უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთი ქართულ მწერლობაში
27-01-2017, 06:59
ნანახია: 1860
გაუზიარე სტატია მეგობარს


რაც შეეხენა ი. გოგებაშვილის „ბუნების კარს“, ფოთზე მსჯელობისას, ჩემი მოგონებების სქელტანიანი წიგნის- „სინდისის ღმერთების ბარიკადებზე“ სქოლიოში გაკვრით „სახალხო გაზეთში“ ზემოთაღნიშნული სტატიის გამოქვეყნებამდე, ნათქვამი მაქვს: „მეგრელების სიჭარბის პარალელურად გურულების დასახლების გამო ფოთი ძველად, ოზურგეთის მსგავსად, ფოთი შეცდომით გურიის ქალაქად იყო მიჩნეული, რასაც ვიღაცეები ბოროტად იყენებენ“. ვისურვებდი, დღევანდელ ჩვენს სხდოლმაზე ფოთის გარშემო ქართულ მწერლობაში არსებული მასალების მიმოხილვისას წარსულთან დღევანდელობის ზოგიერთი მტკივნეული პრობლემის ასოცირება ყველა ამგვარი ბოროტების ჩანასახშივე ჩახშობის საწინდარი ყოფილიყოს. მივუბრუნდეთ ისევ თემის ქრონოლოგიური თანმიმდევრობის აღნუსხვას.
ლეო ქიაჩელი რომან „სისხლში“ და ფუცუ დგებუაძე-ფულარიას „ოქროს ბეჭედში“ ფოთი წარმოდგენილია მე-19 საუკუნის დამლევისა და მეოცე საუკუნის დამდეგის პერიოდისათვის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთგვარ ცენტრად თბილისის და ქუთაისის შემდეგ, არალეგალური, კონსპირაციული კრებებისა და აგიტაცია - პროპაგანდის საიმედო კერად. საილუსტრაციო ნაწყვეტი ქიაჩელის რომანიდან:
„ანდრო ქარივაძე მშვიდოით ჩავიდა ფოთს. მას კარგად ჰქონდა გათვალისწინებული მოსალოდნელი ხიფათი როგორც გზაზე, ისე ქალაქშიც, სანამ არჩილთან მიაღწევდა... ეშინოდა არჩილთან მისვლამდე ხელში არ ჩავარდნოდა ჟანდარმერიას. ზედმიწევნით გაეზეპირებინა თავისი ვინაობა სანდროს პასპორტის მიხედვით. იგივე ალექსანდრე, იგივე სანდრო არტემის ძე გერგაძე იყო, ფოთის მუშის ერასტო გერგაძის ძმიშვილი და ოჯახური მდგომარეობის გამო თითქოს ბიძასთან მიემგზავრებოდა სასწრაფო დავალებით... ერასტო გერგაძეს მუშების უბანში ჰქონდა დაქირავებული პატარა ხის სახლი. ეს უბანი ზედ ნავსადგურს ეკვროდა იმ მხრით, სადაც საზღვარგარეთელი გემები დგებიან და შავი ქვით იტვირთებიან. იგი პატრა ღარიბ სოფელს ჰგავდა-საქათმეებით წვრილ ბოძებზე შემდგარი სახლებითა და ხავსაკიდებული კედლებით, ღობენგრეული, უსწორმასწორო ეზოები ჰაერში შეყირავებული ჭის საქაჩავებით. ვიწრო შუკები და მათ გასწვრივ გვერდებშელეწილი ჭიშკრისნაირი კარები“. (ლეო ქიაჩელი, თხზულებანი, ტ II). მეორე საილუსტრაციო ნაწყვეტი ფუცუ დგებუაძე-ფულარიას „ოქროს ბეჭედიდან“:
„ფოთში მაშინ დიდი ამბები ხდებოდა. ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი იქ მთავრდებოდა, ხოლო რუსეთისა და საზღვარგარეთული გემები ზედიზედ იქ აწყდებოდნენ ფოთის ნავსადგურს, რადგან საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა გატანა მათთვის მოსაგები საქმე იყო. სანამ ნავსადგური ღია იყო, გემებს ნაპირთან მიდგომა უძნელდებოდათ. საქართველოს თავკაცების ცდით, განსაკუთრებით მოწინავე - ნიკო ნიკოლაძის შრომითა და ღვაწლით დიდი მუშაობა გაჩაღდა ფოთის სანაპიროზე, რომ ქალაქს ხელოვნური ნავსადგური ჰქონოდა. ნავსადგურის მშენებლობამ მრავალი მუშახელი მოითხოვა. ფოთი მუშებით გაივსო. ხალხით სავსე ქალაქი დღითიდღე იზრდებოდა, გაიხსნა დუქნები, მაღაზიები, სასადილოები. დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, ყველაზე მეტად ფოთში იდგამდა ფეხს კაპიტალიზმი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით“ (1968,გვ.323). უარყოფითში, ცხადია, სხვა მხარეებთან ერთად რევოლუციური მოძრაობის მძლავრი აღმავლობაც იგულისხმებოდა, რამაც რა მოგვცა, თქვენ კარგად იცით.
გაზეთ „ფოთის ხმაში“ 1921 წელს დაიბეჭდა ალიო მირცხულავას პირველი ლექსი „მზესთან“ და მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის სათავეც აქედან იწყება. ფოთის გიმნაზია დამთავრებულს ეს ქალაქი მისი ახალგაზრდული მგზნებარე პოეზიის აკვნის გადამრწევად მიაჩნდა. ამიტომაც პირველივე ლექსში ასეთ ქებას უძღვნის მას: „ქალაქი ცხელი, ქცეული ალად, ქალაქი ბუდე ცეცხლის ჩიტების. სულში მინერგავს გოლიათ ძალას და, მგონი, ღამეს შევეჭიდები“.
წარმოშობით ნაბადიდან ქართულ მწერლობაში თავის დროზე საკმაოდ ცნობილი პოეტი და დრამატურგი ვიქტორ გაბესკირია აკაკი წერეთლის დაბადების ასი წლისთავისათვის საიუბილეო საღამოზე დასასწრებად 1940 წელს ფოთში ჩასული იხსენებდა: „ირგვლივ ტყე და ეკალბარდები, ჭაოებები და ბაყაყები, ტურები და მგლები. პორტამდე ხან ლაქაშების მინდორზე უნდა გაგევლო, ხან ღობისპირა ბილიკებზე. საოცარია ევკალიპტი და მაგნოლია, აი, ჩემი ახალი ლექსების თემა, რა ჰქნა, რა სასწაული დაატრიალა კოლხეთის მშენებლობამ, ფოთი ხომ სულ მთლიანად გამოიცვალა. ნაბადას ვერ ვცნობ, ასე მგონია, უცხოა ჩემთვის“.
1932 წლიდან კოლხეთის ლაშქრობის გრანდიოზული სამუშაოების დაწყებამ ფოთს იმთავითვე მიაკუთვნა მისი დედაქალაქის საპატიო ზედწოდება. იგი იქცა შთაგონების იმპულსად და აქტუალურ თემად ხელოვნებასა და ლიტერატურის დარგის მიღვაწეებისათვის. პოეტმა პაოლო იაშვილმა რეპრესიამდე ერთ-ერთმა პირველმა დაათვალიერა მალთაყვის მიდამოები და ბავშვთა კურორტად გადაქცევის რეალურობის გათვალისწინებით თავის ლექსში შეამკო და განადიდა მისი მომავალი: „აი, პირველი საძირკველის აღმოშენება, აი, მალთაყვა უახლოეს დღეთა მშვენება“.
გაზეთ : „მგზნებარე კოლხიდელი“-ს რედაქციასთან არსებული ლიტერატურული წრე ადგილობრივი ახალგაზრდა პოეტების შეკრების, მათი ნიჭის გამოვლინების საიმედო სარბიელად იყო გადაქცეული. გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ 1941 წლის 14 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ალექსანდრე მიმინოშვილის ვრცელი სტატია სახელწოდებით „კოლხიდის დედაქალაქის ლიტერატურული ახალგაზრდობა“, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ასეთი ზედწოდებით ფოთის პოპულარობას მთელ საქართველოში.
კონსტანტინე გამსახურდიას ნარკვევი „ კოლხეთში (მწერლის ბლოკნოტიდან)“ - დოკუმენტური პროზის ეს კლასიკური მაგალითი-კოლხეთის მშენებლობის გლობალურ ასახვასთან ერთად, უწინარესად, თითქოსდა პოეტური დითირ ამბებით აღსავსე უმშვენიერესი, უბრწყინვალესი საგალობელია ფოთისადმი. „უნდა გამოვტყდე :-წერს კ. გამსახურდია ამ ნარკვევში, - ნიკო ნიკოლაძეს მუდამ ვაფასებდი როგორც დიდი მასშტაბის ქართველ ინტელიგენტს... რამდენჯერაც არ ჩავსულვარ ფოთს, მუდამ აღვსილია ჩემი გული მისდამი პატივისცემით. ამ ქალაქს ხელახლა ჩაუყარა მან საფუძველი მერმე როდის? როცა საქართველო ორ საცოდავ გუბერნიას წარმოადგენდა. როცა ცარისტული ხელისუფლება ალმაცერად უყურებდა ყოველივე ქართულს.
ამ ნარკვევს კ. გამსახურდიას რჩეულ რვატოემულის მე-6 ტომში (გვ,741-7680 დაწერის თარიღად 1936 წელი აქვს მიწერილი. მე-6 ტომის 753-ე გვერდზე მწერალი გვიდასტურებს: „ეს მესამეჯერ ვარ ჩასული ფოთს კოლხიდმშენის მუშაობის გასაცნობად. საქართველოს მოზრდილ ქალაქებს შორის ფოთი განირჩევა არამარტო თავისი მოდერნულად დაგეგმილი, განიერი პარაპეტებით, არამედ სანიმუშო სისუფთავითაც“.
ნარკვევის მთავარი პერსონაჟი, ჭეშმარიტად ენთუზიასტი და საქვეყნოდ ცნობილი მელიორატორი ანდრო გაბუნია უწევდა მეგზაურობას მწერლას. არადა შეიქმნა ჭალადიდ-ფოთის საავტომობილო შოსე, ფოთის ახალი ბაზარი, რიონის 90-კილომეტრიანი დამბა გაკეთდა.
კ. გამსახურდიას ნარკვევში ანდრო გაბუნიას დიდი ღვაწლის აღნუსხვასთან დაკავშირებით აქ უნებლიედ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ქართულ მწერლობაში მარინისტული ჟანრის, ან ე.წ. ზღვის თემის ფუძემდებლად აღიარებული ანდრო ლომიძე, რომელიც 1940 წლამდე ცხოვრობდა ფოთში და ფოთელი მამაცი მეზღვარების ვაჟკაცური სახეებით არაერთხელ გაუხარებია ქართველის მკითხველი. არაფერს ვამბობთ ჩვენს შესახებ, რომლის ადრინდელ პოეტურ შემოქმედებაში ფოთი წარმოადგენდა შთაგონების მთავარ თემას. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ფოთს მე დავშორდი 1941 წლის 28 აგვისტოს „მგზნებარე კოლხიდელის“ ფურცლებზე გამოქვეყნებული ლექსით „ სიმღერა დამშვიდობებისა“. იგი იწყებოდა და მთავრდებოდა ფოთისადმი სიყვარულის, ოპტიმიზმის გამომხატველი ასეთი სტრიქონებით:
შენ, მშობლიურო ჩემო ქალაქო,
იქ, ბრძოლის ველზე, მიგულე ხვალ-ზეგ.
მივდივარმ მტრები უნდა ავლაგმოთ
შემოსეული ჩვენს მიწა-წყალზე.
მივდივარ...ვკოცნი შენს ყოველ ყვავილს,
ქუჩას, სადაც მე მივლია მარტოს.
სიკვდილი, ვინც ფრონტს არიდოს თავი
და უღალატოს სამშობლოს ამ დროს.
მივდივარ... გტოვებ სახე მრისხანეს,
შორს ზარბაზნების ისმის გრიალი.
შენი ხეები აბჯრებს ისხამენ
და მაცილებენ ფოთოლთ შრიალით.
დე. მოგონებამ შენს ლამაზ ცაზე
მე ბრძოლის ძალა გამიორკეცოს.
დე, გვიელავდეს ხელში თოფები,
ქარს და გრიგალებს ჰკვეთდეს ჩვენი გზა
და ეს სიმღერა დამშვიდობების
იყოს სიმბოლო გამარჯევბისა.
ჩემი მიმოხილვითი საუბრის დასასრულს განსაკუთრებული მოწიწებით და ერთგვარი სიამაყოთაც უნდა ვთქვა პირდაპირ და ხმამაღლა: ბედნიერად ვთვლი თავს, რომ წილად მხვდა მის სახელოვან შვილთან თენგიზ უჩანეიშვილთან ერთად დავიწყების ბურუსიდან ქართულ მწერლობაში გამეცოცხლებინა და თავისი კუთვნილი ადგილი მიმეჩინა ერთაერთ იმ ფოთელისათვის, რომელიც ფოთში ცხოვრობდა 1907 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დრომდე, ფოთში წერდა, ფოთიდან აქვეყნებდა ჯერ კიდევ 20-იანი წლების პერიოდულ პრესაში თავის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლის პიესა „ თინათინწამებული“ დაიდგა ფოთის პრიმიტიული თეატრის „კომეტას“ სცენაზე 1928 წელს და რომელმაც ფოთშივე დაამთავრა ქრონოლოგიზმის მკაცრ პრინციპებზე აგებული ბრწყინვალე მოგონებების ახლა უკვე წიგნად დაბეჭდილი ძვირფასი ხელნაწერი.
ეს წიგნი სახელწოდებით „ჩემი პატარა ცხოვრების ფურცლები“ ორი წლის წინათ ჩატანილ იქნა ფოთში, იგი ოპერის პირდაპირ მაღაზია „საუნჯეში“ ახლაც იყიდება, ვინც წაიკითხა, აღფრთოვანებულია ავტორის თავმდაბლობითა და წერის მაღალი კულტურით. ჩემ მიწერ მიმოხილულ მასალათა შორის იასონ ეგრისელის „ჩემი პატარა ცხოვრების ფურცლები“ გამოირჩევა თავისი მონუმენტალურობით, ფოთისადმი უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით.
დადგა დრო ჩვენი ღირსეული პატივი მივაგოთ ღირსეულ ფოთელს, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებულ ექიმს, აწ განსხვავებულ იასონ სიმონის ძე უჩანეიშვილის მოქალაქეობრივ და მწერლურ დამსახურებას. ვსარგებლობ შემთხვევით და შემოვდივარ აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე წინადადებით, აღიძრას შუამდგომლობა ფოთის მერიის წინაშე, რათა ლიტერატურული ფსევდონიმიის მიხედვით იასონ ეგრისელის სახელი დაერქვას ფოთის ერთ - ერთ ქუჩას (სასურველია იმ ქუჩას, სადაც ცხოვრობდა). ეს იქნება ჩვენი დღევანდელი სესიის თეორიულ-მეცნიერული დონისა და მისი პრაქტიკული ამოცანების ურთიერთშერწყმის მეტად საინტერესო, ნათელი და კონკრეტული გამოხატულება.

უკან (დასაწყისი) 

 წყარო: ცოტნეიდელი ტ.III 2008-2010 წ. გვ.211-217 

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი