მეგრული ლექსის ქართული თარგმანი. მთარგმნელი : კობა ჭუმბურიძე
ცის სიახლოვეს
რაღაცნაირად ხელშეუხები,
მიუწვდომელად შორი ხარ ჩემგან...
უშენოდ ჩემი დღეები ხმება,
შენს უნახავად წამლეკავს სევდა.
ვიცი რომ გიჭირს დარდის გაძლება,
მაინც არ იშლი ლხენას და სიცილს,
თუმც საწუხარი, მწამს, შეგეცვლება,
ჩემი ღმერთია ღმერთი შენი ცის...
შენი ტკივილი რარიგ მეცნობა,
ვიცი რას ნიშნავს ამ ტვირთით დაღლა,
ამ დღეს ვერ ჰგუობს ჩემი შეგრძნება.
დილით წვიმდა და მოუკლო ახლა.
რა ახლოს იყო იმ ღამით ზეცა,
თვით ვარსკვლავებსაც შეშურდათ ჩვენი,
გულს ტკივილისგან დაიცავს, ვიცი,
რა სიხარულიც მაშინ ვიგრძენი.
მე შენ გიხსნიდი, თუ ვით მიყვარხარ,
შენ კი ჯვრის ტაძარს მიაპყარ მზერა...
ოცნებავ ჩემო, გვერდით თუ მყავხარ,
ქოხიც სასახლედ იქცევა, მჯერა...