მართალი ხალხის ამბავი » სამეგრელო
რეკლამა

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

» » მართალი ხალხის ამბავი


მართალი ხალხის ამბავი

როდიონ ქორქია

მართალი ხალხის ამბავი ჭალადიდი რიონისპირა სოფელია ფოთის აღმოსავლეთით. აქ 1803 წელს დაიდო მეგობრობის ტრაქტატი რუსეთ-სამეგრელოს შორის, რითაც სამეგრელოში შენელდა თურქეთის შიში, თუმცა ფოთი ისევ თურქების ხელში იყო.
ფოთი თურქებმა პირველად 1725 წელს მიიტაცეს, დიდი ციხე ააგეს, შიგ გარნიზონი დააყენეს და ფაშა დასვეს. მთელი მე-18 საუკუნე აწვალებდნენ თურქეთის ფაშები ფოთს და სამეგრელოს. იტაცებდნენ ბავშვებს და ყოველ წელიწადს ათასობით გოგ-ბიჭები გაჰყავდათ თურქეთში ტყვედ. იბრძოდა ჩვენი ხალხი იღვრებოდა სისხლი და დედების ცრემლი. მაგრამ ბოლო არ უჩანდა უბედურებას. ასე იყო 1809 წლამდე. ამ წელს რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა ფოთი დალაშქრა და თურქები გარეკა. ფოთის ციხეში რუსის გარნიზონი ჩადგა. ფოთის განთავისუფლების ამბავი მერცხალივით მოფრინდა ჭალადიდში. ყველა ოჯახს დაუარა გაახარა სოფელი. ატყდა ზარის რეკვა, დაკრეს ბუკი და პარაკლისი გადაიხადეს.
„მადლობა ღმერთს! დღეიდან არ მოგვტაცებენ შვილებს, უშიშრად ვიმუშავებთ ყანებში. შევალთ ტყეში სანადიროდ დაილოცოს განმათავისუფლებლის მარჯვენაო, ღაღადებდა ხალხი.
მიდიოდნენ ერთმანეთთან მოსაკითხად, მოსალოცად. ხალხმა იგრძნო, რომ ახალი ცხოვრება იწყებოდა მალე ფოთიდან ახალი სასიხარულო ცნობა მოვიდა. რუსის ჯარი თავის სადგომში ბრუნდება, ჭალადიდში გამოივლის და საბაჟოში დაისვენებსო. ჭალადიდის პატარა სოფელია საბაჟო, სწორედ აქ დაიდო ტრაქტატი 1803 წელს რუსეთ - სამეგრელოს შორის.
მოვიდა ჯარი, რომელმაც ფოთი დაიბრუნა. ამიტომ იყო, რომ ხალხი საზეიმოდ გამოეფინა, რიონის ნაპირას. ქალებსა და ბავშვებს ხილით სავსე კალთები ეჭირათ. მამაკაცებს სახელდახელო სუფრა გაეშალათ და ზედ ღვინოსა და არაყს ალაგებდნენ. ზაფხული იწურებოდა და ხილი ბლომად ჰქონდათ სოფელში. ატამი, მსახალი, თეთრი და შავი ყურძენი, ბროწეული, ლეღვი, ძველი ღვინო. შუა დღეს, სოფლის ბოლოს მუსიკის ხმა გაისმა. რუსის გენერალს ზარზეიმით უნდოდა ჭალადიდში შემოსვლა. სპილენძის საკრავების ომახიანმა მუსიკამ სიჩუმე შესძრა. აქამდე ამ არემარეში მხოლოდ ცხენის ჭიხვინი, ირმის ყვირილი და ტურების ჩხავილი ისმოდა. იშვიათად თუ ბუკი დაიბუბუნებდა, ახლა კი ეს ახალი ხმა გუგუნითა და ზეიმით მოდიოდა.
- თურქი გაიქცა ძმებო! გამოდით გარეთ! გაიხარეთ... და გახარებულები ყიჟინით შეხვდნენ რუსის ჯარს...
...ხოლო, როდესაც რუსის ჯარმა ძლევის სიმღერა დააგუგუნა, ეს უცხო სიმღერა ბუკის ხმასავით გადაედო რიონის ჩუმ ნაპირებს.
მეგრელებმა გაოცებით შესძახეს ...თოჯიმა, განა მღერიან? ეს დალოცვილი მეგრელები ხომ ნაზად და სევდიანად მღერიან?
- შესვენება! ბრძანა გენერალმა, როცა ჯარი საბაჟში შევიდა.
- დატრიალდნენ სოფლელები აბა ხილი, აბა ღვინო, აბა მოხარშული გოგრა და სიმინდი. გენერალს და ოფიცერს საგანგებო სუფრა მოუწყვეს. იგი მიართვა გენერალს ამ სოფლის მკვიდრმა, ჯარის მეგზურმა, ივანე სესკურიამ. ივანე ადრე ეხმარებოდა რუსებს..... მეომარი კაცი იყო, იცოდა თურქული და რუსული ენები. ფოთის ციხის დალაშქვრისას ივანე ჭალადიდის სარდლის ქოჩაქიას რაზმში იყო. როცა რუსის არტილერიამ ციხის გალავანი გაარღვია, სამეგრელოს დედოფალმა ნინომ, ერეკლე მეფის შვილისშვილმა, ხმალი იძრო და ქართველებს შესძახა:
- აბა შვილებო მომყევით?
დედოფალმა დეზი ჰკრა ცხენს და პირველი შევარდა გალავანში, ივანე სესკურია ფეხდაფეხ მიყვებოდა დედოფალს.
სადილი რომ დამთავრდა, გენერალმა აყრა ბრძანა.
... თქვენო არმატებულებავ! - გამოეჭიმა გენერალს ადიუტანტი. ერთი დაჭრილი მეომარი საღამომდე ვერ გადაიტანს, შეიძლება უფრო ადრეც მოკვდეს! ექიმი ამბობს, ფორანზე ჯაგჯაგს ვერ აიტანსო.
- ეს, რომელი ? ფეხში რომ არის დაჭრილი ? გოგოლი?
- სწორედ ის, თქვენო აღმატებულებავ! ექიმმა თქვა, თუ რამე სასწაუმა გადაარჩინა, ცალი ფეხი მაინც დაუმოკლდებაო!
- მაშ, დავტოვოთ აქ. დაუძახეთ მეგზურს, ის ხომ აქაურია? უხმეს სესკურიას.
აი, რა, შენ შენი მოვალეობა უკვე შეასრულე და რჩები აქ. ერთი დავალებაც უნდა შემისრულო.
- გისმენთ თქვენო აღმატებულებავ! - გამოეჭიმა გენერალს სესქურია.
- ერთი ჩვენი დაჭრილი მეომარი სიკვდილის პირასაა, დაგიტოვებთ და უპატრონეთ!.. რომ მოკვდეს ნაკურთხ მიწაზეც დამარხეთ... ეს ფული კი დახმარებად მომიცია. გენერალმა ფული სესკურიას მიაწოდა.
- ჩემი პირადი ფულია არ მენანება! კარგი ჯარისკაცი იყო.
ივანე სესკურიამ ბოხოხი, ჩვენებურად, განზე გადაიწია წელში გასწორდა, ცალი ხელი ხანჯლის ვაადზე დაიდო, ცალით, ულვაშები აიგრიხა და გენერალს ამაყად შეხედა.
- ჩვენ შეგვიძლია მეგობრებს თვითონ ვცეთ პატივი თქვენო აღმატებულებავ! თქვენმა სალდათმა თავი დასდო ჩვენი საქმისათვის და დღეს ჩვენ ვართ მისი ჭირისუფალი. ფული რა შუაშია? - როგორ შეიძლება ეს?
ახლა ერთმანეთს პირისპირ იდგა ორი მართალი ადამიანი ერთი - დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი გენერალი და მეორე - უჩინარი გლეხი! მათ თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ ერთს ალაპარაკებდა კეთილი გული, ხოლო მეორეს დიდი ეროვნული შეგნება!
- დაჭრილს ჩაგაბარებთ ადიუტანტი - უთხრა გენერალმა სესკურიას - ხოლო შენი სიტყვისათვის მადლობას მოგახსენებთ!
- ბანაკი აიყარა რუსის ჯარი გზას გაუდგა. სესკურიამ ჩაიბარა დაჭრილი.
ჩვენი რუსი! შეარქვეს მას, სიკვდილს გადაარჩინეს, ოღონდა ცალი ფეხი დაუმოკლდა. მან ცოლად შეირთო ივანე სესკურიას მეზობელი ქალიშვილი და ახალ გარემოში შესანიშნავად გაიმართა ხელი.
გოგოლის შთამომავალნი დღესაც ცხოვრობენ ჭალადიდში.

„ლიტერატურული საქართველო“ 1952 წელი.
649
    

კომენტარები

რეკლამა