უკან დაბრუნება
განცხადებები
რას ნიშნავს ნახარებუ
13-05-2020, 21:03
ნანახია: 2225
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

სოფელი ნახარებუ ნოღელას ნამდინარევ ველზე მდებარეობს. იგი მარტვილისაგან მცირე სერითაა გამოყოფილი. ტოპონიმის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს - გ.ელიავას ჩაუწერია: „ ... თითქოს, ანდრია მოციქულის მიერ მუხის მოჭრა და წარმართობის დამარცხება ქრისტეს მოციქულებმა აქ ახარეს ხალხს, ამიტომ ადგილს ნახარებაო დაერქვაო“ (იხ. გ.ელიავა, ჭყონდიდი - მარტვილი უძველესი ქართული საგანმათებლო კერა (მეგზური), თბ., 1969, გვ26). სხვა წყაროდან. „როდესაც ქრისტიანებმა კერპი (ჭყონი) მოჭრეს და წარმართი ქურუმები განდევნეს თუ ამოხოცეს, აქ ამ ადგილას, მახარობელი შეხვედრია დედას, რომელსაც კერპისათვის შესაწირად მიჰყავდა თავისი ერთადერთი შვილი და უხარებია, რომ კერპი უკვე აღარ არსებობს, შვილის მსხვერპლად შეწირვა არ მოუწევს. აქვე უქადაგნია და ახალი რელიგიის - ქრისტიანობის გამარჯვება უხარებია ხალხისათვის“ (მისივე, აბაშისა და გეგეჭკორის რაიონის ტოპონიმიკა, თბ. 1977, გვ.103).
მწერალი აკაკი გაწერელია თავის მემუარებში, ტოპონიმ „ნახარებუს“, ამ სოფელში ხარების ეკლესიის არსებობას უკავშირებს. „ჩემს მშობლიურ სოფელ ნახარებაოს, - წერს იგი, - თავისი ეკლესია ჰქონდა XVIII საუკუნის მიწურულს; სანამ მარტვილის ეპისკოპოსი ანტონ ჭყონდიდელ - ცაგარელი ააშენებდა ამ ეკლესიას, ჩვენი სოფელი მარტვილის ნაწილს შეადგენდა. ანტონის მიერ აგებულ პატარა, აჟურულ - ეკლესიას, ჩანს, ხარების (იხ.საეკლესიო კალენდარი) საყდარი ეწოდა. მისის აშენების შემდგომ მეზობელ მხარეს ამიტომ დაერქვა ნახარებაო. ეკლესია ამჟამად ნახევრად დანგრეულია“ (რეზო კვესელავა -„აღსდგა მკვრეთით!.. „ჩვენ“, I-II, 1999, გვ.26).
ტოპონიმი „ნახარებუ“, ჩემი აზრით, ხარებავების გვარის ნასახლარს ნიშნავს და ისეთივე წარმომავლობისაა, როგორიც - ნაგიბერუ (გიგიბერიების ნასახლარი), ნაგვაზუ (გვაზავების ნასახლარი), ნაჯახუ (ჯახუების ნასახლარი), ნაჩილაჩუ (ჩილაჩავების ნასახლარი) და ა.შ.
ნა-ო და ნა-უ პრეფიქს-სუფიქსით ნაწარმოები ტოპონიმები ნასახლარი ადგილების, მოვლენისა და ფაქტის წარსულში არსებული მდგომარეობის მაჩვენებლები არიან: მაგალითად, ნააბანუ (ნააბანოვარი; ადგილი, სადაც წინათ აბანო იყო მოწყობილი), ნაანგურუ (ნააგურალი), ნაბინეხუ (ნავენახარი), ნაოხვამუ (ნაეკლესიარი), ნახაჯუ (ნაცერცვალი; ადგილი, სადაც „ხაჯს“ - ცერცვს თესავდნენ), ნაჯარგვალუ (ნაჯარგვალევი, ადგილი, სადაც ჯარგვალის ტიპის სახლი იდგა), ნაჯიხუ (ნაციხარი) და ა.შ.
ამდენად, მას არანაირი საერთო არა აქვს სიტყვა „ხარებასთან“. მაშინ სოფელს „გჷნახარი“, ან „ნახარეფი“ უნდა რქმევოდა და არა „ნახარებუ“. მათ შორის კავშირის ძებნა კი გამართლებული არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ფონეტიკური თვალსაზრისითაც განსხვავებული სიტყვებია. რაც შეეხება მწერალ აკაკი გაწერელიას მოსაზრებას, ვერც მას გავიზიარებთ, იმ გარემოების გამო, რომ წმინდა ანტონის (ცაგარელ, ჭყონდიდელის) მიერ აგებული ეკლესია ხარებისა კი არა, წმ.გიორგის სახელს ატარებდა და ატარებს დღესაც.
გაზეთი „მახარია“ №7 2002 წელი. გვ.7

წყარო : samegrelo.borbonchia.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი