უკან დაბრუნება
განცხადებები
ჭინკები ცელქობენ - ვასხარსხალა ჭიჭკეფი იჭიკიას მიშამკათუანა
20-09-2018, 19:09
ნანახია: 772
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


სამი ადლის სიმაღლის ჭინკებს განსაკუთრებით დიდი, ბავშვური აღნაგობის პროპორციებიდან სრულიად ,,ამოვარდნილი’’ გენიტალიები აქვთ (,,..... უტყვიცანა’’ - ასე აღწერენ მათ მთქმელები), მატყლის მჩეჩავ ქალებს ( მონტყორიშ მაფეთალ დო მათუხელა ოსურეფს) ჯარგვლის ღიობებში შემოყოფილი თავიანთი ,,რამე - რუმეებიდან'' - მეკონ - მოკონეფშე, საონჯღოროეფშე ) წყალს შეუყენებენ (წყარს ქათუყარუანა) და შიშველი ფეხების ტყაპატყუპითა და სიცილ-კისკისით გაეცლებიან იქაურობას, სანამ ისინი წყალში ატივტივებული, გაყვითლებული მატყლის მოკრებას ცდილობენ და იწყევლებიან. ჭინკები ასე მხოლოდ ქალებს აწვალებენ, ცხვრის მკრეჭავ და მპარსავ კაცებს - ახლოსაც არ ეკარებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებაა ფალოსის კულტთან კავშირზე - ეს ჭინკას მესმურობასთან (შუმილიობა) ერთად ფალოსური კულტის ეპოქის რწმენა–წარმოდგენათა გადმონაშთია და ბევრ სხვა რამესთან ერთად ჭინკების მრავლობის საიდუმლოზეც მიგვანიშნებს.

ჭინკა – მეგრულად ჭიჭკე/ჭიკე ყველაზე უწყინარია მეგრულ მითოსში ცნობილ დემონურ სულთა შორის, დიდი- დიდი კენჭი გესროლოს, ზურგზე მოგახტეს ღამეულ გზაზე მიმავალს, დაგცინოს და გამოგაჯავროს, ცხენი გაგიჩხიბოს ან სულაც მატყლის საჩეჩად დამჯდარს წყალი შეგიყენოს – წყარ ქათოიყარუას, ხოლო, რა წყალია ეს, თავადაც მიხვდებით.

ჭიჭკე გარეგნულად მინიატურული ქაჯია, მრავალგზის დაპატარავებული ზღაპრული არსება, 2-3 ადლი სიმაღლისა ან 2–3 წლის ბავშვის ტანისა. და საერთოდ, ისე განსხვავდება ქაჯისგან ( ნათელუ, ოჩოკოჩი, გერმა კოჩი) როგორც პატარა ჯოჯო ან ხვლიკი დინოზავრისგან.

რამ დააპატარავა ასე ქაჯი, რომელიც ზარდამცემი სახით ცოცხლობს უძველეს გადმოცემებში? - შესაძლოა, აქ მოქმედებს იგივე ტენდენცია, რომელიც ძველი ღმერთების და კერპების ახლით ჩანაცვლების თანმხლებ იდეოლოგიურ ბრძოლას ახლავს – მათი დამცრობა და ნაცარტუტად ქცევა, როგორც თიხის ფეხების დამსხვრევა გოლიათისთვის (სხვათაშორის ამას უკავშირდება გამოთქმა ,,კუჩხის ქალვოტახა - ფეხებს დავამტვრევ’’) , შესაძლოა, ეს მიზეზი იყოს ადამიანის ამაღლება ზებუნებრივი ძალებისადმი შიშზე ან მეზღაპრეთა მიერ მსმენელის, განსაკუთრებით, ბავშვის დანდობა.

ჭინკების იერარქიაში თუ დროისმიერი სივრცის სხვადასხვა მონაკვეთში არის გარკვეული საფეხური, რომელზედაც სრულიად განსხვავებული, განბრძნობილი ჭინკები დგანან, ერთდროულად ქაჯური და ადამიანური ენის მფლობელნი, გრძნეულნი და გულთამხილავები (ამაზე საუბარი გვქონდა ბლოგში მესმინაეთა- ჭიჭკეფიშ ნარჩქილათა შესახებ), ამ უკანასკნელთ ,,ნათელუსთან'' გაცილებით მეტი აკავშირებთ, ვიდრე ძალადაკარგულ, დამცრობილ ჭინკებთან, რომელთაც მათგან სახელი შემორჩათ მხოლოდ.

შედარებით გვიანდელი გადმოცემით, ჭინკა ქაჯია, ოჩოკოჩი, ოღონდ ბავშვობაში, რაზეც მიგვანიშნებს მისი ბავშვური სიცელქე, მოუსვენრობა და საყმაწვილო თავშექცევა. შესაძლოა, ისიც, რომ ჭინკას ბავშვივით უთმოა და უწვერო, თუმცა, კი სხვა გარეგნული ნიშნებით ისევ მოგვაგონებს ქაჯს მრგვალი ნაფეხურებით, უკან მოქცეული ტერფებით (ნაჩამუკოკვარჩხილია).

რაც შეეხება ჭინკას ,,ინტელექტს’’, ძველი საიდუმლო ცოდნიდან და შესაძლებლობებიდან, მას ისღა შემორჩენია, რომ აქვს ტელეპათიის უნარი, რომლის წყალობით იცის თითქოს უცნობი ადამიანის სახელი, რასაც, მშვენივრად იყენებს, თუ ვიმმეს შეშინება ან გაპამპულება დასჭირდა, თავისუფლად ეტყვის, ვისაც გინდა, სად იყო, სად მიდის, რას დაეძებს, რა უდევს აბგაში და ა.შ.

თუ გარეგნულ მსგავსებას დავუბრუნდებით, ჭინკებს განსაკუთრებით დიდი, საერთო, ბავშვური აღნაგობის პროპორციებიდან სრულიად ,,ამოვარდნილი’’ გენიტალიები აქვთ ( ,,..... უტყვიცანა’’ - ასე აღწერენ მათ მთქმელები). დიდი გენიტალიები ჭიჭკეფს ქაჯებისგან, ძველთაგან აქვთ მიღებული მემკვიდრეობით (მუნეფიშ ჯვეშეფშე ათოძუნა - წინაპართაგან მოსდგამთ), ხოლო, თუ უფრო შორს წავალთ, ფალიკური ღმერთებისგან.

დასაწყისში წყლის შეყენება - წყარიშ ათოყარუა ვახსენეთ : ჭინკები მატყლის მჩეჩავ ქალებს ( მონტყორიშ მაფეთალ დო მათუხელა ოსურეფს) ჯარგვლის ღიობებში შემოყოფილი თავიანთი ,,რამე - რუმეებიდან'' - მეკონ - მოკონეფშე, საონჯღოროეფშე ) წყალს შეუყენებენ (წყარს ქათუყარუანა) და შიშველი ფეხების ტყაპატყუპითა და სიცილ-კისკისით გაეცლებიან იქაურობას, სანამ ისინი წყალში ატივტივებული, გაყვითლებული მატყლის მოკრებას ცდილობენ და იწყევლებიან. ჭინკები ასე მხოლოდ ქალებს აწვალებენ, ცხვრის მკრეჭავ და მპარსავ კაცებს - ახლოსაც არ ეკარებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებაა ფალოსის კულტთან კავშირზე - ეს ჭინკას მესმურობასთან (შუმილიობა) ერთად ფალოსური კულტის ეპოქის რწმენა–წარმოდგენათა გადმონაშთია და ბევრ სხვა რამესთან ერთად ჭინკების მრავლობის საიდუმლოზეც მიგვანიშნებს.

საინტერესოა, რომ სამეგრელოში არცთუ იშვიათად დღემდე უშლიან ბავშვს (განსაკუთრებით ბიჭუნას) ნაღვერდლის ჩხრეკას ღამით, დაძინების წინ - შეეშვი, თორემ ამაღამ ჩაიფსამო (ნორცხვას ვაუჩხიჩხუა, ვარა ქათიყარუანქია), ქვეშაფსია გახდებიო (ათმაყათ გინირთუქია). თუმცა ეს უკავშირდება არა იმდენად ენურეზს, რამდენადაც ახურებას და ცეცხლის ზეგავლენას ტემპერამენტზე. სხვათაშორის ათმაყა, ათმაყარებელი ჭიჭკეს ერთ-ერთი სახელია და ბიჭუნაზეც ვრცელდება, როგორც მინიშნება მათ სქესზე.

ტიტლიკანა ჭიჭკეს ძალიან უყვარს ზაფხული და თავისი ობაც აქვს - ჭიჭკეშ დოცუმა ( ჭინკების შემოსევა), თუ ამ დროს სოფელი ჭკვიანად არ იქნა, თუ რამე არ მოიმოქმედა, ჭინკები ერთიანად შეესევიან ბოსელს, მარანს, ჯარგვლებს, ორღობეებს, განსაკუთრებით ერჩიან თუ ეთამაშებიან ბავშვებს, გარეთ დარჩენილ საქონელს. ამიტომაა რომ სოფელი მათი დღესასწაულის ასალაგმად (ობაშ გიოშქირიტალო) – ჭიაკოკონობას, ჭეჭეთობას მართავს. ამ ღამეს ბავშვებს ყურსუკან, თმის ძირებთან სანთელს მიაწებებენ, ტერფებზე ნახშირით ჯვარს დაუხატავენ, ვაზის ნასხლავისგან, წალამიდან ( წილამურეფშე) კოცონებს დაანთებენ და ნიღბების წყალობით იქით აშინებენ ჭინკებს.

რატომ ანთებენ ჭიაკოკონას უპირატესად ვაზის ნასხლავისგან? ერთი ვერსიით, რაკი ვაზი მზის მცენარეა და მასში მზე არის ჩამდგარი, ჭინკა, რომელიც ღამის შვილია, გაურბის მზიან ცეცხლს.

სხვა ვერსიით, ჭინკას ვაზი და ღვინო უყვარს და თავს ვერ იკავებს, რომ ვაზის კოცონს არ მიუახლოვდეს, აქ კი იგი მის მისატყუებლად დანთებულ ცეცხლზე იწვის.

ჭინკას სულ მარნისკენ უჭირავს თვალი. ჭეჭეთობა ღამეს ბევრი ღვინო ისმება, ამიტომ მარნის პატრონი სულ ფხიზლად არის, რომ ქვევრს ღვინის ამოღების შემდეგ, რაც შეიძლება, მჭიდროდ დაახუროს ქვის მძიმე სარქველი (ქუაშ როგო), რომ ჭინკამ ვერ გადააგოროს, თორემ დილით... ნაკლული ქვევრი შეიძლება სავსე დახვდეს – ოღონდ ჭინკა მას, რა თქმა უნდა, ღვინით არ აავსებს - რამდენსაც დალევს - იმდენს ჩააფსამს. ამიტომ ტოვებს მარნის პატრონი, ქვევრის პირას ღვინით სავსე ჯამსა და დოქს (ორკოლ დო ატარს), რომ ჭინკა როგოს არ ეჯაჯგუროს და ქვევრს პირი არ დაუზიანოს (ლაგვანს გარგუნჯია ვეგლუცქაცქას), მით უმეტეს, ღვინოში არ ჩაუშარდოს.

არც ჭეჭეთობის, არც ნებისმიერ სხვა ღამეს მეგრელები ბავშვის ტანსაცმელს გარეთ, სარეცხ თოკზე არ დატოვებენ, რომ ჭინკამ არ გაჩხიბოს, ტანსაცმლის მეშვეობით ბავშვს სხეულში არ შეუძვრნენ (იჭიკიათ ვემშურთან) და მოსუვენრობა და სიცელქე არ გადასდონ. ამავე მიზეზით ღამით არც ბავშვის ნაბან წყალს გადაღვრიან, ხოლო, თუ მაინც მოხდა ისე, რომ რაღაც დარჩათ გარეთ, უსათუოდ ცეცხლზე გადაატარებენ, რომ ჭინკას ნახელავს (ჭიჭკეშ ხე) ძალა დაუკარგონ.

ჭინკა ბავშვებში განუწყვეტლივ ეძებს მაყალეს (ამყოლსა და ამალას), ამიტომ სულ ცდილობს სახლიდან გაიტყუოს იგი, თუ ეს მოახერხა, მთელი ღამე თამაშით გადაღლილ ბავშვს – ქანცგაწყვეტილს (გოლახირს) პოულობენ დილით და აუცილებლად უნდა გამოულოცონ.

თუმცა ჭინკები მარტოც მშვენივრად ერთობიან თავისთვის, ან მგზავრს ჩაუსაფრდებიან და სიცილ–კისკისით მოახტებიან ზურგზე მხედარს ან მის ცხენს ჩამოეკიდებიან ფაფარზე და ძუაზე და დააფრთხობენ, თუ უმხედრო ცხენი ნახეს სადმე, ძუასა და ფაფარს ისე ჩაუგრეხენ, ისე დაუბურთავენ, დაუკორკოშელებენ ( ჭიჭკეფიშ კარკაზელი, ჭიჭკეფიშ ნაბუთუ, ჭიჭკეფიშ კარკატელი) რომ თვინიერ მაკრატლისა აღარაფერი შველის, უბელო ცხენს ყელთან გამოუნასკვავენ ფაფარს, შიგ ფეხებს გაყოფენ და მთელი ღამე დააჭენებენ მინდვრებში.

წისქვილი ხომ მუდმივად ჭინკების ალყაშია - ეს სამჭედლოს გარდა, ერთადერთი ადგილია სოფელში, სადაც ღამითაც ფხიზლობს ადამიანი, რომელსაც ოინი შეიძლება უყო (მიშათ მუთუნ ქათქაქიმინენი) - სამჭედლოში მოგიზგიზე ცეცხლი აშინებთ, წისქვილის ჭრაქის სუსტი ნათება - ვერა, თან მჭედელი შავია და პირქუში, მეწისქვილე - დამნდობი მეზღაპრე, ამიტომ სულ მეწისქვილეს აწვალებენ, წყლის ბორბალს შეესევიან, ხან წყლის ღარს გადაურაბავენ, და მეწისქვილეს მისი სახელის განუწყვეტელი ძახილით გარეთ გამოიყვანენ ხოლმე, რომ მერე მის შიშზე და ბუზღუნზე იცინონ, სანამ მუგუზლებით არ შემოიფერთხავს ( ნაკვაჩხირით ქიგირაყანს).

და კიდევ, ბავშვზე, რომელსაც სიცელქე დარევს ხელს, იტყვიან იჭიკიაქ ქუმშურთ, იჭიკიაქ ქუმაკათ. იჭიკია მხოლოდ ჭიკე, ჭიჭკეს კი არ ნიშნავს, არამედ თითისტარის (ჩერიას) ფეხსაც, რომელიც თავისი ენერგიული ბზრიალ–ტრიალით ჭიჭკეს თვისებისაა, და, თუ მრთველი დახელოვნებული არ არის, თითისტარი ისე აწვალებს, როგორც ჭინკას თვისების, ცელქი ბავშვი უბურდავს ძაფს დედას.

ქუგომცუ ჭიჭიკეფქ – ჭინკები შემომესიაო, იტყვიან წვრილშვილის მშობლები, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჭიჭკეფიშ გორაყუას – ჭინკების განფრთხობას კი არა, მათ შემოსევას გისურვებთ.

წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი