უკან დაბრუნება
განცხადებები
სერგიეთი
24-08-2016, 07:58
ნანახია: 1455
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

სერგიეთი - (ადგ. არაოფიციალური ვარიანტი სერგიათი) აბაშისა და ტარჩენის ხეობებში, ზ.დ. 130 მ-ზე მდებარეობს. ინფორმანტ პროკოფი სურმავასგან გ.ელიავას მიერ ჩაწერილი გადმოცემა გვიამბობს, რომ ეს სოფელი სახელგანთქმული კაცის - სერგიას დიდი ოჯახის ნასახლარია (ელიავა, 1977:95).
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სოფლისთვის სერგი ართი, სერგიათი სამეგრელოს მთავარს გამორჩეული ვაჟკაცისა და მეომრის - სერგი ჩახავას პატივსაცემად შეურქმევია, რომელიც თურქებთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპულა (ელიავა, 1996:92-93).
სერგია გვარიცაა და სახელიც. სასერგიო ეწოდება უბნებს ციზეთსა (სენაკის მუნიციპ.) და ხამისკურში (ხობის მუნიციპ.). მცირერიცხოვანი გვარია. სერგიები ცხოვრობენ აგრეთვე საჯიჯაოში, ხეთაში, ნოჯიხევში, ხობში, ხორშსა და სხვაგან (ცხადაია, 2000:126). გვარი მოხსენიებულია 1569 წლის შეწირულების წინგში, საიდანაც ირკვევა, რომ კაკულიაი სერგია ხობის ღმრთისმშობლისთვის შეწირული ყმაა (ქსძ, 1970:275). 1616-1621 წლებით დათარიღებულ „საცაიშლო დავთარში“ ჩამოთვლილია ცაიშში მცხოვრები საეკლესიო გლეხები - მასხულია სერგია, ხუხული სერგია, ჯგევშია სერგია, გეგელია სერგია, ხუხულია სერგია, გვანობა სერგია და სხვანი (ქსძ, 1970:440, 442-443, 453).
პროფ. ა. ღლონტი მიუთითებს საკუთარ სახელებს - სერგეს, სერგის, სერგიას, სერგილდს (სვან.), სერგისს და სერგოს (ღლონტი, 1986:187). ა. ჭანტურიას წიგნში დასახელებულია მეგრული სახელები - სერგე, სერგი, სერგია და სერგიე (ჭანტურია, 2006:600). ი. მაისურაძეს სერგიეთი სერგიას გვარით დასახლებულ სოფლად მიაჩნია (მაისურაძე, 1990:146). შდრ. სერგიაფონი - მარჩხობი, ფონი აბაშაზე (სერგიეთი).
ოიკონიმ „სერგიათის“ მოტივაციაზე მსჯელობისას ორივე ვარიანტი - გვარის ან სახელისგან სოფლის სახელწოდების წარმომავლობა, დასაშვებად მიგვაჩნია („თი“ ბოლოკიდურიანი ტოპონიმების შესახებ იხ.: ელიავა, 1972; კეკელია, 2009:415-435) . скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი