უკან დაბრუნება
განცხადებები
დღეს ცის გახსნაა: ,,კოჩშე მეტი ოკო რდენი, თენა ქოძირენი'' (კაცზე მეტი უნდა იყო, ეს რომ დაინახო)
20-03-2018, 21:17
ნანახია: 966
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნონა ქობალია

შობა- ახალ წელს გილოცავთ, დღარ ქირსე დო ახალ წანაშ მოზოჯუას, ულამაზეს დღესასწაულს, როცა, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ცაშკარ ინწყუმუ, ცის კარი იხსნება და სიკეთისა და სიყვარულის უსასრულო გრძნობა იღვიძებს ჩვენში. სიყვარული და სიკეთე კი ყველაზე ლამაზია ყველა დროსა და სივრცეში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იქნება ეს ჩვენს თავზე თუ ვარსკვლავიერი ცა ჩვენში.
ვინ იცის, რამდენი ფრანი და შუშხუნა ავიდა წუხელ ცაში, რამდენი სანთელი აინთო ჩვენს ფანჯრებში, რამდენი სიხარულით შეეგება შობას, რამდენი ბავშვი დაიბადა, რამდენმა კი ავადმყოფი ახლობლის სარეცელთან გაატარა ღამე და უარესიც, მაგრამ ცისკარი შობა- ახალ წელს ყველასათვის იხსნება, რადგან მზიანი ღამის გაჩენის საშობაო და მზის მობრუნების საახალწლო მისტერიის მიღმა დგას განახლების, სიცოცხლის მარადიულობის, რაღაც ხლის, უკეთესის დასაწყისის მოლოდინი და იმედი.
ჩიჩილაკებზე, ოქროს ბურთებზე, აბრეშუმის ძაფზე, ვაშლზე, ბროწეულზე, წიფლის ნაპერწკლებზე, ურო ზუსტად, მათში ჩაბუდებულ მზეზე, მათში მატერიალიზებულ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებზე ბევრის თქმა შეიძლებდა, მაგრამ, რადგანაც ცის გახსნით დავიწყეთ, ანუ სიცოცხლის ხით გატიხრული თუ გაერთიანებული სამყაროების ერთარსობის მეტაფორით, გვინდა სისხლისმიერ ხსოვნაში და მეგრულ ხალხურ პოეზიაში, დალოცვის ფორმულებში მოვიძიოთ ის, თუ რას ხედავდა ჩვენი წინაპარი ცის გახსნილ კარებს მიღმა, რატომ ამბობდა უდიდეს სიხარულსა და იმედის მოძალებაზე ციკარი გამეხსნაო ( ცაშკარქ გუმანწყუ).
ცის გახსნა ცაში ანგელოსის დანახვისა და სულში შემოპატიჟების დროა. ანგელოზეფ ქიგირინუ - იტყვიან სამეგრელოში კაცზე, რომელმაც თავის თავში დათრგუნა დამიწებული ვნებები და მრისხანება და ანგელოსები - სიკეთე და მიტევება შემოიხვია ფარად.
ცის გახსნა, როგორც აღვნიშნეთ, წინაპართა საზრისით, იყო გათიშულ დროთა და სივრცეთა, სამყაროს სხვადასხვა განზომილებათა, პარალელურ სამყაროთა ( ორთა დო ურთაშ- ბუნებრივისა და ზებუნებრივის ) შეხება -შეერთების დრო. სხვათა შორის, ამიტომაც ამბობენ, რომ შობისა და ახალი წლის ღამეებში მიცვალებულთა სულები - გალენიშები შინ ბრუნდებიან, ეს ნუგეშინია მათთვის, ვისთვისაც ახლობლის წასვლით სამყარო დაცარიელდა).
ეს არის დრო, როცა მყარდება ან არის პოტენცია აღდგეს ჰარმონია სულიერთა და უსულოთა, მკვდართა და ცოცხალთა, წარსულსა და აწმყოს, ადამიანის სიტყვასა და საქმეს შორის. ეს საზრისი ემყარება და ითხოვს ადამიანის მიერ გასიგრძეგანებას მასში ღმერთის, შემოქმედის მიერ კოდირებული პასუხისმგელობისა ჭიანჭველას გაჭყლეტისთვის, თავკერძობისთვის, ვერცხლისმოყვარეობისთვის, უკვდავი სულის ქონში ჩახრჩობისთვის, შანსი იმ თიხაში ჩაბერილი სულის განახლებისთვის, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, როცა საკუთარი თავის წინააღმდეგგ მივდივართ.
საბედნიეროდ, ყველა დროში არიან ადამიანები, რომლებიც თავად არიან სანთლები და რომელთა სულიც ისე გამჭვირვალეა და ღრმა, როგორც გახსნილ კარებს მიღმა გამოჩენილი ცა. ასეთი კაც- სანთელია უდაოდ ერთი უცნობი ( ფოლკლორში ჩაკარგული) მეგრელი პოეტი, რომელიც გასაოცარ სიღრმეებში ხედავს სამყაროს - ცის სიღრმე იქნება ეს, ოკეანისა თუ საზოგადოდ სულიერებისა:
,,ქოიძირუნანო შქასერს ბჟა ცას მიკოხედუნი,
ახალ კოჩი თიშ ჯინათ გურსუ იოხენდუნი.
ჩიტებს ქუდუხუნუდეს, რაგადანდეს ამბებს,
დიდა ჩიტი სქუალეფშო ღორონს ურზანდ სანთელს.
ათეჯგუა სასწაულეფ ქიანას რე ბრელი,
კოჩშე ოკო მეტი რდე, თენა ქოძირენი.’’

ქართულ თარგმანში ეს ლექსი ასე ჟღერს:
,,თუ გინახავთ, შუაღამით მზე რომ აჩნდა ზეცას
და ჭაბუკი მისი ჭვრეტით გულს რომ იოხებდა,
ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ და ყვებოდნენ ამბებს,
დედა ჩიტი შვილებისთვის ღმერთს უნთებდა სანთელს.
ამისთანა სასწაული ბევრი არის ახლო,
კაცზე მეტი უნდა იყო, ეს რომ დაინახო.’’
ეს არის უღრმესი და ულამაზესი პოეტური ხატი მზიანი ღამისა და დაუსაზღვრებელი სიყვარულისა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აახლოებს, რადგან ღმერთი სიყვარულია.
და დღეს, რამდენჯერაც გაგვახსენდება ბავშვი, რომელსაც შია, ბავშვი, რომელსაც ტკივა, რომელსაც არა აქვს სახლი, რომელიც მიტოვებულია ( და ნებისმერი ასაკის ადამიანი ღმერთთან მიმართებაში და ღმერთისთვის მისი ბავშვია), იმდენჯერ ვდგამთ ნაბიჯს ღმერთისკენ, საკუთარი თავისკენ, ისეთისკენ, როგორიც შეგვქმნა მან, როგორებიც ვიყავით, სანამ ღვთაებრიობისთვის, ადამიანურობისთვის უცხო სისატიკე და გულგრილობა შემოგვეპარებოდა.
დღეს ცის გახსნაა, ზუგდიდში, საბედნიეროდ, მზიანი დღეც არის, მაგრამ, თუნდაც ასე არ იყოს, ამ დღეს ღრუბლების ნუ შეგვეშინდება, ავიხედოთ მაღლა დღესაც და ყოველთვის, როცა ირგვლივ მაღალფარდოვანი, თითქოს ბევრის, მაგრამ არაფრის მთქმელი სადღეგრძელოები იფრქვევა, ნუ მოვიწონებთ თავს საცივით და ელარჯით სუფრებზე (და ფეისბუქებზეც კი), როცა ბევრს ჭიქა ღვინოც არა აქვს, რომ შინ მეალილეები შეიპატიჟოს.
სიმდიდრესა და სიუხვეში თავისთავად არაფერია ცუდი, უფრო პირიქით, თუ რამ ცუდია, ეს გაუზიარებელი სიმდიდრეა, მაგრამ თუნდაც არ გაგვიზიარონ და ცრემლი მოგგვაროს ჩვენი შვილის მოწყენილმა მზერამ იმის გამო, რომ იმდენი ,,ხლაპუშკა’’ და კამფეტი არა აქვს, რამდენიც მის მეზობელს, რომ მისი ნაძვის ხე (თუ საერთოდ აქვს) ღარიბია, ხოლო საჩუქარი მის ძირას ვერ დავახვედრეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მთავარი - ღმერთს ჩვენთან შემოსასვლელად საცივი და ელარჯი კი არა, ის სანთელიც არ ჭირდება, რომელსაც ღარიბებიც და მდიდრებიც ფანჯრებში ვანთებთ, იგი მოყვება იმ სანთლის შუქს, რომელიც ჩვენში ანთია - ამ სანთელს ახსოვს, რომ დედა მარიამი წუხელ მშიერი – შქირენშე გურმეშირილი (მატერიალური თვალსაზრისით) აწოვებდა ძუძუს ახალშობილ იესოს, მაგრამ აწოვებდა იესოს(!) , რომელიც გვიშვა ცის გახსნას დადარაჯებულებს.
და კიდევ, ვასწავლოთ ბავშვს იხაროს სხვისი სიხარულითაც, დავიწყოთ ამის სწავლება ახლა და ამ წუთიდან, რადგან სიხარულში მყოფი ადამიანისადმი სიყვარული უფრო ძნელად ისწავლება, ვიდრე ჭირში მყოფი ადამიანისა და ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია, რადგან შური, უსამართლობის განცდა წლებთან ერთად გვაუხეშებს.
და ისევ მეგრულ საშობაო პოეზიას და გალობას დავუბრუნდეთ:
გუგატიბუ თელო ღორონთქ:
ცხვარ- მანცხვარიშ ხატიქ,
თარანგიოზ ფოთურქ,
ღვთისმოწმობელ ხეთურქ,
ყულ დო ალერტიქ,
წმინდა გიორგ ილორქ,
წმინდაგიორგ ჯვარულქ,
წმინდა გიორგ სუჯუნაქ,
წმინდა გიორგ ლაკადურქ,
ოთხი ხოლო მაკათურქ!

გიძინას ირფელიშა:
ხოჯიშა, თხაშა, შხურიშა, ორჯიშა დო ერჯიშა,
დუხვამუდა ღორონს დღაშე ეჩიშა-
ორთვალამო დო ორენჯამო,
კინჩხამო დო გორგალამო
ორკოლამო დო ფოხალამო,
ჯიმალამო დო ნოსალამო,
ჩილამო დო სქუამო

ღორონთქ თეში დორხვამას,
ოში უღუ კამბეშეფ სქანი ყვანას მებუდას,
სქან ნაკეთებ ქარვასლეფ დიდ ნოღემსუ გედგუდას,
ოში მილიონი ფარა ჯიბეს შეგილებუდას,
ჟიროშ სქანი მილიონი კუპეცემსუ გეძუდას,
ჩინოვნიკეფ გერდასუ დო სქანი ჩექმას ხეკუნდას.’’
ამ ძველ მეგრულ დალოცვაში ყურს ხვდება ჩვენი ავბედითი წარსულის ნაშთი - უცხო ,,კუპეცები და ჩინოვნიკები’’ და მათი ჩექმა, რომლის გარეცხვას ყველა დროის დამპყრობელი შავი ზღვის ( და არა მხოლოდ) წყლებში ესწრაფვოდა.
ჩექმა კარგია, ოღონდ, როგორც წითელი წაღები ჩვენი წვივლამაზი გოგო-ბიჭების ფეხებზე, წითელი წაღები, როგორიც ის არის წითელფეხება მტრედების - ღვთის ფრინველების მეტაფორაში.
ღმერთმა გვაშოროს მომხდურის ჩექმა, ხოლო, რაც შეეხება ნატვრას – ჩვენი ჩექმები ვაფხეკინოთ ვინმეს, ოღონდ მტერი მოგვშორდეს და თავადაც მშვენივრად გავიფხეკთ ჩვენს ჩექმას აფხაზეთის ზღვაში თუ ლიახვის ტალღებში. და იქნებ, ერთხანს ტალახიანითაც მშვენივრად ვიაროთ, თუ ეს ტალახი ჩვენი მიწისა იქნება - სადმე ოჩამჩირის ჭაობში თუ სამაჩაბლოს აყალოში ამოგლესილი.

წყარო: odishinews.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი