უკან დაბრუნება
განცხადებები
ლეხაინდრავო
24-08-2016, 07:49
ნანახია: 1679
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია

ლეხაინდრავო - ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია (ლ)ეხაინდრე. თემის საკრებულოში სამი სოფელი შედის - ლეხაინდრავო, ნოჯიხევი და სტეფასდაბალი. სოფელი მდებარეობს ზ.დ. 114 მ., ნოღელისა და ცხენისწყლის ხეობებში. რუსეთის იმპერიის მიერ 1886 წელს ჩატარებულ საკომლო აღწერის ცნობარზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ლეხაინდრავო-ონოღიის სოფლის საზოგადოება ერთ-ერთი მოზრდილი დასახლება იყო ნოქალაქევის საპოლიციო უბანში, სადაც შედიოდა ოთხი სოფელი-ლეხაინდრავო, ნაგიბეროვო, ნაჯახოვო და ონოღია (სულ 696 კომლითა და 4669 სულით). საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ შეიქმნა ლეხაინდრაო-ონოღიის სასოფლო საბჭო, რომელიც აერთიანებდა ოთხ სოფელს - ლეხაინდრაოს, ნაგიბეროვოს, ნაჯახოვოს, ნოჯიხევს და ონოღიას. ამ სახით სასოფლო საბჭო სენაკის მაზრის მარტვილის რაიონში შედიოდა.
XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის - ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე, ცხენისწყლის პირას აღნიშნულია პუნქტი ლეხაინა-ს სახელწოდებით. ვახუშტისეული „ლეხაინა“ ფორმითაც და რუკაზე მოცემული ადგილმდებარეობითაც დღევანდელ ლეხაინდრეს შეესაბამება.
XVII საუკუნის მოგზაური არქანჯელო ლამბერტი რუკაზე ცხენისწყლის ნაპირას აღნიშნავს პუნქტს ლეხორის ფორმით. მკვლევარი შ. ჯღარკავა მიიჩნევდა, რომ „ლეხორი დღევანდელი ლეხაინდრაოა“ (ჯღარკავა, 1970:230. ხელნაბეჭდი). სენაკის მაზრის უფროსი კორნელი ბოროზდინი წერს: „ცხენისწყლის პირას მდებარე, ფაღავების საყმო სოფლები-ლეხაინდრო და ნაგვაზუ ადამიანს გააოცებდა. აქ არაფერსა სთესდნენ: არც პურს, არც სიმინდს და სოფლელებს კი არაფერი აკლდათ...“ (ბოროზდინი, 1934:250).
ხაინდრავების მიერ 1770 წელს ხონის მთავარეპისკოპოს მაქსიმესადმი მიცემულ პირობის წიგნში დასტურდება „მოწმე სულ ერთობით სახაინდრაო“ (კაკაბაძე, 1921:175).
სოფლის სახელწოდებისა და თვით სოფლის შესახებ საინტერესო გადმოცემა ჩაგვაწერინა მკვლევარმა შალვა ჯღარკავამ, რომელიც გასული საუკუნის სამოციან წლებში ლეხაინდრავოელ პედაგოგ პოლიკარპე ლავრენტის ძე ხაინდრავასგან მოუსმენია: ,,ოდესღაც აზნაურთა ორ გვარს-კორძაიებსა და ხაინდრავებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა. კორძაიებს ხაინდრავები დაუბეზღებიათ სამეგრელოს მთავართან, როგორც მთავრის მოღალატენი. განრისხებულ მთავარს ხაინდრავები ამოუჟლეტია. ხოცვა-ჟლეტას გადარჩენია ხაინდრავას ერთი რძალი, რომელიც
ამ დროს იმერეთში ყოფილა, მშობლების სახლში. ქალი ორსულად იყო და ვაჟიშვილი შეძენია. ხაინდრავას ძე კარგი ვაჟკაცი დამდგარა, რომელსაც ერთხელ თავი უსახელებია იმერეთის მეფის კარზე. მეფესთან სტუმრად მყოფ სამეგრელოს მთავარს ეს შეუნიშნავს და მისი ვინაობა უკითხავს. როცა გაუგია მისი თავგადასავალი და ისიც, რომ ხაინდრავები უდანაშაულონი ყოფილან, ხაინდრავას ვაჟისთვის ცხენისწყლის პირას მამულები უბოძებია. ხაინდრავა ჯორზე შეუსვამს მთავარს და უთქვამს - რასაც ამ ჯორით მზის ჩასვლამდე შემოივლი, შენი იყოსო. მაშინ ეს ადგილები გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, მაგრამ ხაინდრავას მაინც მოუსწრია ვრცელი ტერიტორიის შემოვლა აბაშასა და ცხენისწყალს შუა. აქ დასახლებულა და გამრავლებულა. სოფელსაც გვარის მიხედვით ლეხაინდრე შეერქვა“. კ. ბოროზდინის თქმით, ხაინდრავები სათავადო აზნაურები ყოფილან (ბოროზდინი, 1934:257).
(ლ)ეხაინდრე უწინ სოფლის ერთ პატარა უბანს ერქვა, სადაც ხაინდრავები სახლობდნენ. კომლთა რაოდენობით დღეს ხაინდრავებს ამ სოფელში დანელიები ბევრად ჭარბობენ, მაგრამ სოფლის ტრადიციული სახელწოდება ლეხაინდრე მაინც უცვლელი დარჩა (ცხადაია, 2000:167). XX საუკუნის დამდეგს ხაინდრავებს უცხოვრიათ ნახუნაოში, სადაც ისკიას მარჯვენა შენაკადს საჭილაოში დღესაც ეწოდება ხაინდური. სახელდების მოტივი: ხაინდრავა ფლობდა მიწებს ღელისპირებში.
XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნეში, როგორც ჩანს, სათავადო აზნაურთა - ხაინდრავების (ადგ. გამოთქმით ხაინდრაა) მფლობელობაში არსებული მამული „სახაინდრაოდ“ იწოდებოდა. შდრ.: სახაინდრავო-უბანი ნაკალწყარსა და სკურჩეს შუა, დიდ ნეძში (ზუგდიდის მუნიციპ.). ივანდიდელი ხაინდრავების ძირის სალოცავი ნაჯახუს მთავარანგელოზთა ეკლესიაში ყოფილა. პ. ცხადაიას დაკვირვებით, ლეხაინდრა(ვ)ოს მაგალითზე ლე- პრეფიქსთან ერთადერთ შემთხვევაში ფიქსირდება -ო სუფიქსი, რომელიც სა- -ო და ნა- -ო კონფიქსებისეული -ო -ს გავლენით (ანალოგიით) უნდა გაჩენილიყო, სა-ბერულავ-ოს, ნა-გვაზავ-ოს და სხვა- თა მსგავსად (ცხადაია, 1985:154). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი