ფაუსტ ნადარაია
ცნობილია , რომ ზოგიერთი გვარი შეიცავს ადამიანის დახასიათებას ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით, მაგალითად ,,ჭითანავა’’. ,,ჭითა’’ მეგრულად ნიშნავს წითელს. ამ შემთხვევაში, ალბათ, წითურ კაცს. ზოგიერთი გვარი წარმოშობილია ხელობის ან რაიმე სხვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად ,,ჭკადუა’’(,,ჭკადუ’’ მეგრულად ნიშნავს მჭედელს, ასე რომ ,,ჭკადუა’’ მჭედლის აღმნიშვნელი გვარია მეგრულში,როგორც ქართულში მჭედლიძე ან მჭედლიშვილი).ზოგიერთი გვარი კი წარმოებულია ტოპონიმისაგან, ქალაქის ან სოფლის რომელიმე ადგილის სახელისაგან.მაგალითად: გვარი ,,ხუნწარია’’ წარმოებულია ტოპონიმ ხუნწისაგან ,,არ’’ სუფიქსითა და ,,ია’’ დაბოლოებით (ხუნწი-ხუნწ-არ-ია).გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება ასეთივე პრინციპით იყოს ნაწარმოები ,,ნადი’’ სიტყვისაგან ,,ნადარაია’’(ნადი-ნად-არ-ა-ია).მაგრამ მე ეს ვარაუდი დასაშვებად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი, ნადი , როგორც ტოპონიმი , არ დასტურდება და მეორეც, თუ ამ სიტყვაში (,,ნადი’’) იმ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ ,რომელიც საბას განმარტებული აქვს ,როგორც ,,მუშაკნი შეყრილნი’’ ანუ ,,მამითადი’’, უნდა ავღნიშნოთ , რომ მეგრულში ასეთ ,,მამითადს’’ ,,ნადი’’ კი არა ,,ნოდი’’ ჰქვია.
მაშ საიდან მოდის და რას შეიძლება ნიშნავდეს მეგრული წარმოშობის გვარი ნადარაია?
ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ , რომ გვარებად ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ისეთი სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ადამიანის დახასიათებას,ხელობას ,სადაურობას, მაგრამ როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, ყველაზე ხშირად გვარი ნაწარმოებია სახელისაგან...
და ასეა ეს კოლხურ გვარებშიც. მაგალითად: აღსართანისაგან ნაწარმოებია გვარი სართანია, ბაგრატისაგან-ბაგრატია,გვაჯასგან-გვაჯავა, გეგესგან-გეგია,კეკეს გან-კეკელია,გერასიმესგან -გერსამია,დავითისგან-დავითაია და ა.შ.
ჩვენი აზრით, ასევე პირსახელ ,,ნადარასაგან’’ მომდინარეობს გვარი ნადარაია. მართალია ეს სახელი დღეს მივიწყებულია და არ იხმარება,მაგრამ ძველ დროში ამ სახელის ხმარებას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ქრისტემდე 1400 წლის წინანდელ A კლასის ხაზოვან წარწერებში პროფესორმა გია კვაშილავამ ამოიკითხა ადამიანის საკუთარი სახელი ,,ნადარე’’. ასე რომ, ,,ნადარე’’ ანუ ,,ნადარა’’ ფუძიანი წარმოშობის გვარებია :ნადარია, ნადარაია, ნადარეიშვილი.
ამრიგად, ნადარაია ,,ია’’ დაბოლოებიანი კოლხური გვარია,რომლის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი-,,ნადარ’’.
სოციალური წარმოშობით ნადარაიები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
1887 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიუღია სალხინოს ფარული სათათბირო ორგანოს-,,სხუნუს’’ ერთ-ერთ თავკაცს სქვამაია ნადარაიას, რომელიც ხალხური მელექსის გადმოცემით მართლაც რომ ,,სქვამი’’(ე.ი. ლამაზი, მიმზიდველი) ვაჟკაცი ყოფილა:
სქვამაიას მიძახუდეს
დო მართალო ვორდი სქვამი,
ერთი-მორთი ქილორიში
კიპაროზაშ მიღუდ ტანი.
სქვამაია ნადარაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ სოფელ დიდიჭყონში. სოფელ დიდიჭყონის ლედგებეს უბანში მდებარე ერთ-ერთ გორაკს ,,თასი ნადარაიაშ ნოხორი’’ ეწოდება.
როგორც წარსულში, ასევე დღესაც მრავლად არიან ნადარაიების გვარში ისეთი სახელოვანი ადამიანები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოღვაწეობენ და ამა თუ იმ სფეროში თავიანთი განსაკუთრებული წვლილის შეტანით ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ისტორიას ქმნიან. ასეთები არიან, მაგალითად: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ნადარაია, უნიჭიერესი ფსიქოლოგი და ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი , ქალბატონი ლიკა ნადარაია, ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტი ნუგზარ ნადარაია (რომლის ორგანიზებულობითა და ქველმოქმედებით დაუდგეს ძეგლი ფოთში ცოტნე დადიანს და რომლის ინიციატივა იყო აგრეთვე გიორგი ჭყონდიდელის წმინდანად შერაცხვა), საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი კახა ნადარაია, ბიზნესმენი მერაბ ნადარაია, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და მრავალი სხვა.
ნადარაიები ძირითადად ცხოვრობენ ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, აბაშის რაიონებში და თბილისშიც. ამჟამად თბილისში დაახლოებით 200-ზე მეტი ნადარაია ცხოვრობს(ლტოლვილების გარდა), ისინი სხვადასხვა დროს სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან არიან იქ ჩასული.
ნადარაიები ცხოვრობენ აგრეთვე აფხაზეთშიც (ცნობისთვის: აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის გამგებელი არის თემურ ნადარაია).
დღეს მთლიანად საქართველოში ნადარაიების საერთო რაოდენობა 1200 სულს აჭარბებს.
ღმერთმა დალოცოს მათი გვარი და ჯილაგი.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы