1858 წლის18 ნოემბერს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 1859 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული დებულებით ქალაქის მმართველობა ეკისრებოდა სამხედრო პირს, შტაბსოფიცერს, რომელიც ემორჩილებოდა ქუთაისის გენერალ-გუბენატორს და იწოდებოდა „ქალაქ ფოთის უფროსად“. 1959 წლის მარტიდან ფოთის უფროსად დაინიშნა შტაბსოფიცერი, პირველი რანგის კაპიტანი კიტაევი. მასვე დაეკისრა ფოთის კაპიტანის მოვალეობის შესრულებაც.
ზემდგომისადმი ანუ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის სვიატოპულაკ-მირსკისადმი არაერთგზის მიმართვის, თხოვნის შემდეგ ფოთის ქალაქის უფროსის თანამდებობა გამოეყო ნავსადგურის კაპიტნის თანამდებობას, მაგრამ საქალაქო თვითმმართველობის შემოღებამდე ქალაქის უფროსის მოვალეობა პოლიცმეისტერს შეუთავსდა და შესაბამისად, მთელი ძალაუფლება, როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიციური, მის ხელში გადავიდა, ფოთის უკანასკნელი პოლიცმეისტერი იყო ლაზარევიჩი. მას პრაქტიკოს მუშაკად მოიხსენიებდნენ. მისის ხელმძღვანელობით ფოთი მნიშვნელოვნად განვითარებულა. ლაზარევიჩს პოლიცმეიტერის თანამდებობაზე უმუშავია 1882 წლამდე ანუ ქალაქ ფოთში თვითმმართველობის შემოღებამდე (კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმის არქივი, ფონდი №1).
თუმცა მოგვიანებით, მაგრამ მაინც 1882 წლის დეკემბრიდან, 1870 წლის საქალაქო რეფორმის საფუძველზე, ქალაქ ფოთში შემოღებულ იქნა თვითმმართველობა. ამიერიდან ქალაქს განაგებდა საქალაქო თვითმმართველობის მიერ ფარული კენჭისყრით არჩეული პირი. ქალაქ ფოთის სათათბიროს გამგეობა შედგებოდა ქალაქის თავის, ორი წევრის (ერთი მათაგნი იყო ქალაქის თავის მოადგილე), მდივნის ბუღალტრის, საქმის მწარმოებლისა და ქალაქის არქიტექტორისაგან.
1882-1886 და 1891-1892 წლებში ფოთის ქალაქის თავად არჩეული იყო გენერალ-მაიორი წარმოშობით სომეხი ივანე გიორგის ძე ვახრამოვი. ახლად არჩეულ ქალაქის თავს იმედი გამოუთქვამს, რომ სათათირო და გამგეობა შეთანხმებულად იმოქმედებდა და პატიოსნად იშრომებდა ქალაქში არსებული მდგომარების გასაუმჯომესებლად. სამწუხაროდ, პირველი შემადგენლობის სათათბიროსა და გამგეობას ვერაფერი სასიკეთო ვერ გაუკეთებია ქალაქის კეთილდღეობისათვის. მათ საქმიანობას მოსახლეობის მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გაუმართლებია. ფოთის ახლად ფეხადგმული თვითმმართველობა ჯერ ვერ იჩენდა ქალაქის მართვა გამგეობისათვის საჭირო უნარჩვევებს. ამიტომაც იყო, რომ 1887 წლის 14 იანვარს არჩევნებში ქალაქის თავის პოსტზე ვახრამოვის კანდიტატურა არ
წამოუყენებიათ ფოთელებს. როგორც „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაცია იუწყება, დაიწყეს ძებნა ახალგაზრდა და ენერგიულიო პიროვნებისა, რომელიც შეძლებდა ქალაქის მეურნეობის მოწესრიგებას. ქალაქის თავის პოსტზე ხმოსნების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ იურისტს, თავად ნესტორ ალექსანდრეს ძე თავდგირიძეს. სამწუხაროდ, როგორც ქალაქის ხელისუფალმა, ვერც თავდგირიძემ გამოიჩინა თავი. მისი არჩევნიდან რამოდენიმე წლის შემდეგ „ნოვოე ობოზრენიე“ აუწყებდა მკითხველს, რომ იმედები, რომელსაც ფოთელები ამყარებდნენ თავდგირიძეზე, არ გაამართლდაო. საზოგადოების ერთი ნაწილი ფოთის თვითმმართველობის წარუმატებლობის მიზეზად ქალაქის თავის არა პრქატიკულობას, ზოგი კი მის ავადმყოფობას მიიჩნევდა.
1891 წლის იანვარში ჩატარდა ფოთის თვითმმართველობის მესამე არჩევნები. ქალაქის თავის კანდიდატურებად დასახელდნენ ყოფილი ქალაქის თავები: ნესტორ თავდგირიძე, გენერალ-მაიორი ვახრამოვი, ასევე თავადი დიმიტრი დადიანი და აზნაური იონა მეუნარგია.
ხმოსნების უმრავლესობის მხარდაჭერით, ქალაქის თავად კვლავ იქნა არჩეული სომეხი ვახრამოვი. ეტყობა, არჩევნების მომენტისათვის ძალზე სუსტი ხელისუფლების თავდგირიძის ფონზე, ვახრამოვის წარსული საქმიანობა უკეთ წარმოჩნდა და შედეგმაც არ დააყოვნა. თუმცა, ვახრამოვს დიდხანს არ დასცალდა ქალაქის სავარძელში ჯდომა. იგი 1892 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულ იქნა ქ.ფოთის სომხურ - გრიგორიანული ეკლესიის ეზოში (კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმის არქივი, თვითმმართველობის სხდომის ოქმი №1). მორიგ 1894 წლის არჩევნებამდე ქალაქის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ქალაქის თავის მოადგილეს, გამგეობის წევრს იონა მეუნარგიას. სამწუხაროდ, ვერც ეს უკანასკნელი გამოდგა მეურნე და საქმიანი ხელმძღანელი. ამიტომაც, 1894 წლის არჩევნებისათვის ფოთში უკვე მომწიფებულა აზრი ქალაქის თავად დიდი ნიკო ნიკოლაძის მოწვევის შესახებ.
ვარლამ გოგუაძე
„კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორი“-ის მუზეუმის დირექტორი.
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ სექტემბერი-ოქტომბერი 2005 წელი გვ.10
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы