უკან დაბრუნება
განცხადებები
ბაჰბართუ, ფუთიშ ომესურის – ფოთის მაისობის კოდი
20-09-2018, 19:36
ნანახია: 687
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


მაისი ძველ და ახალ ეკერეცხში – კალენდარში ბჟაშ გოფაჩუაშ – მზის გაშლის დრო იყო, საგაზაფხულო ბურთაობა, ბურთუა კი – მომძლავრებული მზისადმი მიძღვნილი რიტუალური თამაში. ბურთისთვის ორი გუნდის ბრძოლა – ვეშაპისა და მისგან მზის დამხსნელი რაინდის, სიბნელისა და სინათლის ბრძოლას განასახიერებდა; ლელოს გამტანი გუნდის სიმღერა და ყიჟინა დახსნილი მზის საგალობელს წარმოადგენდა. ბურთის რიონში გადაგდებით მაცოცხლებელი მზე, მზის სითბო შეჰქონდათ წყლის ქაოტურ, ცივ სტიქიაში, რაც მას უბრუნებდა ცხოვრების მდინარის, სიცოცხლის მატარებლის, ფასქურის ფუნქციას.

ბურთუა – ბურთაობა სამეგრელოში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, უძველესი და თანამედროვე, თუნდაც სახეცვლილი სახალხო დღესასწაულების, ჯარობების (ჯარუას) განუყოფელი ნაწილი იყო, ეს განსაკუთრებით ეხება ლელოს, რომელიც დღემდე შემორჩა შუხუთობას – გურიაში, მურყვამობას – სვანეთში და ომესურს –მაისობას – ფოთში.

თუ ბურთაობას, ლელოს დროთა პრიზმაში, დროთა კვეთაში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მასში უძველესი რწმენა–წარმოდგენები და მითოსური ხატებია კოდირებული, მით უფრო, თუ ბურთუას განვიხილავთ დღესასწაულის, ასე ვთქვათ, მთელი პროგრამის კონტექსტში.

ამ კონტექსტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფოთის მაისობაში იმ მხარეს, რომელიც ლელოს გაიტანდა, ბურთი რიონში უნდა გადაეგდო, მერე ძირიანად მოეთხარა მინდორში ეულად მდგარი ხე – ოლე და გამარჯვებულის სიმღერითა და ყიჟინით ჩამოეტარებინა მაყურებლის წინაშე. ამ პროგრამაში, ამ ჩვეულებაში არაფერია შემთხვევითი და უმნიშვნელო, ყველაფერს თავისი მითოსურ–ფილოსოფიური ახსნა აქვს, თუმცა ამ ახსნას დროისმიერი მტვერი აქვს წაყრილი.

ბურთი მითოსურ წარსულში მზის, ბარბალის, ბარბარის სიმბოლო იყო, ბარბარს ურარტულად ბაჰბართუ ერქვა და არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვაში ,,ბურთი, ბურთუა “ სწორედ ამ ხსოვნის დანაშრევი შემოგვრჩა ისევე, როგორც ლილე ილანდება ლელოს სახელწოდებაში.

მაისი, გაზაფხულის მესამე თვე ძველ და ახალ ეკერეცხში – კალენდარში ბჟაშ გოფაჩუაშ – მზის გაშლის დრო იყო, საგაზაფხულო ბურთაობა, ბურთუა კი – მომძლავრებული მზისადმი მიძღვნილი რიტუალური თამაში. ბურთისთვის ორი გუნდის ბრძოლა – ვეშაპისა და მისგან მზის დამხსნელი რაინდის, სიბნელისა და სინათლის ბრძოლას განასახიერებდა; ლელოს გამტანი გუნდის სიმღერა და ყიჟინა დახსნილი მზის საგალობელს წარმოადგენდა.

ბურთის რიონში გადაგდებით მაცოცხლებელი მზე, მზის სითბო შეჰქონდათ წყლის ქაოტურ, ცივ სტიქიაში, რაც მას უბრუნებდა ცხოვრების მდინარის, სიცოცხლის მატარებლის, ფასქურის( სკნელთა ნასკვის, სკნელთა შემკვრელისა და მეკავშირის) ფუნქციას. ეს, სხვათა შორის, პირდაპირ უკავშირდებოდა ამ მდინარის სახელს – რინა, რინუ. და მის უცხოთათავის ადაპტირებული სახელიც – ფასიში, ფასისიც სხვა არაფერი იყო, თუ არა სამი სკნელში, სამ ფაზაში გამდინარე მდინარე და ყველა სკნელში მწვდომი სიცოცხლის მიმნიჭებელი ღვთაება ფასქური, იგივე გუმათანე, სისკრის ვარსკვლავი. ამ რიტუალით ფაზისელები ერთი ვერსიით – მზის, სხვა ვერსიით – განთიადის სიმბოლოს ბურთს მასვე უბრუნებდნენ.

რაც შეეხება ხის მოთხრას, ეს იყო რიტუალი, რომელიც ასევე მზესთან იყო დაკავშირებული. ეს ჩანს მის მეგრულ სახელწოდებაში ,,ჩხანჭუა“, რომელშიც არ გაგიჭირდებათ ჩხანას – მზის თბეს გარჩევა. სიცოცხლის ხე იდგა სხვადასხვა ორთას, სკნელის საზღვარზე და მისი მოთხრით იშლებოდა ზღვარი, რომელიც აფერხებდა მზის წვდომას ქვედა სკნელში.

სხვათა შორის, ხის მოთხრის რიტუალს ასრულებდნენ ოჯახის უფროსის გარდაცვალების დროსაც, დაკრძალვის დღეს, ამით მიცვალებულის სულს გზას უხსნიდნენ სხვა სამყაროსკენ, რათა შეუჭირვებლად გადასულიყო ახალ სამყოფლოში, სხვა განზომილებაში, რომელსაც გალენიშ ორთა ერქვა.

მნიშვნელოვანია, რომ ხის მოთხრა, ჩხანჭუა ახალგაზრდების საქმე იყო, ერთად შეესეოდნენ ხეს, წვეროდან დაწყებული შუა ტოტებამდე შეეხუნძლებოდნენ მას და სხეულის სიმძიმით მორკალულს მანამ არ შეეშვებოდნენ, სანამ არ მობოლავდნენ – მომბოლუნდეს. ამ ახალგაზრდებს მეშხანები ერქვათ, ჯას ოშხუდეს, ხეს ახუნძლულები იყვნენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც სამგლოვიარო რიტუალის, ისე საგაზაფხულო დღეობების დროს, მათ შორის ფოთის მაისობას, ახალგაზრდები წაქცეულ ხეს დემონსტრატიულად ადგამდნენ ფეხს და მხოლოდ ამის შემდეგ გაჰქონდათ იმ ადგილიდან. ეს იყო სიმბოლური გამოხატულება ძველის ადგილზე ახლის აღმოცენება–გაბატონებისა, ახალი სიცოცხლის გამარჯვებისა.

ჩვენ ერთხელ უკვე დავიმოწმეთ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, რომელიც ამბობდა, რომ მითს შეიძლება 12 და მეტი წაკითხვა, ახსნა ჰქონდეს. შესაბამისად, ხის მოთხრას ზოგჯერ ხსნიდნენ როგორც ცდას, მოეგოთ მზის გული.

მზე იყო ამირანის, ერემხუტუს, აფხაზურად აბრსკილის ( ამ სახელშიც ჩანს მეგრული დანაშრევი: სქილა – პირმშო ) დედა. მისი მხოლოდშობილი ვაჟი კი, ერთ–ერთი ვერსიით, სიცოცხლის ხისგან გამოთლილ პალოზე, როკზე მიაბეს განრისხებულმა ღმერთებმა. სწორედ ეს ავი წინათგრძნობა იყოს ერტერთი ახსნა იმისა, რატომ ვერ იტანს ერემხუტუ მძლავრ ხეებს და რატომ ძირფესვიანად თხრის მათ, როგორც პოტენციურ როკებს. სხვათა შორის ამას უკავშირდება ერემხუტუ–ამირანის ციკლის მეგრულ მითებსა დაუფრო გვიანდელ ზღაპრებში მისი მეორე ჰიპოსტასი – როკსოფუ (ხეგლეჯია). აქედან გამომდინარე, ამ ვერსიითაც ხის მოთხრა მზის განთავისუფლებას, მზის შვილის ახსნას უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსათხრელად ძველი, მძლავრი ვარჯისა და ფესვების მქონე ხე ირჩეოდა – ხის მოთხრა იყო სიმბოლო ძველის უარყოფისა, ძველთან განშორებისა და ადგილის განთავისუფლებისა ახალი ნერგისთვის. ასეთი ხე ძირფესვიანად უნდა მოთხრილიყო, ე.წ. მანძილა ფესვიანად ( ტერრმინი დღემდე შემორჩა ქართულ მთაში), რომ თან გაყოლოდა ცუდი მემკვიდრეობა, ავბედითი მოსადევარი – მამანძელი ( ფურიშ მუმადვალარი, მუმანძებელი) . ამდენად, ომორგუალე ჩხანჭუაც და ომესურ ჩხანჭუაც ამითაც უკავშირდება მზეს, როგორც სიმბოლოს მარადიული წრებრუნვისა და განახლებისა.

და აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ წმინდა ანდრია მოციქული და მოციქულთასწორი წმინდა ნინო, რომელთაც ძველი საკერპე ხეები მოაჭრევინეს და მათგან ნათალი ჯვარი და ძელიცხოველი აღამართვინეს ჩვენს წინაპრებს. ხის პატარა ჯვრებიც, რომელთაც გულზე ვატარებთ, ამ სიმბოლიკის მატარებელია ისევე, როგორც ოქროს ჯვრები ატარებენ მზიანი ღამისა და ოქროსთმიანი მზის, როგორც განახლების, სინათლის, ჯვარცმისა და აღდგომის სიმბოლიკას.

წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი