უკან დაბრუნება
განცხადებები
კოლხური კურული და ესპანური კორიდა
20-09-2018, 18:42
ნანახია: 726
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია


რა კავშირია კოლხურ კურულსა და ესპანურ კორიდას შორის? ჩვენი ,,კურულის’’ წესებით, ორთაბრძოლა ხარის დაჯაბნით და არა მოკვდინებით უნდა დასრულებულიყო. ბოძზე მიბმულ ხარს მოკურალეს - ტორეროს გამოსვლამდე კისრისა და ბეჭის არეში მტკივნეული ჩხვლეტითა და სისხლის სუნით აღიზიანებდნენ. ამას დინცხუა - დასისხლიანება, სისხლით გაღიზიანება ერქვა. გავეშებულ ხარს (ელაფირ ხოჯი) ამის შემდეგ მხოლოდ ერთი მოკურალე ებრძოდა - მას ისე უნდა დაეღალა გრძელი თოკით მიბმული ხარი, რომ რქებში წვდომოდა, ქედი მოედრიკა, ძირს დაენარცხებინა და შეებორკა.

კოლხური ,,კურული’’ იყო კაცისა და ხარის ორთაბრძოლა, რომელიც ხარის დაჯაბნით და არა მოკვდინებით უნდა დასრულებულიყო ( ალიო ქობალია, ,,მეგრული ლექსიკონი). ბუღას კურულისთვის საგანგებოდ ამზადებდნენ - ორთაბრძოლის წინა დღეს ისევე აშიმშილებდნენ, როგორც ცხენს მარულის წინ. ამას შხაფა, გუმოხამება - დამშევა, ფაშვის გამოცარიელება ერქვა, თუმცა, თუ ორივე შემთხვევაში ეს პროცედურა ცხენისა და ხარის მოქნილობის, სიმსუბუქის ზრდას ემსახურებოდა, ხარის შემთხვევაში მას სხვა ფუნქციაც ემატებოდა - დამშეული ხარი უფრო მძვინვარე ხდებოდა.

ორთაბრძოლის დღეს ხარს რქებით მიაბამდნენ (ქიმკაქართანდეს) საბრძოლო არენაზე (ალბათ, ძველ დროში) ან სოფლის მინდორში ( შედარებით ახლო ხანებში) დასობილ ბოძზე. - ამ ბოძს ოლე ერქვა (ასე ქვია დღემდეც ეულ სვეტს, ეულ ანძას, ეულ ხეს და ა.შ.). აქვე ვიტყვით, რომ გამამხნევებელ, უფრო სწორად მეტოქეთა აღმგზნებ შეძახილებში ჭარბობდა შორისდებული ,,ყო, წიე!’’ და ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანური კორიდის მაყურებელთა კოდური შეძახილი დღემდე არის ,,ოლე!’’ ( ეს ემთხვევა მამაკაცის, ხვადის სასქესო ორგანოს მეგრულ სახელს, რაც დღეს სკაბრეზულ სიტყვად ითვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ძველ დროში სულაც არ ჭრიდა ყურს.)

მაგრამ დავუბრუნდეთ უშუალოდ ორთაბრძოლას. უკვე ბოძზე მიბმულ ხარს მოკურალის გამოსვლამდე კისრისა და ბეჭის არეში მტკივნეული ჩხვლეტითა და სისხლის სუნით აღიზიანებდნენ. ამას დინცხუა - დასისხლიანება, სისხლით გაღიზიანება ერქვა. გავეშებულ ხარს (ელაფირ ხოჯი) კი ამის შემდეგ მხოლოდ ერთი მოკურალე ებრძოდა - მას აქეთ იქით სირბილითა და შილას ფრიალით თუ თავისი წითელი სამოსით ისე უნდა დაეღალა გრძელი თოკით მიბმული ხარი, რომ რქებში წვდომოდა, ქედი მოედრიკა, ძირს დაენარცხებინა და შეებორკა. (თუ ამ დაღლას ხარიც კი ვერ უძლებდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რად უჯდებოდა ეს აქეთ-იქით სირბილი და მიხდომები და რა ძალის კაცი უნდა ყოფილიყო მოკურალე, რომელსაც ხარის წაქცევისთვისაც უნდა შეენახა ძალა. ამის შემდეგ ხარის შებორკვაში მას უკვე სხვები ეხმარებოდნენ, რადგან რქებით დაჭერილ ხარს ხელს ვერ გაუშვებდა, უფრო ზუსტად, მიწიდან ვერ აუშვებდა.

ალიო ქობალიას რომანში ,,ოდიშის მთვარე’’ აქვს ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი ამ თემასთან დაკავშირებით, იგი წერს, რომ შეღერებულ ბიჭს ხარის თვალს აყლაპებდნენ - ითვლებოდა, რომ ეს მის გამოხედვას მოუგერიებელს ხდიდა ( ძლიერი, დამმორჩილებელი გამოხედვის კაცზე იტყოდნენ - ,, ხოჯიშ თოლ ალაძ’’ - ხარის თვალი აქვსო). ალიო ქობალია თვლის, რომ შესაძლოა აქედან მოდის მეგრული ვაზის ერთ-ერთი ჯიშის სახელიც ,,ხოჯიშ თოლი’’ ( ხარისთვალა), რომლისგან დაწურულმა ღვინომ შეიძლება ხარი წააქციოს, ხარს მოუგრიხოს კისერი ( ხოს ეკართინუანს, ხოს გამკუკვარჩხუნს ყვინგის), თუმცა, უდავოა, რომ იგი მარცვლის ფორმითაც ხარის თვალს წააგავს.
.
ალიო ქობალიას ასევე დაფიქსირებული აქვს პოპულარული მეგრული თამაშობა, როცა უფროსი უმცროსს (პირმშო იქნება იგი თუ უმცროსი ძმა ) შუბლს შუბლზე ადებს და თვალის გასწორებას თხოვს. თუ ვინმეს გითამაშიათ, გეხსომებათ, რომ ასე ახლოდან ცქერის დროს ორივე თვალი ერთში ერთიანდება და მართლა ემსგავსება ხარის ვეება თვალს, რომელიც უცნაურობის გამო, ცოტა არ იყოს, შიშის მომგვრელია. (მიუხედავად იმისა, რომ გოგონები თამაშგარეთ არიან, მე, როგორც მამის ნებიერს, მითამაშია ეს მასთან, თუმცა ვერ გამიძლია და წივილ - კივილით დამიხუჭავს თვალი. აქვე ვიტყვი, რომ ის, რაც ამ შემთხვევაში მე, როგორც გოგონას, მეპატიებოდა, მამაჩემის უმცროს ძმას ყურის აწევის ფასად დაჯდომია). ,,ხოჯიშ თოლის“’ სახელით ცნობილი ამ თამაშის ახსნას - ეს ისეთივე შეიძლება იყოს, როგორიც ხარის თვალის გადაყლაპებას ჰქონდა - უფროსი უმცროსს ამით თავისი გამოხედვის ძალას გადასდებდა და აჩვევდა ხარივით მოვარდნილი საშიშროებისათვის თვალის გასწორებას.

მაგრამ დავუბრუნდეთ ,,კურულს’’ . კოლხური ,,კურული’’ გამოხატავდა ველური ხარის დამორჩილებისა და ადამიანის სამსახურში ჩაყენების იდეას, ამ რიტუალურ ომში მოკურალე განასახიერებდა ხარის პატრონის მითოსურ ხატებას, რომელმაც ხარის დამორჩილებით ცივილიზაციის ახალ საფეხურზე აიყვანა კაცობრიობა. .

საინტერესოა, რომ მოკურალეს შალისგან ნაქსოვი პერანგი უნდა ცმოდა - შილა. შილა წითელი ფერისა იყო, საბრძოლო ფერისა, რომელიც ამწვავებდა ხარის გამოწვევის ხარისხს და ამავე დროს სიმბოლურად გამოხატავდა კაცის თავგანწირულ ბრძოლას შეუცნობელი და რთული წინააღმდეგობის დასაძლევად, რაც შეიძლება სისხლის დაღვრისა და სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა . აქვე დავძენთ, რომ წითელი ხმელეთის, კოსმოსის ფერია განსხვავებით წყლის სტიქიისგან, რომელსაც წითელმა ხუცესმა, ხარის პატრონმა უნდა გამოსტაცოს ხმელეთი.

დაახლოებით ასეთი მოდელი უდევს საფუძვლად კორიდასაც და ტორეადორის ჩაცმულობასაც, რომლის ისტორია სათავეს იღებს პირინეის იბერიაში. (ეს ის დროა,როცა აიეტს დამორჩილებული ყავს სპილენძის ( სპილენძი წითელი მეტალია!)’’ ხარები. ცნობილია., რომ ხარისა და კაცის ორთაბრძოლა პელაზგური და ბერძნული ასპარეზობების ორგანული ნაწილია და უამრავი ამფორის, ლარნაკის, კედლის მოხატულობაზე გვხვდება ( მინოტავრთან ბრძოლის მოტივზე რომ არაფერი ვთქვათ.)

რაც შეეხება ხარის ფერს, მეგრულ კურულშიც და ესპანურ კორიდაშიც ხარი შავია, უნიშნოდ შავი, ეს სიმბოლურად განასახიერებს სიკვდილს, რაც ორთაბრძოლას რიტუალურ ხასიათს აძლევს და ამასთან ატარებს მითოსურ ალეგორიას - შავი ხარი, გარკვეული თვალსაზრისით, განასახიერებს ქვესკნელს, რომლის პირმშოც არის იგი. სხვათაშორის აიეტის სპილენძისრქიან ხარებიც ქვესკნელში ყავს დაბმული პატრონს.

მნიშვნელოვანია,რომ ხარის მოკვდინება პირინეის იბერიის მკვიდრთა კორიდაში, ისევე როგორც კოლხურ ,,კურულში’’, თავდაპირველად მხოლოდ რიტუალური, სიმბოლური ხასიათისა იყო. შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ეს განპირობებული იყო იმით, რომ განვითარების წინა საფეხურზე ხარი ორივეგან წმინდა ცხოველი იყო და პატივსცემა და რიდი ძველი ღვთაებებისადმი შედარებით ახალ ეპოქასაც გადმოყვა ( ,,ახალს’’.... დამიხედეთ, რა ლაღად ვახსენებთ კოლხები და, საერთოდ, ძველი ხალხები ათასწლეულებს). პირინეის იბერიაში ხარს ანუ დამხობილ ღვთაებებს შეთამამებულმა ადამიანმა რიტუალური მოკვდინება რეალურად მხოლოდ მოგვიანებით აქცია, ჩვენსი კი უცვლელად დარჩა. ხარისადმი შიში და კრძალულება ირეკლება კორიდის ადრეულ სახეობაში, როცა ტორერო ხარს ცხენზე ამხედრებული ებრძოდა და თავისთვის გადარჩენის მეტ შანსს იტოვებდა ( ,,კუჩხით კურულსა'' და ,,ცხენით კურულს'' მეგრული სამყაროც იცნობს). სხვათა შორის, ფეხით კორიდა მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნიდან შემოვიდა ანდალუზიაში, რომელიც თანამედროვე ესპანური კორიდის სამშობლოდ ითვლება, დღეს ესპანელი ტორეადაორი ხარს უფრორე თავისი მარდი ფეხების იმედით ებრძვის.

კურულის ჰუმანურობა როგორც აღვნიშნეთ, ხარისადმი პატივისცემისა და მისი დამორჩილების მიზნით არის ნაკარნახევი, მაგრამ ამავე დროს ეს ართულებს მოკურალის ამოცანას - გავეშებული ხარისთვის რქებში ხელის წავლება, მისი მიწაზე დამხობა და შებორკვა გაცილებით რთულია, ვიდრე სისხლისგან დაცლილი ხარის მოკვდინება ბოლო დარტყმით.

თავისი ახსნა ჰქონდა და აქვს საზოგადოდ ესპანური კორიდისგან ანდალუზიური კორიდის განმანსხვავებელ თავისებურებასა და არსსაც -ანდალუზიურისგან განსხვავებით, ესპანეთის სხვა მხარეებში გავრცელებული კორიდის ეთიკა კრძალავს ხარისადმი, როგორც მსხვერპლისადმი დამოკიდებულებას, რადგან სიბრალული მექტოქის დამცრობას ნიშნავს და შეურაცხმყოფელია - ესპანელი ტორეადორი სამკვდრო -სასიცოცხლო, დაუზოგავი ბრძოლით გამოხატავს პატივისცემას მეტოქის ძალისა და სიმამაცისადმი., ჩვენში კი, ისევე როგორც ანდალუზიურში, ჰუმანურობისა და ურთიერთგაგების სხვა ხედვა ჭარბობს.

კურული არ იყო ერთადერთი რიტუალი, რომლის მთავარი ფიგურა ხარია. ხარს , როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს, როგორც ჩანს დიდი ადგილი ეჭირა ფალოსის კულტის ეპოქაშიც და ალბათ იმ დროის გადმონაშთია ე.წ. კურალუა (ბუღრაობა) რომელიც ჩვენს სახალხი დღესასწაულებს გასული საუკუნის ბოლომდე შემორჩა, სავარაუდოდ, თითქმის უცვლელი სახით.

კურალუას ერთერთი სახეობის წესისამებრ სოფლის ახალგაზრდები ( მხოლოდ და მხოლოდ კაცები!) გამწკრივდებოდნენ მინდორში გავლებული ხაზის ( ადრე მას წითლადაც მონიშნავდნენ ხოლმე) ორ მხარეს და მსაჯი- გამრიგის ნიშანზე იწყებდნენ ერთმანეთზე შუბლებით მიწოლას, რომ ხაზის გადმოკვეთის საშუალება არ მიეცათ მეტოქისთვის და მოშორებით მონისნულ ტერიტორიაზე გაეძევებინათ ( ქიმკუჭიჭიხუდეს) იგი. ეს იყო შუბლის ძალის გამოცდაც ( რქალებით მენჯირა- რქებით მიწოლა) და ამავე დროს რიტუალურად გამოხატავდა ბრძოლას ფურისთვის, მდედრისთვის.

კურალუას მეორე სახეობა იყო ფუჯობაია დო ხოჯობაია - ხარ-ფურობა. ამ შემთხვევაში ქალებისა და ვაჟების გუნდები უპირისპირდებიდა ერთმანეთს და შუბლის ძალით ცდილობდა ხაზს იქით, მეტოქის ტერიტორიაზე გადაღწევას. ქალის შუბლის ძალაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ აქ საქმეში ალბათ ერთვებოდა მამაკაცის ინსტინქტი დაეთმო ქალისთვის და ეს უთანსაწორო ბრძოლა არცთუ იშვიათად ,,ფურების’’ გამარჯვებითაც მთავრდებოდა. თუმცა ეს შეიძლება არც მხოლოდ ხარების დიდსულოვნებითა და დათმობით აიხსნას - ხომ ნათქვამია, დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო.


წყარო: odishinews.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი