უკან დაბრუნება
განცხადებები
საცხოვრებელი სახლების ფორმები
8-07-2016, 19:52
ნანახია: 1718
გაუზიარე სტატია მეგობარს


მეგრელი კაცის კარმიდამოს მშვენება იყო მაღალი ოსტატური გემოვნებით ნაგები, დანიშნულების მიხედვით განლაგებული საცხოვრებელი თუ სხვა სამეურნეო ნაგებობანი. მათ შორის თვალსაჩინო ადგილას იდგა ოდა სახლი, რასაც ადგილობრივ „მაქდორა“-ს ეძახიან. ეტყობა ოდას, ასე გავრცელებულ ტერმინს ადრე წინ უსწრებდა ადგილობრივი მნიშვნელობის ტერმინი. „მაქდორა“-ს აღწერილობა თითქმის ემთხვევა ოდას სტრუქტურულ -არქიტექტურულ შედგენილობას. ოდა სახლი ან მაქდორა სასტუმრო სახლია. სადაც სტუმარს მოასვენებდნენ ხოლმე, იგი ხშირად ორთვლიანია, ორი ფანჯრით და ერთი გარეთა კარით. ნაგებობა სუფთად გამოყვანილი ფიცრებისაგან არის ნაგები. აქვს ხარატული რიკულები და სვეტებს შორის ხარატული თაღედები. სასტუმრო ოთახში არის ბუხარი. გვიან ოდა უფრო გამრავალფეროვანდა, სამი -ოთხი ოთახის გამოყოფა დაიწყეს. კედლების საგები ფიცარი ბოყვაში ჩასვეს. თუ თავდაპირველად ისლით ხურავდნენ, გვიან ყავრით გადახურვა დაიწყეს. უფრო გვიან კრამიტითაც დახურეს. თუ თავდაპირველად მაქინდორას სასტუმროდ აგებდნენ, შემდეგ ოდაში ერთი თვალი სასტუმროდ გამოყვეს, დანარჩენი თვითონ დაიდეს ბინა. ოთახებსაც დანიშნულება მიუყენეს. დიდ დარბაზში მისაღები მოაწყვეს, მის უკან სასადილო ოთახია, ხოლო გვერდებზე უფრო სასტუმრო სასვენი ოთახია, ორ შედარებით უკანა და მცირე ოთახებში თვითონ ცხოვრობენ.

საცხოვრებელი სახლების ფორმები

ოდას გვერდში არის სამზადი სახლი, იგი ან ფაცხაა,ან პიტაფიცარა, ან ჯარგვალა. ერთ თვალიანია და უკან „მოდგმული“ აქვს საქონლისათვის, გადახურულია ისლით. შუა კერაზე ცეცხლი ანთია. არის დახერხილი და სათანადოდ დამუშავებული ფიცრისააგან ნაგები ტანიში ჸუდე (ტანის სახლი). იგი ერთ ოთხფრთიან სახურავ ქვეშ მოწყობილი, განივ სახლია ორი თვალით, შუაში საკმაოდ ვრცელი ღიობით. ცალცალკე გვერდითი ოთახები საძმო საცხოვრისია, ხოლო შუა ღიობი კერიის მოსაწყობი, საერთო კომუნალური დანიშნულებისაა. ეზოში არის სასიმინდე (მაღაზა), და მაგარ ბოძზე შეყენებული. ოთხკუთხა ნაგებობა, ორფრთიანი სახურავით, სიმინდის შესატანად და გასახმობად.
სამზად სახლს გარდა ფაცხისა, აგებდნენ პიტაფიცარასაც. ხელით დათლილი მოკლე ფიცრები ხშირ ბოყვებშია ჩაწყობილი. ასეთ სახლს ხშირად ყავრითაც ხურავდნენ. მას უფრო სამზადად და მუდმივ საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ასეთივე იყო ჯარგვალაც. იგი ან საცხოვრებლად ან მარანის მოსაწყობად გამოიყენებოდა.


ჩვენ ახლახან დავამოწმეთ გალში, ხობში, ზღვისპირა სოფლებში „ათაბოგი“-ს არსებობა, ამაზე გვიამბო ბესარიონ ქებურიამ, დიდად განათლებულმა მოღვაწემ, პედაგოგმა, ჟურნალისტმა, იონა მეუნარგიას სახლ მუზეუმის შემქმნელმა, ფოლკლორისტმა, გვაჩვენა კიდევ ეს ეგზემპლიარი. იგი ოთხ მაღალ ბოძებზე მდგარი, ერთ საკმაოდ მოზრდილი ჯარგვალა ან პიტაფიცარა სახლია. ბოძების სიმაღლეზე ასვლა ხდება ხვეული კიბით, რაც ადგილობრივი ხელოსნების მიერ ხისგანაა დამზადებული. ათაბოგის სიმაღლე საფუძვლიდან ოთახის იატაკამდე ხშირად 5-6 მეტრზე მეტი იყო. აქ ამ ადგილებში მცხოვრებ მოსახლის ოჯახი ღამე ადიოდა დასაძინებლად. ჭაობიან ადგილებში კოღოები თავს აბეზრებდა და არ აძინებდა ქოხებში ხალხს. ამიტომ ათაბოგს მართავდნენ საცხოვრებლად. ეს ძალიან საინტერესო საცხოვრებელი სახლის უძველესი ფორმაა.

გივი ელიავა „ეთნოგრაფიული სამეგრელო“ მარტვილი. 1989 წელი გვ.8-10
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი