირველად ოსმალებს 1578 წელს აუგიათ, ხოლო XVII საუკუნის შუა ხანებში ლევან II დადიანს მოუთხრია და ოსმალო მოძალადენი იქიდან გაუძევებია. ასე იყო 1723 წლამდე, ვიდრე ოსმალები კვლავ არ დაიკავებდნენ ფოთს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფოთის ციხის აღებიდან სულ რაღაც 12-14 წლის შემდეგ შედგენილ ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკაზე,ფოთის ციხესთან გაკეთებული წარწერა გვამცნობს: ,,ფოთის ციხე ქართულად , ძველად ქალაქიც ყოფილა. ფასუს ქვიან , ორი თუღიანი ფაშა ზის. 1723 ქკს ააშენეს თათართა. ორმოცდა ათი თოფი ძევს დიდი. ორასი კაცი დგას“ (ბურჯანაძე I,1959: 188).1578 წელს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით1579 წელს) ფოთის ოსმალთა მიერ დაპყრობასადა იქ ციხის აგებაზე დაბეჯითებით მიუთითებენ არქანჯელო ლამბერტი, ჟანშარდენი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერედა სხვები. ლამბერტის ცნობით, ქუთაისის მახლობლად ქართველთა ლაშქართან ბრძოლაში დამარცხებული თურქები ფოთში გამაგრებულან და 1578 წელს იქ ციხე აუგიათ. ,,ფაზისი ზღვას შეერთვის ორი ტოტით. ამ ტოტებს შორის არის კუნძული...თურქებმა ზემოხსენებულ კუნძულზე ააშენეს ციხე. ბევრი ხანი არ არის მასაქეთ , რაც ეს ციხე დაანგრია აწინდელმა სამეგრელოს მთავარმა ,რომელმაც წამოიღო იქიდან ოცდახუთი ზარბაზანი“, _ წერს არქანჯელო ლამბერტი.
ფოთის ციხე-სიმაგრეების შესახებ არსებული ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების გაანალიზებით მკვლევარი მ. პაჭკორია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქ ციხე თურქებს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში უნდა აეგოთ. ,,წინააღმდეგ შემთხვევაში XVI საუკუნეში აგებული ციხე ამ დროისათვის (ე. ი. XVIII საუკუნისათვის) ,,ზედ ზღვის პირზე“ არ იქნებოდა რიონის მოქმედებისაგან ხმელეთის თანდათანობით წინ წაწევის გამო“ (პაჭკორია 1974: 19). კითხვებზე _ ,,რად დასჭირდათ თურქებს ფოთში ახალი სიმაგრის აგება, როცა ასეთი მათ აგებული ჰქონდათ XVI საუკუნის დასასრულს? იქნებ ეს ციხე ჟამთა გავლენით ან საომარი ოპერაციების დროს დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა?“, _ მკვლევრის პასუხი ასეთია: XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან თურქები იწყებენ ზღვიდან დაშორებული ძველი სიმაგრის თანდათანობით აღდგენას. ამასთანავე ,სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტის უფრო საფუძვლიანი გამაგრების მიზნით , მდინარის შესართავთან , ზღვის მახლობლად ,მათ დაუწყიათ პატარა სიმაგრის საჩქაროდ აგება (იქვე: 19-20). მ. პაჭკორია იმოწმებს მოგვიანო ხანის დოკუმენტსაც ,კერძოდ ,ტოპოგრაფ გორშაკოვის მიერ 1828 წელს ინსტრუმენტალურად გადაღებულ რუკას , რაზეც ფოთის ორი ციხეა გამოსახული , ხოლო თვით რუკის სახელწოდებაა ,,ფოთის დიდი და პატარა სიმაგრეების გეგმა“ (იქვე: 20). XIX ს-ის 70-იან წლებში ფოთის სიმაგრეები დაუშლიათ და სამშენებლო მასალის ნავსადგურისა და ქალაქის საჭიროებისათვის გამოყენება გადაუწყვეტიათ. ძველი დიდი სიმაგრისაგან გადარჩენილი კოშკის რესტავრაცია და გადაკეთება ნიკო ნიკოლაძეს განუხორციელებია (იქვე: 21). ფოთს ვხვდებით სხვა ქართულ წერილობით წყაროებშიც. მალაქია კათალიკოზის (1616-1639 წწ.) მიერ შედგენილ ,,შეწირულების წიგნში“ მოიხსენიება ლევან დადიანის მიერ ეკლესიისათვის შეწირული ფოთელი მეთევზენი (ქსძ III ,1970: 500-501). XVII საუკუნის თურქი ისტორიოგრაფი ქათიბ ჩელები კავკასიის რუკაზე აღნიშნავს პუნქტს ფოთის სახელწოდებით. სოფლის აღმნიშვნელი ჰუსონით რუკაზე პუნქტის აღნიშვნა მკვლევარ გ. ალასანიას აფიქრებინებს , რომ ესაა დღევანდელი პატარა ფოთი ქალაქ ფოთის მახლობლად (ქათიბ ჩელები VII ,1970). თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით , რომ ამ დროისთვის ფოთს ,როგორც ქალაქს ,თავისი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა და დაკნინებული იყო ,შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქათიბ ჩელების რუკაზე აღნიშნული პუნქტი ,,ფოთის“ სახელწოდებით უნდა გულისხმობდეს სწორედ ამჟამინდელ ქალაქ ფოთს და არა სოფელ პატარა ფოთს. რაინეგსის ცნობით ,ქალაქ ფოთისათვის ხშირი ომი იმართებოდა იბერიისა (იმერეთის _ ი. კ.) და გურიის პროვინციის მთავართა შორის , ,,სანამ საბოლოოდ თურქებმა არ მიიტაცეს ეს ქალაქი“ (რაინეგსი 2002: 137). ვახუშტი მსჯელობს პალიასტომის ტბის ადგილმდებარეობაზე და შენიშნავს: ,,კუალად ფოთის სამზღვრით, ზღვს კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა, დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღუას მდინარე ამისივე. იქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან, ტბასა შინა განსუენებისათვს. იპყრობის თევზნი სხუადასხუანი მას შინა ურიცხუნი. ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან“ (ვახუშტი IV ,1973: 790). ბატონიშვილს არც ამ ტბის სამეურნეო თავისებურება გამორჩენია მხედველობიდან. მისთვის ის თქმულებაც ყოფილა ცნობილი, პალიასტომს რომ ,,ნაქალაქევად“ მიიჩნევს. გამბას დაკვირვებით ,მეთევზეობით განთქმული პალიასტომის ტბა (Bალეასტონე) მდებარეობს გურიას , სამეგრელოსა და ფოთის ციხესიმაგრის მომიჯნავე ტერიტორიას შორის (იქვე: 139). თქმულების ერთი ვარიანტი ჯერ კიდევ 1651 წელს ჩაუწერიათ იმერეთში მოსულ რუსეთის ხელმწიფის ელჩებს _ ტოლოჩანოვსა და იევლევს (ელჩობა... 1926: 155156). ცნობილია ამ ლეგენდის კიდევ რამდენიმე ვარიანტი. ერთი მათგანი გასულ საუკუნეში ჩაწერა მწერალმა ეგნატე ნინოშვილმა (მოთხრობა ,,პალიასტომის ტბა“) ,მეორე იური სიხარულიძემ გამოაქვეყნა 1957 წელს (სიხარულიძე #114 ,1957). მესამე გურამ გრიგოლიას ჩაუწერია სოფ.
საგვიჩიოში (სენაკის რ-ნი) (გრიგოლია 1973: 55). ამ თქმულებას 1969 წელს სპეციალური წერილი მიუძღვნა მიხეილ ჩიქოვანმა, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა ,,ტბის ფსკერზე არქიტექტურული ნაშთების“ არსებობას (ჩიქოვანი 1969). ძველ ფაზისს, ,,მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც“ პალიასტომის ტბაშივე გულისხმობდა გ. გრიგოლიაც (გრიგოლია 1973: 54). ხალხური ეტიმოლოგია პალიასტომს ,,პავლიას ტომის“ სახენაცვალ ფორმად მიიჩნევს. სახელწოდების მეცნიერული ახსნა პირველად დიუბუამ სცადა. იგი მას კომპოზიტად თვლიდა და ადვილად არჩევდა ბერძნულ სიტყვებს _ პალაიოს ,,ძველი“ და სტომა ,,შესართავი“ (დიუბუა III ,1889: 71-72). ,,თუ ეს ისაა, _ დასძენს მკვლევარი, _ რომელსაც ფაზისი ერთვოდა, ამას არ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა, თუ არა შორეულ ხანაში, ვინაიდან სტრაბონი ქალაქ ფაზისზე საუბრისას ნათლად აღნიშნავს მის ტბას, ზღვასა და მდინარეს შუა მდებარეობას, რაც გვიჩვენებს, რომ ფაზისს ჯერ კიდევ მაშინ, ისევე როგორც დღეს, ჰქონია ტბისაგან დამოუკიდებელი მიმართულება“ (იქვე). ,,პალიასტომის“ ბერძნულ წარმომავლობას იცავს ნ. ცერცვაძე; თუმცა დიუბუასგან განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს: ამ კომპოზიტის პირველ სიტყვაში იგი პალას (ბრძოლა , ომი) გამოყოფს, ხოლო მეორეში _ ტომოსს (მკაცრი) და ტბის სახელს ქართულად ,,მკაცრ ბრძოლად“ განმარტავს (ცერცვაძე 1970: 3). ,,პალიასტომის“ ასეთი ახსნა ,ავტორისავე აზრით ,,,ზუსტად გამოხატავს მის ბუნებას“ (იქვე). მას აქ ტბის ე. ნინოშვილისეული დახასიათება აქვს მხედველობაში. მართალია ,იგი ეჭვს არ იწვევს ,მაგრამ სახელწოდების ეტიმოლოგიის არც ეს ვერსიაა სარწმუნო. მ. თავდიშვილის აზრით ,ამ კომპოზიტის პირველი სიტყვა (,,პალია“) ,,პა“ და ,,ლია“ კომპლექსად უნდა დაიშალოს. თუ ამას მივიღებთ ,მაშინ ,,ლიას“ შინაარსიც (ჭაობი, საფლობი) ნათელია. პალიას განსაზღვრავს ლიას მნიშვნელობა. რაც შეეხება პა კომპლექსს ,იგი ავტორს ბას სახეშეცვლილ ფორმად მიაჩნია და მას კნინობითობის ან კლასკატეგორიის ნიშნად თვლის. მ. თავდიშვილის აზრით ,ბა/პა ხშირად ერთმანეთის მაგივრობას სწევს და პა-ს ადგილას შეგვიძლია ვიგულისხმოთ ბა , და პირიქით. ამ გაგებით პალიას მეორე დათანაბრადღირს ფორმად ავტორი ბალიას მიიჩნევს , რასაც თავისი მნიშვნელობით ინდოევროპულ სიტყვა ,,ბოლოტოს“ უკავშირებს. ამრიგად , პალიასტომის პირველი კომპონენტის მნიშვნელობას გაიაზრებს , როგორც ჭაობს , ხოლო ბოლო კომპონენტი ტომი იგივე ბ ბგერადაკარგული ტომბია ,ანუ ტბა (თავდიშვილი #10, 1973: 6).


გაზეთი „ილორი“ 25 ნოემბერი-2 დეკემბერი 2გვ. , 2 დეკემბერი -9 დეკემბერი 2014წ. გვ.2
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი