უკან დაბრუნება
განცხადებები
ვინ ინახავს მზეს გოგრაში და რატომ ათესინებდნენ მას მსხვილი ფორმების მქონე ქალებს ძველ სამეგრელოში?
20-09-2018, 18:56
ნანახია: 729
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია

რატომ ინახავენ ღმერთები მზეს გოგრაში ? რატომ ათესინებენ მას ცაშხას - ცის დღეს, დიდ ხუთშაბათს მსხვილი ფორმების მქონე ქალებს? რა კავშირშია გოგრა აღდგომის სიმბოლიკასთან და რატომ არის იგი არქანგელოზ რაფაელისა და წმინდა იაკობ დიდის ატრიბუტი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში? რატომ ადევს ტაბუ მარნის კოპეს - ხერკეს? დღეს ვსაუბრობთ მშობლიურ მდინარეებზე ღამის წყვდიადში ამაყად მოცურავე მზე- გოგრებზე - პლანეტების პარადზე და ჯარგვლის წინკარში დაკიდებულ ჭურებზე. ხომ ძალიან მშობლიური, ნაივური სილამაზეა. მაგრამ იქნებ არც არის მარტივი?

კობეშია/კოპეშია - გოგრა მეგრული რიტუალური მისტერიებისა და ყოფის ერთერთი მნიშვნელოვნი ატრიბუტია. ეს უკავშირდება უძველეს რწმენა-წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ ღმერთები მზეს გოგრაში ინახავდნენ ( კობეშიას მიშატყობინუანდეს). არის რაღაც კავშირი მზიანი ღამის სიმბოლოსა და გოგრაში შენახულ-დაფარულ მზეს შორის. სხვათაშორის, ჭურა ქრისტიანულ ეპოქაში უკავშირდება აღდგომის სიმბოლიკას და არქანგელოზ რაფაელისა და წმინდა იაკობ დიდის ატრიბუტია ქრისტიანულ იკონოგრაფიაში. იქნებ, ამიტომაც არის მოხარშული გოგრა ჩვენი სალოცავი ტაბლებისა და საკურთხის აუცილებელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ გოგრას ამ ტაბლაზე უცილობლად ცხლად დებდნენ, - მისგან აღმავალი ორთქლი სიმბოლურად განასახიერებდა სულის განთავისუფლებას სხეულისგან და ცად ამაღლებას.

მაგრამ დავუბრუნდეთ გოგრას, როგორც ნაყოფიერების ქალღერთის - ბენდიდას სიმბოლოს.

გოგრის ხორცში (კობეშიაშ ძელი) მოთავსებული თესლ-ბლონდი (ბანდღი დო თასი) იყო ნიშანი, რომლითაც მას ამსგავსებდნენ დედის საშოს და მასში მოთავსებულ თესლს. შესაძლოა წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებასთან ერთად ესეც იყო გოგრის დაჭრის ძველი წესის საფუძველი, რასაც დღემდე ვიცავთ, როცა მას კეისრულად , ოთხბზარულად (ოთხოზორულო) ვაპობთ და შემდეგ ვანაწევრებთ უფრო პატარა ნაჭრებად.

ამასთან მეგრელები, სხვა ხალხების მსგავსად, გოგრაში ხედავდნენ არა მხიოლდ ნაყოფიერებისიმბოლოს, არამედ მინიატურულ კოსმოსს, მზეს, და მის თბეს ( ბჟაშ ტიბინი) , რასაც მათ კარნახობდა გოგრის სიმრგვალეც და მრავალთესლიანობაც (ამ შემთხვევაში, როგორც ვარსკვლავთმრავლობა) .

გოგრის, როგორც მზისა და ნაყოფიერების, კოსმოსის სიმბოლიკა განსაკუთრებით კარგად ჩანს გოგრის დათესვის რიტუალში, რომელიც ადრე უსათუოდ დიდ ხუთშაბათს, ცის დღეს - ცაშხადიდს იმართებოდა. ცაშხადიდი ცის, კოსმოსის დღე იყო, გოგრა - კოსმოსის მთავარი მნათობის, მზის სიმბოლო, და, შესაბამისად, სწორედ ამ დღის არჩევანში დევს ამ რიტუალის სიმბოლური და მისტიური ხასიათი.

საინტერესოა, რომ გოგრა უთუოდ მსხვილი, მრგვალი ფორმების მქონე ქალს უნდა დაეთესა, თუ ოჯახში მხოლოდ გამხდარი ქალები იყვნენ, საამისოდ მეზობელ ქალს გადმოიპატიჟებდნენ და ამასთან მას ეს საცვალგახდილს, ბოდიში მომითხოვია, ,, მუნდუკურთეთ’’ ( საცვალგახდილს) უნდა გაეკეთებინა (ისევე, როგორც წიწაკის თესვისას) .

ერთია პრიმიტიული ახსნა ამისა ( გოგრაც მთესველივით მსხვილი იქნებოდა) და მეორე ის, რომ მსხვილი ფორმების ქალი ამ რიტუალში განასახიერებდა ბენდიდას - დიდ დედას, ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც სწორედ ასეთი წარმოედგინათ და ასეთს აღწერდნენ კიდევაც მითებში, ლეგენდებში, ზღაპრებში და, თუ გნებავთ, ასეთია ნაყოფიერების ქალღმერთი თიხისგან გამოძერწილ თუ ქვაში ნაკვეთ ფიგურებში, რომელთაც ვხვდებით როგორც ჩვენში, ისე სხვა ქვეყნების არტეფაქტებში.

რაც შეეხება უსაცვლობას - ეს მოდიოდა ფალიკური კულტის დროიდან და იყო პირდაპირ კავშირში პირველქმნილ, დაუფარავ სქესობრივ აქტთან.

გოგრა, როგორც მზის სიმბოლო, ჭეჭეთობა სერიშ - ჭიაკოკონობის ღამის მაგიური რიტუალების უცილობელი ატრიბუტია. ამ ღამეს გოგრებს მათში გამოჭრილ ღიობებში შედგმული ანთებული სანთლებით წყალში შეაცურებდნენ, რასაც მისტიური ესთეტიკაც ქონდა - წყალში მოტივტივე, წყლის დინებას გაყოლილი მანათობელი გოგრები ულამაზესი სანახაობაც იყო და ამავე დროს ანთხენდეს - დაოთხილს აოტებდნენ წყლის ბოროტ სულებს - წყლის ჭინკებს, ჟამს, წყარპატონეფს, რომელნიც უფრთხოდნენ მზეს.

შემთხვევითი არ არის, რომ ხერკე/ხირკე (ჭურისგან დამზადებული ხაპერა, კოპე) ჩვენი მარნების უცილობელი ინვენტარი იყო და ასე რჩება ეს ბევრგან დღემდე. ხირკეს - კოპეს მზე შეჰქონდა ქვევრის ღვინოში, იგი, როგორც მზე, სპობდა ღვინის დამჭანგავ ობს, ამავე დროს ეს იყო დადასტურება მზისთვის იმისა, რომ ეს ქვევრი ისედაც მისი კუთვნილი იყო და არ სჭირდებოდა თავისი ხელი - ე.წ. ბჟაშ ხე - მზის ხელი - დაეჩნია მისთვის მძმარავი ჭანგის, აპკის სახით.

სხვათა შორის, მარნისთვის განკუთვნილ ხერკეს გარეთ არავინ გაიტანდა და შიგ მარანშიც არ იხმარდა ხელზე წყლის გადასავლებად მლოცველი თუ მარნის პატრონი - ესეც მისი სტერილობისთვის და ღვინის დასაცავად ხდებოდა, წყლის კოპესგან - წყარიშ ხერკესგან განსხვავებით, რომლის სტერილობაზე ნაკლებად ზრუნავდნენ და დღედაღამე ეკიდა ჭის თუ წყაროს თავზე შინაურთა თუ გამვლელთა ( მათ შორის ალიან-ჩალიანის ) სახმარად.

მაგრამ თუ გოგრა, უპირველეს ყოვლისა, ფორმის სიმრგვალით მოაგონებს ადამიანებს მზეს, რატომ კიდებდნენ მეგრული ჯარგვლის წინკარში (ჯარგვალიაშ აბარწას) ჭურას (ხაპერას), რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ფორმით გოგრისგან, რომელიც მრგვალია ან ოვალური (ისიც სიმრგვალესთან მიახლოებული ფორმისა - ნაკლებად განზიდულ -წაგრძელებული), ჭურა , ხაპი კი - თავში ან წელში გაწვრილებული. მაშ სად არის მთავარი ნიშანი, რომელიც მეგრელის თვალში ჭურას ფორმითაც აახლოებს მზესთან?

საქმე ისაა, რომ არამარტო მეგრელებში, ბევრ სხვათა საზრისშიც წელში გაწვრილებული ჭურა ორი მზის - მიღმიერისა და ამქვეყნიურის- ერთიანობას განასახიერებს და ქვიშის საათის მსგავსად არის ზედა და ქვედა სამყაროების ერთარსობის სიმბოლო.

უფრო მეტიც, თუ გოგრა მოკვდავთა მზეა, ჭურა მთელი წელი, ბუნების დროებითი კვდომის დროსაც წინკარში რჩება ახალი მოსავლის შემოსვლამდე ანუ ინარჩუნებს უწყვეტ ციკლს ჯარგვლის ბინადართა ავი თვალისა და ავადობისგან დაცვაში ( რაც მისი ,,ვიწრო სპეციალიზაციია’’) ხოლო გოგრა იქ დროებით კიდია - ,,წინანდღის’’, ,,წაკურთხიას’’ შემდეგ უნდა შეიჭამოს, რადგან ყინვები აზრობს დალპობას იწყებს, მზის სახლის წახდენა - წაყონება კი ვაშინერს, ცოდვაა.

ჭურას პირდაპირ დანიშნულებაზე - ავი თვალისა და წყლის მონახდომისაგან ( უბადო თოლშე დო წყარიშ მუნახვამილეფშე) დაცვაზე ფრიად მკაფიო მინიშნება გვაქვს რიტუალში, რომელსაც ,,წყარიშ გოჭოფუას’’ ( წყლის შეკვრას) ეძახიან.

ადამიანს, რომელსაც წყლიდან რაიმე ავადმყოფობა ამოყვებოდა, მიიყვანდნენ იმ ადგილას, სადაც მას ავადმყოფობა შეეყარა, აიღებდნენ ცულს, მისი პირით ამოიღებდნენ წყალს, , ამოგულულ ჭურაში ჩაასხამდნენ და იტყოდნენ: ,,თე ლახალა თეშ დასქირე, მუჭო თე წყარ ჭურასია’’ ( ეს ავადობა ისე გააქარვე, როგორც წყალი ჩაშრეს ჭურაშიო). შემდეგ წყლით სავსე ჭურას საკიდელზე - ლანჭაზე, შუაცეცხლის თავზე ან სანთაზე ჩამოკიდებდნენ და წყალიც სწრაფად შრებოდა. ითვლებოდა, რომ იგი, როგორც მზის, მზის თბეს შემნახავი, იოლად მოერეოდა და ააორთქლებდა მასში გამომწყვდეულ წყლის სულს, წყლის ჟამს.

ამ რიტუალს განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებდნენ ჭაობიან ადგილებში მცხივრები, მალარიისგან დატანჯული ადამიანები, სანამ ხინაშ ჯას - ქინაქინის ხის არსებობას გაიგებდნენ და, მით უფრო, წამლებზე მიუწვდებოდათ ხელი.

თუ საზოგადოდ გოგრას დავუბრუნდებით, მზესთან მისი კავშირის მანიშნებელია იდიომა ,,ყუჯიქ კობეშიაშ ფურცელცალო გინმართ’’. ყური გოგრის ფოთლისხელა გამიხდაო, იტყვიან, როცა რაღაც მოულოდნელსა და გასაოცარს გაიგებენ. ამასვე იტყვიან კაცზე, რომელმაც ცნობისწადილი დაიკმაყოფილა და რაღაცის გაგონება სცადა და შეძლო. საქმე ისაა, რომ გოგრა - მზე კი ყველგანმყოფია, ყოვლისმხედველი და მცნობი, და მის ყურს ყველაზე დაფარულიც არ გამოეპარება, გოგრის ფოთილივით ფართო ყური მეტს იტევს, ვიდრე კაცის ჩვეულებრივი ღინჭილია ( ყურის ნიჟარა).

არის სხვა, არცთუ შორს მიმავალი ვარიანტი ამ იდიომისა - ,,ქიანას თეზმა სარკოს ვეფრჩქილედენ, ყუჯ კობეშიაშ ფურცელიშ მაფართათ გინმართუდუა ‘’ - ქვეყანაზე ამდენი გაუგონარი რამ რომ არ ხდებოდეს, ყური გოგრისფოთლისხელა გამიხდებოდაო - იგულისხმება, რომ ნეგატიური ამბები ხალისს უკარგავს და აჭკნობს ყურს, ყურის ნიჟარას, ახშობს მის უნარს ამდენი ნეგატივის ფონზე აღიქვას კარგი ამბებიც.

რაკი ნეგატივს შევეხეთ, ,,მუჭო ჭურა კობეშიაშა ქუგუნია დუდი’’ ( რა ხაპერას მიუგავს თავიო) იტყვიან კაცზე, რომლის სირეგვნეს უნდათ გაუსვან ხაზი. არის ამ იდიომაში პირდაპირი კავშირი გოგრის მყარ ქერქსა და ადამიანის თავის ქალას შორის შეუვალობის თვალსაზრისით, მით უფრო თუ ერთი გამოგულულია, მეორე უტვინო , მაგრამ ნეგატიური ელფერი ამ შედარებისა უფრო ღრმა შრეებში იღებს სათავეს - ეს ნეგატივი იმ დროის მიერ არის მოტანილი, რომელიც წარმართულ რწმენა - წარმოდგენებს დაუპირისპირდა და მნათობების თაყვანისცემა და ძველი ნატურფილოსოფია დაამცრო.

კიდევ უფრო ღრმა შრეებიდან მოდის საგინგლაო საფრთხობელა , როცა ბავშვს აშინებენ - ბაბუაშენი გოგრად ქცეულა და ღორს შეუჭამიაო (,, სქან ბაბუ კობეშიათ გინორთელე დო ღეს უჭკომუნია’’).
მეც ვუტირებივარ მწარედ ასე ჩემს მერკულელ მეზობელს - შახის, რომელიც ახლა სენაკის ლტოლვილთა სასაფლაოზე განისვენებს. მან შესაძლოა იცოდა ან არ იცოდა, რომ გოგრა- მზისა და მისი თაყვანისმცემლის შეჭმა ტახის მიერ სხვა არაფერია, ვიდრე სხვადასხვა სტიქიების, სხვადასხვა ღმერთების ბრძოლის ანარეკლი წარმართულ რწმენა - წარმოდგენებში .

მოდით, ჩვენ მაინც ,,მშობლიურ მდინარეებზე ღამის წყვდიადში ამაყად მოცურავე მზე- გოგრების - პლანეტების პარადს ’’ ( ალიო ქობალიას პოეტური სტრიქონებიდან) და მეგრული ჯარგვლების წინკარებში დაკიდებულ ჭურებს დავუბრუნდეთ, და, რა თქმა უნდა, ქვევრის ღვინის ჭანგისაგან დამცავ კოპეს- ხერკეს.

ხომ ძალიან მშობლიური, ნაივური სილამაზეა. მაგრამ იქნებ არც არის მარტივ
წყარო: odishinews.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი