უკან დაბრუნება
განცხადებები
სელის კულტურა ძველ კოლხეთში
29-09-2017, 21:09
ნანახია: 2204
გაუზიარე სტატია მეგობარს


მამანტი კვირტია
 საქართველოს სასიქადულო ისტორიკოსი და მრავალმხრივი მკვლევარი დიდი ივანე ჯავახიშვილი თავის ფუძემდებლურ შრომაში „საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში“ „სამრეწველო დანიშნულების მცენარეები“ პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქრისტემდე 100 წლის ადრე ეგვიპტის შემდეგ კოლხეთი უპირველესი ქვეყანაა სელის მოვლა-გამოყენების საქმეში“.    სელი კოლხეთში ორი სახის ითესებოდა - აღმოსავლეთში მაღალტანიანი - სამრეწველო-საბოჭკოე და დასავლეთ რაიონებში დაბალტანიანი და უხვმარცვლოვანი - ქუმე, საკვებისათვის - „ქუმელი“ და „კანძილისათვის“. აკი მოგვეპოვება ტოპონიმი სამურზაყანოში (გალის რაიონი) ოქუმოლი - სოფ. ოქუმი და სოხუმის დასავლეთით მდინარის ჭალა ქუმუსთასუნა (გუმისთა). ხალხურ სიმღერა „ერეხელში“ სიყვარულით გახელებული გეჯეთელი ბიჭი ჭანჭეთურ (და არა ჭეჭეთურ) გოგოს თავს აწონებს ტკბილსიტყვაობით, „ქუმუ ვარ და ქუმუწყარი, ნება სქანი სახსოვარი“ (იხ.ქართული ხალხური სიტყვიერება“ 1975 წ.) სელის მარცვალს, თესლს ქუმუ ეწოდება. მისი ნახარში - კოლხური შარბათია - გამაგრილებელი ტკბილსასმელი.    ქუმუს მოხალავდნენ, დანაყავდნენ, თაფლით აზელდნენ და „კანძილს“ უწოდებდნენ.  იშვიათი ნოყიერი საკვები იყო, კუჭსაც კურნავდა და შიმშილს ჰკლავდა. იქნება მისი სახელიდან შემოგვრჩა სიმინდის ფქვილიდან დამზადებული, მოზელილი ცხელი ცომის სახელი „ღუმუ“ (ქუმუ-ღუმუ).
   ქუმუს ნახარში ტკბილიც არის და წებოვანიც. ამ წებოთი ჟღენთავდნენ სელის ძაფისაგან მოქსოვილ ტილოს და იყენებდნენ საოჯახო მედიცინაში „კომპრესად“, როგორც ჰაერგაუმტარს.
   სელის ღეროსაგან ბოჭკოს გაცლას მეგრულად და ლაზურადაც „სულუას“ ეძახიან (იხ.ნ.მარი „წანურ(ლაზურ) ენის გრამატიკა ქრესთომათიითა და ლექსიკონით. 1919 წ. გვ.186).
   სელის ბოჭკოს ძაფად დართვა ერთობ ძნელი ხელსაქმე იყო, რადგან ბოჭკო პირით უნდა ესველებინათ და მძიმე თითისტარი და კვირისთავი (წყურიში) უნდა სჭეროდათ.
    ქუმუს ნახარში მშვენიერი საკანცელარიო წებოა, რომელიც პირველად ალბათ არაბებმა გამოიყენეს და დღესაც „არაბულ ქუმუს“ (გუმი არაბიკუმ) ეძახიან.
    საუკუნეების განმავლობაში სელი  დასავლეთისკენ მიიწევდა, მისგან ნაქსოვს თეთრეულად, გრილ საძინებლად იყენებდნენ და დღემდე მეგრულად ოსერე - ოსარე ეწოდება. მისმა კვართმა ბევრს მოანატრა თავი და შუა ევროპაში განსხვავებული სახელიც ეწოდა „ლენი“ (ალბათ თვით საფრანგეთის დიდი ბაზრის ლიონის სახელის მიხედვით და სელის კულტურასაც ბოტანიკურ სახელწოდებად გაუხდა „ლენ“.
   ამრიგად, სელი თავის დროზე მნიშვნელოვანი ტექნიკური მცენარე იყო ძველ კოლხეთში და არც ახლაა დავიწყების ღირსი.
  1986წ.
მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ 147-148
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი