უკან დაბრუნება
განცხადებები
ქალაქ ფასისის (ფოთის) ტოპოარქეოლოგიისათვის
26-10-2016, 20:33
ნანახია: 2538
გაუზიარე სტატია მეგობარს


გელა გამყრელიძე

დასაწყისი

ქალაქი ფოთი, დღეს, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგური და აზია-ევროპის სატრანზიტო გზის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია. ქალაქი ფოთი საქართველოს მზარდი სოციალურ-ეკონიმიკური ცენტრია.
ქალაქ ფასისის შესწავლის ისტორია საუკუნე-ნახევარს ითვლის; მაგრამ ჯერჯერობით, წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების სიმცირის გამო, მისი ისტორიის რიგი საკითხების სრული გაშუქება შეუძლებელია [იხ. 2, გვ.3-21; 3; 19, გვ.17-36; 42, გვ.271-281; 71; 70; 68,გვ.223; 9; 10, გვ.70-110; 14, გვ.505; 12, გვ.36-55]. ზოგადად დღევანდელ ქ. ფოთთან და მის შემოგარენში ლოკალიზდება ანტიკურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ძველი ქალაქი ფასისი//ფაზისი. ბერძნული წერილობითი წყაროების ტოპონიმ ფასისს ქართველური ენების საფუძველზე მიღებულ ფოთის სახელწოდებად მიიჩნევენ _ ფოთ//ფათ//ფას [11,გვ.181-185; 24,გვ.96].
ქ. ფასისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ფსევდო-სკილაქსი, აზია, 81 [34,გვ.48]; არისტოტელე, ფრაგმენტები 46 [35,გვ.73]; პლატონი, "ფედონი" 109(ბ) [63,გვ.83]; ჰერაკლიდე ლემბოსი, "ფასისელთა პოლიტია," XVIII [36, გვ.195]; ჰიპოკრატე, "ჰაერთა, წყალთა და ადამიანთა შესახებ," 15 [33,გვ.45]; თეოკრიტე, "იდილია," სქოლიოები, XIII, 24[23,გვ.316];
სტრაბონი, "გეოგრაფია", XI,2,16,17;3,4[32, გვ.122,123,128]; ფსევდოპლუტარქე, "მდინარეების და მთების სახელების შესახებ...", ფასისი, V,1 [57,გვ.223]; პლინიუსი გაიუს სეკუნდუსი(უფროსი), "ნატურალური ისტორია", VI,1,13,52, [56, გვ.178,179,185]; პომპონიუს მელა, "ქვეყნიერების აღწერილობა," I,108[5, გვ.29 ]; ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო", 9,10 [1 ,გვ.40]; კლავდიოს პტოლემაიოსი, "გეოგრაფიული სახელმძღვანელო," V,9თ.,2[17,გვ.45]; ფსევდო-ორფევსი, "არგონავტიკა," გვ.3 [20,გვ.89]; თემისტიოსი, "სიტყვები,"XXVII [23,გვ.470]; კასტორიუსი, ე.წ. ტაბულა პევტინგერისა,X-XI [18, გვ.109, ტაბ.2]; ამიანე მარცელინუსი, "ისტორია" XXII, 8თ.,24 [4, გვ.112]; ანონიმი ავტორი, "ევქსინის პონტოს პერიპლუსი...," 44(3),[57, გვ.229 ]; ზოსიმე, "ახალი ისტორია," I,32 [29, გვ.268]; სტეფანე ბიზანტიელი, "ეთნიკა", ფასისი [25, გვ.286]; აგათია,"იუსტინიანეს მეფობის შესახებ", III,19,20,21; IV,23[25, გვ.97,98,102, 179 ]; მენანდრე,"ისტორია," ფრაგმენტი 3 [25, გვ.209 ]; ეპიფანეკონსტანტინოპოლელი, "ანდრიას ცხოვრება," თავი - "სვანეთი, ფუსტა, აბაზგია, ჯიქეთი" [26,გვ.58]; თეოფანე ქრონოგრაფი, "ქრონოგრაფია...", ფასისის ეპისკოპოს კვიროსის შესახებ [26,გვ.101]; გიორგი კედრენე, "ისტორიული მიმოხილვა...", ფასისის ეპისკოპოს კვიროსის შესახებ [27,გვ.28]; ბასილი სოფენელი, "უწმინდესი პატრიარქების ნუსხა," 27 [28, გვ.128,130,139 ]; ნიკიტა ხონიატე, "ქრონიკა...", ფასისი სანავსადგურო ქალაქი [30,გვ.132]; ამბროზიო კონტარინი, "მოგზაურობა კავკასიაში...", გვ. 2-3 (მოამბე,1894, გვ.49,50); არქანჯელო ლამბერტის, სამეგრელოს აღწერა [16, გვ.172]; ჟან შარდენი, "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში [38,გვ.108].
ქალაქ ფასისის შესახებ უძველესი საყურადღებო წერილობითი ცნობა შემონახულია ძვ.წ. IVს-ის ავტორის ფსევდო-სკილაქს კარიანდელის პერიპლუსში _ "აზია",81. უმნიშვნელოვანესი ცნობა ქ. ფასისის ადგილმდებარეობის შესახებ დაცულია ძვ.წ.I და ახ.წ. Iსს. მიჯნის გეოგრაფოსის სტრაბონის "გეოგრაფიაში": "ფასისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით (რიონი -გ.გ.), ტბით (პალიასტომი - გ.გ.) და ზღვით" (სტრაბონი, XI,2,17). როგორც ვხედავთ ეს აღწერილობა ზედმიწევნით ესადაგება დღევანდელი ქ. ფოთის მდებარეობას. საყურადღებოა აგრეთვე ქ. ფასისის თვითმხილველის, რომის იმპერიის მაღალი რანგის მოხელის, IIს. ავტორის ფლავიუს არიანეს საინსპექციო აღწერაში - "პერიპლუსი შავი ზღვის გარშემო" შემონახული ცნობა: "ფასისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქალღმერთ ფასიანეს ქანდაკება"... "თვით ციხე-სიმაგრე, რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდგომლად ადგილის ბუნების მიხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს, ორივე ფართოა, წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ. ხოლო, რადგან ნავსადგური უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, აგრეთვე ციხის გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც, რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით" (არიანე, "პერიპლუსი...",9).
ქ. ფასისიდანაა ძვ.წ. IVს. ბერძნულ წარწერიანი ვერცხლის ფიალა (წარწერის შესახებ იხ. ქვემოთ). ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური წერილობითი წყაროები ქალაქ ფასისს ხშირად ახსენებენ, მაგრამ მათში გადმოცემული მონაცემები წინააღმდეგობრივია; ხშირად, ცნობები ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს. წერილობითი წყაროების ტრადიციის გამარტივებული სქემის მიხედვით ფასისი ძველთაგანვე ქართველური მოსახლეობით დასახლებულ მიწა-წყალზეა იონიიდან გამოსული მილეთელების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონტაქტოდ, სავაჭრო ცენტრად - ემპორიონად დაფუძნებული [შეადარე, 59, გვ.187-256; 60, გვ.322-326; 13, გვ.119 -124; 46, გვ.256-274]. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ფოთი-პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნასახლარებიდან - ნამარნუ, ძიგური, სირიაჩქონის ოხოჯე, ნანდევუ, საგვიჩიო (ზურგანი, კონშა), ნაღმიპიჯი, ჭალადიდი (ზურგა, საბაჟო, ჩხარი), გურიფული, ნაოხვამუ(სოფ. რეკა), ერგეტა და სხვ. [იხ. 44, გვ.34-38 და რუკა] ალბათ ფასისი უფრო დაწინაურდა. მას კომუნიკაციების მიხედვით მოხერხებული ადგილი ეჭირა (კერძოდ, მდ. რიონ-ფასისის დელტა) და ურბანისტულ ცენტრად განვითარდა. ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-336წწ.), ზოგი მკვლევარის მიხედვით, ნამყოფია და თვითმხილველია მდ. ფასისის მიდამოების [33, გვ.8]. ის თხზულებაში "ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ" მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ფოთი-პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ. კერძოდ - "... ვინც ფასისში ცხოვრობს, მათ შესახებ მოგითხრობთ: ეს მხარე ჭაობიანია, თბილი, წყლიანი და ტენიანი." "... ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში აქვთ; ხისა და ლერწმის სახლები აქვეა აგებული. ისინი ცოტას დადიან ფეხით ქალაქსა (ალბათ ქ. ფასისში - გ.გ.) [71, გვ.37-42] და სავაჭრო (ემპორიონში) პუნქტებში, არამედ დაცურავენ აღმა-დაღმა... ნავებით, რადგან არხები ბევრია"(ჰიპოკრატე, "ჰაერთა..."15) [33, გვ.45]. ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ მდ. რიონ-ფასისის ქვემო წელის მოსახლეობა სპეციალურ სავაჭრო პუნქტში, ფასისის ემპორიონში დადიოდა. ჰიპოკრატეს ამ ნაწერიდან აგრეთვე, თითქოს, ისიც ჩანს, რომ ფასისის დელტაში მდებარე ადგილი (თუკი ის ქ. ფასისია) ადგილობრივი მოსახლეობის სავაჭრო პუნქტიაm (წყაროში - ÎმპØრიონ) და არა ბერძნული ტიპის ქალაქი, პოლისი.საერთოდ კი ვაჭრობის კონცენტრირება სპეციალურ ადგილებში პროტოურბანისტულ ცენტრზე მიგვანიშნებს. შესაძლოა, რომ ბერძნების მოსვლის შემდეგ, აქედან სავაჭრო საქონლის დისტრიბუციაც ხდებოდა (მაგ. სიმაგრის და საერთოდ მდ. რიონის გაყოლებით ნამოსახლარებზე დადასტურებული ანტიკური, იმპორტული ნაწარმი), რაც მეტ-ნაკლებად მუდმივმოქმედი ბაზრის გაჩენას გულისხმობს. ეს კი ქალაქური დასახლების ერთ-ერთი ნიშანია. მდ.ფასისის შესართავთან როცა ბერძნები გამოჩნდნენ, აქ პროტოურბანისტული ცენტრი ფასისი უკვე იყო (გავიხსენოთ, აქ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარები). ბერძნებმა ეს პუნქტი აღიქვეს როგორც ქალაქი და სავაჭრო ცენტრი (ემპორიონი). ბერძნებმა ამ სავაჭრო დასახლებასთან დაამყარეს კონტაქტი და დროთა განმავლობაში აქვე გაჩნდა ბერძნული დასახლებაც. ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ კონტაქტების ძირითადი მიზანი ადგილობრივი ნედლეულის გატანა იყო; სანაცვლოდ კოლხეთში სხვადასხვა ფუფუნების საგნები (ნატიფი კერამიკა, სამკაულები, ლითონის ჭურჭელი, ნელსაცხებლები და ა.შ.) შემოჰქონდათ. ეს კი ძვ.წ. Vს-ის შემდგომი წერილობითი და არქეოლოგიური წყაროებით დასტურდება. ამდენად, ზღვის სანაპიროზე ემპორიონების წარმოქმნა უცხოელების და ადგილობრივების საერთო ინტერესებში შედიოდა. ფასისში გახსნილი და დაარსებული ბერძნების ახალშენი დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტების შედეგად სიმბიოზს და ცვლილებებს განიცდიდა. ეს ცვლილებები დიდად იყო დამოკიდებული ადგილობრივ ბიოგეოგარემოზე და სოციოგარემოზე [7, გვ.3-45]. ძვ.წ. IIIს-დან, კოლხეთის სამეფოს დაშლის მერე ქ. ფასისი თანდათან ანტიკურ ქვეყნებსა და შიდა კოლხეთს შორის ბუფერულ, ეთნიკურად შერეულ, პოლისური ტიპის ქალაქად ტრანსფორმირდა, რომელსაც ალბათ თავისი სასოფლო ტერიტორიაც ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ქ. ფასისის შესახებ ძვ.წ. IIს-ის ავტორის ჰერაკლიდეს ცნობა ფასისის პოლიტიაზე, რომელიც აქ გარკვეული წესწყობილების არსებობას გულისხმობს [7,გვ.46-87]. მნიშვნელოვანია აგრეთვე შედარებით გვიანდელი ანონიმი ავტორის "პერიპლუსში" დაცული ცნობები, სადაც ფასისთან ერთად, კონტექსტში, ნახსენებია კავკასიის იბერები. შემდგომ აღნიშნულია: "მდინარის შესასვლელთან, ფასისის მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელთა მიერ დაფუძნებული ელინური ქალაქი ეგრეთ წოდებული ფასისი, რომელშიაც, როგორც ამბობენ, თავს იყრის სამოც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი. მათ რიცხვში, გადმოცემით, იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსულებიც" (Vს. ანონიმი,3). მაგრამ, ქ. ფასისის შესახებ ეს რამდენადმე შემაჯამებელი წერილობითი წყარო, ეტყობა ძვ.წ. IIIს-ის შემდგომ პერიოდს ეხება. ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძვ.წ. VIII-VII სს-ში ქ. ფასისს არ შეხებია [შეადარე, 3, გვ.7-21; 13; 59, გვ.187-256; 60, გვ.25-33; 74]. მდ. რიონ-ფასისის ქვემო წელზე არქეოლოგიურად აღმოჩენილი ნამოსახლარები (ჩამონათვალი იხ. ზემოთ) ამას მოწმობს. აქ უცხოური ნაწარმი ე.წ. კოლონიზაციის ეპოქაში არ ჩანს, ხოლო ძვ.წ. VI-Vსს. იმპორტული ნაწარმი მცირეა და სულ, დაახლოებით ასი ერთეულით (კერამიკის ნატეხები) განისაზღვრება. ამიტომ აქ რაღაც ინტენსიურ ბერძნულ "საკოლონიზაციო" მოქმედებებზე საუბარი ჯერჯერობით სრულიად უსაფუძვლოა. რაც შეეხება წერილობით წყაროებს, ალბათ შესაძლებელია, რომ ძვ.წ. Vს-ში ადგილობრივ ქ. ფასისთან ან ფასისში, მდ. რიონის დელტაში, ბერძნების მცირე სავაჭრო დასახლება (ემპორიონის მსგავსი) ვიგულისხმოთ. დაახლოებით ისეთი როგორიც, შემდგომ XIV-XVსს-ში ფოთ-ფასისში გენუის სავაჭრო ფაქტორია იყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ძვ.წ.VIII-VI და გნებავთ IVს-მდე ფასისფოთის მიდამოებში და მთელ კოლხეთში რაიმე დიდი ცვლილება არქეოლოგიურ კულტურაში (კერამიკულ და მეტალურგიულ წარმოებაში, არქიტექტურაში, იდეოლოგიაში, დაკრძალვის წესში და სხვ.) არ შეიმჩნევა. ხსენებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი სოციუმი როგორც ცხოვრობდა ისევ ისე ცხოვრობს; არ ჩანს ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენა მოსახლეობის ყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ფასისის ადგილმდებარეობა ანტიკური წერილობითი წყაროების მიხედვით ზოგადად განსაზღვრულია (იხ. სტრაბონი, არიანე), დღეისათვის მეცნიერების წინაშე ისევ დგას მისი ზუსტი ლოკალიზების პრობლემა, რადგან კლასიკური და ელინისტური ხანის ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული. სამაგიეროდ აღმოჩენილია ადრებიზანტიური ხანის ფასისის ნაშთები (იხ. ქვემოთ) [6, გვ.97-117; 10, გვ.101].
ფასისის ლოკალიზება-ტოპოგრაფიის შესახებ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრებები: პირველი_ ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე თვლის, რომ რომაული ხანის ფასისი მდებარეობდა სოფ. ჭალადიდსა და ფოთს შორის. კერძოდ, ხსენებულ მონაკვეთზე, ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე) მან აღმოაჩინა ნაციხარის ნაშთები, რომელიც არიანესეულ ფასისად მიიჩნია [72, გვ.63-80]. მეორე_ თ. ბრუნის აზრით ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობდა [47, გვ.250]. მესამე_ ნ. შაფრანოვის მოსაზრებით ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაპირზე, მდ. სუფსის შესართავთან იყო განლაგებული [65, გვ.3]. მეოთხე_ ლ. ელინიცკის აზრით ფასისი უნდა მდებარეობდეს მდ. რიონის შესართავის მარცხენა ნაპირზე დაახლოებით იქ, სადაც დღეს საზღვაო პორტი მდებარეობს [53, გვ.319 ]. მეხუთე_ მ. ბერძნიშვილის მოსაზრებით ფასისი მდებარეობდა მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე პატარა ფოთთან, ხოლო არიანეს დროინდელი კი იქ, სადაც დიუბუა დე მონპერე მიუთითებს[2,გვ.19 -20]. მეექვსე_ ბ. კუფტინის აზრით არიანეს დროინდელი ფასისი მდებარეობდა პალიასტომის ტბის შენაკადის მდ. ფიჩორის ნაპირებზე [55, გვ.116]. მეშვიდე_ ნ. ხოშტარია თვლიდა, რომ ძველი და რომაულ-ბიზანტიური ხანის ფასისი დღევანდელი ქ. ფოთის ადგილზე მდებარეობდა [41 , გვ. 33]. მერვე_ ნ. ლომოური იზიარებს დიუბუა დე მონპერეს მოსაზრებას ოღონდ თვლის, რომ ის აგათიას (ახ.წ. VIს.) დროინდელი ნაქალაქარია [58,გვ.96-99 ]. მეცხრე_ გ. გრიგოლია ფიქრობს, რომ ფასისი საძებნელია პალიასტომის აღმოსავლეთ მხარეს, სადაც მდ. ფიჩორი ერთვის ტბას [12, გვ.54]. მეათე_ პალეოგეოგრაფ ჯ. ჯანელიძის აზრით ქ. ფასისი მდ. რიონის ხეობის გასწვრივ, ზღვიდან 6 კმ-ზე, პატარა ფოთის და სოფ. ჭალადიდის ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ვეძებოთ [43, გვ.5-16]. მეთერთმეტე_ ოთ. ლორთქიფანიძე და თ. მიქელაძე წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების შეჯერების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ "ფასისის სახელით ცნობილი სხვადასხვა ეპოქის ქალაქები უნდა ვიკვლიოთ იმ არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის გზით, რომლებიც განლაგებულია მდ. რიონის შესართავის აუზში ქვემო-ჭალადიდს და ზღვის სანაპიროზე გრიგოლეთ-ყულევს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე" [19, გვ.33]. მეთორმეტე_ გ. გამყრელიძის მოსაზრებით III-VIIსს. ფასისია ე.წ. "ნატეხების" ნამოსახლარი, რომელიც აღმოჩნდა ფოთის სამხრეთ ნაწილში, პალიასტომის ტბის დასავლეთ მონაკვეთში. ვთვლით, რომ ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო, ყულევის მდ. რიონის, ფიჩორის და სუფსას შორის მდებარე მონაკვეთში ფასისის ნაწილი ხშირად ხვდებოდა წყალში (ან ტორფიან ჭაობში); ამიტომ ქალაქი, მოცემული მონაკვეთის ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებდა [6,გვ.97-117; 9,გვ.22; 10,გვ.101].
ქ. ფასისი ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო მაგისტრალის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი იყო [3,გვ. 99 -119; 48,გვ.7-8]. ქ. ფასისის საშუალებით უცხოეთში გადიოდა ოქრო, რკინა, საამშენებლო ხე, სელი, სელის ზეთი, თაფლი, ღვინო, მოგვიანებით ნავთიც და სხვ. [3, გვ.53-59; 8,გვ.26-32]. ფასისის სახელით არის ევროპულ ენებში ცნობილი "ფასისური ხოხობი" (ფაზანი), რომელიც აგრეთვე დიდი რაოდენობით გაჰყავდათ ქალაქის სანახებიდან. ელინისტურ და რომაულ ხანაში გაიზარდა ფასისის, როგორც სატრანზიტო-სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა. ძვ.წ. 66წ. ფასისთან შეხვდნენ ერთმანეთს იბერიიდან გადმოსული პომპეუსი და რომაელების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი სერვილიუსი, რომლის ფლოტიც ზღვიდან კეტავდა და აკონტროლებდა ქალაქს. აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში რომაელების გავლენის გაძლიერების შემდეგ ფასისში ჩადგა რომაული სამხედრო გარნიზონი. სწორედ ამ გარნიზონის სამხედრო-საფორტიფიკაციო მზადყოფნას ფასისში აღწერს 134წ. იმპერატორ ადრიანეს ინსპექტორი ფლავიუს არიანე. ამ მხრივ საყურადღებოა ლათინური დამღა, რომელიც ფასისში განლაგებული სამხედრო ნაწილისა უნდა იყოს [39, გვ.134-140]. ციხე-სიმაგრე ფასისი, იმპერატორ კონსტანტინე I-ის ადმინისტრაციული მოღვაწეობისას იხსენიება. IVს-ის ფასისში უმაღლესი რიტორიკული სკოლა იყო განლაგებული. IVსაუკუნისათვის ფასისი ლაზიკის (ახალი კოლხური სამეფოს) შემადგენლობაში შედიოდა. 542-562წწ. ბიზანტია ირანის ომის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ფასისთან მოხდა, რომელშიაც ბიზანტია-ლაზიკის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ირანელები. VI– VIII სს-ში ფასისში იყო კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებული საეპისკოპოსო. ფასისელ ეპისკოპოს თეოდორეს ხელმოწერა შემორჩენილია 553წ. მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებაზე. ერთ-ერთი ფასისელი ეპისკოპოსი კვიროსი დაწინაურებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად. შემდგომში ფასისში რეზიდენცია ჰქონდა ლაზიკის მიტროპოლიტს. XIVს-ში ფასისში მდებარეობდა გენუის სავაჭრო ფაქტორია (იხ.ზემოთ ჩამოთვლილი წერილობითი წყაროები). ფოთი-ფასისის და მისი მიდამოების არქეოლოგიურ კვლევას კარგა ხნის ისტორია გააჩნია. ჯერ კიდევ 1834წ. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე), ადგილ "ნაჯიხურთან" ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც არიანეს დროინდელ ფასისად მიიჩნია. მან ამ ციხის ნახაზიც შეადგინა [61, გვ.63- 80]. 1953წ. ნ. ხოშტარიამ მცირე არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ქ. ფოთის მიდამოებში [41, გვ.30-33]. 1961-65წწ-ში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის... ინსტიტუტის ფოთის არქეოლოგიური ექსპედიცია იკვლევდა ფოთის შემოგარენს; არქეოლოგიურთან ერთად ჩატარდა გეოლოგიური ბურღვებიც. 1969წ. ამავე ინსტიტუტის დასავლეთ საქ. საძიებოარქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვები აწარმოვა ადგილ ნაჯიხურის ახლოს. 1971-80წწ. ფასისის არქეოლოგიის საკითხებს იკვლევდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის... ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი თ. მიქელაძე). 1985წ-დან ფოთში კვლევა-ძიებას აწარმოებს საქართველოს მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შავიზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი გ.გამყრელიძე), რომელმაც პალიასტომში III-VIIსს-ის ნამოსახლარის ნაშთებს მიაკვლია. დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემი ადგილ ნატეხებთან პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ.წ. IVს-ის ატიკური შავლაკიანი ჭურჭლის პროფილირებული ქუსლი და როდოსული ამფორის ძვ.წ. IIIს-ის ძირი [48, გვ.35,სურ.5,6]. ქ. ფოთის მიდამოებში (ზუსტი ტოპოგრაფია უცნობია) აღმოჩნდა ძვ.წ. Vს. კოლხური თეთრის 2 ცალი დიდრაქმა (IIტიპის) და რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნომინალი (ინახება საქ. მუზეუმში). ფოთში, პირველი მაისის და კავკასიის ქუჩების გადაკვეთაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად 6 მ-მდე სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ.წ. II-Iსს-ის კერამიკის ნაშთები [21, გვ.18-19 ].მალთაყვასთან და სუფსასთან, ზღვაში ძვ.წ. IVს-ის პონტოს ჰერაკლეის და სინოპის ამფორები აღმოჩნდა. ფოთის შემოგარენში სამოსახლოს კვალი აღმოჩნდა სოფ. ქვემო ჭალადიდში, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს (1,5კმ-ზე ჩრდილოეთით),ფოთისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ნ. ყიფიანის ნაკვეთში. ბორცვის ფართობი 1800კვ.მ; აქ გაითხარა შემდეგი ფენები: მოყვითალო ქვიშანარევი თიხნარი; მოყვითალო თიხნარი; დამწვარი ბათქაშიანი და ძელებიანი ნაგებობების ნაშთები. ნამოსახლარის შუა და ქვედა ფენა განისაზღვრა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. ნამოსახლარზე ძირითადად აღმოჩნდა კერამიკა: ქოთნები, ჯამები, თასები. ისინი უმეტესად შემკულია შვერილებიანი დამახასიათებელი ყურებით. კერამიკა ძირითადად მოშავოა.ისინი შემკულია ირიბ ჭდეებიანი, ტალღოვანი რომბისებური ორნამენტით.აქვე აღმოჩნდა ყალიბი, ქვის ხელსაფქვავი, კვირისთავები, ნამგლის ჩასართავები. ქვემო ჭალადიდის "საბაჟოს" მონაკვეთზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ა. ბერიძის კარმიდამოშიც. ნამოსახლარებზე, განათხარში აღმოჩნდა ნაგებობების დამწვარი ძელების და ბათქაშების ნატეხები.კერამიკის გარდა აღმოჩნდა მეტალურგიული ქურის საბერველი მილი და ყალიბი [21, გვ.33-40]. მეორე სამოსახლო, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ქ. ფასისის სასოფლო გარეშემორტყმად, აღმოჩნდა სოფ. საქორქიოს აღმოსავლეთ ნაწილში, "სიმაგრეს" სახელწოდებით ცნობილ მონაკვეთში, ფ. ფაციას საკარმიდამოსთან, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე. "სიმაგრეს" ბორცვი 3300კვ.მ-ს მოიცავს. აქედან ჯერჯერობით არქეოლოგიურად შესწავლილია 200კვ.მ. ბორცვის ქვემო მოშაო ფენაში (60სმ.) აღმოჩნდა ხის ნაგებობა. აქ რამდენიმე სამშენებლო დონეა. "სიმაგრის" ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა ძვ.წ. VI-Vსს თარიღდება. "სიმაგრის" ნაგებობები ოთხკუთხაა და ძელების წყობითაა ჯარგვალურად ნაგები. დადასტურებულია წნული ღობეების ნაშთები. აღმოჩნდა ნაგებობების იატაკები. ერთ-ერთი ნაგებობის ნაშთები 112კვ.მ. მასში არის ტიხრები. ნაგებობის კედლების ძელები ძირითადად ერთმანეთში ჩაჭდომის წესით არის ნაგები. აღმოჩნდა ასეთი კედლის ძელების ექვსი რიგი. სიმაგრის ნამოსახლარზე აღმოჩნდა ძვ.წ. VI-Vსს კერამიკა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დიდად სჭარბობს უცხოურ არქეოლოგიურ მასალას. აღმოჩენილი ადგილობრივი კერამიკა ყველა არქეოლოგიურ ფენაში ტიპოლოგიურად ერთნაირია. კერამიკა დამახასიათებელია ძვ.წ. VI-Vსს კოლხეთისათვის. აღმოჩნდა _ სამეურნეო: ქვევრები, დერგები; სამზარეულო: ქოთნები, ქოთნის სარქველები, სასმისები, ყურმილიანი ხელადები, კოჭბები,ლანგრები, ჯამები. დადასტურდა - კონუსური ფორმის კვირისთავები; ბრინჯაოს დანები; რკინის შუბისპირები; რკინის თოხები; რკინის დანები; ანკესები; რკინის ლაგმები; წაგრძელებული ფორმის ქვის ხელსაფქვავები; ხის ციცხვები; სარდიონის და გიშრის მძივები; ოქროს სამკუთხა საკიდი, რომელზედაც ცვარათი შესრულებულია მეანდრის ორნამენტი. უცხოური კერამიკიდან: ამფორები - ქიოსური, ლესბოსური, სამოსური; სუფრის ჭურჭელი წარმოდგენილია იონური კერამიკით - ჯამები, ჭრაქები და კილიკები; შავლაკიანი და შავფიგურული ატიკური ჭურჭელი - კილიკები. მდ. რიონის მარცხენა ტერასის გაყოლებით ზღვიდან დაახლოებით 9 კმ-ზე, აღმოჩნდა ძვ.წ. V-IVსს-ის ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობები. არქეოლოგიური მასალა აქ წარმოდგენილია კოლხური კერამიკით _ ქოთნები, კოჭბები, სარქველები, ყურმილიანი დოქები და სხვ. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა სიმაგრის ნამოსახლარის სამხრეთით. აქ ზედა ფენაში დადასტურდა ქედებიანი ქვევრების და კოლხური ამფორების ნატეხები. აღმოჩნდა აგრეთვე სინოპური ამფორის ძირები [21, გვ.50-78]. ფოთის სანერგის ნაკვეთზე, რომელიც ფოთის აეროპორტის ჩრდილოაღმოსაველეთით არის, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების ორი წელშეზნექილი ადგილობრივი ამფორა. აქვე დადასტურდა ოთხკუთხა, დიაგონალურად ურთიერთმკვეთი, ორღარიანი აგურები. არქეოლოგიური მასალა ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. აქვე, ფოთის აეროდრომის მიდამოებში, ადგილ ნაჯიხურის ჩრდილოეთით გაჭრილ თხრილში აღმოჩნდა: აგურის და კრამიტის ფრაგმენტები; გოფრირებულ ზედაპირიანი ამფორის ნატეხები; იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ) სახელით ქ. კესარიაში მოჭრილი ვერცხლის დიდრაქმა [12, გვ.44]. სიმაგრის ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300მ-ზე, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდა სამაროვნის ნაშთები. აქვე დადასტურდა ქვით, აგურით და კირხსნარით აგებული შენობის ნაშთები. აღმოჩნდა ურთიერთმკვეთ ღარებიანი აგურები, ცალყურა ხელადები, კათხები, ორყურა ქილები, ჯამები. ჭურჭელი დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და ღია მოყავისფროდაა გამომწვარი. არქეოლოგიური მასალა ადრეული შუასაუკუნეებისაა. ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პალიასტომის ტბასთან, ქალაქის შემოსავლელი გზის, კაპარჭინაზე ახალი ხიდის მშენებლობის ადგილზე, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმნეტები (ქვევრის წვეტიანი ძირები, ჯამები, წელშეზნექილი ამფორების ნატეხები).
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი