უკან დაბრუნება
განცხადებები
ბალდა
24-08-2016, 05:28
ნანახია: 1239
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბალდა- ”საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” მიხედვით ბალდა სოფლების_ პირველი ბალდის, მეორე ბალდისა და მესამე ბალდის გავრცელებული სახელწოდებაა (1987,გვ. 22). ბარდა ადგილობრივი და უწინდელი ვარიანტია. სოფელი მდ. აბაშის ორივე ნაპირზე მდებარეობს და გაჭედილის თემში შედის.
ბალდაში დგას ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ეკლესია, რაც აღნიშნულია 1737 წელს შედგენილ ,,ლიხთ_იმერეთის” რუკაზე. სოფელი ,,ბარდა” მოხსენიებულია აგრეთვე იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ნაშრომში(1962, გვ. 323).1871 წლის ,,აღწერის” მიხედვით ბალდაში მამულებს ფლობდნენ შხეფელი დადიანები(იხ. ზსიემ, მთავრის ფონდი, #6494/18; ჯღარკავა,1970, გვ.223).1904 წლის აღწერის თანახმად ამ სოფელში უცხოვრიათ აზნაურ შავდიებს.
მკვლევარ ო. ხუხუას მოსაზრებით ოიკონიმ ,,ბარდაში” უნდა გამოიყოს ბარ-ელემენტი, რაც ადამიანის (გვარის, ტომის მეთაურის) ან ადგილობრივი ღვთაების სახელად მიაჩნია და იქვე აღნიშნავს, რომ ოიკონიმის უწინდელი ფორმა ბართა//ბარათი ან ბათა//ბათი უნდა ყოფილიყო, სადაც ბა-//ბარ- გვარის სამკვიდროს, გვარის შთამომავლის აღმნიშვნელია, ხოლო თი ,,ოჯახის, სახლის, სახლობის” აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეული. მაშასადამე, ო. ხუხუას აზრით, ბარდა ანუ ბართა//ბართი უნდა განიმარტოს, როგორც ,,ბას ოჯახი, ბას სამკვიდრო, სამფლობელო”.
იგივე ავტორი სხვა ნაშრომში აღნიშნავს, რომ სოფლის სახელწოდება ,,ბარდა”-ს ფუძედ უნდა დასდებოდა ანთროპონიმები-ბარდა, ბარდოსი, ბარდავი(ხუხუა,,,მარტვილი”, #8,2009,გვ.6).
განსხვავებული მოსაზრება წამოაყენა პროფ. ო. ქაჯაიამ. მისი განმარტებით მარტვილის რაიონში მდებარე მთისა და სოფლის სახელწოდების -ბალდა//ბარდა-ს ამოსავალია ბალა, რაც მეგრულში ,,ბორცვს” აღნიშნავს. მეცნიერის ვარაუდით ბალა-დიდი იგივე ,,ბორცვი დიდია”, ვინაიდან ,,ლდ>რდ ჩვეულებრივი მოვლენაა მეგრულში”(ქაჯაია, IV, 2009, გვ.44).
ოიკონიმის ეტიმოლოგიის შესახებ ორი გადმოცემა არსებობს: 1.,,მტრის შემოსევისას სოფლის მოსახლეობას საეკლესიო სიწმინდეები-წიგნები და ჯვარ-ხატები ეკალ_ბარდებში გადაუმალავს. ტაძარში ლოცვა რადგან საშიში იყო, მტრისგან დაფარულად ლოცულობდნენ, ჩუმად, ბარდებთან დაჩოქილნი”; 2. ,,ლეჩხუმში ხატი მოუპარავთ და იქ დაუსვენებიათ,სადაც დღეს ბალდის ღვთისმშობლის ეკლესია დგას. ლეჩხუმელებს ხატი დაუბრუნებიათ. მეორედაც მოუპარავთ ხატი და ბარდში გადაუმალავთ. მდევრებს ხატის ადგილსამყოფელისთვის მაინც მიუგნიათ, მაგრამ ახლოს მისვლა ვერავის გაუბედავს, რადგან ხატთან ნათლის სვეტი ყოფილა აღმართული. უფიქრიათ,ამ ხატის ადგილი აქ, ამ ბარდში ყოფილაო და უკან გაბრუნებულან. ღვთისმშობლის ტაძარი სწორედ იქაა აგებული, სადაც ბარდში გადამალული ხატი ესვენაო”(იხ.კეკელია, ბჟალავა, ,,ქო”, IV,2010,გვ.113-114). როგორც ვხედავთ, ორივე გადმოცემა სოფლის ეტიმოლოგიას მცენარის სახელწოდებას უკავშირებს.
ბარდს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე მნიშვნელობა შეუძენია. სულხან-საბას განმარტებით, ბარდნალი ბარდებხშირია(1928,გვ.35), ხოლო შებარდული იგივეა რაც ,,ბარდით შეფარული”(იქვე,390). ქეგლ-ის განმარტებით ბარდი ბუჩქების ან ბალახეული მცენარის ერთმანეთში გართხმულ-გადახლართული ღეროებია,ხოლო ეკალ-ბარდი//ბარდ-ეკალი იგივეა, რაც ერთმანეთში გადახლართული ეკლიანი მცენარეები. იმერეთში,რაჭაში, გურიასა და აჭარაში ვაზის, კვახისა და მისთანათა ღეროებსა და ფოთლებს ბარდს ეძახიან. გურიაში ბარდი ეკლიანი მცენარეა, ეკალ-ბარდია, ხოლო ა. მაყაშვილის მიხედვით ბარდი იგივე მაყვალია( იხ. ღლონტი, 1984, გვ. 59.) მთიულეთსა და გუდამაყარში ბარდალას ეძახიან ,,ბარდნარს, შამბს”; ა. მაყაშვილს მიაჩნდა, რომ ბარდალა მინდვრის ბარდაა,ხანდურია. გურიაში ბარდის პარალელურად ხმარობენ ბარდაყვავილს, ხოლო ფშავში გაუვალ, ეკლიან ჯაგს ბარდო ეწოდება (ღლონტი, იქვე, გვ.59.) გურიაში მაყვლის ერთ სახეს, რაც ბუჩქად იზრდება და ტოტები მიწაზე ერთმანეთში აქვს გადახლართული, ბარდმაყვალას უწოდებენ(იხ. ჯაჯანიძე, 1977,გვ.69). მეგრულში ბარდი, ბარდვი, ბარდუ ჰქვია ეკალ-ბარდს, ჯაგნარს.
ქართველურ ენა-კილოებში ბარდ- ფუძის ფონეტიკური ვარიანტია ბურდ-. ამ ფორმების ძირითადი სემანტიკაა ერთმანეთში გადახლართვა, არევა(იხ. დადიანი,ქაცარავა, ,,ქმ”, IX,2005 გვ.120,121).
გ. ელიავას განმარტებით, სოფლის სახელწოდება ბარდა იგივეა, რაც ,,ბარდნარი, ეკალ-ღიჭისა და მაყვლიანის ბარდნარი”(ელიავა,1977, გვ.129).ასეთივე წარმომავლობისაა ტოპონიმი ,,ბარდონა”_1. ბარდნალი ეკეკეეში,გახუშ წყურგილთან(ბანძა);2.საძოვარი აბაშის მარცხენა მხარეს, ლევახანეში, ტურეშის სამხრეთით(ბანძა)(იხ.კეკელია,2007,გვ.15). ბარდვი, ,ბარდი” ეწოდება ბარდნალს საპაპასკუოში (ქვემო ბარღების თემი, გალის რაიონი)…... კურორტ ლებარდეს სახელწოდებაც ეკალ-ბარდთანაა დაკავშირებული(ლე-სვანური პრეფიქსია).
სავარაუდოდ, ბარდა უნდა უკავშირდებოდეს მცენარის სახელწოდებას(იხ. კეკელია,ბჟალავა,,,ქო”,IV,2010,გვ.114). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი