უკან დაბრუნება
განცხადებები
იები აიეტისა და მედეას სამოსზე
20-09-2018, 19:07
ნანახია: 680
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


ანტიკური ხანის ლარნაკებისა და ამფორების მოხატულობაში ძველი ბერძნები ერთი ფერის – თეთრი ტოგებით და მოუჩითავი ტუნიკებით არიან შემოსილნი, აიეტსა და მედეას კი ლურჯი იებით მოხატული ან იისფერი სამოსი აცვიათ., თუ მეგრულად ვიტყვით, კაბა და კაბაშური. როგორც ჩანს, იისფერი აია–კოლხეთის სიმბოლო იყო, რადგან ჰეროდოტეც ახსენებს, რომ კოლხური სელის ქსოვილი ძირითადად ცისფერი და იისფერი იყო.

როგორ იკერებოდა და რა ფერისა იყო კოლხეთის მეფეთა შესამოსელი. არის თუ არა ისეთი რამ, რაც განასხვავებდა, მაგალითად, აიეტისა და მედეას სამოსს ძველი ბერძნების ტოგებისა და ტუნიკებისგან? პასუხს ამ კითხვაზე ნაწილობრივ იპოვით ძველ საისტორიო წყაროებში, თუნდაც აპოლონიოს როდოსელის ,,არგონავტიკაში“, ჰეროდოტეს და სტრაბონის ისტორიებში, მაგრამ ყველაზე მკაფიო ვიზუალურ დადასტურებას იმისა, რომ ეს განსხვავება არსებობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანიც, წარმოადგენს ანტიკური ხანის ლარნაკებისა და ამფორების მოხატულობა.

რამდენიმე ათეული წლის წინათ მეცნიერებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ამფორებისა და ლარნაკების მოხატულობათა ილუსტრაციების კატალოგის შედგენისას ძალიან საინტერესო რამ შენიშნეს: ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–5 საუკუნით დათარიღებულ ლარნაკზე, რომელზედაც მითოსური პერსონაჟების მრავალფიგურიანი კომპოზიციაა გამოსახული, აიეტსა და მედეას ლურჯი იებით მოხატული სამოსი ეცვათ, თუ მეგრულად ვიტყვით, კაბა და კაბაშური, მასინ როდესაც ძველბერძნული წარმოშობის პერსონაჟები ამ ( და არა მხოლოდ ამ) ლარნაკზე ერთი ფერის – თეთრი ტოგებით და მოუჩითავი ტუნიკებით იყვნენ შემოსილი

იყო მეორე განსხვავებაც – ძველბერძენთა სამოსი უფრო ნაოჭასხმული ან დანაკეცებული იყო და თავისუფლად სრიალებდა სხეულზე, აიეტი და მედეა კი შემოსილი იყვნენ შემოკვალთული სამოსით, რომელსაც აშკარად მეტად ეტყობოდა გარკვეული თარგით ქსოვის ტექნოლოგიის კვალი.

მაგრამ დღეს ჩვენ თერძის, მქსოველის ხელოვნებაზე მეტად ქსოვილის ღებვის ტრადიციები და კოლხური სელის, აბრეშუმის, ბამბის ქსოვილის სახოვანება – თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბატიკის ხელოვნების საწყის–ჩანასახი გვაინტერესებს.

ძველ ბერძენთა სამოსლის ფერადოვნება მიიღწეოდა არა ქსოვილის ღებვითა და მოხატვით, არამედ მასზე ამოქარგული ოქრომკედის ორნამენტებით, ზედ დაკერებული თვლებით და უპირატესად ფერადი ლითონების, განსაკუთრებით ოქროს ფირფიტებით.

კოლხებს კი, როგორც ჩანს, იმ დროისათვის უკვე ჰქონდათ საბეჭდურების გამოყენების ტრადიცია, რაც მათ საშუალებას აძლევდა მრავალფრად მოეჩითათ ქსოვილი. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ კოლხეთიდან ძველბერძნებს გაჰქონდათ არა მხოლოდ სელის ნედლეული, სელის ნართი, არამედ ქსოვილებიც, რასაც ბერძნული წყაროები ადასტურებენ.

ჩვენ ვახსენეთ აიეტისა და მედეას იებით მოხატული სამოსელი. როგორც ჩანს, იისფერი აია–კოლხეთის სიმბოლო იყო, რადგან ჰეროდოტეც ახსენებს, რომ კოლხური სელის ქსოვილი ძირითადად ცისფერი და იისფერი იყო.

სხვათაშორის, კირკეს კუნძულის ბინადარ ქალთა, ამორძალთა,სამოსელიც იისფერი იყო. ეს ლიტერატურაში.მაგრამ იისფერი სჭარბობს სელისა და აბრეშუმის ბოჭკოებში, რომელთაც არქეოლოგები ძველ სამარხებში პოულობენ.

რატომ იისფერი? საიდან მოდის მისი სიჭარბე აია კოლხეთში და რატომ მოდის უნისონში ძველი კოლხების გემოვნება და ფერთა სიმბოლიკა მსოფლიოს თანამედროვე ( და არამხოლოდ) ელიტარული სამოსის ფერთა დიზაინში?

„იისფერი ყოველთვის წარმოადგენდა ხელისუფლების ფერს, იისფერი წარმოადგენს ელიტას, მისტიურ ძალაუფლებას. ათწლეულებია, იისფერი იაპონიის იმპერატორის ფერია. ასევე იისფერი აცვიათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც, რაც გვიჩვენებს გარკვეულ აღმატებულებას“- აცხადებს ფერების დიზაინერი ჯან გაბრიელ კოსი ჰილარი კლინტონის ჩაცმულობის შეფასებისას.

მაგრამ დავუბრუნდეთ კოლხურ სამყაროს და კოლხურ სელს. სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე ძველი სელის ბოჭკო 3 ათასი წლისაა და ისიც ჩვენში, ძუძუანის გამოქვაბულშია ნაპოვნი. კავკასიაში უძველესი აბრეშუმის ბოჭკო კი ნოქალაქევისა და ვანის ნაქალაქარის სამაროვნებში. ვანში ორივე ამ ქსოვილის ბოჭკო სარკოფაგის ლურსმანს გამოსდებია, როგორც ჩანს, მასში ქალი ესვენა.

ხომ გულის ამაჩუყებელი ფაქტია, მაგრამ ალბათ ის უფრო მტკივნეულად ეხება გულს, რომ ჩვენს მიერ ხსენებულ ლარნაკზე გამოხატულ მედეას, რომელიც ხმალს უღერებს შვილებს, ისევ კოლხური სამოსი აცვია. რა არის ეს, მხატვრის მისწრაფება მის წარმომავლობას გაუსვას ხაზი თუ მედეას მისწრაფება წლების შემდეგაც ატაროს სამოსი, რომელიც მშობლიურ კოლხეთს ახსენებს.

სახლიდან მამის წყევლის გარდა მას სხვა მზითევი არ გაჰყოლია (ოქროს საწმისი ნამდვილად არ იყო მზითევი), მაგრამ თუ მედეა წლების შემდეგაც კოლხური ქსოვილისგან იკერავდა კაბას, ძნელი მისახვედრი არ არის, რა ტანჯავდა მას...

როგორ არ გაგვახსენდეს აქ ( მით უფრო, რომ ამ კონსერვატიულ ბლოგში ამერიკასაც გადავწვდით) ერთი თანამედროვე სიმღერა ,,ვიხსენებ მე, იისფერ ნისლებს...“
წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი