უკან დაბრუნება
განცხადებები
ფეხმძიმობა, მშობიარობა
23-07-2022, 19:18
ნანახია: 200
გაუზიარე სტატია მეგობარს


ახლად დაქორწინებულთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანესი იყო ფეხმძიმობის პერიოდი. ბავშვის გაჩენის შემდეგ, პატარძალი ოჯახში, საბოლოოდ, იმკვიდრებდა საპატიო ადგილს. ეს პატივი კიდევ უფრო იზრდებოდა თუ ახალშობილი ვაჟი იყო. იმ შემთხვევაში თუ ქალი უშვილო გამოდგებოდა, ან მხოლოდ გოგო უჩნდებოდა, თავდაპირველად მიჰყავდათ ის გვარის „ჯინჯი ხატიში“ მოსალოცად, ხოლო თუ ეს არ გასჭრიდა, მაშინ სოფელ წაჩხურში მიდიოდნენ შესაწირებით (სანთლებით და აკვნის გამოსახულებით) და წაჩხურის მთავარანგელოზს შესთხოვდნენ შვილს. თუკი ესეც არ გასჭრიდა მაშინ ბავშვს უბრალოდ იშვილებდნენ.
დაფეხძიმების შემთხვევაში ქალი იცავდა გარკვეულ კვებით შეზღუდვებს. ფეხმძიმე ქალი მშობიარობის გაიოლების მიზნით არ ჭამდა თხილს, ნიგოზს ბავშვს ტანი და თავი, სუფთა ექნებაო, თაფლს დორბლიანი იქნებაო, არ ეკარებოდა ტყიპლს ტყიპლიანი იქნებაო და სხვა. მშობიარეს ძველად ამშობიარებდა დედ-ფანია (ბებია ქალი). მშობიარეს აწვენდნენ მიწაზე დაფენილ ჩალაზე, კერიის სიახლოვეს, დაანთებდნენ დიდ ცეცხლს, თავქვეშ ავი და ბოროტი ძალებისაგან თავდაცვის მიზნით ამოუდებდნენ მაკრატელს ან ხანჯალს, გვერდით დაალაგებდნენ მშობიარობისათვის აუცილებელ ნივთებს. მშობიარეს რომ ძალა დაეტანებინა მუცლისათვის ცარიელ ბოთლში სულს ჩააბერინებდნენ. მძიმე მშობიარობის დროს დედო-ფანია მიწას ფეხს მოუსვამდა და იტყოდა „ჯიხაშჷ კარი გომინჯი“-ო. შემსვლელ-გამომსვლელს უნდა შეეხსნა ქამრისა და კაბის სალტე, ზოგი კაკალს ტეხდა და ლებანს გამოაგდებდა, ზოგიც ოსხჷრს (საძირკველს) ასწევდა, შემდეგ დადგამდა და თან დააყოლებდა: „ღორონთ დო მარდიანი, ათაში, ლექჷნო მოსქჷლადედასია.“ ოჯახი რძეში ხარშავდა კვარებს, რომელსაც აწყობდნენ ხის ნისორზე და მიწაზე ნისორით წრეს მოხაზავდნენ ყველა ჭამდა თითო ნაჭერს და ამბობდა: „ათაშ გემუანო გჷშ ირთუმუდ სი“ეხვეწებოდნენ ქალის „ჯინჯი ხატს“, მარიამ ღვთისმშობელს შეუთქვამდნენ - „ოდაბადეს“ თან შეულოცავდნენ „უჩა გვილას, უჩა წყარი მეურს, უჩა დეიში ზისხირი გეურს, უჩა უძალო ძალიანი, ძელ დამაგრებულიანი ძროხა შვილი დამაგერებულა დედა მამის“.
მშობიარესთან ფეხმძიმე ქალს არ შეუშვებდნენ აქაოდა მშობიარის ბავშვი ეტყვის მე მომიცადეო და ბავშვს დაბადება გაუჭირდებაო. ბოლოს თუკი ესეც არ გასჭრიდა შემოჰქონდათ შვიდიფერი თვალი „სოლომაქი“, რომელსაც მშობიარეს გადაატარებდნენ. ხალხური რწმენით, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო მშობიარობა, მშობიარე მალე მორჩებოდა. დაბადებულ ბავშვს პირველი აიყვანდა დედო-ფანია, რომელიც ჭიპს მაკრატლით მოაჭრიდა და ბავშვს შეახვევდა. ბავშვის მომყოლსა და სისხლიან ჩალას მიწაში ჩაფლავდა, ხოლო იქ მყოფ ქალებს პურის მარცვლებს ჩაუყრიდა ხელში, რომელსაც ისინი სამჯერ მუჭში გაატარებდნენ და დაილოცებოდნენ მშობიარეზე. ამის გაკეთება აუცილებელი იყო, სხვანაირად ქალებს საკურთხს არ დაადგმევინებდნენ აქაოდა უწმინდურიაო. ამის შემდეგ დედო-ფანია სამჯერ გადაატარებდა წყვილ კვარს ანთებული სანთლებით ბავშვს, ბავშვს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას დაანათლავდა, როცა სანთელი ჩაიწვებოდა კვარს დედას შეაჭმევდა. მშობლები ცდილობდნენ ბავშვს ცხოვრებისათვის სასარგებლო თვისებები გამოჰყოლოდა: ამ მიზნით მას სოციალური წარმომავლობის კვალობაზე ხელს შეავლებინებდნენ სამუშაო და საბრძოლო იარაღებზე აქაოდა კარგი მშრომელი ან მეომარი გამოვაო. ზოგიერთი ცდილობდა ბავშვი აღეჭურვა მისტიური წინასწარმეტყველების უნარით. ამ მიზნით მამლის ჯიღას (თიკს) გაკაწრავდნენ და სისხლიან ჯიღას ბავშვს ყურში გამოუსვამდნენ აქაოდა მამლის ლაპარაკს გაიგებსო („მუმულიშ ნარაგადას გეგონენსია“). მეგრული წარმოდგენით. მამალი წინასწარმეტყველური უნარით იყო აღჭურვილი და ვისაც მისი ენა ესმოდა. ადამიანის თვალისაგან დაფარულ ბევრ საიდუმლოს ჩასწვდებოდა. მათ შორის იმასაც ვინც მოკვდებოდა. სამეგრელოში ახლაც შეგხვდებთ მოხუცები, რომლებიც აცხადებენ რომ მამლების ენა ესმით.
დედო-ფანია წარმოადგენდა ადამიანის ბიოლოგიური ნაყოფიერების ღვთაების (ფალოსის -თ.ჯ.) კულტის მსახურს და ოჯახის ბუნებრივი კვლავწარმოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით მელოგინეს უტარებდა წარმართულ რიტუალს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით: „შქაში ნერჩი“ ან „ლუბაშ კვარი“. რაც დედო-ფანიას რწმენით წარმოადგენდა: მისი საიქიოში ცხონებისა და სააქაოში ხელგახსნილობის - ბებია-ქალის საქმიანობის წარმოების აუცილებელ პიობას, ხოლო ახლად დაბადებულისათვის ნაყოფიერების (უშვილობის თავიდან აცილების) პირობას, ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელი იყო და თუ მელოგინე ამ წესს ბავშვის დაბადებისთანავე არ შეასრულებდა, რიდით ან სხვა რაიმე მიზეზების გამო, შვილის უნაყოფობის შემთხევაში, დედა იძულებული ხდებოდა ეს რიტუალი ბავშვის დიდობისას შეესრულებინა. ამ მიზნით აცხობდნენ ოთხ კვარს, რომელსაც ზემოდან დაადებდნენ მამლის თავს, დედო-ფანია მას მელოგინეს ლაჯებს შორის სამჯერ გაუტარებდა და შესთხოვდა მაღლა ღმერთს და ქვემოთ ნაყოფიერების დედა ღვთაებას: „ჟინი ღორონთი დო თუდონი ნერჩი, მახოდალს ძალი მეჩი, ჩურს სახანათი მეჩი“. ბავშვის ოჯახი დედო-ფანიას შეძლებისდაგვარად ასაჩუქრებდა; ფულით, ტანსაცმლით და აუცილებლად პატიჟობდა ბავშვის ძეობაზე.
ახლად დაბადებულ ბავშვს თვემდე ზრდიდნენ ტეფიაში, ხოლო შემდეგ წლამდე აკვანში. ავი და ბოროტი ძალების დაფრთხობის მიზნით ბავშვს თავქვეშ ამოუდებდნენ მაკრატელს (ან რაიმე სხვა რკინის ნივთს), ხოლო აკვანზე ჩამოჰკიდებდნენ ავგაროზს, ჯვარს, ალის კბილს, თვალის მძივს და სხვა ჩვილ ბავშვს მაშინათვე აძლევდნენ კუდას, მაკის (მწვანედ გასვლა), საყარი (საყმაწვილო) წამლებს. ბავშვი სითბოში ჰყავდათ, სიგრილეს არიდებდნენ. თუ მდინარიდან შემცივნება ამოჰყვებოდა (დიჟამუდუ). იმავე მდინარიდან სამჯერ მოიტანდნენ წყალს. თუ ბიჭი იყო წყალს ნაჯახით აიღებდნენ თუ ქალი რაიმე რკინის ჭურჭლით და მწარე კვახში (ჭურა) ჩაასხამდნენ, შემდეგ კვახს ლანჭაზე ჩამოჰკიდებდნენ და იტყოდნენ: „ღორონთი თე ლახარა წყარი ცალო დასქირე“-ო, ხოლო ბავშვს შეულოცავდნენ; „აღალუ, ჩაღალუ, დიდა სქუა დოღალუ, მელე, მოლე ღალ უჩა, შქას უჩა, სელი სელია, სელი მეურს, სელი უჩა“ და შუბლზე ჯვრისებრად ნახშირს მოუსვამდნენ, ხოლო დანაყილ ნახშირს სახლის კართან დაყრუდნენ სულს შეუბერავდნენ, გაფანტავდნენ და იტყოდნენ: „ათაშ მედინაფედასია“ თუ ბავშვი ძილში კრთოდა - „გოლაფა“, მოშვებული და უღონო იყო, მიაჩნდათ რომ გათვალული იყო და მის თავს შეავედრებდნენ ალერტის წმინდა გიორგის, შეუთქვამდნენ შავ ქათამს, აკვანზე ჩამოჰკიდებდნენ ნათვალავის წამალს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა დაფქვილ-დანაყული: შველას (ძლოკის) თავი, მუხვის (თხუნელას) თათები და ხის წებო, ხოლო ბავშვს ნახშირს წაუსვამდნენ ჯვრისებრად და შეულოცავდნენ: „თვალისა, თვალისა, თვალიმანებლისა, უბადო შურით, უბადო გურით (გათვლილის სახელი) ინაჯინასჷნ თინა, ღართამიში რენო, კაბამიში რენო, ქომოლ კოჩიში რენო, ჭითა კოჩიში რენო ბორზალ-ლახვარი მაზაკვალს ქიგიაშქუნი დო (გათლილის - სახელი) ჯგირო ქჷდარინუ ღორონთქ. სუმოშ სუმ ხელუა გორჩქინუა ღორონთქ თე ხვამა სასარგებლო ქოჸუას“. ბავშვის დავადებათა შორის უმძიმესად ითველებოდა თუთაში. ხალხის რწმენით აღნიშნული დავადება თავს იჩენდა ახალ მთვარობაზე და ბავშვს შეიძლებოდა დამართვოდა სულ ცოტა სამჯერ დაავადება მწვავედ ვლინდებოდა: ბავშვს აბოდებდა, პირიდან დორბლი სდიოდა, გრძნობას კარგავდა, გული ერეოდა, სიცხეს აძლევდა. უწინარეს ყოვლისა, ბავშვს შემოაგლეჯდნენ ტანსაცმელს და დაწვავდნენ, ნეკა თითს მსუბუქად გაუკაწრავდნენ და სისხლიან თითს პირში გამოუსვამდნენ. შემდეგ შეულოცავდნენ და „მაჟღერია“ბალახეისაგან დამზადებულ წამალს დღეში რამდენჯერმე მისცემდნენ. ხალხური რწმენით თუ წამლის მიცემა მოესწრებოდა ღამის გასვლამდე (მთვარის გადასვლამდე) მიაჩნდათ, რომ ბავშვი ადვილად მორჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება გართულებოდა.
ნამშობიარევი ქალი თვის განმავლობაში მამაკაცებს არ ენახვებოდა, თავს არიდებდა. ერთი თვის შემდეგ მელოგინე იხდიდა „გალენიშ ორთა“-ს. დაიკლებოდა საკლავი, ვაჟზე მამალი ციკანი, ქალზე დედალი და დაილოცებოდნენ: : „გალენიში ორთა დიდებული დო სახელ ხვამილი დიდას ტანსიმთელე ქემეჩი, ბაღანას ჯგირობუა დო რდუალა“-ო.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ინაათლებოდა ეკლესიაში ან მარანში. მღვდელი არქმევდა საეკლესიო სახელს, ხოლო შიანურობაში მას არქმევდნენ მეგრულ სახელს დღემდე შემორჩენილია შემდეგი სახელები:
ვაჟები: გულო, გუჯუ, გუტი, გოჩა, კოკია, კიკოია, ბახუ, საბა, პეხუ, უჩანა, უტუნა, ბეკო, ბოჩია, ჯოტი, ბურდა, ჯონდი, ტოჩი, შახი, ჭიგვა, გუჯა, გურიკა, გურკოჩა, ტიტე, გონერი, მაძინია, ხვიჩა და სხვა.
ქალები: ელისა, მაია, თათია, დოდო, ცირა, მაკა, მუხია, სუსანა, ხიმური, როდა და სხვა.

ლიტ: თამაზ ჯოლოხავა „მეგრული ადათ-წესები“ თბ. 2004წ. გვ.103-117
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი