უკან დაბრუნება
განცხადებები
ალანურობა, მალანურობა
6-10-2017, 06:29
ნანახია: 847
გაუზიარე სტატია მეგობარს



  მეგრელები ალანებს ეძახიან ყარაჩაელ თათრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე.  თვით იალბუზის  ძირამდე, მდინარე ყუბანის სათავებდე.  ალანები, მეგრელთა წარმოდეგნით, ძლიერები, „ტარიელები“ არიან.  მეგრულში „ალანი“ ძლიერის ეპითეტადაა ქცეული „ალანიჯგურა სქიი“ - ძლიერ ვაჟაკაცს ეწოდება.  ალანებს რელიგიური განსხვავების გამო უფრთხილდებოდნენ. მათი საზღვრის გაყოლებით გაუვალი კედელი ჰქონდათ აგებული. ამ კედლის ცხრა ადგილას სათვალთვალო კოშკი იყო ჩატანებული.  რომლებშიც ქრისტიანი ბერები და მღვდელები მორიგეობით ყარაულობდნენ. ასე რომ სისტემატურად ცხრა თვალი გუშაგობდა საქრისტიანოს, ამიტომაც დღემდე ამ მიდამოებს ცხრა თვალი (ჩხრო თოლი) ეწოდება. დღეს ეს რეგიონი გალის რაიონის ტერიტორიაზეა (ადრინდელ სამურზაყანოში). სოფ ჩხორთოლის კედელი კარგად გამოსჩანს იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის „კოლხეთის აღწერაზე“ დართულ სამეგრელოს საეკლესიო რუკაზე (ნეაპოლი).
  ალანების ხსენება სამეგრელოში შენარჩუნებულია თქმულებაში „ალან ხუტუს“ შესახებ, ასევე ალანების სახელს უკავშირდება  სახალხო დღესასწაული „ალანურობის რიტუალი“. ეს რიტუალი აღწერილია „სახალხო გაზეთის“ 1910 წელს №170-ის მეორე გვერდზე სტატიაში „ალანურობა სამეგრელოში“. სტატიის მიხედვით „ალანურობა“ შემორჩენილია ხობის რაიონის სოფ. ბიაში, ხობისწყალ-ჭანიწყალის შესართავთან. ეს რიტუალი ტარდება 20 - 21 აგვისტოს. ჯარალაში სახელდახელოდ შეარჩევდნენ ორ მოწინააღმდეგე ჯგუფს ახალგაზრდებისას 6 ახალგაზრდის შემადგენლობით ერთი ჯგუფი იმერეთის მეფის სახელზეა და მეორე კი სამეგრელოს მთავრის. ამ ახალგაზრედებს „მალანურები“ ეწოდებათ და ერთმანეთს ეჯიბრებიან „კაკვიღალაში“ (კაკვილას თამაში ძალიან ჰგავს დღეისათვის ცნობილ ჰოკეის თამაშს, მხოლოდ სათამაშო სახელწოდებებშია სხვაობა (სათამაშო რგოლს, ბურთს ჰქვია კვაკვი და მრუდბოლო ხელჯოხს -ჭარკინი). იმერეთის მეფისა და მეგრელი თავადის როლებში არიან ასევე სახელდახელოდ გამოყვანილი მოხუცები. ძლევამოსილი მალანურები თავიანთი მეუფროსეს გამოეცხადებიან. ეს უკანასკნელი ნებას დართავს, რაც უნდათ ის შეუთვალონ დამარცხებულთა მეუფროსეს.
 და დაიწყება ბილწსიტყვაობა. დამარცხებულნიც არ თმობენ და ისეთ რამეს უთვლიან ერთმანეთს, რომ ხშირად ეს თამაში ჩხუბად იქცევა და თვით მეუფროსენი იძულებულნი არიან მომზავედ ჩაერთონ.
  აქ სახალხო თამაშის რიტუალს ყურადღება მიაქციეს ჩვენმა მეცნიერებმა: აკ. შანიძემ, პედაგოგ მწერალს ჯაჯუ ჯორჯიკიას დააკისარა აღეწერა ეს თამაში, რომელსაც სხვაზე მეტს გაუგებდა როგორც მეგრელი და მანაც მშვენიერი აღწერა დაგვიტოვა მისი.  ასევე დაინტერესდა პროფესორი ფოლკლორისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელმაც პირადად მომითხრო ამის შესახებ 1935 წელს და თქვა - ბიაში სახალხო სანახაობა მომიწყვეს და ალანურობას ეძახოდნენ, მაგრამ მათი გადაძახილებიდან ბევრი ვერაფერი გავიგე და აწი შე იცი რას გაიგებ ამ სანახაობიდანო. მალანურობა (სოფელ ოქუმში ჩატარებული) შესანიშნავად აქვს აღწერილი დიდოსტატ კონსტანტინე გამსახურდიას თავის რომანში „მთვარის მოტაცება“ მეორე კარის ბოლო თავში (თავი 46. „მალანურები მოვიდნენ“).
  როგორც ამ აღწერიდან და დღემდე შემონახული სხვა მასალებიდან ჩანს, ამ რიტუალის შესრულების დროს ისეთი ბილწსიტყვაობა იყო ურთიერთშორის, რომ მისი მოსმენა მკითველს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. იგი ფეოდალური წყობისათვის დამახასიათებელ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ მთავარია ის არის, ეთნოგრაფიას არ დავიწყებისათვის შემორჩეს „ალანურობასა“ და „მალნურობის“ ცნობები. მითუმეტეს, რომ ალანიებისა და მალანიების გვარაები ცხოვრობენ დღევანდელ სამეგრელოში, როგორც თურქიები და თათარიშვილები - ისტორიულ მტერმოშურნეთა გამხსენებელი.

1985 წელი

მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.144-145
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი