უკან დაბრუნება
განცხადებები
ახალი წლის მიგებება და ფერხაობა სამეგრელოში
13-05-2020, 22:49
ნანახია: 1768
გაუზიარე სტატია მეგობარს


ახალი წლის წინა დღითვე თითოეული ოჯახი სამეგრელოში შეუდგება სამზადისს ახალი წლის მისაგებებლად, რისთვისაც ყველა ფაცა-ფუცსა და მოძრაობაშია ნიშნად სიხარულისა. დადგება თუ არა შუაღამე, ყოველი ოჯახიდან გაისვრიან რამდენჯერმე თოფს და გათენებამდე სულ სროლაში არიან. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებს ხელში ჩიჩილაკს, ჩიჩილაკი თხილის ჯოხია, რომელსაც წვრილ-გრძელი ნათალი აქვს შერჩენილი. ეს ჯოხი პატარძალივით მორთულ-მოკაზმულია, ზევით ჯვარედინად აქვს გაკეთებული და წამოცმული ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მსხალი, თეთრი ვერცხლის მანეთიანი და გადაკიდებულია ქარვა. ამ ოჯახის უფროსს თან მიჰყვება ერთიც სხვა ვინმე და პირველად შემოვლენ სახლში, სადაც ყველა დანარჩენი ოჯახის წევრნი კარებ-ჩაკეტილნი უნდა დახვდნენ. უფროსი გარედან იძახის: „კარი გამიღეთო“ შიგნიდან უპასუხებენ: „რა მოგაქვსო“. უფროსი დაიწყებს: წმინდა ვასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვის გამრავლება, აბრეშუმის ჭიის ყოფა და სხვა. ამგვარი განმეორდება სამჯერ და მერე გაიღება კარი, შევა ოჯახის უფროსი, სხვებთან ერთად დიდად ხარობს და ულოცავს შიგ მყოფთ ახალი წლის მშვიდობით დასწრებას. მერე ოჯახის უფროსი ჩიჩილაკით შეივლის მარანში, ბოსელში, სასიმინდეში ერთის სიტყვით ყველგან, მერე სადილობამდე დადიან ერთმანეთთან მეზობლობაში და ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს კანფეტებით, შაქრის ყინულით და სხვადასხვა ხილეულობით. სადილობის დროს დაბრუნდებიან თავ-თავისს და სხვადასხვა საჭმელთა შორის შემოიტანენ ქონით გატენილ მჭადს, რომელსაც ეძახიან : „ვასილის მჭადს“. ეს მჭადი უნდა გასტეხოს ვაჟმა და ქალმა. ერთმა ერთის მხრით უნდა მოჰკიდოს ხელი და მეორემ მეორეს მხრით და ისე უნდა გასტეხონ, მაგრამ თითეული მათგანი ცდილობს უფროსი ანატეხი მისკენ დარჩეს. ეს იმის მომასწავლებელია, რომ თუ ქალსიკენ იქნა უფრო მეტი ნატეხი, მაშინ აბრეშუმი ბლომად მოვა და თუ ვაჟისკენ, მაშინ ჭირნახული მოვა ბლომად. ერთ გრძელ ჯოხზე წამოცმულია სუროები ორსავე წვერზე, ჯოხს შუაში გასწვავენ და მისცემენ ერთ წვერს ვაჟსა და მეორეს ქალსა, ჯოხი უნდა გადააგდონ. მეორე ვაჟი ერთ კარებში გავა და ქალი მეორეში. გარეთ სულ უნდა ირბინონ, გადააგდონ სუროიანი ჯოხი ეზოს გარეთ და ისევ უნდა მოირბინონ. თითეული ცდილობს წინ მოსვლას და რომელიც წინ მოვა, ის გაიმარჯვებს. შინ მყოფ ქალებს უნდათ ქალი წინ მოვიდეს და თუ მართლა ქალმა მოირბინა წინად, ამბობენ ჩვენ გავიმარჯვეთო. კაცებს უნდათ ვაჟმა გაუსწროს და წინ მოვიდეს. ამგვარად მთავრდება სადილი. ახალ წელს სამეგრელოში, ჩიჩილაკის დამტარებელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელი დღე მხოლოდ ერთსა და იმავე სკამზე ჯდება. სხვას არავის ნება არა აქვს იმის ნაჯდომ სკამზე დაჯდეს. ეს იმის მომასწავლებელია, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკავენო. ახალი წლის დღეს არავინ წინ არ უნდა გაუაროს არვის და თუ რამე გთხოვა ვინმემ, უარი არ უნდა უთხრა, თორემ უარის მთქმელი მთელი წლის განმალობაში ხელ-დაცარული იქნება.
ახალი წლის დღეს საღამოს დროს იციან ერთნაირი თამაშობა, რომელსაც „ტაპობას“ ეძახიან. ეს თამაშობა იმაში მდგომარეობს, რომ მოზელენ სიმინდის ფქვილისაგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს.
ახალი წლის მეორე დღეს ფერხობის დღეს ეძახიან და თითეულ ოჯახში ირჩევენ მაფეხურს: ე.ი. კარგი ფეხის მქონეს, რომელიც სხვაგან უნდა დაწვეს, ალიონზე, წამოდგეს, თავისას მივიდეს და უფეხუროს ყველას. ყოველი ავი და კარგი, რაც რომ მოხდება ოჯახში წლის განმალობაში, მაფეხურის ფეხზეა დამოკიდებული. საზოგადოდ ნაახალწლევს ერთმანეთში ნედლი თხილის ჯოხით დადიან.

ტრიფონ კელედარიშვილი.
„ივერია“ 1890 წ. №3.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი