უკან დაბრუნება
განცხადებები
მოჭყუდია - თოჯინა, რომელიც სათამაშოზე მეტია...
20-09-2018, 19:02
ნანახია: 846
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


დღევანდელი ბლოგი გვინდა დავიწყოთ ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟის ცნობილი კითხვით ფილმიდან ,,თოჯინები იცინიან'' – რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? და რადგანაც სადაც სიცილია, იქ ტირილიცაა, სადაც სიხარულია – იქ ტკივილიც, თავს ნებას მივცემ შეგახსენოთ სოხუმის დაცემის დღეებში გადაღებული დოკუმენტური კადრები - პორტში მდგარ გადაჭედილ გემზე ათასობით ადამიანის ასვლის ამაო მცდელობა და ამ რია–რიაში გაფართოებული თვალებით მდგარი გოგონა, რომელსაც მთელი ძალით ყავს ჩახუტებული თავისი თოჯინა, რომელიც სათამაშოზე მეტია... ღმერთმა გაშოროთ ტკივილი და განშორება მასთან, რაც გიყვართ.

ბლოგი ეძღვნება სათამაშოს, რომელიც ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და უკავშირდება ყველაზე ძვირფასს - ბავშვობას და მშობლიური სახლის განცდას, ჩვენს ბავშვურ ფიქრებსა და ოცნებებს, რომელთაც, შესაძლოა, ეწერათ ან არ ეწერათ ახდენა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე გვდევენ და გარდასულზე სევდით გვავსებენ. ამ რიგში შედის ,,ოღურინაია'' ( თხილის ღმუილა), ,,გუნგაშ კარაია'' (სიმინდის ნაგულის კარავი), ,,თახვანტკია" (დუდგულის თოფი) , ,,ფარფალია'' ( ფლუგერი), მაგრამ ამჯერად ბიჭებთან ბოდიში - დღეს გოგონებზე და მათ თოჯინებზე ვილაპარაკოთ.

უფროსი თაობის ქალბატონებს ალბათ გქონიათ თბილისის ფაბრიკაში დამზადებული პლასტმასის თოჯინები, რომელთაც ხიბლს სწორედ მასიური წარმოება უკარგავდა, მაგრამ ახლა, მოგონებებში ეს სერიული ნაწარმიც კი სხვაგვარად ღივის, რადგან გარდასულ ბავშვობას უკავშირდება და დედ–მამის, და–ძმების, და საერთოდ მჩუქებლის ხელი და გული მატებდა სითბოს. რაც შეეხება გენეტიკურ მეხსიერებას( განურჩევლად ასაკისა), მასაც შემორჩა დღემდე სათამაშოები, რომელიც, შესაძლოა, არ გვქონია, მაგრამ მაინც გვქონდა, რადგან, საკმარისია თვალი შეავლო მუზეუმში თუ ძველ ნახატებში, რომ რაღაც გამოუთქმელს და ძალიან მშობლიურის განცდას აღვიძებს.

სამეგრელოში, ისევე როგორც ყველგან, გოგონებს ბავშვობიდან ასწავლიდნენ ხელსაქმეს და რომ წაეხალისებინათ, ამას იწყებდნენ დედოფალას, იგივე მოჭყუდიას კერვით.

მოჭყუდიას კერავდნენ ნაკუწებისგან, დედის კაბას მორჩენილი ნაჭრებისგან, რომელსაც ბამბით ან ბზის ფოთლებით ამოავსებდნენ. ზოგჯერ გადაჯვარედინებულ ჯოხებს ან ჩალის ღეროებს გაასქელებდნენ ჭინჭებით. ხშირად დედოფალას აკეთებდნენ სიმინდის ნაგულისგან – გუნგებისგან ან სულაც განუკაკლავი ტაროსგან, ხოლო შემოდგომაზე, ზამთრისპირს, როცა სიმინდი აჩალული იყო - ჩალის ღერებისგან. თოჯინას უსათუოდ მოუხატავდნენ სახეს, ან ნახშირით მიახატავდნენ ან შავი და წითელი ძაფებით ამოუქარგავდნენ თვალწარბსა და ტუჩებს, შემდეგ ჩაგრეხილი ძაფებისგან ან სიმინდის წვერისგან (ფიმულისგან) გაუკეთებდნენ თმებს და შეუდგებოდნენ მისთვის სხვადასხვა სამოსელის გამოკერვას (გიშაჭალას) ძველი სა,ოსოს ნახევებისგან ან ან ახალ კაბას მორჩენილი ნაკუწებისგან. თოჯინებს, საუკეთესო შემთხვევაში, კაბებს ნაშალი ძაფებისგან უქსოვდნენ და ბავშვიც დედის კვალდაკვალ იწაფებოდა კერვაში, ქსოვასა და ქარგვაში.

ამას ქალები აუდიოდნენ, მაგრამ არც მამები და ძმები რჩებოდნენ განზე – მათი ჩარევა აუცილებელიც კი იყო, როცა გოგონას არჩევანი იყო ხისგან გამოთლილი თოჯინა – კენჯა, რაც კონია ჯაშე, მაგარი ხისგან გამოთლილს ნიშნავდა (თოჯაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა ვარიანტი თლილი ხისა – თოლირ ჯაში). დედოფალას უმზადებდნენ სახლს, წვრილი წკნელის ან ჩალის ღერებისგან მოწნულს (ჭაშ ვარა ჭიფე ჭინიშ მოღობილს), დგამს - პირველ რიგში, საწოლს, აკვანს, ასევე ჭურჭელს - კილანებისგან ანუ საოჯახო ჭურჭლის ნატეხებისგან.

ზაფხულში დედოფალას აბრეშუმისა და საზაფხულო თხელი ნაჭრის სამოსს უკერავდნენ, ზამთარში თხისურს – თხის ტყავისგან გამოჭრილ პატარა ტყაპუჭს, არგებდნენ ჩაფლას (ფეხსაცმელს), თივის ან შალის (თიფ დო ჩოხაშ) წინდას, ან სულაც ბებიას შალის გადანახევში გაახვევდნენ, რომ ზამთრის სუსხში გაეთბო გოგონა, რომელიც, როგორც წესი, საწოლში იწვენდა მას, რასაც, ერთის მხრივ, თავისი დედობრივი საწყისი სთხოვდა, მეორე მხრივ, ბავშვური ფიქრებისა და ოცნებების გამზიარებლის ყოლის სურვილი...

მაგრამ თოჯინას სამეგრელოს ყოფაში სხვა დანიშნულებაც ჰქონდა – რიტუალური და მაგიური – იგი სახალხო დღესასწაულებისა და მაგიური რიტუალების უცილობელი მონაწილე იყო.

დღესასწაულებისთვი ამზადებდნენ მოძრავ დედოფალებს, რომელნიც მოძრაობაში მოჰყავდათ წელზე, კისერზე, კიდურებზე გამობმული ძაფებით – ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა დღეს ჩვენთვის ასე კარგად ცნობილი მარიონეტი.
სხვათა შორის, ასეთი დედოფალა კავკასიის მუზეუმის დაკვეთით 1908 წელს თედო სახოკიას ჩაუტანია სამეგრელოდან თბილისში.

მოძრავი დედოფალა ზოგჯერ ბავშვის სათამაშოს გაბარიტებისა იყო, ზოგჯერ მოზრდილი ბავშვის სიმაღლისაც, რომ მისი დანახვა შორიდანაც ყოფილიყო შესაძლებელი სადღესასწაულოდ შეყრილი მილეთი ( მიარე) ხალხისთვის. ასეთ თოჯინებს უპირატესად ამზადებდნენ ყეენობისთვის, კიანობისთვის, რომელიც ყველიერში, დიდმარხვის პირველ ორშაბათს იმართებოდა. თოჯინა მნიშვნელოვანი პერსონაჟი იყო ძივავობის, წვიმის გამოხმობის რიტუალში - მეგრულ ლაზარობაში. ძივავა გონჯას მეგრული ანალოგია იყო, ადამიანის სიმაღლის თოჯინა – გადაჯვარედინებულ ჯოხებზე ჩამოცმული კაბით, რომელსაც ქალები და ბავშვები ,,წაიყვანდნენ’’ მდინარეზე და ყიჟინით გადაუძახებდნენ წყალში.

სამეგრელოს ყველა კუთხეს ჰყავდა მოძრავი თოჯინების ოსტატები, რომელნიც ამავე დროს დაოსტატებულნი იყვნენ მათ მართვაშიც. მეთოჯინეები დღესასწაულზე ირგებდნენ სხვადასხვა ნიღბებს და თოჯინებსაც იმგვარად ათამაშებდნენ, რომ ეს მოძრაობები, მოძრაობით გამოხატული გრძნობები ამ ნიღბების, მხიარულის თუ ცრემლიანის, შესაბამისი ყოფილიყო. ამიტომ ხედავენ ეთნოგრაფები და თეატრის მეისტორიენი მოძრავ დედოფალებსა და ნიღბებში ხალხური თეატრის ნიშნებს და უფრო მეტიც, თეატრალური ხელოვნების უძველესი ისტორიის დასტურსაც კი.

რაც შეეხება თოჯინების კიდევ ერთ დანიშნულებას, მათ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მაგიურ წეს–ჩვეულებებშიც, მაგალითად, თუ ავი თვალისგან ვნებულ ადამიანს შელოცვა ვერ უშველიდა, შემლოცველი მისი სამოსისგან შეკერავდა თოჯინას, გათვალულთან ერთად განმარტოვდებოდა ტყეში, მიწაში ჩაფლავდა დედოფალას და მავნეს გასაგონად იტყოდა: იზმა სი ვეგეირინდას კუჩხიშა დო ვეგლაირთუმდას, მუზმა თე კენჯას ვეგლართას დო ვენადგას შურქია, შემდეგ კი გათვალულს ზურგზე გადაუსვამდა ხელს – ალობა მერჩამდასია – თავისუფლება მოგცემოდესო.

თოჯინებს სიხარული მოჰქონდათ დიდ–პატარასთან და ზოგჯერ მათი ჭირიც მიჰქონდათ, უხმოდ ეწირებოდნენ მათ კეთილდღეობას შემლოცველის ხელით, თოჯინები ანაცვლებდნენ ბავშვებს, როცა ძველი მრისხანე კერპები მსხვერპლშეწირვას ითხოვდნენ.
თოჯინები სულ უღიმოდნენ და უხმოდ პატიობდნენ ბავშვებს უდიერად მოპყრობასაც - უსაყვედუროდ, ჩუმად, ღიმილით კვდებოდნენ სანაგვეზე თუ წყალში გადაძახებულები ( დედის ამოქარგული ღიმილი არ კვდება), რომ წლების შემდეგ მტკივნეულ მოგონებებად დაბრუნებოდნენ თავიანთ გაზრდილ, ბავშვობას მონატრებულ პატრონებს.

დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ: პატარა სოხუმელი გოგონას მიერ ჩახუტებული თოჯინით, რომელიც სათამაშოზე მეტია... ღმერთმა გაშოროთ ტკივილი და განშორება მასთან, რაც გიყვართ.

წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი