უკან დაბრუნება
განცხადებები
ქუაქანცალია და მსოფლიოს მისტიური, მომღერალი და მოძრავი ლოდები
20-09-2018, 19:00
ნანახია: 829
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


შეუცნობელი მუდამ ბადებს მისტიურ შიშს და ეს მისი მითოლოგიზების საფუძველი ხდება. ამიტომაც არის ქუაქანცალია ლეგენდებით გარემოცული. გასული საუკუნის სამოციან წლებში ეთნოგრაფსა და ფოლკლორისტს ალიო ქობალიას ლაკადაში, ბექი ქობალიასგან ჩაუწერია ლეგენდა, რომლის თანახმად, ქუაქანცალია გველების ხვითოა, გველებს მზის შვილი დაუკბენიათ და მზეს შური იმით უძიებია, რომ მათი სათამაშო პატიოსანი თვალი დაუწვავს და უბრალო ქვად გადაუქცევია . არის რაღაც კავშირი ამ ვარიანტსა და დრუიდების რწმენას შორის, რომ მოძრავი და მოლაპარაკე, მომღერალი ქვა მზისა და გველის ქვა არის, ამას ამბობს ორფევსი თუ ფსევდო ორფევსი თავის პოემაში ,,ქვები’’ და ორფევსიც ხომ პელაზგური კულტურის, პელაზგური მსოფლმხედველობის ნაწილია.

მოძრავი კლდეები და ლოდები იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. პირველი, რაც ამ სიტყვებზე გახსენდება, არის სცილა და ქარიბდა ბერძნული მითოლოგიიდან, ანუ აკმანთხაფუ კირდეფი კოლხეთის მისადგომებთან და, რა თქმა უნდა, ქუაქანცალია/ქუაცანცალია, რომელიც აგერ, ყვირას მთაზე გვაქვს, ლაკადაში.
.
ქუაქანცალია არის უზარმაზარი მონოლითი, რომელიც ფაქტობრივად ჰაერშია გამოკიდებული და ეყრდნობა, როგორც მეგრელები ვიტყვით, ხულიშ ძიკვიჯგუა – კეჟერა ფხალის ფეხის ტოლა ქვას, სხვა ეპითეტით, ყავარაზენს, რაც თავის მხრივ არის პატარა ღერძულა, მილაკი, რომელზედაც დამაგრებულია დოლაბები წყლის წისქვილში.

ქუაქანცალიას ყოველი წახნაგის სიგანე მეტრნახევარია. ლოდი მოძრაობაში მოდის – იზაკუ თითის ოდნავი შეხებით, მისი რწევის ამპლიტუდა რამდენიმე სანტიმეტრია და შესაბამისად, თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. ამ მოვლენის ფიზიკური ბუნება დღეს, თითქოს, იოლი ასახსნელია – ლოდის სიმძიმის ცენტრი მოდის ქვედა ფუძის ცენტრზე და ამიტომ მისთვის ფეხის გამოშლა უბრალო რყევას არ ძალუძს.

გეოლოგები თვლიან, რომ ქუაქანცალია კლდის გამოქარვის შედეგია, გამოქარვა ძირითადად მიწასთან ახლოს ხდება და ამიტომაც ლოდს ქანები უპირატესად ქვედა ნაწილში ემსხვრევა, მაგრამ ფიზიკა და გეოლოგია სხვაა, ადამიანის შეგრძნებები, მით უფრო მისტიურად განწყობილი წარმართისა – სხვა.

ქუაქანცალიას ხილვა და შეხება, თუნდაც მეასედ იყოს ეს, ბადებს როგორც გაცნობიერებულ, ისე ქვეცნობიერ კრძალვას და შიშს, რომელიც სხვაზე უწინარეს, რაღაც არაჩვეულებრივთან, ამოუხსნელთან შეხვედრას ახლავს: როგორ ინარჩუნებს ფაქტობრივად ჰაერში გამოკიდებული ამხელა ლოდი წონასწორობას, ვინ ან რამ გამოთალა მისი კუბური ფორმა, როგორ არ ავნო ქარიშხლებმა და მიწისძვრებმა, რომელნიც არათუ უსაყრდენო ლოდს, მყარად მდგარ კლდეებსაც აპირქვავებს უფსკრულში, ვინ და სად არის გარანტი, რომ იგი სწორედ თქვენი თითის შეხებისას არ გადაგორდება საყრდენიდან?

ზოგი ვერსიით ეს არამხუტუს, ამირანის შურდულით გასროლილი ქვაა ან მისი სათამაშო მზის ბურთი, ზოგი ვერსიით, გოლიათების ორთაბრძოლისას დალეწილი კლდის ნამსხვრევი ან ცალთვალა დევის ნასროლი ქვა, ეს უკანასკნელი იახსარისა და კოპალას ციკლის ლეგენდებშიც გვაქვს.

სამოციან წლებში ეთნოგრაფსა და ფოკლორისტს ალიო ქობალიას ლაკადაში, ბექი ქობალიასგან ჩაუწერია ლეგენდა, რომლის თანახმად, ქუაქანცალია გველების ხვითოა, გველებს მზის შვილი დაუკბენიათ და მზეს შური იმით უძიებია, რომ მათი სათამაშო პატიოსანი თვალი დაუწვავს და უბრალო ქვად გადაუქცევია ( ,,იმსიდიდე ყოფილან, იმსიდიდე, რომ გვერეფი კი არა, გვერშეფი ყოფილან და ხვითოც უზარმაზარი ქონიათ’’) – არის რაღაც კავშირი ამ ვარიანტსა და დრუიდების რწმენას შორის, რომ მოძრავი და მოლაპარაკე, მომღერალი ქვა მზისა და გველის ქვა არის. ამას ამბობს ორფევსი თუ ფსევდო ორფევსი თავის პოემაში ,,ქვები’’ და ორფევსიც ხომ პელაზგური კულტურის, პელაზგური მსოფლმხედველობის ნაწილია.

რაც შეეხება ქუაქანცალიას - როგორც არამხუტუს ბურთის ვერსიას, ამ ლეგენდასაც არაერთი ანალოგი აქვს მსოფლიო ხალხებში, პირველ რიგში ეს არის არგენტინელი ინდიელების ლეგენდა დავასკოს ქვაზე.

დავასკო, ისევე როგორც არამხუტუ/ამირანი მზის შვილია, ხოლო მასთან მებრძოლი ცალთვალა დევი ციკლოპია, კიკლოპი, რომელსაც უკავშირდება კიკლოპური ლოდები და ნაგებობები. ლეგენდის თანახმად, პირველი ადამიანები ამ ადგილას დავასკოს მოუყვანია, მას უსწავლებია მიწათმოქმედება და მეჯოგეობა, ხოლო როცა ცად ამაღლებულა, დაუბარებია, რომ ოდესმე უსათუოდ დაბრუნდებოდა მათთან, ამასთან დაუტოვებია მოძრავი ლოდი, რომ ხალხს მუდამ ხსომებოდა მისი სახელი. ასე იდო ეს ლოდი საუკუნეების მანძილზე უფსკრულის პირას, ცაში გამოკიდებული და როცა დილის ნიავი დაუბერავდა და მზის სხივი დაადგებოდა, ირხეოდა და ზეციურ ხმებს გამოსცემდა. არგენტინელი ინდიელები მას წმინდა ქვად მიიჩნევდნენ და ისე არ წავიდოდნენ ომში, რომ მისგან არ გამოეთხოვათ გამარჯვება.

ზემოთ მოძრავ ლოდებთან, მათ შორის ქუაქანცალიასთან დაკავშირებული მისტიური შიში ვახსენეთ, ამ შიშის საფუძველია კაკუნის, რაკუნის რიტმული ხმები, რომელთაც ქუაქანცალია შერხევისას გამოსცემს, მათ მილევადი ხასიათი აქვთ და ქვის გაჩერებისთანავე წყდება. მით უფრო, შიშის აღმძვრელია საძირკველსა და მას გადაცდენილ ზედა ნაწილს შორის არსებულ ეხისმაგვარ ღრუში მოძრავი ჰაერისა და მთის კალთაზე მქროლი ქარების ხმები. მისტიურად განწყობილი ადამიანის სმენა ამ ხმებს აღიქვამს როგორც მიღმიერს, ირეალურს და, შესაძლოა, გარკვეული რიტმული მელოდიის ფრაგმენტი ან სულაც შიშინა ბგერებისგან შემდგარი ,,დაქარაგმებული’’ სიტყვაც გაარჩიოს მასში. აქედან მოდის ლეგენდა ქუაქანცალიაზე, როგორც მოლაპარაკე ქვაზე, რომელიც თუთაშების, განდობილების წინასწარმეტყველების ერთერთი წყარო იყო.

ერთ–ერთი ასეთი ლოდი, ე.წ. მონას ქვა ირლანდიაშია, იორკშირში და, ლეგენდების თანახმად, წინასწარმეტყველების, ადამიანებისთვის ღვთაებრივი ნიშნის მიმცემი ფუნქცია აქვს. კელტები მას მოლაპარაკე ქვას უწოდებდნენ და მასთან მიდიოდნენ დასტურისთვის, როცა მეფეს, წინამძღოლს ირჩევდნენ.

საგულისხმოა, რომ ამგვარ მომღერალ, მოლაპარაკე ქვებს, რომელთაც ამ უნარის გამო ,,ჭეშმარიტების ქვებსაც'' უწოდებდნენ, თავიანთ რიტუალებში ხშირად იყენებდნენ დრუიდები და ეგვიპტელი ქურუმები, ხოლო ჭარაელები ,,პატაოს'' ეძახდნენ – თაყვანისცემის, პატივისცემის ობიექტებს.

სრულიად განსაკუთრებული რამ არის ფეხადგმული ქვა ანუ ქვა, რომელიც გარებიძგის გარეშე გადაადგილდება და გარკვეულ მანძილსაც გადის.

უელსში ამბობენ, რომ წელიწადში ერთხელ ( დრო დააახლოებით ერმთხვევა ჩვენებური ჭეჭეთობის, ჭიაკოკონობის ღამეს) საიდანღაც მოდის და ზღვის ნაპირს ადგება მეფე არტურის 12 ტონიანი ქვა, რომ მლაშე წყალი დალიოს.

ესტრეივის ტბაში თვალნათლივ ჩანს, როგორ მოძრაობენ სხვადასხვა ზომის ქვები ფსკერზე, რასაც ქვედა დინებით ვერ ახსნი, რადგან იგი ისე ძლიერი არ არის, რომ ამხელა ლოდების გადაადგილება შეძლოს. ამიტომ მეცნიერება აღიარებს, მაგრამ ვერ ხსნის სტრეისვის ქვათა გადაადგილების საიდუმლოს.

ამგვარ მოვლენას აღწერს პლუტარქეც , როცა ყვება მდინარე ევროტის, თანამედროვე ირას ქვებზე, რომელნიც თითქოს პერიოდულად ამოდიან ფსკერიდან ზედაპირზე და მოსახლეობა აჩქარებს მათ ამოსვლას ლიტავრისა და საყვირების ხმებით.

პლინიუსი ფეხადგმული ქვების არსებობის დასტურად ყვება ლოდზე, რომელიც არგონავტებმა სიზიკუმში დატოვეს - სიზიკუმის მცხოვრებლებს ეს ქვა რამდენჯერმე გაუტანიათ ქალაქიდან შორს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე თითქოს საიმედოდ დაუმაგრებიათ, იგი ისევ ძველ ადგილს დაბრუნებია.სიზიკუმის მოძრავ ქვასთან კონტექსტში იგი ახსენებს აგრეთვე ქვებს, რომელთა გადაადგილება ფიქრითაც შეიძლება, რაც კინეტიკის კანონებში ჯდება.

ლეგენდების თანახმად, მოძრავი ქვები საზოგადოდ არ ემორჩილებიან უწმინდურსა თუ არასასურველ ხელს.
ერთ–ერთი კელტური ლეგენდის თანახმად, როცა მეფე ჰენრიხ მეორემ ირლანდია დაიპყრო, მისმა სარდალმა, გრაფმა ჰუგომ გადაწყვიტა პირადად დარწმუნებულიყო იმ ამბის ჭეშმარიტებაში, რომ მონას დამოუკიდებლად გადააადგილება შეეძლო. მისი ბრძანებით, ამ ქვას ჩააბეს 30 წყვილი ხარი და ზღვაში გადააგორეს, მაგრამ დილით იგი ისევ თავის ადგილზე იხილეს.

ეს ყველაფერი შორეულად მოგვაგონებს დედამოკასაც, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ერთი ნაპირიდან მეორეზეა გადაადგილებული და ისიც უწმინდურ ხელს გაურბის. რაც შეეხება ქუაქანცალიას, იგი ბავშვის თითსაც ემორჩილება და რხევას იწყებს, ბავშვი კი უმანკოა.

სხვათა შორის, პელაზგები თვლიდნენ, რომ ქვის გადაგორება მისი ნების საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება, რადგან, ამით აჭრი ფესვს და იგი ზრდას წყვეტს. (აქ მაგონდება ახლობლის ბავშვი, რომელმაც, რიკოთის მისადგომებს მოჯარული მთებით აღტაცებულმა, დაგვისვა ბავშვურად რთული კითხვა, ქვა რომ დათესო, მთასავით გაიზრდება?)

არავინ იცის, ვინ დათესა, საიდან მოვიდა ქუაქანცალია ყვირას მთაზე ან როგორ ამოიზარდა ამ ქანებში და, რაკი ანალოგიებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები ვერ პოულობენ ახსნას, რატომ ხდება, რომ ხშირად ასეთი ქვები მასალის თვალსაზრისით სრულიად განსხვავდება იმ კლდეების ქანებისაგან, რომელზედაც ისინი დგანან. ასე მაგალითად, ისინი ხედავენ მსგავსებას ინკების ცივილიზაციის ნაშთებსა და იტალია-საბერძნეთში პელაზგების დანატოვარ ციკლოპურ ნაშალს შორის მასალის თვალსაზრისით და ამ კავშირს ხსნიან იმით, რომ ეს ლოდები იმ ნაგებობათა ნაშთებია, რომელნიც ატლანტიდიდან, ატლანტიდის მატერიკიდან მოტანილი მასალით იგებოდა, თუმცა ლეგენდა აქ თავისი ფეხით მოსულ ქვებზეც ლაპარაკობს.

და ბოლოს, მოძრავ ლოდებს, ბუნების ამ გასაოცარ ქმნილებებს, ჩვენგან განსხვავებით, შეუდარებლად დიდ ყურადღებას აქცევენ ყველა კონტინენტზე, ამის მაგალითია ხსენებული დავასკოს ქვა, რომელიც არგენტინის პატარა პროვინციულ ქალაქ თანდიდაშია, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
გასული საუკუნის დასაწყისში ლოდი უფსკრულში გადავარდა, რაც გამოიწვია მძლავრმა აფეთქებებმა ამავე მთის მაღაროებში. ერთი საუკუნის შემდეგ თანდიდელებმა იგი აღადგინეს, როგორც თავიანთი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მაგრამ იზულებული გახდნენ მისი ასლი დაემზადებინათ ხელოვნური მასალისგან, პლასტიკატისგან, რადგან ძველი ზომის ქვის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამასთან, დაამაგრეს არა უფსკრულის პირას, უფსკრულზე გადაკიდებულად, არამედ ოდნავ მოშორებით. ეს ნამდვილი დავასკოს შორეული ლანდია მხოლოდ, მაგრამ მისი წყალობით, ქალაქი ტურისტულ მარშრუტზეა მონიშნული და ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს.

ჩვენი ქუაცანცალია კი პირველქმნილია და ამასთან, წონითა და სხვა პარამეტრებით სულ რამდენიმე უცხოელი ნათესავი თუ ჯაბნის.

ასე რომ, გავუფრთხილდეთ ქუაქანცალიას, ეს უბრალო ქვა არ არის, მით უფრო, თუ დედამოკასთან, დევის ქვასთან, კაპუნიასთან, სხვა ქვის კერპებთან და დოლმენებთან კავშირში განვიხილავთ, მაგრამ ეს უკვე ცალკე ბლოგის თემაა.
წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი