უკან დაბრუნება
განცხადებები
წაჩხურუ
13-05-2020, 21:03
ნანახია: 1861
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

წაჩხურუ - („საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის“ მიხედვით წაჩხური) - სოფელი სალხინოს თემში, ზ.დ. 300მ. ცნობილია საინტერესო ისტორიული ძეგლით-მთავარანგელოზთა ეკლესიით. მოხსენიებულია XVIIს. დათარიღებულ რატიანთა სიგელში, რაც გამოაქვეყნა აკად. ექვთიმე თაყაიშვილმა (გაზ. „ივერია“, 1891; თაყაიშვილი, 1913-1914:75-77). მანვე შემოგვინახა წაჩხურუს ეკლესიის ხატის აღწერილობაც (თაყაიშვილი, 1913-1914:77). წაჩხურუში, ყოველწლიურად, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება დღესასწაული ,,წაჩხურობა», სადაც სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან დიდძალი ხალხი იყრის თავს. ეს ადგილი მოსკეს, მოსქეს - ნაყოფიერებისა და ოჯახის მფარველი წარმართული ღვთაების სალოცავი ყოფილა. ქრისტიანული ტაძრის აგებამდე აქ ბომონი- წარმართთა სალოცავი მდგარა, სადაც წარმართული ხვამა „ლოცვა“ აღევლინებოდა. მოსკე, მოსქე იგივე მეძევეა, შვილის მომცემი, ძეობის გამგრძელებელ-მწყალობელი. ქალი, ვისაც შვილი არ ჰყავს, ან ქალიშვილი შეეძინა და ვაჟი არ უჩნდება, ფეხშიშველა ადის „მოსკე წაჩხურუში“ და თან მიაქვს მინიატურული აკვანი. გადმოცემით, წაჩხურუს სწირავდნენ ვერცხლით ნაჭედ აკვნებს და შვილის გაჩენას შესთხოვდნენ (ჭანტურია, 1982:.212). ხატს სწირავდნენ აგრეთვე ცხვარს, მამალს, ფულს და წმინდა სანთლებს.
ო. ხუხუას მოსაზრებით, მდ. წაჩხურას თვისება - ცივწყლიანობა და მასში განბანვა ასოცირდებოდა შვილიანობასთან, მოდგმის გაგრძელებასთან. „წაჩხურას წყალში განბანილს - მამაცსა და ჯანმრთელს, შვილიც მამაცი და ჯანმრთელი ეყოლებოდა... სიჯანსაღისა და სიკეთის მომნიჭებელი წაჩხურა თანდათან სალოცავად იქცა, ფალოსის ღვთაებრივ ატრიბუტად“ (ხუხუა, 1981:85).
კომონიმი „წაჩხურუ“ ორი საზოგადო სიტყვის - წყარი-სა და ჩხურუ-ს შეერთებითაა მიღებული და ნიშნავს „ცივწყალას“. სახელწოდებაში მსაზღვრელ - საზღვრულის (სიტყვათშეერთების) პრეპოზიციური წყობა მიუთითებს ოიკონიმის არქაულობაზე (წაჩხურუს შესახებ იხ.: კეკელია, 2005:.2; კეკელია, 2003:.2). ო. ხუხუა მიიჩნევს, რომ წაჩხურა//წაჩხურუ უნდა ითარგმნოს როგორც „წყალი-სიცივე“ (და არა „ცივი წყალი“), ვინაიდან „ცივი წყალი“ ზედმიწევნით ვერ გამოხატავს მდინარის თვისებებსო (ხუხუა, 1980).
გოგილო და დემურ ბასილაიები არ იზიარებენ მდინარის სახელწოდება „წაჩხურუს“ „ცივწყალად“ განმარტებას. მათი არგუმენტი ასეთია: „წყალცივის“ შესატყვისი მეგრულში „წყარ-რგილია“ და არა „წყარ-ჩხურუ“. ავტორთა მიერ ჩაწერილი გადმოცემა მდინარის სახელწოდებას უკავშირებს მეგრულ „რჩხვიას“, რაც წივილ-კივილს აღნიშნავს, და დაასკვნიან, რომ წაჩხურას უწინდელი სახელი უნდა ყოფილიყო წაჩხვია, წყარ-რჩხვია. ავტორები ფიქრობენ, რომ სახელწოდება მდინარის დინებას, ხმიანობას გამოხატავს, ე.ი. წყარ-რჩხვია „წივილ-კივილით, ხმაურით მომდინარე“ (ბასილაია, 2008:22) გ. და დ. ბასილაიები აღნიშნავენ, რომ ოიკონიმ წაჩხურუს საერთო არა აქვს ცივწყლიანობასთან, ვინაიდან, მათი დაკვირვებით, ოიკონიმის ერთ-ერთი კომპონენტი, მეგრული „ჩხურუ“ ამინდის მდგომარეობის - სიცივის გამომხატველი სიტყვაა და სხვა გადატანითი მნიშვნელობა მას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ „წაჩხურუ“ უნდა წარმოქმნილიყო სანწალე ჩხურუ-დან, რაც „მწარე (საშინელ) სიცივეს; ყინვას, სუსხს“ ნიშნავს. სვანეთიდან გამოქცეული და წაჩხურუს ეკლესიის ფერდობზე დასახლებული გულედანის გვარისკაცი სანწალე ჩხურუს (მკაცრ სიცივეს) ძლიერ შეუწუხებია და იძულებული გამხდარა, რომ ლეგულორდავეში დასახლებულიყოო,- ასეთია ოიკონიმისა და ჰიდრონიმის ავტორებისეული განმარტება. ოიკონიმი წაჩხურუ კომპოზიტია, სადაც წა იგივეა რაც წ(ყ)ა(რი) „წყალი“ (შდრ.: ტოპონიმები: წაკურთხია-მორევი ნოღელა ზე, ნაგებერუში; წაკურთხიაშ წყარი-წყარო აგუბედიაში, ბედიის მონასტერთან; წახარება - ღელე გულუხეთში; სინწა - მდინარე; წარჩე „თეთრი წყალი“ - სოფელი სამურზაყანოში და ა.შ.). რაც შეეხება მეორე კომპონენტს - ჩხურუ „სიცივე“, ეს სიტყვა იკვეთება ოიკონიმ ,,ინჩხურის» მაგალითზეც, რა თქმა უნდა, თუკი დავუშვებთ ამ უკანასკნელის ,,ყინულივით ცივი მდინარის» გააზრების შესაძლებლობას.
სოფლის სახელწოდების ხალხური ეტიმოლოგია: 1. ცაშხური - ცააშ შხური „ცაავას ცხვარი“ (ცაავა გვარია); 2. ცაშხური „ზეციური ცხვარი, მსხვერპლად შესაწირი“. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი